ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
22 ივლისი, 2008


თავი 21. გია ("მაგდა") - ეს თავი ხელმეორედ დავდე, იმიტომ, რომ ის 21-ე შევცვალე.

მაისის შუა რიცხვებში მაგდას მისმა თანაკლასელმა ნუკრიმ შეატყობინა, "გია ივნისის ბოლოს ჩამოდისო"...

მოსვენება დაკარგა მაგდამ.
უსაშველოდ გაიწელა დრო. რამდენი უძილო და ცრემლიანი ღამე დაიტია...

ელოდა მაგდა ივნისის ბოლო რიცხვებს, ელოდა, მაგრამ... რას?
რას მოუტანდა მას გიას ჩამოსვლა?
სიხარულს?
თუ ცრემლებს?!...
დაიჯერებდა გია იმ დაუჯერებელ სიმართლეს, რომ ეს ყველაფერი მაგდას სურვილით არ მომხდარა... რომ მაგდა არასოდეს ყოფილა სხვისი ცოლი... რომ არასოდეს უღალატია გიასთვის?!
ა რ ა ს ო დ ე ს ?
ხო, არასოდეს!... მაგრამ...
თუ არასოდეს არაფერი მომხდარა, მაშინ ვინ არის თეა გელოვანი?...
საიდან გაჩნდა მის სახლში ეს პაწაწა, უმანკო არსება?!
და ან რატომ უყვარს მაგდას ეს "არსება" სიცოცხლეზე მეტად?...


* * *

თითქმის გავიდა ივნისი...
მაგდას მოლოდინით დაღლილ გულს მალამოდ მხოლოდ პატარა თეას "აღღღუ, აღღუ" ედებოდა, მაგდას სევდიან და ცრემლიან თვალებს მხოლოდ მისი თეას პაწაწა ხელების ცაცუნი ამხიარულებდა და აშრობდა.

და აი, 25 ივნისს ტელეფონით ვიღაცამ დარეკა. ბავშვის ხმა იყო.
- მაგდა, გია ჩამოვიდა...
- ვინ ლაპარაკობს?! რომელი ხარ?! - მაგდას ბურთივით გაეჩხირა სიტყვები ყელში.
- მე გიას ძმა ვარ, გურამი...
- ჩემი პატარა გურამიკო, ჩემი კარგი ბიჭი... - ცრემლები წამოსცვივდა მაგდას, - გურამ, კი, მაგრამ აქ ვინ დაგარეკინა? ჩემი ტელეფონის ნომერი ვინ მოგცა?!
- არავინ, მე თვითონ წავიკითხე... მე უკვე მეორე კლასში გადავედი და კითხვა არ მეცოდინება? - წყენა შეეპარა ბავშვის ხმას.
- და შენ თვითონ დარეკე?... არავის უთხოვია?... - და მაგდას უსაშველოდ ჩაწყდა გულში რაღაც... ამის გაგონებას ერჩია, გურამიკოს ეთქვა “გიამ მთხოვა შენთან დარეკვაო”... ან რატომ უნდა ეთხოვა და არ უნდა დაერეკა თავად გიას?!
- ჰო, მე თვითონ.. მაგდა, რატომ აღარ მოდიხარ ჩვენთან? მე შენ, იცი, როგორ მიყვარხარ?... მოდი, რა?!... შენ მე სულ მეთამაშებოდი, სხვები კი - არა!... ოღონდ მოდი, და ახალი სათამაშო რომ მაქვს, მაგიდის ფეხბურთი, იმას მოგაგებინებ, თუ გინდა... მოხვალ?... მითხარი, მოხვალ?... ჰა?.....
- ჰო, მოვალ, მოვალ, გურამიკო! შენ ძალიან-ძალიან კარგი ბიჭი ხარ... მეც ძალიან მიყვარხართ და მენატრებით... შენც, ხათოც და...  გიაც!

მაგდამ ყურმილი დაკიდა. ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები, მაგრამ ეს ცრემლები – დიდი სიხარულის ცრემლები იყო!
გია ჩამოვიდა!
გავიდა მტანჯველი ორი წელი!...

"ღმერთო, რამდენი რამ მოხდა ამ ორ წელიწადში?!
დღეს 25 ივნისია!... რა არის ეს, ბედი თუ ბედიწერა?!
ერთი წლის წინ, ზუსტად დღევანდელ დღეს მოხდა ის საშინელება! შარშანდელმა 25-მა ივნისმა უბედურება მომიტანა.
რას მომიტანს ეს 25 ივნისი? სიხარულს?... თუ კიდევ ერთხელ მათქმევინებს, "უბედური ვარო"?!... "

მაგდამ სიმწრით მოიკვნიტა ტუჩები.

"მე ხომ გიას მართლა ველოდი?! ველოდი მთელი ჩემი არსებით!
მთავარია, რომ გია მიხვდეს ამას, მთავარია დამიჯეროს!...
არა, მთავარია, ისევ თუ ვუყვარვარ!...
მე ხომ მიყვარს გია?! მე ხომ მისი სიყვარულის გამო ვზრდი უმამოდ თეას?!
აი, რა არის მთავარი!.."

და მაინც, ალბათ, ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა!...

გავიდა ერთი კვირა. გია არ გამოჩენილა, არც დაურეკავს...
მაგდა ერთი წუთით არ გასულა სახლიდან, ტელეფონს არ მოშორებია, - გიას ზარს ელოდა!
ტელეფონი კი – სდუმდა!…

ნინო მტკივნეულად განიცდიდა ყოველივე ამას, მაგრამ შვილს ვერაფრით ეხმარებოდა! რამდენჯერმე სცადა სიტყვის ჩამოგდება ნოდარზე, მაგრამ – უშედეგოდ... მაგდას ნოდარის სახელის ხსენებაც კი არ უნდოდა!

იმ დღეს ნინო მაღაზიიდან ბრუნდებოდა, რომ, სრულიად მოულოდნელად, გიას შეეფეთა.
ნინო დაიბნა...
გიაც შეცბუნდა, მაგრამ დაასწრო და მიესალმა:
- გამარჯობათ, დეიდა ნინო...
- გაგიმარჯოს, გია!... როგორ გამოცვლილხარ, გაზრდილხარ, დავაჟკაცებულხარ... დიდი ხანია, ჩამოხვედი?

სულ რამდენიმე წუთი ისაუბრეს ნინომ და გიამ.
მიხვდა ნინო, რომ გიამ არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ და მისგან გაიგო სიმართლე, მაგრამ... დაიჯერა კი?
- მოდი ჩვენთან, გია!... დანარჩენს მაგდა თავად გეტყვის...

ნელი ნაბიჯებით გაუყვა ნინო სახლისკენ გზას. ფიქრები აეშალა, აეწეწა!

“შენ მოგიკვდი, დედიკო!... რატომ დაისაჯე ასე, მაგდა? რატომ?... რისთვის?!... განა რა მოხდებოდა, ქეთო რომ მოსულიყო ჩემთან და მიზეზი ეკითხა მაინც, “რატომ უღალატა მაგდამ გიასო”? ეს არის სიყვარული? აკი, “ძალიან მიყვარხარო”? აკი, “შენს მეტი არავინ მინდა რძლადო”? არც მოსვლა მინდოდა მისი... ერთი ზარი... მხოლოდ ერთი ზარი იყო საჭირო! ვის უნდა ენდო? ვის უნდა დაუჯერო?! რა, ისეთი ველურად გაზრდილი გოგო მყავდა, რომ მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი? რაღა ჩემს ოჯახს დაემართა ასეთი საშინელება?! სხვაზე რომ გამეგო, ასეთი რამ შეემთხვაო, იქნებ მეც იგივე მეფიქრა? ვინ იცის?! “სხვის ომში ყველა ბრძენიაო”... რატომღაც ჰგონია ადამიანს, რომ მას არასოდეს არაფერი შეეშლება! რომ უბედურება მის სახლს აუცილებლად აუვლის გვერდს! ოი, თურმე როგორ ვცდებით ხანდახან?... არა, ხანდახან კი არ ვცდებით? მხოლოდ ხანდახან ვართ მართლები!... და ამას ვერავინ უშველის, - ეს არის ადამიანური სისუსტე! რა ვქნა, ვუთხრა მაგდას, გია რომ ვნახე? თუ დაველოდო მოვლენათა განვითარებას?! იქნებ სულ არ რეკავს და... ტყუილად რატომ ვანერვიულო ეს გოგო? არ ყოფნის, რასაც ნერვიულობს და განიცდის? ან ასეთი თავისნათქვამა არ იყოს... რას უწუნებს ნოდარს? მაგრამ... “არაო, გიას ნახვით შეიცვლება ყველაფერიო”... ღმერთმა ქნას!... აჰა, ჩამოსულა და... ვნახოთ, რა მოხდება!”

ნინომ ფეხს აუჩქარა. სახლში რომ მივიდა, სრული სიწყნარე დახვდა. მაგდას მშვიდმა გამოხედვამ ამცნო, რომ გიას ჯერ არ დაურეკავს.
სამაგიეროდ – ნინოს მოეწურა გული: როდის დარეკავს გია? ან რა რეაქცია მოყვება ამას მაგდას მხრიდან?

ნინოს წასვლის შემდეგ გია კი კიდევ კარგა ხანს იდგა ერთ ადგილზე, შემდეგ სწრაფი ნაბიჯით წავიდა სახლში, სავარძელში ჩაეშვა და ტელეფონს მიაჩერდა.

შარშან ამ დროს მიიღო გიამ მზიას წერილი, რომელშიც ატყობინებდა მაგდას "გათხოვების" ამბავს...

ფეხზე წამოხტა. თავის უბის წიგნაკში ჩაკეცილი წერილი ამოიღო და მეათასედ გადაიკითხა, შემდეგ კი მექანიკურად მოჭყლიტა წერილი.

ასეთი წერილის მიღების შემდეგ მთელი თვე ელოდა გია მაგდასგან წერილს ან, თუნდაც, ღია ბარათს მაინც... დარწმუნებული იყო, "მზიას ამ მონაჩმახში ერთი სიტყვაც არ წერია მართალიო", მაგრამ… მაგდასგან აღარაფერი ისმოდა!

და ვინ იცის, რა იყო გიასთვის ეს ერთი თვე?!...
ეს იყო უძილო ღამეების, მალულად მოწმენდილი ცრემლების, "უმიზეზოდ" გაბრაზებისა და გაფსიხების ერთი თვე!

ყველასთვის კარგი მეგობარი, გულღია, მხიარული გია ერთბაშად გადაიქცა თავის თავში ჩაკეტილ პიროვნებად... სიგარეტის წევა დაიწყო... ხშირად ისეც ყოფილა, რომ ბიჭები ეძახდნენ და მას კი - არ ესმოდა, - თბილისში იყო-ხოლმე ფიქრებით... მაგდას ესაუბრებოდა, ეკამათებოდა, ეჩხუბებოდა კიდეც... და ეს ყველაფერი სახეზე ეხატებოდა გიას. ასეთ დროს ყველასთვის ჯობდა, მისთვის ჩუმად აგეარა გვერდი...

მთელი თვე ეწამა გია... რამდენი წერილი მისწერა, სთხოვდა, ნუ იყო გაჩუმებული, აეხსნა მისი სიჩუმის მიზეზი... ან თუნდაც არაფერი აეხსნა, მხოლოდ ორიოდე სიტყვა მიეწერა...…

მაგრამ – არა:  ჯიუტად სდუმდა მაგდა!

აგვისტოს ბოლოს გიამ უკანასკნელი წერილი მისწერა მაგდას... ირწმუნა მზიას წერილის ნაწილობრივი სიმართლე, ის, რომ მაგდა გათხოვდა!

შემდეგ თავის თავს დაუწყო დარწმუნება: "თუკი მაგდამ შესძლო სხვაზე გათხოვება, მეც შევძლებ მისი სიყვარულის გულიდან ამორეცხვასო..."

სხვა ბიჭებთან ერთად რუს გოგონებთან დაიწყო სიარული და ისინიც აღმერთებდნენ გიას. ბოლოს გიამ არჩევანი ერთ-ერთზე შეაჩერა და მუდმივ პარტნიორად გაიხადა.
ლეას, - ასე ერქვა იმ გოგონას, - სიგიჟემდე შეუყვარდა გია. ლეა მაგდას გავდა თავისი უძირო ცისფერი თვალებითა და ქერა, ხვეული თმებით, სიმაღლითა და ნატიფი ტან-ფეხით...…
ერთხელ, დილით, ლეამ გაბუტული ტუჩებით ჰკითხა: "მაგდა ვინ არისო?... ჩემთან იყავი და იმ ვიღაც მაგდაზე ფიქრობდიო?" და ტირილი დაიწყო. ძლივს დაამშვიდა...
რამდენიმე კვირის შემდეგ ლეამ ფრთხილად შეაპარა, "მგონი ფეხმძიმედ ვარო", რაზეც კინაღამ გაგიჟდა გია, - "ახლავე მოიშორე ბავშვიო..." თვითონ გაჰყვა საავადმყოფოში და ვიდრე არ დარწმუნდა, რომ ბავშვი აღარ გაჩნდებოდა, მანამ არ მოშორებია გვერდიდან.
კარგა ხანი აღარ შეხვდა ლეა... უსაზღვროდ ნაწყენი იყო გიაზე, მაგრამ... სიყვარულმა სძლია და ისევ შეხვდა.
თავიდან არც გიას აღარ უნდოდა ლეას ნახვა, მაგრამ... მოენატრა და ისევ დაუწყო ძებნა.
და ახალი ძალით იფეთქა ლეასა და გიას  სიყვარულმა.
მაგრამ ვერც მაგდა ამოიღო გულიდან. ვერ დაივიწყა... გულის ძალიან შორეულ კუნჭულში ჯერ ისევ ბჟუტავდა იმედი, რომ იქნებ ცნობა მაგდას გათხოვების შესახებ ტყუილი ყოფილიყო...
შეერთდა, შენივთდა გიაში ეს ორი სახე: მაგდა და ლეა რაღაც უცნაურ, ერთ სახებად გადაექცა, რომელსაც მაგდალეა უწოდა!
ასე დაშორდნენ კიდეც ერთმანეთს: გიაზე შეყვარებული ლეა და მაგდალეაზე შეყვარებული გია!!!
- არაფერს მოგწერ, მაინც არ მიპასუხებ და გული უფრო დამწყდებაო, - უთხრა გამოთხოვებისას ლეამ და...
გიამ კოცნით ამოუშრო ლეას ცრემლიანი ცისფერი თვალები.
და არ იცოდა გიამ, რომ მან კიდევ ერთხელ მისცა დასაბამი ახალ სიცოცხლეს ლეას სხეულში. მაშინ ეს ჯერ არც ლეამ იცოდა.



ერთი კვირაა, რაც თბილისში დაბრუნდა და... ვერაფერი დაადგინა, - არავინ არაფერი იცოდა მაგდას გათხოვების შესახებ...
და აი, დღეს გებულობს გია სიმართლეს... მაგრამ სად იწყება ეს სიმართლე და სად მთავრდება სიცრუე?!
ტელეფონის აპარატს მიუჯდა.
“უნდა დავრეკო! რაც იქნება, - იქნება! ღმერთო, შენ მიშველე!"

მაგდასთან ტელეფონმა დარეკა.
ყურმილი მაგდამ აიღო.
- ალო, მაგდა, გია ვარ!...
- ააააა! – ერთი კი იკივლა მაგდამ და... უგონოდ დავარდა იატაკზე.

ნინო სამზარეულოში ტრიალებდა. უეცრად მაგდას შეკივლება გაისმა, მერე რაღაცის დაცემის ხმა შემოესმა და... ყველაფერი მიწყნარდა.
არ მოეწონა ნინოს ეს უეცარი სიჩუმე. ოთახში გავიდა და...

- ვაიმე, მაგდა, - იყვირა ნინომ და გონდაკარგულ მაგდას მივარდა. ტელეფონის ყურმილი საცოდავად კონწიალობდა ზონარზე და რაღაც ხმებს გამოსცემდა, - მეორე ბოლოდან უშედეგოდ ცდილობდა მამაკაცის ხმა მაგდასთვის რამე გაეგონებინა.
გამწარებულმა ნინომ ყურმილი აპარატზე დაახეთქა და მაგდას მივარდა.

ვერ შესძლო მაგდას ხელში აყვანა. მეზობელს უხმო საშველად. ერთად დააწვინეს მაგდა საწოლზე და ნინო რომ ნიშადურის სპირტითა და სხვადასხვა საგულე საშუალებით ცდილობდა მაგდას გონზე მოყვანას, მეზობელმა სასწრაფოში დარეკა.
- ახლა ბრიგადები იცვლება... მალე წამოვლენო, -  გაისმა ოპერატორის პასუხი.

ათი წუთიც არ იყო გასული, რომ შემოსასვლელ კარზე ზარი დაირეკა.

- მობრძანდით, ექიმო...
და ნინო დაბნეული თვალებით შეჰყურებდა კარებში გაჩერებულ გიას.

- დეიდა ნინო, რა მოხდა?!... სად არის მაგდა?! - შესვლისთანავე იკითხა გიამ, - ეს მე დავურეკე მაგდას!...
ნინომ ხელები აიფარა სახეზე და ჩუმად ატირდა, შემდეგ კი მაგდას ოთახისკენ გაუძღვა გიას.
თვალდახუჭული და გაფითრებული მაგდა საწოლზე იწვა.

- მაგდა!... - დაუძახა გიამ, - მაგდა, ხმა გამეცი...
- გია, მაგდა უგონოდ არის! ვერაფრით ვუშველე, გონზე ვერ მოვიყვანე. ახლა ექიმს ველი... მალხაზი მაინც იყოს თბილისში... ჩემი დაჩაგრული გოგო, ჩემი პატარა მაგდა!

ქვითინებდა ნინო და თან მაგდას თმაზე ეფერებოდა.

გია საწოლს მიუახლოვდა და მის წინ მუხლებზე დაიჩოქა.

ნინო გავიდა.
ცოტა ხნის შემდეგ, მაგდას ოთახში რომ შეიხედა, ნახა, რომ გია საწოლზე იჯდა,  მაგდა პატარა ბავშვივით ჰყავდა მკერდზე მიკრული და ოდნავ შესამჩნევად არწევდა, თან ფრთხილად და ნაზად კოცნიდა თმაზე, შუბლზე...

უეცრად დენდაკრულივით შეტოკდა მაგდას სხეული და... მაგდამ თვალი გაახილა.

- მაგდა!... ჩემო მაგდა!... ნუ გეშინია, მე აქ ვარ, შენთან! აბა, შემომხედე, მაგდა!...
მაგდამ თვალები ასწია და გია რომ დაინახა, კინაღამ თავიდან დაკარგა გონი.

გიამ ხელები მოხვია და მაგრად ჩაიკრა გულში.
გული ამოუჯდა მაგდას, მკერდზე მიეყრდნო გიას და ცრემლებით დაუსველა პერანგი...

გიამ ნიკაპში ამოსდო ხელი და თავი ააწევინა, ცრემლიან ზღვისფერ თვალებში ჩახედა... თვალებს არ უჯერებდა მაგდა. გია, მისი სათაყვანებელი გია, რომელიც მაგდას მისთვის სამუდამოდ დაკარგული ეგონა, ახლა მის გვერდით ზის და მკერდში იხუტებს. აპატია?...  ნუთუ მართლა აპატია გიამ ეს უნებლიე დანაშაული?
ან რომელი დანაშაული, რომელიც მაგდას კი არ ჩაუდენია, მის მიმართ ჩაიდინეს? რა უთხრას გიას, რა! რატომ წავყევი თუნდაც ის ორი გაჩერება ნოდარსო? ან მერე რატომ არ ვუჩივლე და ციხეში არ ჩავასმევინეო?... გაუგებს გია მაგდას?...

მაგდას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ხელები აიფარა სახეზე და მწარედ ატირდა.

- გახსოვს, მე რომ გთხოვე, "ჩემს საყვარელ ზღვისფერ თვალებში ცრემლი არ დამანახო-მეთქი?" მე ახლაც იგივეს გთხოვ, მაგდა!... მე შენ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ! ეს არის მთავარი... დანარჩენი ყველაფერს ეშველება, მოევლება!...

“გაიმეორე, გია! ეს სიტყვები გამიმეორე, გევედრები!”

რამხელა ტკივილს იტევდა მაგდას თვალები?! ტკივილი, სიხარული, სიყვარული, შიში!... - ყველაფერი ერთად ჩანდა ამ ორ უძირო ტბაში!

გიამ დაიხარა და მაგდას ტუჩებს დაეწაფა.
მაგდამ კოცნაზე კოცნით არ უპასუხა...
“არ-“ კი არა, “ვერ” უპასუხა, რადგან მის გონებაში უეცრად შემოვარდნილმა შიშმა ლამის ხერხემალი გაუყინა.

“კი, ახლა მკოცნი, გია, მაგრამ... აფექტის მდგომარეობაში ხარ ახლა! გაივლის 2-3 დღე, შენს გონებაში დალაგდება ყველაფერი და... მერე თუ მაპატიებ?! მერე თუ შესძლებ ჩემს გაგებას?! შესძლებ ჩემი თეას შენს შვილად მიღებას? მაპატიე, მაგრამ დღეს ჩემთვის თეაა ყველაზე უპირველესი, ყველაზე მთავარი ადამიანი! მიყვარხარ, გია, ძალიან მიყვარხარ, ჩემს საკუთარ სიცოცხლეზე მეტად, მაგრამ... შენზე წინ დგას თეა! მაპატიე!”......

მაგდას მხრიდან სიცივე იგრძნო გიამ, ხელები ჩამოუშვა და თავი ჩაღუნა, შემდეგ
კი ისე სწრაფად წამოხტა ფეხზე, რომ მაგდა შიშით მიიკუნჭა საწოლის კუთხეში.

მაგდა გიას სახის გამომეტყველებას არ აცილებდა თვალს. რაღაც შავმა ჩრდილმა გადაურბინა ფეხზე წამომხტარ გიას სახეზე და ისევ მოცელილივით დაჯდა საწოლზე.

რაღაცას ფიქრობდა გია და მაგდასკენ გახედვის ეშინოდა... 
ეშინოდა, რადგან არ იცოდა, რა მოხდებოდა, როცა მათი თვალები შეხვდებოდა ერთმანეთს.

მაგდამ ფრთხილად ასწია ხელი და გიას მხარზე დაადო.  შეკრთა გია...
მაგდამ მაშინვე აიღო ხელი, ბალიშებში ჩაემხო და აქვითინდა.

- ნუ ტირი, მაგდა... რა ფასი აქვთ ახლა ამ ცრემლებს?! დაიგვიანეს ამ ცრემლებმა!... მე წავალ... არ მინდოდა შენი შეშფოთება... უნებურად მომიხდა! მაპატიე... და... მშვიდობით!
- გია, - ამოიკვნესა მაგდამ და წამოჯდა.

მეორე ოთახიდან ბავშვის ტირილის ხმა მოისმა.
მაგდა შეკრთა, გიას შეხედა. გიამ შენიშნა მაგდას ეს შიშით თუ მოლოდინით სავსე გამოხედვა და მწარედ ჩაიცინა.

- შენი  შ ვ ი ლ ი  ტირის!... გეძახის!...
- ჰო, შია, ალბათ... - და მაგდამ უნებურად მკერდზე მოისვა ხელი (მარცხენა ძუძუ გიას კი არა, პატარა თეას უხმობდა ახლა!)...
- ჰო,  ა ლ ბ ა თ  შია!... მე წავალ, მაგდა!
- მოიცა, გია! ერთი წუთით მომისმინე და მერე წადი!... მხოლოდ ერთი წუთი!... მე ყველაფერს აგიხსნი, - მაგდამ ხელით სცადა გიას შეჩერება (ახლა თუ წავა, ესე იგი არ ვყვარებივარ! არაფრის გაგონება არ უნდა! ახლა თუ ვერ შევაჩერე, სამუდამოდ ვკარგავ გიას!)...

გიამ ხელი გააშვებინა:
- ნუ, მაგდა!... არ გინდა არაფრის თქმა... ისედაც ყველაფერი ნათელია... ჩემზე ნუ გაბრაზდები... შენს თავს შეუნდე, აპატიე და მხოლოდ შემდეგ მეც მაპატიე... მე სხვაგვარად მოქცევა არ შემიძლია!... მშვიდობით!

გია წამოდგა, თავი ჩაღუნა და გასასვლელისკენ გაემართა. კარებთან შედგა, მოიხედა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, შემდეგ კი გადაიფიქრა, ხელი ჩაიქნია და გავიდა.

- გიააააა! - ისეთი ხმით იკივლა მაგდამ, რომ ნინოც და მასთან მისული მეზობელიც ოთახში შეცვივდნენ.
- რა ვაპატიო ჩემს თავს, რაააა! ამიხსენით, ხალხი არა ხაააართ? - ისტერიული ხმით ყვიროდა და ტიროდა მაგდა, მაგრამ პასუხის გამცემი აღარავინ იყო!

გია წავიდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები