ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: საბავშვო
8 სექტემბერი, 2010


მომღერალი ჩხიკვი


ცხრათვალა მზე ტყის ნაპირას
შემოდგომის მდელოს ხედავს,
ბაჭიები ჩირგვთან წვანან,
ჩიტუნები ხეზე სხედან,
მთის ნიავი ყვითელ ფოთლებს
ათრთოლებს და ათამაშებს,
- მოდი, ერთად ვიმღეროთო, -
ეუბნება ჩხიკვი შაშვებს.
- კი ბატონო, - უთხრა შაშვმა,
შეეცვალა თუმცა ნირი,
სალამური მოიმარჯვა,
მოამზადა გუდა-სტვირი.
ხოლო ჩხიკვმა დასაკრავად
დაიჭირა წვრილი ჩხირი,
სულ ჩხავილით გააყრუა
მოშრიალე ტყის ნაპირი.
- გაჩუმდიო, - ჰკადრა შაშვმა,
ოდნავ გაჰკრა მხარზე მხარი, -
ჩხირზე დაკვრა გაგონილა?
კი არ მღერი, მხოლოდ ჩხავი!
ეგრე ჩვენთან ვერ იმღერებ,
სხვა ვინმე გყავს სანახავი,
სად შენა და სად გალობა?
დაგვანებე, ძმაო, თავი...
- რა ვნახეთო! - ჩიტუნებმა
ეს ამბავი ყველას ამცნეს,
მომღერალ ჩხიკვს დასცინიან:
- ნახეთ, ნახეთ, როგორ გვარცხვენს!..
ჩურჩულებენ ხის ფოთლებიც
და სიცილით ძირს ცვივიან,
იცინიან ბაჭიებიც,
მზის სხივებიც იცინიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები