ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
29 აგვისტო, 2010


თავი 23. დაშვება ("შორია დედამიწამდე")

ჯერ არც კი გათენებულიყო, რომ ყველანი დიდ ოთახში შეიკრიბნენ.
თიოლა, დალილა, ხაკბერი, ლეჰარი და ლებორი სპეციალურ წყალგაუმტარ ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები, მუკას კი – პილოტის ტანსაცმელი ეცვა. გადამცემი აპარატები – წელზე შემოკრულ ქამრებზე მიიმაგრეს.
- ახლა ჩვენ აქ, სახლში რა გაგვაჩერებს? დახმარება რომ დაგჭირდეთ უცებ, მერე უნდა წაგვიყვანოთ სახლიდან? – ვერ ისვენებდა ჯონგი.
- მართალია ჯონგი, იქნებ რაში დაგჭირდეთ ჩემი ხატვის უნარი? – თქვა იანინამ და თავისი კარისკენ წავიდა.
- სად მიდიხარ? – დაადევნა ხმა ანილამ.
- უნდა ჩავიცვა. მეც თან გავყვები და ჭის სიახლოვეს ვიქნები.
- მეც ჩავიცვამ მაშინ. ათ წუთში მზად ვიქნები! – და ანილაც კარს უკან გაუჩინარდა.
- ახლავე მოვალ მეც, - და ჯონგმაც დატოვა ოთახი.

მართლაც, სულ რაღაც ათიოდე წუთში ცხრავე შესაბამისად იყო ჩაცმულ-დახურული და ანგარისკენ მიემართებოდა.
- ჯონგ, ანილა და იანინა შენ წაიყვანე საფრენი დისკით და აღმოსავლეთ კედელზე დასხედით. იქიდან პირდაპირ გამოჩნდება ქვაბული. გადამცემი აპარატები ყურსასმენზე ჩართეთ, მუდმივი კონტაქტისთვის...
- გასაგებია თიოლა... – და სამივე №3 დისკისკენ წავიდა.
- მუკა, შენ დალილასა და ხაკბერს ჩამოსვამ ზუსტად ქვაბულის თავზე, თავად კი იქვე, დასავლეთის კედელთან დასვამ დისკს.
- თიოლა, ჩვენ? – ლამის ერთდროულად იკითხეს ლეჰარმა და ლებორმა.
- ლებორ, შენ დაჯდები ფრენის სამართავ მოწყობილობასთან. დისკს დაკიდებ ჰაერში, წყალთან ახლოს და მე და ლეჰარი ფსკერზე არსებული ლუკიდან ჩავალთ ჭის ფსკერზე.
- მე ვერ დავკიდებ დისკს, თიოლა... არ ვიცი ჯერ მაგდენი.
- მაშინ მე და ლეჰარი გადავალთ მუკას დისკში და შენთან ხაკბერი და დალილა მოთავსდებიან. ხაკმა იცის, სადაც უნდა დასხდეთ!
- გასაგებია, თიოლა.... დისკი №2... წავედით.
- ჩვენც წავიდეთ, მუკა... ჩვენ ყველაზე მეტი საქმე გვაქვს!

თიოლა, მუკა, და ლეჰარი პირველ დისკში ავიდნენ და ანგარის იატაკი გახსნეს.
ნომრების მიხედვით აფრინდნენ მიწიდან და ჭისკენ აიღეს გეზი.
თიოლამ ლეჰარს წყალქვეშა ცურვისთვის განკუთვნილი სკაფანდრი მიაწოდა და მის კოსტუმზე დამაგრებაშიც მიეხმარა. შემდეგ თავადაც ჩამოიცვა მსგავსი სკაფანდრი.

მალე მიფრინდნენ ჭასთან. მუკამ თითქმის წყლის ზედაპირამდე დაუშვა დისკი და ჰაერში გააჩერა.

ამასობაში გათენდა. სწრაფად თენდება ვარფიმზე, თითქოს უეცრად ირთვება მაღალი სიმძლავრის უზარმაზარი ნათურა. ჭის სარკისებურმა ზედაპირმა ვერცხლისფრად გაიბრწყინა და აელვარდა. თვალდათვალ იცვლიდა ფერს ცა. ვერცხლისფერს ვარდისფერი შეერია, რომელიც თანდათან მუქდებოდა და ბოლოს ცეცხლისფერში გადავიდა.

თიოლა წყლის ზედაპირს დააკვირდა. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანდა, როგორ ამოდიოდა წყლის ნაკადი ჭის შუაგულიდან და მერე კონცენტრულ რგოლებად იშლებოდა ნაპირებისკენ. მაგრამ ეს ხდებოდა წყლის სიღრმეშივე, ზედაპირი კი უძრავად რჩებოდა, თითქოს ეს ყველაფერი მინის სქელი ფენის ქვეშ ხდებაო.

უნდა ეჩქარათ, რომ მანამდე შეეღწიათ დამუხტვის ცენტში, სანამ ვარფიმის ცას სფრენი კაფსულები და დისკები დასერავდნენ. მუკამ ჭის ცენტრს მოაშორა დისკი და დასავლეთით წაინაცვლა. ლეჰარმა ლუკი ახადა და თიოლასთან ერთად უხმაუროდ ჩასრიალდა წყალში.

ჭის ფსკერი ძაბრივით ვიწროვდებოდა და სულ დაბლა უცნაური ფორმის ხვრელით თავდებოდა. სწორედ ამ ხვრელიდან ამოდიოდა წყალი. ხვრელს განიერი არ ეთქმოდა, მაგრამ... თიოლა თავისუფლად გაეტეოდა.

“თუკი მხოლოდ გონებით იქ, სადღაც ვიღაც მამრს ველაპარაკები, რატომ ვერ უნდა დაველაპარაკო ლეჰარს?” – გაიფიქრა თიოლამ და გონებაში დაიყვირა:
- ლეჰააარ!
მომენტალურად მობრუნდა მისკენ ლეჰარი და ისე, რომ ტუჩებიც კი არ გაუნძრევია, თიოლას გამოეპასუხა:
- რა მოხდა?! – და უცებ ამ აღმოჩენამ თავადაც გააოგნა, - თიოლა, გონებით გელაპარაკები?
- ასე გამოდის.... ლეჰარ, ინფორმაცია მივიღე, იმ ხვრელში უნდა ჩავეშვა.
- გაგიჟდი? რა იცი, სად მიდის ეს ხვრელი?
- უკვე ვიცი, ესეც ცენტრში მიდის, ცენტრალურ ლაბორატორიაში!
- და იქ საიდან გაჩნდა ამდენი წყალი?
- ლაბორატორიაში სპეციალური აპარატი დგას. ქიმიური გზით იღებენ წყალს და მერე ამ ჭაში აგროვებენ. ეს უმარილო წყალი ადვილად იმუხტება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ენერგიით. შენ ხაკთან და დალილასთან დაბრუნდი. მე დაბლა ჩავეშვები.
-      ვინო, რა თქვი? ხაკი? ხაკბერს ეძახი "ხაკს"? რატომ, თიოლა?
-      არ ვიცი, ლეჰარ. რატომღაც "ხაკი" უფრო მეახლობლება. თითქოს მას უკვე ვიცნობდი ოდესღაც და დავკარგე... ახლა კი აქ, ვარფიმზე ვიპოვე...
- კარგი, რაც გინდა, ის დაუძახე...  მთავარია, რომ  აქ არ დაგტოვებ! რამე რომ დაგემართოს, მე რა ვქნა მერე, რა მეშველება?
- არაფერი დამემართება, ლეჰარ... შენ იქ უფრო საჭირო ხარ, ვიდრე აქ! კარი თუ ვერ გააღეს, აი, მაშინ ნამდვილად დავიღუპები და... ჩემი ხათრით, ლეჰარ, დაეხმარე ხაკბერსა და დალილას!
- კარგი... შენ უკეთ იცი!... მოიცა, თიოლა, ამ კენჭს რა ვუყო? მითხრეს, ჭაში ჩაუშვიო...
- ჩაუშვი, მერე... ვნახოთ, რა მოხდება!

ლეჰარმა კენჭს ხელი გაუშვა და ხვრელის გვერდით დააგდო. მომენტალურად დაიწყო კენჭმა ზრდა და...
- ნიიი, შენ? – აღმოხდა თიოლას ლოდადქცეული კენჭის დანახვაზე.
- მე ვარ, თეო... იცოდე, რომ აქ დამხმარე ძალა გყავს...
- და მე რომ გამომატანე კენჭი? ისიც... შენ ხარ?
- ისიც... ის ჯერ შეინახე. ჯერ აქ გჭირდება დამხმარე.
- რაში, ნიი?
- ეს ჭა ზიარჭურჭლის პრინციპითაა მოწყობილი. რამდენი წყალიც აქეთაა, იმდენივეა ლაბორატორიის რეზერვუარში. ვიდრე ჭა ივსება, ყველაფერი წესრიგშია. მაგრამ, როგორც კი ჭაში წყალი უკან წავა, ეს ნიშნავს, რომ მისი უარყოფითი მიზნით გამოყენება დაიწყეს, თეე... ესაა თქვენი ცხრიანის მისია ვარფიმზე: არ დაუშვათ მტკნარი წყლის უარყოფითად დამუხტვა და მისი ამ მიზნით გამოყენება! ეს მხოლოდ ვარფიმს კი არა, მთელ სამყაროს შეუქმნის პრობლემებს!
- გესმის, ლეჰარ? იჩქარე, გთხოვ! თქვენ უნდა შეაღწიოთ დამუხტვის ცენტრში და... იქ მოვალ მეც, მხოლოდ სხვა გზით!
- მოიცა, თიოლა... ნიი, ვთქვათ წყალი უკან წავიდა, რა არის ამის საშველი? რაღაც ხომ უნდა იყოს ისეთი, რა წყლის უკანსვლას შეაჩერებს?!
- კი, მე გადავეფარები ხვრელს.
- შენით? – გაუკვირდა ლეჰაერს, - შენით ვერ იზამ ამას! ეს კი ნიშნავს, რომ ვიღაც აქ უნდა იყოს, რომ ხვრელისკენ მიწევაში დაგეხმაროს! სხვა შემთხვევაში...
-      მე შენ არ დაგტოვებ, თიოლა. მე ვერ გადაგარჩინე ლოტზე, მაგრამ არ მიგატოვებ აქ! - ამოიბუბუნა ლოდმა.
- გმადლობ, ნიიი...  ლეჰარ, შენ ზევით ხარ საჭირო... აქ კი ლებორს ვუხმოთ! ის დავაყენოთ აქ. და თუ აუცილებელი გახდება, ლებორი დაგიძახებს საშველად.

თქმა და შესრულება ერთი იყო.
მუკა და ლებორი მშვიდად საუბრობდნენ, როცა ლებორთან დისკში აპარატის მიმღები ეკრანი აციმციმდა.
მუკამ მიირბინა და  ხმამაღლამოლაპარაკეზე გადართო:
- ლებორ, სასწრაფოდ დაეშვი. დიდხანს მოგიწევს აქ ყოფნა, ამდენად ჰაერის უწყვეტად მიღების აპარატი წამოიღე.
- თიოლა, მე რა უნდა გავაკეთო, რითი დაგეხმარო? – შეეხმიანა მუკა.
- მუკა, შენ ლეჰარი მიიღე ბორტზე და ხაკბერთან აიყვანე. შესვლა უნდა დაიწყონ.
- და შენ, თიოლა? მე უშენოდ არ ავფრინდები...
- ლეჰარი მოგიყვება. მე დაბლა ვეშვები, ხვრელში. დრო არ ითმენს... ლებორი ჩამოუშვი და ლეჰარი აიყვანე ზევით.
- არის... – მუკამ ისე დაბლა ჩააფრინა დისკი, რომ ლამის წყლის ზედაპირს შეახო.

ლუკის გახსნისთანავე ჩახტა ლებორი ზურგზე მოკიდებული აპარატით და მის ნაცვლად ლეჰარი ამოვიდა. მუკამ ლუკი დაკეტა და აფრინდა, ლეჰარმა კი  დაწვრილებით გადასცა ნიისა და მისი ნათქვამის შესახებ. მუკამ დისკში შესასვლელი კარი მიმართა ქვაბულისკენ და იმდენად ახლოს მივიდა კლდესთან, რომ ლეჰარს მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა მოუწია ქვაბულის ნაპირზე გადასასვლელად.
- ლეჰარ, მე ისევ დასავლეთის კედელზე ვიქნები, - დაადევნა ხმა მუკამ.

ლეჰარმა უხმოდ დაუქნია თავი და ხაკბერსა და დალილას დაელოდა.

ხაკბერი და დალილა ფრთხილად დაეშვნენ ქვაბულისკენ უცნაური კიბით, რომელიც თავისით გამოიჭრა ჭის დასავლეთ კედელზე. ფრთხილად ჩადიოდნენ. დალილამ წყლის ზედაპირს გახედა. უცებ შეჩერდა და რაღაცას ჩააშტერდა ჭაში.
- ხაკბერ, წყალში რაღაც ცვლილებები მიდის. ძალიან ნელა, მაგრამ...
- რა ცვლილებები, დალილა?
- თითქოს უარყოფითი ენერგია ვიგრძენი...
- ხომ არ მოგეჩვენა?
- არა, ხაკბერ, არ მომჩვენებია...
- ეს რას ნიშნავს?
- წყალმა უარყოფითი თვისება შეიძინა... სხვას რას უნდა ნიშნავდეს? მაგრამ არაა საშიში კონცენტრაცია.
- დალილა, ეს იარაღი გამომართვი... მოდიფიცირებულია.
- როგორ?
- სხივის სიძლიერეა მომატებული. ანუ, ამ წითელი სხივით დაშლილი ვარფიმელი მომენტალურ მატერიალიზაციას ვეღარ განიცდის და მხოლოდ ოთხი წამის შემდეგ შესძლებს მატერიალიზაციას, მომწვანო სხივს კი შეუძლია თორმეტი წამის დემატერიალიზებული სხეულის მატერიალიზაციაც.
- გასაგებია... ყველას იარაღი ასეთია?
- ვინც შევდივართ, კი, ყველასი.

მალე მათ ლეჰარი შეუერთდა და სამივენი ქვაბულში გაუჩინარდნენ.
როგორც ივარაუდეს, კარი დაკეტილი დახვდათ.
ხაკბერმა თვალი მოავლო და კედელში უცნაურად გამოთხრილი თახჩა დაინახა. ხელი შეყო და...
- გასაღები! რაღაც გასაღებია აქ!
- მაჩვენე?! – ლეჰარმა გასაღები ხელიდან გამოართვა და კარის ჭრილს მოარგო, მაგრამ ვერაფრით გადაატრიალა ბუდეში.
- ჩაჟანგულია საკეტის ენა, - თქვა დალილამ და ჯიბიდან რაღაც ფლაკონი ამოიღო. მერე ამ ფლაკონში არსებული სითხე საკეტის ხვრელში ჩაასხა და საათს დახედა, - 10 წუთში გაიღება.
- ნეტა ახლა სადაა თიოლა? – ჩაილაპარაკა ხაკბერმა და წყალს გახედა.

თიოლამ და ლებორმა გადამცემი აპარატები გადაამოწმეს და თიოლა “ძაბრის” ყელში გაუჩინარდა. დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ნაკადის საპირისპირო მიმართულებით ჩაშვებულიყო. მალე ყელმა გაფართოება დაიწყო და თიოლა წყალქვეშა მღვიმეში აღმოჩნდა, რომელიც სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების გაუვალ ტყესავით აღმართულიყო თიოლას წინ.
- ღმერთო ჩემო... ცოტა ხნის წინ აქ მშრალი მღვიმე ყოფილა! სხვა შემთხვევაში როგორ წარმოიქმნებოდა ეს კირქვოვანი სვეტები?! ახლა ეს მღვიმე რეზერვუარის ფუნქციას ასრულებს! – ფიქრობდა თიოლა და მღვიმიდან გასასვლელს ეძებდა.
- თიოლა, სად ხარ? – აწკარუნდა აპარატი.
- წყალქვეშა მღვიმეში, ლებორ... გასასვლელს ვეძებ...
- სინათლის შუქ-ჩრდილებს დააკვირდი, თიოლა... გასასვლელთან ან უფრო ნათელი იქნება წყალი, ან უფრო მუქი... ორივე შემთხვევაში მანდ რაღაც იქნება!
- აი, ახლა ვდგავარ ასეთ სინათლეში...
- სინათლის სხივს აჰყევი მაღლა. ნახე, სად მიგიყვანს!
- გასაგებია, ავდივარ... ყოჩაღ, ლებორ! აქ მილია ჩამოშვებული...
- რა მილი, თიოლა?!
- ამ მილიდან გამოდის ეს წყალი... ანუ ამ მილს მივყავართ ლაბორატორიისკენ. შევდივარ.... – თიოლამ ხელები სხეულზე მიიკრა და ისარივით შეიჭრა მილში.

ძალიან გაუჭირდა... ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. თითქოს ვიღაც ყელში უჭერდა ხელებს და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
- რა მჭირს? რატომ ვერ ვსუნთქავ?! წყალსაც რაღაც სჭირს! ისეთი აღარ არის, როგორც ჭაში იყო! – თიოლამ განგაშის ღილაკს დააჭირა ხელი.
- ხაზზე ვარ, თიოლა... – გამოეპასუხა ხაკბერი.
- იჩქარეთ, ხაკ... სუნთქვა მიჭირს... დალილა მჭირდება აქ...
- ლეჰარ... თიოლაა... იჩქარეთო...

ლეჰარმა მთელი ძალების მობილიზება მოახდინა და... გასაღები ბუდეში გადაატრიალა.
კარი ჭრიალით გაიღო. დალილამ ანჯამებში ჩაასხა სითხე ფლაკონიდან და კარი უხმაუროდ დაიკეტა.
გრძელ დერეფანს გაუყვნენ. დერეფანში ბნელოდა. შუბლზე დამაგრებული ფანრები აანთეს და ისე გააგრძელეს გზა. მალე კიდევ ერთ კარს მიადგნენ, მაგრამ კარი ჩაკეტილი არ იყო. ეტყობა აქედან ვერ წარმოიდგინეს უცხო  პირთა შესვლის შესაძლებლობა და აღარც ჩაკეტეს.

ლაბორატორიაში ჯერ არავინ იყო. დიდ დარბაზში გავიდნენ. შუაში მრგვალთაღიანი სახურავით გადახურული უზარმაზარი აუზი იყო. სახურავის თავზე, ცენტრში ლუკი იყო დატანებული, რომელიც ამჟამად ჰერმეტულად იყო დაკეტილი. აუზში ორი მილი შედიოდა.
დალილა მილებს დააკვირდა:
- საინტერესოა... ამ მილებიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით აირები გამოედინება, ჟანგბადი და წყალბადი. მათი ურთიერთშერევით კი მიიღება წყალი... ბევრი წყალი... და სად მიდის ეს წყალი აქედან?
- დალილა, შენ ამ ლუკიდან უნდა ჩახვიდე... სადაც ეს წყალი მიგიყვანს, იქ გელოდება თიოლა. ფილტრი უნდა გახსნა ზევიდან, რომ თიოლას ამოსასვლელი გზა გაუთავისუფლო. მერე კი ამ ფილტრს ისევ დაკეტავთ.
- გასაგებია, ხაკბერ. წავედი... – დალილამ ლუკი გახსნა და წყლის სიღრმეში გაუჩინარდა. მალე მიაგნო მილსაც და წყლის ნაკადთან ერთად დაეშვა. დანარჩენიც ყველაფერი ხაკბერის მითითების შესაბამისად გააკეთა. შემდეგ თიოლას ცურვის მიმართულება აჩვენა და კვლავ ზევით აცურდა.

ხაკბერი და ლეჰარი ხან საათებს დაჰყურებდნენ და ხან აუზის სიღრმეში იყურებოდნენ.
მალე ჯერ დალილამ ამოყვინთა წყლიდან და მომენტალურად მოჰყვა კუდში თიოლაც.
- ცოცხალი ხარ? – სიხარულს ვერ მალავდა ლეჰარი.
- ჰო... ლებორს უთხარი, ზევით აცურდეს....  ახლა კი მისმინეთ: იქ, საიდანაც დალილამ კარი გამიღო აქეთ შემოსასვლელად, წყალი თვისებებს იცვლის, მძიმდება და გხუთავს... მაგრამ დაბლა, მღვიმეში ამ ნივთიერების კონცენტრაცია ჯერ ძალიან დაბალია.
- ჭას წამლავენ? – შეშფოთდა ლეჰარი.
- ჭას კი არა, ჭის წყალს! – გაეღიმა თიოლას, - ჭა ჩვენი მოკავშირეა ამჟამად, ვინაიდან საკმაოდ დიდია...
- და რა მოხდება მერე?
- მერე მოხდება ის, რომ ამდენი უარყოფითად დამუხტული წყალი სადღაც ხომ უნდა წავიდეს? აორთქლდება, პლანეტის ირგვლივ გადანაწილდება და ერთიანად დამუხტავს ვარფიმს უარყოფითი მუხტით.
- ჯერ ისედაც რამდენი უარყოფითი მუხტია პლანეტაზე და... – აღშფოთდა ლეჰარი...
- დამშვიდდი, ლეჰარ! ჩვენი მისიაც ეგაა, - ვიხსნათ პლანეტა უარყოფითად დამუხტვისაგან და ვარფიმელები – საბოლოოდ გაბოროტებისაგან.



(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები