ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: დრამატურგია
13 სექტემბერი, 2010


არაგვი - ვერაგი მდინარე (I-II მოქმედება)

პიესა სამ მოქმედებად

მოქმედი პირნი:

მაიკო – ახალგაზრდა ლექტორი, 30-31 წლის;
გიორგი – მისი მეუღლე, 32-34 წლის;
ნიკა – მათი შვილი – 8 წლის;
სტუდენტები (21-24 წლისანი):
ლევანი,
სოფო;
ბესო;
ელისო;
ლექსო;
მშობლები:
ელისოს დედა;
ლევანის დედა;
მანანა – რაჭაში სახლის პატრონი;


I მოქმედება

სურათი I

გიორგი ქუჩაში მიდის. უეცრად ფეხს წამოკრავს რაღაც საგანს, რომელიც მომენტალურად გაანათებს.

გიორგი: უი, მობილური... ნეტა ვის ამოუვარდა ჯიბიდან? (ღილაკს აწვება... მობილურში არანაირი ჩანაწერი არ არის.) ვაახ, როგორ გავიგო, ვისია? მოიცა, ჩემს ნომერზე დავრეკავ, ხომ დაიწერება? (ცდილობს, ნომერი აკრიფოს. სიმ-ბარათი ჩადეო, - ინთება წარწერა ეკრანზე)... ეეე, არავისი არ არის? თანაც “ნოკია”... ესე იგი, ჩემია, ან მაიკოს ვაჩუქებ... მაინც უნდა მეყიდა მისთვის.

გახარებული შედის სახლში და კარიდანვე ყვირის:

გიორგი: მაიკოოო... ნახე, რა მოგიტანე? მობილური, "ნოკიას" ფირმის, შენ რომ გინდოდა, ისეთი...
მაია: მატყუებ? (მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი) 500 ლარი ღირს...
გიორგი: არ გატყუებ, შენს თავს გეფიცები....

მეუღლის გაბრწყინებული თვალების დანახვაზე მიხვდა მაია, რომ არ ატყუებდა.
ხელი გაუწოდა და მობილური ტელეფონი ჩამოართვა. დახედა, ჩართვა დააპირა, -  არაფერი აჩვენა ეკრანმა...

გიორგი: სულ ახალია, ნომერიც კი არ აქვს... ვიპოვე, მაი... ქუჩაში ვიპოვე!
მაია: მატყუებ?...
გიორგი: როდის მომიტყუებიხარ?! ხომ გინდოდა მობილური? ჰოდა ღმერთმა გამოგიგზავნა!
მაია: მოხმარებაც კი არ ვიცი მისი...
გიორგი: ისწავლი... შენ ადვილად ისწავლი...
მაია: (გაბრწყინებული სახით) ზეგ დილას რაჭაში მივდივარ. თან წავიღებ. იქიდან დაგირეკავ-ხოლმე...  ხვალვე ავიღებ ნომერს...



სურათი II

მაიას 15 სტუდენტი მიჰყავს რაჭაში პრაქტიკებზე. სტუდენტებს მშობლებიც მოჰყვნენ გასაცილებლად. სულისთქმასავით აბარებენ შვილებს ამ ახალგაზრდა ქალს.

პირველი მშობელი: მე ელისოს დედა ვარ. სპეციალურად მოვედი თქვენს სანახავად... ბავშვები ბურთივით ხტოდნენ სიხარულით, რომ გაიგეს “მაია მასწავლებელს მივყავართო”... ასე როგორ შეაყვარეთ თავი?
მაია: (ღიმილით) არ ვიცი... ალბათ იმით, რომ მე თავად მიყვარს ეს ბავშვები...
ლევანი:  (მიუბრუნდა ახალგაზრდა ქალს) დედა, წადი ახლა... სირცხვილია...
მეორე მშობელი: (აშკარად ნერვიულობს) რა წამიყვანს? მასწავლებელი არ უნდა მოვიდეს? სად დაგხვდებათ ეს ქალი?
მაია: ვინ ქალს ეძებთ ქალბატონო?
მეორე მშობელი: მასწავლებელს... ასე როგორ შეიძლება, არ უნდა მოსულიყო აქ?
ლევანი:  (მუდარით) დედა, რას ამბობ... გაჩუმდი...
მაია: მე რამდენი ხანია, მოვედი, ქალბატონო... სხვა არავინაა მოსასვლელი.
მეორე მშობელი: (უკვირს) თქვენ ხართ მაია?
მაია: კი, მე ვარ...
მეორე მშობელი: და თქვენ მიგყავთ ეს თხუთმეტი გიჟი?
მაია: არ არიან გიჟები... კარგი ბავშვები არიან... მაპატიეთ, თქვენი სახელი?
მეორე მშობელი: ლალი მქვია... დედა, რაღა ვქნა... არ დაუჯერებენ ამ გოგოს და... 
მაია: დამიჯერებენ, ქალბატონო ლალი...
მეორე მშობელი: თქვენ შემოგევლეთ, თვალი არ მოაშოროთ ლევანს...
მაია: არავის მოვაშორებ თვალს... ნუ ნერვიულობთ. მენდეთ, ბავშვები ყველაფერს მიჯერებენ-ხოლმე...
მეორე მშობელი: უუფ, რა ვიცი... არ აპირებდა წამოსვლას, თბილისში უნდოდა პრაქტიკების გავლა... ამ ხუთი დღის წინ გაიგო, “მაია მასწავლებელს მივყავართო” და... გაიგიჟა თავი, მეც უნდა წავიდეო...
მაია: ხო, სულ ბოლო მომენტში მითხრა თანხმობა ლევანმა. ის კი არა, ნეტა ის დანარჩენი შვიდიც ჩემთან ერთად წამოსულიყო... უფრო მშვიდად ვიქნებოდი... აქ, რა ვიცი, როგორ გაივლიან პრაქტიკებს?!...
მეორე მშობელი: გამაგიჟებთ... მე ჯერ ამ თხუმეტზე ვნერვიულობ, ამათ რა მიხედავს-მეთქი და... თქვენ კიდევ შვიდი ბავშვის წაყვანა გინდოდათ? (შიში და გაოცება ერთად აისახა ლალის თვალებში).
მაია: მე ჩემი შვილიც კი მიმყავს... იმას ველოდები ახლა და გავდივართ.
მეორე მშობელი: ბავშვი რამხელაა? იმედია, "კალიასკით" არ იქნება...
მაია: არა, 8 წლისაა, დამშვიდდით (გადაიკისკისა)... აი, მოვიდნენ კიდეც. ბებიასთან იყო და გუშინ ტიროდა, მეც წამიყვანეო, ჰოდა მიმყავს...
ნიკა: დეე, მოვედი! (ფეხებზე შემოეხვია დედას).
მაია: მოხვედი, სიხარულო? (მაიკო ბავშვს მოეფერა შემდეგ კი სტუდენტებს მიუბრუნდა)  ბავშვებო, ავედით მანქანაში....
ლევანი:  მაია მასწ, ჩემთან დავსვამ თქვენს შვილს... (მიუბრუნდა ნიკას) გამარჯობა, ძმაკაც, რა გქვია?
ნიკა: ნიკა...
ლევანი:  მე ლევანი ვარ... წამო, ჩემთან დაჯექი... (ნიკა მანქანაში აუშვა და თავადაც ავიდა).
მაია: ქალბატონო ლალი, ნურაფერზე ინერვიულებთ... ყველაფერი კარგად იქნება, (მიუბრუნდა მაია ლალის, მერე ყველა მშობელს დაემშვიდობა და თავადაც მანქანაში ავიდა).




სურათი III

რაჭა. მაია დიდი კაკლის ძირას, ხის გრძელ სკამზე ზის და მობილურს აწვალებს. თან ნიკუშას გახედავს-ხოლმე, რომელიც სტუდენტი ვაჟების გვერდით ზის ეზოს მრგვალ მაგიდასთან და თვალმოუცილებლად უყურებს დომინოს თამაშს. ლევანი უსაქმოდ ზის, - არ უყვარს დომინოს თამაში.

მაია: რა ტყუილად გამიხარდა... არ იჭერს აქ... ორი დღეა ჩამოვედით და სახლში ვერ დავრეკე. ალბათ როგორ ნერვიულობს გიორგი. ლევანს აქვს ამის მსგავსი მობილური. მოხმარება მაინც მასწავლოს... ლევან!...
ლევანი: გისმენთ, მაია მასწ...
მაია: ერთნაირი მობილურები გვქონია და... იქნებ მისი მოხმარება მასწავლო?
ლევანი: სიამოვნებით. (ხელიდან ართმევს მობილურს და გვერდით უჯდება) აი, ამ ღილაკით შედიხართ მენიუში... უი, მაია მასწ... თქვენი მობილური იჭერს...
მაია: არ არსებობს... ამ წუთას არ იჭერდა. მთელი დღეა ადგილს ვეძებ, სადაც დაიჭერს და... ვერ ვიპოვე...
ლევანი: აი, შეხედეთ, ხუთივე ხაზით იჭერს!
მაია: რაღაც მოხდა.... კარგია, სახლში დავრეკავ.
ლევანი: კარგით, მე მერე მოვალ (ლევანი დგება და გვერდზე გადის. მიღება მომენტალურად იკარგება).
მაია: ლევან, დაკარგა მიღება... დაბრუნდი.
ლევანი: (უახლოვდება და გვერდით უჯდება. ანტენის მიმღები ხუთივე ხაზით შეივსო) აქვს მიღება, მაია მასწ...
მაია: ლევან ანტენის ფუნქციას ასრულებ, მგონი! აბა, მე გავალ... (შორდება კაკლის ხეს. მიღება იკარგება).
ლევანი: საოცარია! მიღება დაიკარგა. მასწ, როცა ერთად ვდგავართ, მაშინ აქვს მიღება. ასეთი არაფერი გამიგია! (იცინის) ნახეთ, ჩემსასაც აქვს მიღება!
მაია: სხვა რა გზაა?! იჯექი აქ, ჩემო "ანტენა", და სახლში დავრეკავ.... (რეკავს) გიორგი, გამარჯობა!... კარგად ვართ, კარგად!... არაფერი გვიჭირს. ამინდებიც კარგია... არა, რისი ბანაობა?! რიონი ისეთი ადიდებული მოდის, ნეტა ხიდს არ წაიღებდეს... წვიმები აქ არ ყოფილა, მაგრამ... რა ვიცი, ალბათ მთაში დადნა თოვლი... (ნიკუშა მიუახლოვდა და ერთი სული აქვს, მობილური გამოართვას ხელიდან) მოდი, ნიკასაც ელაპარაკე... 
ნიკა: გამარჯობა, მამა... კი, ყველაფერს ვუჯერებ-ხოლმე... კი მყავს მეგობარი, ლევანი ჰქვია... არა სხვებიც, მაგრამ... ლევანი ძმაკაცია... არა, დედა არ მიშვებს ბანაობას... დედამ რომ გამიშვას კიდეც, ლევანი არ მაძლევს ბანაობის უფლებას.... არა, სულ არ მიშვებს ახლოს წყალთან...  ნახვამდის, მამა! (მაიას აწვდის მობილურს და თავად მაგიდასთან ბრუნდება.)
მაია: ნეტა სხვების მობილურები თუ დაიჭერენ ასე? ბავშვებო, მოიტანეთ, აბა, თქვენი მობილურები? (ამოწმებენ და ყველა სტუდენტის მობილური მაშინ იჭერს, როცა მაია და ლევანი ერთად დგანან და ამ ორიდან ერთ-ერთს უჭირავს ეს მობილური.)

ისმის სტუდენტთა შეძახილები:

ელისო: მხოლოდ ლევანის ან მაიკოს ხელში აქვს მიღება...
ბესო: საოცარია, ესენი, რა, ანტენები არიან?
ელისო: (იცინის) ხო, ბესო, მობილური ამათ უნდა ეჭიროთ და ჩვენ ყური უნდა მივადოთ მხოლოდ...
სოფო: ვაახ, შეყვარებულს უთქვენოდ ვერ უნდა დავურეკო?
მაია: ასე გამოდის... (იცინის) მე და ლევანმა ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, არა, ლევან?



სურათი IV

გავიდა კიდევ ორი დღე. მთელი დღე პრაქტიკებზე არიან სტუდენტები, ადრიან დილას გასულები, საღამოს გვიან ბრუნდებიან სახლში.
ეზოში დილიდანვე სტუდენტთა ფუსფუსია, პირს იბანენ, ემზადებიან... ნიკაც მათთან ერთად ემზადება წასასვლელად.

მაია: დილა მშვიდობისა, მანანა.
მანანა: მშვიდობა მოგცეს, მაიკო... დღესაც ასე უთენია მიგყავს ეს ბოვშები?
მაია: კი, დღესაც... ისე ვერ მოვასწრებთ.
მანანა: რას აკეთებთ, ისე? მთელი დღე სახლში არ ხართ, მოხვალთ და... ბოვშები მთელი საღამო რაჭის რუკას ჩაჰკირკიტებენ... სულ იმას მეკითხებიან, "აქიდან იქამდე რამდენი კილომეტრი იქნებაო"... მეგონა ერთი სოფელი აინტერესებდათ და “ვისთან მიდიხართ სტუმრად-მეთქი” - ვკითხე... დაიხოცნენ სიცილით...
მაია: ახალ ტურისტულ მარშრუტებს ადგენენ, მანანა. მაგრამ სხვა რომ გაუშვა ამ მარშრუტით, ჯერ შენ თავად უნდა იცნობდე გზას. ასე არ არის?
მანანა: ვაახ, ამდენი შეუძლიათ, განა? ტურბაზაში და სანატორიუმში რაღას აკეთებთ? იქაც ბილიკები ხომ არაა გასაყვანი?
მაია: (იცინის) ბილიკები კი არ გაგვყავს, მარშრუტებს ვადგენთ...
მანანა: სულ ერთი არაა?
მაია: არა, არ არის ერთი... ტურბაზაში და სანატორიუმში სტუდენტები მონაცემებს აგროვებენ, საღამოობით კი – ამ მონაცემებს ამუშავებენ... მათი პრაქტიკებიც ესაა.
მანანა: კაი, ბატონო... გაწყობილია მაგიდა. ამ ბიჭუკელას რაღას დაატარებ აღმა-დაღმა? დატოვე ჩემთან... გგონია არ მოვუვლი? უვნებელს ჩაგაბარებ-ხოლმე...
მაია: დიდი მადლობა, მანანა... არ დარჩება სახლში. ჯერ უჩემოდ არ დარჩება და, მერე, შეხედე? ლევანის კუდია... ხელს არ უშვებს არსად. (იცინის) შენ რომ არ გვყავდე, რა გვეშველებოდა? ვინ იყო ამდენი საუზმე-სადილ-ვახშმის მკეთებელი? 
მანანა: ღმერთმა შეგარგოთ. კარგები ხართ ყველანი. აბა წარმატებული დღე გქონოდეთ! (გადის)
მაია: გმადლობ...  (გასძახის) ლევაან...
ლევანი: გისმენთ, დარეკვა გინდათ? მოვდივარ, მაია მასწ!


სურათი V

საღამოა. სტუდენტები პრაქტიკიდან ბრუნდებიან. სახლამდე, გზის შუაწელზე დიდი მაგიდა და სკამები დგას, რომლებიც პირდაპირ რიონს გადაჰყურებს. პრაქტიკის ობიექტიდან სახლამდე სამ კილომეტრზე მეტია. ამ გზას ფეხით გადიან ყოველდღე და ყოველთვის ამ ადგილას ისვენებენ-ხოლმე. განსაკუთრებით უკან დაბრუნება უჭირთ მთელი დღის მუშაობით დაღლილებს, მიუხედავად იმისა, რომ სახლისკენ გზა თავდაღმართს წარმოადგენს.
ახლაც ფეხს აუჩქარეს დასასვენებელი ადგილის დანახვაზე.
სასიამოვნო საღამო იყო და სიამოვნებით დარჩებოდა მაიკო კიდევ რამდენიმე წუთით, მაგრამ ბიჭებმა წინადადება წამოაყენეს, სახლში დროზე წავიდეთ, დღეს ლექსოს დაბადების დღეა და აღვნიშნოთო.

მაია: (გაოცებულმა) ლექსო, შენი დაბადების დღეა? ცოტა ადრე რატომ არაფერი თქვი? ადრე წამოვიდოდით უფრო...
ლექსო: (იცინის) რა მნიშვნელობა ჰქონდა? მანანა დეიდას ვუთხარით და “გემრიელ საჭმელებს დაგახვედრებთ, ასე თუაო”... და მთელი ღამე ჩვენი არ არის? ხვალაც კვირაა... ვისვენებთ!
მაია: (შეწუხდა) საჩუქარს მაინც გაგიკეთებდი წინასწარ... 
ლექსო: (იცინის) საჩუქარი არ არის, თქვენ რომ წამოხვედით ჩვენთან ერთად? ამაზე მეტი რა უნდა მენატრა? და კიდევ ერთი თხოვნა მექნება, - თქვენ იყავით, რა, სუფრის თამადა?!
მაია: (გაეღიმა, ლექსო გადაკოცნა) საჩუქარს მაინც მოვიფიქრებ რამეს და... (ყურში ეუბნება) თამადად კი, ლევანი დააყენე... ასე აჯობებს!
სოფო: მაია მასწ, თქვენ თუ დაიღალეთ, დაისვენეთ და... ჩვენ ცოტა სწრაფად წავალთ, მანანა დეიდას მივეხმარებით.
ლევანი: სოფო, მე დავრჩები... მაია მასწავლებელთან ერთად წამოვალ... გვიანია უკვე... ცოტა ნელა ვივლით.

სტუდენტები გაიქცნენ, მაიკომ კი დარჩენა აღარ ისურვა და ნელა გაუყვა გზას.

მაია: (ნიკას ხელი გაუწოდა) მოდი, დედიკო, ჩემთან... დაიღალა ლევანი, სულ მასზე ხარ მიწებებული...
ნიკა: (გაოცებულმა) ლევან, დაიღალე? ხელში ხომ არ მიყვან? არ დაიღალე, ხო?
ლევანი: (გაეღიმა, ნიკას თმა აუწეწა) არა, ნიკუშ, რა დამღლიდა, აბა? თუ გინდა აგიყვან კიდეც... შენ თუ დაიღალე...
ნიკა: არა, არ დავიღალე... ისე, ხელი მომკიდე და ცოტა აქეთ გამოიწიე, რა? ნახე, როგორ ღრიალებს რიონი?
ლევანი:  (ღიმილით) ჰაა, ხომ არ შეგეშინდა, ძმაკაც? არ შეგეშინდეს, მე აქ ვარ, შენთან!
მაია: (ნიკას და ლევანს შეხედა და გაეცინა) იცი, როგორ მინდა, ნიკა რომ შენნაირი ბიჭი გაიზარდოს? ან რა მოხდებოდა, მისი უფროსი ძმა რომ იყო? ნუ, მე ცოტა უფროსი უნდა ვიყო მაშინ, მაგრამ... თქვენი ძმობის ხათრით, ამაზეც თანახმა ვიქნებოდი.
ნიკა: (ამოიხვნეშა) მეც მინდა ლევანისნაირი ძმა...
ლევანი:  (ღიმილით) ძმები არ ვართ, ნიკუშ? თუმცა, არა... ძმები არა... ძმაკაცობა მირჩევნია! ხომ ვართ ძმაკაცები?
ნიკა: (უხმოდ უქნევს თავს თანხმობის ნიშნად).



სურათი VI

კაკლის ქვეშ გრძელი სუფრაა გაშლილი. ყველანი გარს შემოსხდომიან. მანანაც იქაა.
თამადა – ლევანია. სუფრის თავში ზის. გვერდს ნიკა უმშვენებს. სუფრის მეორე თავში – ლექსო ზის. მაიკო და მანანა გვერდიგვერდ სხედან, ლევანთან იქვე, გვერდით.

ლევანი: პირველად ღვთის სადიდებელი ვთქვათ. ღმერთს დიდება და ჩვენ – მშვიდობა! ჩვენი შემწე და მფარველი ყოფილიყოს...

ისმის შეძახილები:
- ამინ!...
- გაიხარე!... 
- ღმერთს დიდება და ჩვენ – მშვიდობა!
ყველანი სვამენ.

ლევანი: მანანა დეიდა, რამე განსხვავებული ჭიქა გექნებათ, რა?
მანანა: ახლავე, ლევან, მაგრამ... თავიდანვე განსხვავებულებით იწყებ, ბოშო?
ლევანი: არა. მხოლოდ ორ სადრეგრძელოს დავლევ განსხვავებულით...

მანანამ თითქმის იმავე ზომის, მხოლოდ სხვა ფორმის ორი ჭიქა შემოიტანა და ლევანს გაუწოდა. ლევანმა სასმისები შეავსო და ერთი მაიას მიაწოდა.

ლევანი: ალავერდს თქვენთან ვარ, მაია მასწ. ამ ჭიქით ლექსოს სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ. გაგიმარჯოს, ლექსო. კარგი კაცი ხარ შენ... ასაკით კი არა, გაგებით ხარ კარგი კაცი, კარგი ადამიანი, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეს! ერთ-ერთი გამორჩეული ხარ ჯგუფში... უღალატო და გამტანი! ამიტომ გვიყვარხარ ყველას. გაგიმარჯოს! იხარე და იდღეგრძელე!
მაია: ალავერდის მადლი შეგვეწიოს. ლექსო მართლაც გამორჩეულია ჯგუფში... თუნდაც იმით, რომ ტყუპისცალი ჰყავს და დღეს ორმაგი დაბადების დღე აქვს! შენ და შენს ტყუპისცალ ძმას ერთად გაგიმარჯოთ, ლექსო! ორი სიხარულით გეხაროთ და სიხარული გაგორმაგებოდეთ.... ადამიანი დარდს ვერსად გაექცევი და... დარდი გაგნახევრებოდეთ... იხარეთ, იმრავლეთ მრავალჟამიერ! (ბოლომდე სვამს ამ სადღეგრძელოს).

ისმის შეძახილები: 
- გაგიმარჯოს, ლექსო!...
- გაიხარე!... 
- ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეს!...
- სიყვარულში გაგმართლებოდეს, ლექსო!
ყველანი სვამენ.

ლექსო:  დიდი მადლობა, ხალხო, ჩემი დღეგრძელობისთვის! რაცა ვარ, ესა ვარ! კარგი ვარ თუ ცუდი, ეს თქვენ გადაწყვიტეთ... მე კი თქვენს გვერდით მიგულეთ ყველგან და ყოველთვის! (სვამს)

ლევანი: ახალ სადღეგრძელოს გთავაზობთ. ალავერდი – სოფოსთან. ჩვენს საყვარელ მასწავლებელს, მაიას გაუმარჯოს! (მაიას მიუბრუნდა) ბევრი გვყავს ლექტორი, კარგი ლექტორებიც, მაგრამ... თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ჩვენიანად მიგვაჩნია...
ბესო: (სიცილით) აბა, სხვები გერმანელები არიან, ბიჭო?
ლევანი: მაცალე, ბესო... ჩვენ მაია მასწავლებელი მხოლოდ საგანს კი არ გვასწავლის, მისგან სიცოცხლის სიყვარულს... ადამიანის სიყვარულს ვსწავლობთ... თქვენ გაგიმარჯოთ, მაია მასწ... თქვენს ნიკასთან და... (ხმაში ხრინწი გაერია) თქვენს ოჯახთან ერთად (სულმოუთქმელად სვამს).
სოფო: არ ვიცი, რა გითხრათ. ძალიან-ძალიან გვიყვარხართ... მხოლოდ მე არა, ყველას. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ამბავი გვქონდა, როცა გავიგეთ, რომ თქვენ მოგვყვებოდით პრაქტიკებზე! ნახევარზე მეტმა თქვენს გამო გადაწყვიტა წამოსვლა! გაკოცებთ, რა, მაია მასწ?! (სოფო წამოხტება და მაიას კოცნის ლოყაზე.)
მაია: არ გადამრიოთ, ცალ-ცალკე არ დამიწყოთ დღეგრძელობა, ერთად თქვით ყველამ...
ბესო: სიამოვნებით... მაია მასწავლებელს გაუმარ...
ყველა: (ხმამაღლა ყვირიან) ...ჯოს!
ბესო: არ ვარგა!... გაუმარ...
ყველა: (უფრო ხმამაღლა ყვირიან) ...ჯოს!
ბესო: არ ვარგა!... გაუმარ...
ყველა: (კიდევ უფრო ხმამაღლა ყვირიან) ...ჯოოოოოს!
ბესო: კარგიააა!
მაია: აბა, ახლა კი ჩართეთ მუსიკა... ჩემი სადღეგრძელო – მხოლოდ ცეკვის თანხლებით!

ირთვება მუსიკა. სუფრიდან გამოხტება ლევანი და ჩამოუვლის...
რაღაც უცნაურ ილეთებს აკეთებს.

მაია: (თან ტაშს აყოლებს მუსიკას) ლევან, ეს რა ცეკვაა?
ლევანი: მე რა ვიცი, მაია მასწ? ახლა ვიგონებ, გზადაგზა...
ბესო: ჰოოოდა, დავარქვათ...
ნიკა: (ამოიყვირა)  “ლევანური”!... ცეკვა “ლევანური”!
ბესო: მასე იყოს, ნიკუშ! ცეკვა “ლევანურიიიიიი”! გახურდა მუსიკააა!
სოფო: მეც ვიცეკვებ "ლევანურად"... აბა, ტაშიიიიი....

მუსიკის ხმაზე დიდხანს ცეკვავენ ლევანი და სოფო. მათ სხვებიც უერთდებიან და ყველა ერთად ცეკვავს.

ნიკა: (დედას მიუბრუნდა)  დე, ხომ კარგი სახელი დავარქვი? “ლევანური”...
მაია: (სიყვარულით უყურებს ხან შვილს, ხან მოცეკვავეებს და უხმოდ უქნევს თავს.)


( I მოქმედების დასასრული )





II მოქმედება


სურათი I

მაია: (თვალდახუჭული ზის კაკლის ძირას და ფიქრობს): ხვალ პრაქტიკები მთავრდება და თბილისში ვბრუნდებით. ხომ ისედაც მიყვარდა ეს ჯგუფი? ახლა უფრო მეტად მიყვარს, - ძალიან “ჩემები” გახდნენ ყველანი... ძალიან კარგები არიან, ძალიან... განსაკუთრებით ლევანი და სოფო... სხვებიც, მაგრამ...
ლევანი: (ისე შემოვიდა, მაიას არაფერი გაუგია. გვერდით რომ დაუჯდა, მაიამ მაშინ გაახილა თვალი)  მაია მასწ, მდინარესთან ჩავალთ, რა?
მაია: ჩადით, მაგრამ არაგვთან ახლოს არ მიხვიდეთ...
ლევანი: არაგვს რა უნდა უწერაში, მაია მასწ?
მაია: არც რიონთან მიხვიდეთ... არაგვი რა შუაში იყო?! ლევან, შენი მობილური დატოვე სახლში...
ლევანი: რატო?
მაია: უეცრად ხილვასავით დავინახე, შენი ტელეფონი წყალში ეგდო... და შენი სახეც წყლიდან მიყურებდა! გთხოვ, წყალს არ გაეკარო... არაგვი ვერაგი მდინარეა, ლევან!
სოფო: (ახალი მოსულია მათთან ახლოს) ისევ არაგვი? არც არაგვთან მივალთ და რიონსაც ახლოს არ გავეკარებით, მაია მასწ...
ლევანი: ფრთხილად ვიქნებით, მაია...
მაია: ჰმ... როდის იყო, “მაიათი” მომმართავდი, ლევან?
ლევანი: დღეიდან, და ამას იქით... ამ “ანტენობამ” ძალიან ახლობელი გაგხადა-თ, მაია... და საერთოდ, ძალიან შე... (სიტყვა შუაზე გაწყვიტა)
მაია: კაი, ბატონო... ვიქნები მაია! (იცინის)
სოფო: ჩვენთვისაც, ხო, მაიკო? მაინც ასე გეძახით ყველანი და... არ მოგბეზრდათ ამ “მასწ”-ის მოსმენა? (ესეც იცინის და  ყვირის) ბავშვებოოოო, მაიკომ თქვა, "მომბეზრდა “მასწ”-ს რომ მეძახითოოო და მაიკო დამიძახეთოოო"...
მაია: სოფო, მე გითხარი თუ თავად შემომთავაზე? (გულიანად იცინის)
ლევანი: მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მაიკო? უარიი ხომ არ გითქვამს?! (სიცილით გადიან ეზოდან)
მაია: (ეზოდან გასულებს ხმა დაადევნა) ორ საათში რომ სახლში იყოთ, არ მანერვიულოთ, თორემ ვერ გიშველით “მაიკოობა”!

მაია კაკლის ძირას ზის და სახეზე ეტყობა, რომ დაძაბულია. წამდაუწუმ საათს დასცქერის. ჯერ ერთი საათია გასული მხოლოდ. უცებ ეზოში ერთიანად გაწუწული ლევანი შემოდის.

ლევანი: აგიცხადდა ნანახი, მაიკო... აი, შეხედე? (ხელში უჭირავს სველი მობილური)... მდინარეში ჩამივარდა.
მაია: (შეშფოთებული სახით) ლევან... შენ რატომ ხარ ასე სველი? (იქვე თოკზე გადაფენილი პირსახოცი ჩამოხსნა და მიაწოდა) შენც არაგვში ჩავარდი?
ლევანი: არა... რიონში... (სიცილი აუტყდა) რას გადაეკიდე ამ არაგვს?
მაია: ჯანდაბა... რა ვიცი, აბა? რამდენიც “რიონის” თქმა დავაპირე, ენამ თავისით თქვა “არაგვი”! წადი, ტანზე გამოიცვალე, სულ სველი ხარ... ლევან, ნიკა ვისთან დატოვე?
ლევანი: ნუ გეშინია... სოფოს გადავაბარე ხელიდან ხელში... 

ეზოში აქოშინებული ნიკა შემორბის. პირდაპირ ლევანთან მიიჭრა.

ნიკა: გამომეპარე? თუ რატომ მეც არ დამიძახე?
ლევანი:  ნიკა, უკან გამომეკიდე, ბავშვო? (გაეცინა) ნეტა ის დამდევდეს ასე, ვინც მე მინდა... იყავი აქ, გამოვიცვლი და მოვალ (გადის).
მაია: დედიკო, მარტო წამოხვედი? არ შეგეშინდა?
ნიკა: (სიცილი აუტყდა) 30 ნაბიჯში მოვდევდი ლევანს და რატომ შემეშინდებოდა? წავალ, წიგნს წავიკითხავ.
მაია: დაამთავრე “ტომ სოიერი”?
ნიკა: არა, ცოტა დამრჩა... დე, იცი, ასე მგონია, კი არ ვკითხულობ, მეც ტომთან და ჰეკთან ერთად დავძვრები ყველგან... რატო, დეე?
მაია: იმიტომ, რომ გულიანად კითხულობ, დედიკო... ჩემი ჭკვიანი შვილი... წადი, დედი, წადი... ჭამამდე – წაიკითხე.

ლევანი: (მალევე შემოდის სხვა ტანსაცმლით. ხელში დაშლილი მობილური უჭირავს) აქ ხომ ვერ გაიგებ, როდის ცივა და როდის ცხელა? ამაკანკალა... დასალევი მაინც მქონდეს რამე? (მარცხენა ხელით მარჯვენა ხელისგულს აწვალებს...)
მაია: დასალევი? (იცინის) როდის იყო დასალევს ეძებდი? ხელზე რა მოგივიდა?
ლევანი: ხიწვი შემერჭო და ვერ ვიღებ....  ხომ შეიძლება ერთხელ მეც მომინდეს დალევა? შენთან ერთად მინდა დალევა, მხოლოდ თამადა შენ უნდა იყო...
მაია: მე? (გაოცებული უყურებს. ლევანი ისე უბრალოდ გადავიდა “შენობით” მომართვაზე რომ... მაიამ არაფერი შეიმჩნია და უხმოდ შევიდა ოთახში)
ლევანი: გეწყინა? არ გამიბრაზდე, რა?!
მაია: არა, არ გავბრაზებულვარ. (გამოდის ოთახიდან, ბოთლი გამოაქვს) აჰა, ერთი ბოთლი არაყი მაქვს გადანახული. სხვებს არ დაველოდოთ?
ლევანი: არა... მე და შენ დავლიოთ... ამ ერთხელ... სხვა დროს აღარასოდეს გთხოვ! (თან ხელს უწვდის.)
მაია: კარგი... იყოს ნება შენი... აივანზე თუ ეზოში?
ლევანი: აქ... ან სადაც გინდა...
მაია: (მაგიდაზე დებს არყის ბოთლს, ყველი, პური და ძეხვი გამოაქვს კარადიდან და იმასაც მაგიდაზე აწყობს.) “დღეს სტუმარი ხარ შენ ჩემი”... მობრძანდი, ბატონო... (ჯიბიდან იღებს ძაფზე აცმულ ნემსს და პინცეტს) მაჩვენე ხელი...

მაიამ ლევანის ხელი დაიჭირა და ხიწვი ამოაძრო. მერე ხელისგული გადაუშალა, დახედა და... სწრაფად გაუშვა ხელი. ფერი დაკარგა... ჩქარი ნაბიჯით შევიდა ოთახში.
ნიკამ გაოცებულმა ამოხედა, მაგრამ არაფერი ჰკითხა და ისევ წიგნის კითხვა განაგრძო.
მაიამ ნერვიულად დაიზილა საფეთქლები. თმაში შეიყო ხელები და მაგრად მოიჭირა თავზე.
გარედან ლევანის ხმა მოესმა:
ლევანი: მაიკო, სად წახვედი?!
მაია: (ოთახიდანვე გასძახა) მოვდივარ, ლევან... ახლავე მოვალ! (სარკეში იხედება, საკუთარ გამომეტყველებას ამოწმებს)  ღმერთო, ოღონდ ვერაფერს შემამჩნევდეს!... ოღონდ ვერაფერს შემამჩნევდეს!... (ზევით იხედება, თითქოს ღმერთს ელაპარაკებაო, ჩურჩულით ყვირის) მითხარი, რა ვქნა?! რატომ, ღმერთო, რა-ტოოოომ?! რაღა ლევანი?
ნიკა: რა მოხდა, დედა, რა “ლევანი”? ან რატო კანკალებ?
მაია: არაფერი, ნიკა... არაფერი... წაიკითხე, დედიკო! (სწრაფად გადის და ლევანის გვერდით ჯდება. თან ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს და... ვერ ახერხებს!)
ლევანი: მოხვედი? მოიცა, დავასხამ... (ორ პატარა ჭიქაში ასხამს და ერთს - მაიას აწვდის.) გისმენ, მაიკო...
მაია: შენ გაგიმარჯოს, ლევან! კარგი ბიჭი ხარ... ძალიან კარგი... ძალიან მინდა, რომ ბედნიერი იყო...
ლევანი: ძალიან გინდა? (თავდაღუნული ზის და ჭიქას ატრიალებს ხელში. მერე თვალებში შეხედავს) ეს... მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული...
მაია: აბა ჩემზე? კარგი, რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ ბედნიერი იყო... (ცდილობს, კანკალი შეიჩეროს...)
ლევანი: ვერ შესძლებ ამას... უბრალოდ ვერ შესძლებ... (ისევ დაღუნა თავი) ნეტა... ნეტა, არ წამოვსულიყავი აქ... 
მაია: მოიცა, თბილისში შეყვარებული ხომ არ გაგითხოვდა ამ ორ კვირაში? (ძალით იცინის)  არ ყოფილა შენი ღირსი...
ლევანი: ჰმ... არა, ამ ორ კვირაში არა... უფრო ადრე... ვიდრე გავიცნობდი, მანამ...
მაია: ეუფ... მაშინ ცუდად ყოფილა შენი საქმე... (იცინის) ან პირიქით, ძალიანაც კარგი, რომ ადრე გათხოვილა! მასზე ფიქრი რომ სისულელეა, მიხვდები და სხვას მონახავ... სხვას შეიყვარებ, ლევან... გაგიმარჯოს! ("ზალპით" სვამს  და ცარიელ ჭიქას მაგიდაზე დგამს.)
ლევანი: გმადლობ, მაიკო... (სვამს და ისევ ავსებს ჭიქებს) მოდი, ახლა მე დავლევ ერთ სადრეგრძელოს: ამ ჭიქით შენ გაგიმარჯოს... გიცნობდი და თურმე არ მცნობიხარ. ამ ორმა კვირამ ბევრი რამ დამანახა... ბევრ რამეზე ამიხილა თვალი... შენნაირი ადამიანი არც შემხვედრია... მე... (თავი დაღუნა) არ გამიბრაზდები, რაღაც რომ გითხრა?
მაია: (გაოცებული და დაბნეული უყურებს) ლევან... აღარაფერი თქვა...

ეზოში სტუდენტები შემოცვივდნენ.

ლევანი: დაბრუნდით?...
სოფო: დავბრუნდით... რა ქენი, გააშრე მობილური? მაიკო, იცი, სად ჩავარდა? (იცინის) რიონში კი არა, აქეთ, განშტოება რომ გუბდება, იქ... კაცურად, მდინარეში მაინც ჩავარდნილიყო?!
ლევანი: გოგო, რიონში რომ ჩავვარდნილიყავი, აქ ვიჯდებოდი ახლა?...
მაია: კაი ენის იყავი, სოფო... ხვალამდე მოითმინეთ, უვნებლად ჩაგიყვანთ სახლებში და... მერე რაც გინდა, ქენით!...
ლევანი: დალევ?... მაიკოს ჰქონია ეს ბოთლი შენახული.
სოფო: მე არ მინდა. დათო და ბესო ნატრობდნენ,  “თითო ჭიქა მოგვცაო”...
ლევანი: გავატანო, მაიკო? (ლევანი აშკარად აღარ იყო დალევის ხასიათზე.)
მაია: გაატანე... მე მალე მოვალ... სოფო, ნიკა არ გამომეკიდოს, რა? (ეზოდან გავიდა და მდინარისკენ დაეშვა.)
სოფო: სად წავიდა? მდინარეზე თუ უნდოდა წამოსვლა, ვერ წამოვიდა ჩვენთან ერთად?
ლევანი: გავყვები... მარტოს ხომ არ გავუშვებ? არავინ შეაშინოს იქ.
მაია: (სწრაფი ნაბიჯებით მიდის). გავგიჟდები!...
ლევანი: (ეძახის) მაიკო, დამიცადე...
მაია: (ჩერდება და მკვეთრად ბრუნდება) ახლავე დაბრუნდი უკან... 
ლევანი: მარტოს...
მაია: არ გამაბრაზო, ლევან, დაბრუნდი-მეთქი... (ლამის ტირის)
ლევანი: კარგი, ნუ მიბრაზდები...  აქ ვიქნები... (გზის პირას მორზე დაჯდა.) 
მაია: (ადგილს მოსწყდა და სირბილით წავიდა).



სურათი II

მაიკო ქვაზე იჯდა და წყალს ჩაჰყურებდა. ფიქრებში წასულს, ლევანი არც დაუნახავს. კარგა ხანს იდგა ლევანი ხის ჩრდილს ამოფარებული. მერე გამოვიდა და ახლოს მივიდა წყალთან. იქ ჩაიცუცქა.

ლევანი: მაიკო...
მაია: (შეხედავს. ტუჩები უკანკალებს) რატომ გამომყევი?...
ლევანი: მარტოს ვერ გამოგიშვებდი... მე... ჩემი ბრალი არ არის, თუ შემიყ...
მაია: (ყვირის) ლევან... გაჩუმდი, არაფერი მითხრა... და კიდევ უკეთესი იქნება, თუ სახლში დაბრუნდები.... (ცრემლები წამოუვიდა)
ლევანი: გეფიცები, ჩუმად ვიჯდები, ხმას არ ამოვიღებ... ნუ ტირი, რა?!.. მარტოს არ დაგტოვებ აქ...
მაია: მაშინ ორივე დავბრუნდეთ (წამოდგება და წასვლას დააპირებს).
ლევანი: (წინ გადაუდგება) მაიკო... ორი სიტყვა მათქმევინე მხოლოდ...
მაია: (თვალებში შეხედავს.) რომელი ორი სიტყვა, ლევან? უაზრო და არაფრისმომტანი ორი სიტყვა?
ლევანი: თუნდაც არაფრისმომტანი... მიყვარხარ...
მაია: (ყურებზე იფარებს ხელებს) გაჩუმდი, ლევან...
ლევანი: ვერ გავჩუმდები, ვიდრე არ ამოვთქვამ. მიყვარხარ და ეს ჩემი ბრალი არ არის... რატომ ხარ ასეთი?
მაია: (ღაპაღუპით მოსდის ცრემლები) “ასეთი” როგორი? სულელი ვარ! ეს როგორ დავუშვი?
ლევანი: არა, არ ხარ სულელი... შენ ხარ საოცრად კეთილი, მოსიყვარულე, თბილი, ადამიანური და... და ძალიან ლამაზი...
მაია: (შეხედავს) დაამთავრე ჩემი დახასიათება?
ლევანი: მაიკო...
მაია: მორჩა... ორ სიტყვაზე მეტიც თქვი... აღარაფერი მითხრა!

მაიკო  სახლისკენ გაუყვა გზას. ლევანი ჯერ უკან მიჰყვა, მერე დაეწია, უცებ მოეხვია, აკოცა და სწრაფადვე გაუშვა ხელი. მაიკომ ჯერ ხელები აიფარა სახეზე, მერე თავი გააქნია, თითქოს აბეზარი ფიქრები მოიშორაო და სწრაფი ნაბიჯით შეუყვა აღმართს. ლევანი გვერდით გაჰყვა.

მეორე დილას თბილისისკენ გამოემართნენ.


სურათი III

მაია: (ტელეფონით საუბრობს) ქეთი, გამარჯობა... 3 დღეა, რაც ჩამოვედი... კი, რაჭაში... დავიღალე, მაგრამ არც თუ ძალიან... არა, ჭკვიანი ბავშვები იყვნენ. არ მაბრაზებდნენ... რიონის პირას ვიყავით თითქმის... გაცინო, რამდენიც “რიონის” თქმა დავაპირე, იმდენი “არაგვს” ვამბობდი... “არაგვს არ გაეკაროთ-მეთქი”, - შევიკალი ბავშვები ხელში... (იცინის) ბავშვები უკვე იცინოდნენ ჩემს “არაგვზე”... რა ვიცი, გოგო, ამეკვიატა ეს არაგვი და...  მოიცა, ზარია კარზე... დამიცადე...

მაიკო კარს აღებს. სადარბაზოში სოფო დგას.

მაია: (გაოცებული და გახარებულია) სოფო?! როგორ გამახარე! აქეთ იყავი? შემოდი, რას გაჩერდი კარებში?!
სოფო: მაიკო... ლევანი დაიღუპა... (ტირის) არაგვში დაიხრჩო გუშინ...
მაია: მე ხომ ეს ვიცოდიიიიიი.... (იკივლა და გულწასული ჩაიკეცა იატაკზე)

ოთახის კართან გაფითრებული ნიკა დგას და ხან ატირებულ სოფოს უყურებს და ხან გულწასულ დედას. უცებ მთელი ხმით იღრიალებს:

ნიკა: დედააა, შენც არ მომიკვდე, დედააააააააააა!



II მოქმედების დასასრული


(III მოქმედება - იქნება!)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები