ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუცი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 სექტემბერი, 2010


ჯიმა, წერილი შენ.

  დღეები ისე მიდის ,სწორედ ამას შეიძლება დაარქავა უჩვეულოდ სწრაფი და ერთნაირი, თუმცა შიგადაშიგ გამოერევა რაღაც, რაც არაფერი და. . . ამ დროს იმედს გაძლევს. . .მერე ისევ გათენება და შუალედი,როცა არ ეკუთვნი შენ თავს,უბრალოდ საათებს მიყავხარ ვალდებულების მძიმე ჯაჭვთან ერთად საღამომდე და მერე ცოტახნით რჩები დაღლილი გონებით საკუთარ თავთან, თუმცა ცოტახნით.
უცნაურია და ამ ხნის მანძილზე ერთხელ დამესიზმრე. ჩვენ სახლში ვიყავით და ბებიაც იქ იყო.
დედა უცნაურად სევდიანია.თითქოს უფრო დაიღალა .შინაგანად იცის სად ხარ და კიდევ ისიც იცის რაც მას ჭირდება.ბავშვები ჩუმად არიან. . .ყველანი ვიტყუებით უბოროტოდ. . დედამ ლოცვა ისწავლა უფრო სულიანად ჩუმად და თვალები არ უშრება,უბრალოდ იმედიანად უდგება ბრჭყვიალა ცრემლები ისე როგორც მაშინ,ჩვენს ბავშვობაში,როცა მომავლად ვეიმედებოდით.
ფერისცვალების მერე,დილაობით სუსხი ეპარება ჰაერს.დასავლეთისაკენ ალბათ კანონზომიერად შეერია სიმწვანეს ყვითელი-წითელი ფერები და ეს ფერთა პალიტრა საოცრებაა იხილო რიკოთზე.მე კი აღმოსავლეთს გამოვეკარი უხეიროდ დაწებებული ფრანივით და სრულ უმოძრაობაში ვკიდივარ ჰაერში.შიგადაშიგ უფრო მიმძაფრდება სურვილი იმის,მქონდეს ის,რაც სრულყოფილად თითქმის არ მქონია და ეს ჩემი ოთხი ჩარჩო იყოს ბუხართან ერთად,რომელიც ენთებოდა სითბოდ და იმედად მათთვის, ვისაც დასჭირდებოდა. ციდან სხვა გაშეშებულ  ფრანებს ჩამოვხსნიდი. ბუხრის წინ პატარა ტაბლასთან მოვიწვევდი. დავლევდით თიხის ფიალებით სიცოცხლის დაბადებიდან გარდაცვალებამდე შინაარს ნაწილ-ნაწილ და ისევ დაბადებას დავლოცავდით აკვანს დანათებულ ალიონის სხივებთან ერთად. ჩვენს წმინდა სალოცავებამდე ააღწევდა ამ სუფრიდან წამოსული მრავალჟამიერი და დილის ცისკრის ლოცვას შეუერთდებოდა პირველ გალობად.
ადრე, ცხოვრებამ გამართულა,ახლა ვდილობ სიმარტივეს შევეჩვიო.თავდახრილიც უფრო ხშირად დავდივარ.სიტყვები შრება,არა იმიტომ რომ გონებაში ვერ ვალაგებ სათქმელს,უბრალოდ თქმას აღარ აქვს აზრი. თანდათან ვხვდები იმას,რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე ისაა დააგროვო იმის უნარი როგორ მოითმინო და თან ძიება არ შეწყვიტო.ითხოვე და მოგეცემაო. . . ჰოდა ვითხოვოთ, თუმცა ის,რაც მართლა გვჭირდება.
  პირველად მეჩქარება გავიდეს შემოდგომა და მერე ზამთრამდე რამოდენიმე ისეთივე უშინაარსო დღე,როგორიც ახლა,რომ დაბრუნდე.
  იცი, ვფიქრობ ზოგადად ვაჟკაცობის ფენომენზე და ერთს მივხვდი, გმირობა ორ ეგზემპლარად იქმნება თავიდანვე.თქვენი ორი თეთრი ფურცლის  ,,კალკა“ კი აქ ვინც დარჩა თქვენები, ისაა. დედები თქვენს გმირობას რომ სულს უბერავენ.შეყვარებულები ან მეუღლეები_ფრთებს რომ გიშლიან.თქვენები, ან უბრალოდ სხვისი შვილები,პატარა  ქართევლები_ვინც ამის უნარს გაძლევენ,დები ან ძმები_თქვენი თავდაჭერის ძლიერი მკლავები და ბოლოს ფესვები,იმიტომ რომ თქვენი სიცოცხლის არტერია აქ არის საქართველოში და ის დედა ღვთისმშობელს უკავია სათნოებითა და დიდი რუდუნებით იქამდე, სანამ ქართულ მიწას დაადგავთ ფეხს, მერე კი თქვენვე მოგაბარებთ.
  ცხოვრება ყველგან მიწიერი ჯოჯოხეთია, სადაც სული გიცარიელდება და გტკივა.
  ადამიანი რომ ხარ,ამიტომ არ უნდა შეეჩვიო ყველაფერს,თორემ მზე ყოველთვის და ყველგან აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთში ცადის.
  ჩვენი სულები ჩვენი აღმოსავლეთია,გონება დასავლეთი.
  მოდელი იმისა თუ როგორ შეიძლება იცხოვრო ვერავინ შექმნა, მიუხედავად იმისა რომ ადამინი  ტექნოლოგიური მიღწევების უდიდეს კასკადს აგებს. ერთადერთი რასაც ვერ იგონებს, რის დუბლიკატსაც ვერ ქმნის,გრძნობების უხილავი ენერგიაა, სიყვარულის მუხტს ვერ ერევა გონი,ძალას რომლითაც დედამიწა ისევ ტრიალებს.
  იცი, ყველამ რომ სანთელივით, თავისი წილი სითბოსა და სინათლის გასაცემად იცხოვროს, აღარ იარსებებდა ტკივილი, თუმცა ეს ალბათ ფუჭი ილუზიაა. . .
  მენატრები!
  (მე მხოლოდ მაშინ გწერ როცა შორს ხარ და მენატრები.პირველად მაშინ, ბავშვობაში,როცა გაზაფხულის მოსვლას ველოდებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მოხვიდოდი და დიდობაში, როცა უბრალოდ ვერ ვახერხებ გელაპარაკო.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები