ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: დრამატურგია
18 სექტემბერი, 2010


არაგვი - ვერაგი მდინარე

პიესა სამ მოქმედებად


მოქმედი პირნი:

მაია – ახალგაზრდა ლექტორი, 30 წლის;
გიორგი – მისი მეუღლე, 32 წლის;
ნიკა – მათი შვილი – 8 წლის;
სტუდენტები:
ლევანი - 24 წლის,
სოფო – 21 წლის,
ბესო – 22 წლის,
ელისო – 21 წლის,
ლექსო, -- 22 წლის.
მშობლები:
ელისოს დედა;
ლევანის დედა;
მანანა – რაჭაში სახლის პატრონი;
მძღოლი.


I  მ ო ქ მ ე დ ე ბ ა

სურათი 1

გიორგი ქუჩაში მიდის. უეცრად ფეხს წამოკრავს რაღაც საგანს, რომელიც მომენტალურად გაანათებს.

გიორგი: უი, მობილური... ნეტა ვის ამოუვარდა ჯიბიდან? (ღილაკს აწვება... მობილურში არანაირი ჩანაწერი არ არის.) ვაახ, როგორ გავიგო, ვისია? მოიცა, ჩემს ნომერზე დავრეკავ, ხომ დაიწერება? (ცდილობს, ნომერი აკრიფოს. სიმ-ბარათი ჩადეო, - ინთება წარწერა ეკრანზე)... ეეე, არავისი არ არის? თანაც “ნოკია”... ესე იგი, ჩემია, ან მაიკოს ვაჩუქებ... მაინც უნდა მეყიდა მისთვის.

გახარებული შედის სახლში და კარიდანვე ყვირის:

გიორგი: მაიკოოო... ნახე, რა მოგიტანე? მობილური, “ნოკიას” ფირმის, შენ რომ გინდოდა, ისეთი...
მაია: მატყუებ? (მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი) 500 ლარი ღირს...
გიორგი: არ გატყუებ, შენს თავს გეფიცები....

მეუღლის გაბრწყინებული თვალების დანახვაზე მიხვდა მაია, რომ არ ატყუებდა.
ხელი გაუწოდა და მობილური ტელეფონი ჩამოართვა. დახედა, ჩართვა დააპირა, -  არაფერი აჩვენა ეკრანმა...

გიორგი: სულ ახალია, ნომერიც კი არ აქვს... ვიპოვე, მაი... ქუჩაში ვიპოვე!
მაია: მატყუებ?...
გიორგი: როდის მომიტყუებიხარ?! ხომ გინდოდა მობილური? ჰოდა, ღმერთმა გამოგიგზავნა!
მაია: მოხმარებაც კი არ ვიცი მისი...
გიორგი: ისწავლი... შენ ადვილად ისწავლი...
მაია: ზეგ დილას რაჭაში მივდივარ. თან წავიღებ. იქიდან დაგირეკავ-ხოლმე...  ხვალვე ავიღებ ნომერს...



სურათი 2

მაიას 15 სტუდენტი მიჰყავს რაჭაში პრაქტიკებზე. რამდენიმე სტუდენტს მშობლებიც მოჰყვნენ გასაცილებლად. სულისთქმასავით აბარებენ შვილებს ამ ახალგაზრდა ქალს.

პირველი მშობელი: მე ელისოს დედა ვარ. სპეციალურად მოვედი თქვენს სანახავად... ბავშვები ბურთივით ხტოდნენ სიხარულით, რომ გაიგეს “მაია მასწავლებელს მივყავართო”... ასე როგორ შეაყვარეთ თავი?
მაია: (ღიმილით) არ ვიცი... ალბათ იმით, რომ მე თავად მიყვარს ეს ბავშვები...
ლევანი:  (მიუბრუნდა ახალგაზრდა ქალს) დედა, წადი ახლა... სირცხვილია...
მეორე მშობელი: (აშკარად ნერვიულობს) რა წამიყვანს? მასწავლებელი არ უნდა მოვიდეს? სად დაგხვდებათ ეს ქალი?
მაია: ვინ ქალს ეძებთ ქალბატონო?
მეორე მშობელი: მასწავლებელს... ასე როგორ შეიძლება, არ უნდა მოსულიყო აქ?
ლევანი:  (მუდარით) დედა, რას ამბობ... გაჩუმდი...
მაია: მე რამდენი ხანია, მოვედი, ქალბატონო... სხვა არავინაა მოსასვლელი.
მეორე მშობელი: (უკვირს) თქვენ ხართ მაია?
მაია: კი, მე ვარ...
მეორე მშობელი: და თქვენ მიგყავთ ეს თხუთმეტი გიჟი?
მაია: არ არიან გიჟები... კარგი ბავშვები არიან... მაპატიეთ, თქვენი სახელი?
მეორე მშობელი: ლალი მქვია... დედა, რაღა ვქნა... არ დაუჯერებენ ამ გოგოს და... 
მაია: დამიჯერებენ, ქალბატონო ლალი...
მეორე მშობელი: თქვენ შემოგევლეთ, თვალი არ მოაშოროთ ლევანს...
მაია: არავის მოვაშორებ თვალს... ნუ ნერვიულობთ. მენდეთ, ბავშვები ყველაფერს მიჯერებენ-ხოლმე...
მეორე მშობელი: უუფ, რა ვიცი... არ აპირებდა წამოსვლას, თბილისში უნდოდა პრაქტიკების გავლა... ამ ხუთი დღის წინ გაიგო, “მაია მასწავლებელს მივყავართო” და... გაიგიჟა თავი, მეც უნდა წავიდეო...
მაია: ხო, სულ ბოლო მომენტში მითხრა თანხმობა ლევანმა. ის კი არა, ნეტა ის დანარჩენი შვიდიც ჩემთან ერთად წამოსულიყო... უფრო მშვიდად ვიქნებოდი... აქ, რა ვიცი, როგორ გაივლიან პრაქტიკებს?!...
მეორე მშობელი: გამაგიჟებთ... მე ჯერ ამ თხუმეტზე ვნერვიულობ, ამათ რა მიხედავს-მეთქი და... თქვენ კიდევ შვიდი ბავშვის წაყვანა გინდოდათ? (შიში და გაოცება ერთად აისახა ლალის თვალებში).
მაია: მე ჩემი შვილიც კი მიმყავს... იმას ველოდები ახლა და გავდივართ.
მეორე მშობელი: ბავშვი რამხელაა? იმედია, “კალიასკით” არ იქნება...
მაია: არა, 8 წლისაა, დამშვიდდით (გადაიკისკისა)... აი, მოვიდნენ კიდეც. ბებიასთან იყო და გუშინ ტიროდა, მეც წამიყვანეო, ჰოდა მიმყავს...
ნიკა: დეე, მოვედი! (ფეხებზე შემოეხვია დედას).
მაია: მოხვედი, სიხარულო? (მაიკო ბავშვს მოეფერა შემდეგ კი სტუდენტებს მიუბრუნდა)  ბავშვებო, ავედით მანქანაში....
ლევანი:  მაია მასწ, ჩემთან დავსვამ თქვენს შვილს... (მიუბრუნდა ნიკას) გამარჯობა, ძმაკაც, რა გქვია?
ნიკა: ნიკა...
ლევანი:  მე ლევანი ვარ... წამო, ჩემთან დაჯექი... (ნიკა მანქანაში აუშვა და თავადაც ავიდა).
მაია: ქალბატონო ლალი, ნურაფერზე ინერვიულებთ... ყველაფერი კარგად იქნება, (მიუბრუნდა მაია ლალის, მერე ყველა მშობელს დაემშვიდობა და თავადაც მანქანაში ავიდა).




სურათი 3

რაჭა. მაია დიდი კაკლის ძირას, ხის გრძელ სკამზე ზის და მობილურს აწვალებს. თან ნიკუშას გახედავს-ხოლმე, რომელიც სტუდენტი ვაჟების გვერდით ზის ეზოს მრგვალ მაგიდასთან და თვალმოუცილებლად უყურებს დომინოს თამაშს. ლევანიც უსაქმოდ ზის, - არ უყვარს დომინოს თამაში.

მაია: რა ტყუილად გამიხარდა... არ იჭერს აქ... ორი დღეა ჩამოვედით და სახლში ვერ დავრეკე. ალბათ როგორ ნერვიულობს გიორგი. ლევანს აქვს ამის მსგავსი მობილური. მოხმარება მაინც მასწავლოს... ლევან!...
ლევანი: გისმენთ, მაია მასწ...
მაია: ერთნაირი მობილურები გვქონია და... იქნებ მისი მოხმარება მასწავლო?
ლევანი: სიამოვნებით. (ხელიდან ართმევს მობილურს და გვერდით უჯდება) აი, ამ ღილაკით შედიხართ მენიუში... უი, მაია მასწ... თქვენი მობილური იჭერს...
მაია: არ არსებობს... ამ წუთას არ იჭერდა. მთელი დღეა ადგილს ვეძებ, სადაც დაიჭერს და... ვერ ვიპოვე...
ლევანი: აი, შეხედეთ, ხუთივე ხაზით იჭერს!
მაია: რაღაც მოხდა.... კარგია, სახლში დავრეკავ.
ლევანი: კარგით, მე მერე მოვალ (ლევანი დგება და გვერდზე გადის. მიღება მომენტალურად იკარგება).
მაია: ლევან, დაკარგა მიღება... დაბრუნდი.
ლევანი: (უახლოვდება და გვერდით უჯდება. ანტენის მიმღები ხუთივე ხაზით შეივსო) აქვს მიღება, მაია მასწ...
მაია: ლევან ანტენის ფუნქციას ასრულებ, მგონი! აბა მე გავალ... (შორდება კაკლის ხეს. მიღება იკარგება).
ლევანი: საოცარია! მიღება დაიკარგა. მასწ, როცა ერთად ვდგავართ, მაშინ აქვს მიღება. ასეთი არაფერი გამიგია! (იცინის) ნახეთ, ჩემსასაც აქვს მიღება!
მაია: სხვა რა გზაა?! იჯექი აქ, ჩემო ანტენა, და სახლში დავრეკავ.... (რეკავს) გიორგი, გამარჯობა!... კარგად ვართ, კარგად!... არაფერი გვიჭირს. ამინდებიც კარგია... არა, რისი ბანაობა?! რიონი ისეთი ადიდებული მოდის, ნეტა ხიდს არ წაიღებდეს... წვიმები აქ არ ყოფილა, მაგრამ... რა ვიცი, ალბათ მთაში დადნა თოვლი... (ნიკუშა მიუახლოვდა და ერთი სული აქვს, მობილური გამოართვას ხელიდან) მოდი, ნიკასაც ელაპარაკე... 
ნიკა: გამარჯობა, მამა... კი, ყველაფერს ვუჯერებ-ხოლმე... კი მყავს მეგობარი, ლევანი ჰქვია... არა სხვებიც, მაგრამ... ლევანი ძმაკაცია... არა, დედა არ მიშვებს ბანაობას... დედამ რომ გამიშვას კიდეც, ლევანი არ მაძლევს ბანაობის უფლებას.... არა, სულ არ მიშვებს ახლოს წყალთან...  ნახვამდის, მამა! (მაიას აწვდის მობილურს და თავად მაგიდასთან ბრუნდება.)
მაია: ნეტა სხვების მობილურები თუ დაიჭერენ ასე? ბავშვებო, მოიტანეთ, აბა, თქვენი მობილურები? (ამოწმებენ და ყველა სტუდენტის მობილური მაშინ იჭერს, როცა მაია და ლევანი ერთად დგანან და ამ ორიდან ერთ-ერთს უჭირავს ეს მობილური.)

ისმის სტუდენტთა შეძახილები:

ელისო: მხოლოდ ლევანის ან მაიკოს ხელში აქვს მიღება...
ბესო: საოცარია, ესენი, რა ანტენები არიან?
ელისო: (იცინის) ხო, ბესო, მობილური ამათ უნდა ეჭიროთ და ჩვენ ყური უნდა მივადოთ მხოლოდ...
სოფო: ვაახ, შეყვარებულს უთქვენოდ ვერ უნდა დავურეკო?
მაია: ასე გამოდის... (იცინის) მე და ლევანმა ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, არა, ლევან?



სურათი 4

გავიდა კიდევ ორი დღე. მთელი დღე პრაქტიკებზე არიან სტუდენტები, ადრიან დილას გასულები საღამოს გვიან ბრუნდებიან სახლში.
ეზოში დილიდანვე სტუდენტთა ფუსფუსია, პირს იბანენ, ემზადებიან... ნიკაც მათთან ერთად ემზადება წასასვლელად.

მაია: დილა მშვიდობისა, მანანა.
მანანა: მშვიდობა მოგცეს, მაიკო... დღესაც ასე უთენია მიგყავს ეს ბოვშები?
მაია: კი, დღესაც... ისე ვერ მოვასწრებთ.
მანანა: რას აკეთებთ ისე? მთელი დღე სახლში არ ხართ, მოხვალთ და... ბოვშები მთელი საღამო რაჭის რუკას ჩაჰკირკიტებენ... სულ იმას მეკითხებიან, აქიდან იქამდე რამდენი კილომეტრი იქნებაო... მეგონა ერთი სოფელი აინტერესებდათ და “ვისთან მიდიხართ სტუმრად-მეთქი” - ვკითხე... დაიხოცნენ სიცილით...
მაია: ახალ ტურისტულ მარშრუტებს ადგენენ, მანანა. მაგრამ სხვა რომ გაუშვა ამ მარშრუტით, ჯერ შენ თავად უნდა იცნობდე გზას. ასე არ არის?
მანანა: ვაახ, ამდენი შეუძლიათ, განა? ტურბაზაში და სანატორიუმში რაღას აკეთებთ? იქაც ბილიკები ხომ არაა გასაყვანი?
მაია: (იცინის) ბილიკები კი არ გაგვყავს, მარშრუტებს ვადგენთ...
მანანა: სულ ერთი არაა?
მაია: არა, არ არის ერთი... ტურბაზაში და სანატორიუმში სტუდენტები მონაცემებს აგროვებენ, საღამოობით კი – ამ მონაცემებს ამუშავებენ... მათი პრაქტიკებიც ესაა.
მანანა: კაი, ბატონო... გაწყობილია მაგიდა. ამ ბიჭუკელას რაღას დაატარებ აღმა-დაღმა? დატოვე ჩემთან... გგონია არ მოვუვლი? უვნებელს ჩაგაბარებ-ხოლმე...
მაია: დიდი მადლობა, მანანა... არ დარჩება სახლში. ჯერ უჩემოდ არ დარჩება და, მერე, შეხედე? ლევანის კუდია... ხელს არ უშვებს არსად. (იცინის) შენ რომ არ გვყავდე, რა გვეშველებოდა? ვინ იყო ამდენი საუზმე-სადილ-ვახშმის მკეთებელი? 
მანანა: ღმერთმა შეგარგოთ. კარგები ხართ ყველანი. აბა წარმატებული დღე გქონოდეთ! (გადის)
მაია: ლევაან...
ლევანი: გისმენთ, დარეკვა გინდათ? მოვდივარ, მაია მასწ!



სურათი 5

საღამოა. სტუდენტები პრაქტიკიდან ბრუნდებიან. სახლამდე გზის შუაწელზე დიდი მაგიდა და სკამები დგას, რომლებიც პირდაპირ რიონს გადაჰყურებს. პრაქტიკის ობიექტიდან სახლამდე სამ კილომეტრზე მეტია. ამ გზას ფეხით გადიან ყოველდღე და ყოველთვის ამ ადგილას ისვენებენ-ხოლმე. განსაკუთრებით უკან დაბრუნება უჭირთ მთელი დღის მუშაობით დაღლილებს, მიუხედავად იმისა, რომ სახლისკენ გზა თავდაღმართს წარმოადგენს.
ახლაც ფეხს აუჩქარეს დასასვენებელი ადგილის დანახვაზე.
სასიამოვნო საღამო იყო და სიამოვნებით დარჩებოდა მაიკო კიდევ რამდენიმე წუთით, მაგრამ ბიჭებმა წინადადება წამოაყენეს, სახლში დროზე წავიდეთ, დღეს ლექსოს დაბადების დღეა და აღვნიშნოთო.

მაია: (გაოცებულმა) ლექსო, შენი დაბადების დღეა? ცოტა ადრე რატომ არაფერი თქვი? ადრე წამოვიდოდით უფრო...
ლექსო: (იცინის) რა მნიშვნელობა ჰქონდა? მანანა დეიდას ვუთხარით და “გემრიელ საჭმელებს დაგახვედრებთ, ასე თუაო”... და მთელი ღამე ჩვენი არ არის? ხვალაც კვირაა... ვისვენებთ!
მაია: (შეწუხდა) საჩუქარს მაინც გაგიკეთებდი წინასწარ... 
ლექსო: (იცინის) საჩუქარი არ არის, თქვენ რომ წამოხვედით ჩვენთან ერთად? ამაზე მეტი რა უნდა მენატრა? და კიდევ ერთი თხოვნა მექნება, - თქვენ იყავით, რა, სუფრის თამადა?!
მაია: (გაეღიმა, ლექსო გადაკოცნა) საჩუქარს მაინც მოვიფიქრებ რამეს და... (ყურში ეუბნება) თამადად კი, ლევანი დააყენე... ასე აჯობებს!
სოფო: მაია მასწ, თქვენ თუ დაიღალეთ, დაისვენეთ და... ჩვენ ცოტა სწრაფად წავალთ, მანანა დეიდას მივეხმარებით.
ლევანი: სოფო, მე დავრჩები... მაია მასწავლებელთან ერთად წამოვალ... გვიანია უკვე... ცოტა ნელა ვივლით.

სტუდენტები გაიქცნენ, მაიკომ კი დარჩენა აღარ ისურვა და ნელა გაუყვა გზას.

მაია: (ნიკას ხელი გაუწოდა) მოდი, დედიკო, ჩემთან... დაიღალა ლევანი, სულ მასზე ხარ მიწებებული...
ნიკა: (გაოცებულმა) ლევან, დაიღალე? ხელში ხომ არ მიყვან? არ დაიღალე, ხო?
ლევანი: (გაეღიმა, ნიკას თმა აუწეწა) არა, ნიკუშ, რა დამღლიდა, აბა? თუ გინდა აგიყვან კიდეც... შენ თუ დაიღალე...
ნიკა: არა, არ დავიღალე... ისე, ხელი მომკიდე და ცოტა აქეთ გამოიწიე, რა? ნახე, როგორ ღრიალებს რიონი?
ლევანი:  (ღიმილით) ჰაა, ხომ არ შეგეშინდა, ძმაკაც? არ შეგეშინდეს, მე აქ ვარ, შენთან!
მაია: (ნიკას და ლევანს შეხედა და გაეცინა) იცი, როგორ მინდა, ნიკა რომ შენნაირი ბიჭი გაიზარდოს? ან რა მოხდებოდა, მისი უფროსი ძმა რომ იყო? ნუ, მე ცოტა უფროსი უნდა ვიყო მაშინ, მაგრამ... თქვენი ძმობის ხათრით, ამაზეც თანახმა ვიქნებოდი.
ნიკა: მეც მინდა ლევანისნაირი ძმა...
ლევანი:  (ღიმილით) ძმები არ ვართ, ნიკუშ? თუმცა, არა... ძმები არა... ძმაკაცობა მირჩევნია! ხომ ვართ ძმაკაცები?
ნიკა: (უხმოდ უქნევს თავს თანხმობის ნიშნად).



სურათი 6

კაკლის ქვეშ გრძელი სუფრაა გაშლილი. ყველანი გარს შემოსხდომიან. მანანაც იქაა.
თამადა – ლევანია. სუფრის თავში ზის. გვერდს ნიკა უმშვენებს. სუფრის მეორე თავში – ლექსო ზის. მაიკო და მანანა გვერდიგვერდ სხედან, ლევანთან იქვე, გვერდით.

ლევანი: პირველად ღვთის სადიდებელი ვთქვათ: ღმერთს დიდება და ჩვენ – მშვიდობა! ჩვენი შემწე და მფარველი ყოფილიყოს...
ისმის შეძახილები:
- ამინ!...
- გაიხარე!... 
- ღმერთს დიდება და ჩვენ – მშვიდობა!
ყველანი სვამენ.
ლევანი: მანანა დეიდა, რამე განსხვავებული ჭიქა გექნებათ, რა?
მანანა: ახლავე, ლევან, მაგრამ... თავიდანვე განსხვავებულებით იწყებ, ბოშო?
ლევანი: არა. მხოლოდ ორ სადრეგრძელოს დავლევ განსხვავებულით...

მანანამ თითქმის იმავე ზომის, მხოლოდ სხვა ფორმის ორი ჭიქა შემოიტანა და ლევანს გაუწოდა. ლევანმა სასმისები შეავსო და ერთი მაიას მიაწოდა.

ლევანი: ალავერდს თქვენთან ვარ, მაია მასწ. ამ ჭიქით ლექსოს სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ. გაგიმარჯოს, ლექსო. კარგი კაცი ხარ შენ... ასაკით კი არა, გაგებით ხარ კარგი კაცი, კარგი ადამიანი, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეს! ერთ-ერთი გამორჩეული ხარ ჯგუფში... უღალატო და გამტანი! ამიტომ გვიყვარხარ ყველას. გაგიმარჯოს! იხარე და იდღეგრძელე!
მაია: ალავერდის მადლი შეგვეწიოს. ლექსო მართლაც გამორჩეულია ჯგუფში... თუნდაც იმით, რომ ტყუპისცალი ჰყავს და დღეს ორმაგი დაბადების დღე აქვს! შენ და შენს ტყუპისცალ ძმას ერთად გაგიმარჯოთ, ლექსო! ორი სიხარულით გეხაროთ და სიხარული გაგორმაგებოდეთ.... ადამიანი დარდს ვერსად გაექცევი და... დარდი გაგნახევრებოდეთ... იხარეთ, იმრავლეთ მრავალჟამიერ! (ბოლომდე სვამს ამ სადღეგრძელოს).

ისმის შეძახილები: 
- გაგიმარჯოს, ლექსო!...
- გაიხარე!... 
- ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეს!...
- სიყვარულში გაგმართლებოდეს, ლექსო!
ყველანი სვამენ.

ლექსო:  დიდი მადლობა, ხალხო, ჩემი დღეგრძელობისთვის! რაცა ვარ, ესა ვარ! კარგი ვარ თუ ცუდი, ეს თქვენ გადაწყვიტეთ... მე კი თქვენს გვერდით მიგულეთ ყველგან და ყოველთვის! (სვამს)

ლევანი: ახალ სადღეგრძელოს გთავაზობთ. ალავერდი – სოფოსთან. ჩვენს საყვარელ მასწავლებელს, მაიას გაუმარჯოს! ბევრი გვყავს ლექტორი, კარგი ლექტორებიც, მაგრამ... თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ჩვენიანად მიგვაჩნია...
ბესო: (სიცილით) აბა, სხვები გერმანელები არიან, ბიჭო?
ლევანი: მაცალე, ბესო... ჩვენ მაია მასწავლებელი მხოლოდ საგანს კი არ გვასწავლის, მისგან სიცოცხლის სიყვარულს... ადამიანის სიყვარულს ვსწავლობთ... თქვენ გაგიმარჯოთ, მაია მასწ... თქვენს ნიკასთან და... (ხმაში ხრინწი გაერია) თქვენს ოჯახთან ერთად. (სულმოუთქმელად სვამს)
სოფო: არ ვიცი, რა გითხრათ. ძალიან-ძალიან გვიყვარხართ... მხოლოდ მე არა, ყველას. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ამბავი გვქონდა, როცა გავიგეთ, რომ თქვენ მოგვყვებოდით პრაქტიკებზე! ნახევარზე მეტმა თქვენს გამო გადაწყვიტა წამოსვლა! გაკოცებთ, რა, მაია მასწ?! (სოფო წამოხწება და მაიას კოცნის ლოყაზე.)
მაია: არ გადამრიოთ, ცალ-ცალკე არ დამიწყოთ დღეგრძელობა, ერთად თქვით ყველამ...
ბესო: სიამოვნებით... მაია მასწავლებელს გაუმარ...
ყველა: (ხმამაღლა ყვირიან) ...ჯოს!
ბესო: არ ვარგა!... გაუმარ...
ყველა: (უფრო ხმამაღლა ყვირიან) ...ჯოს!
ბესო: არ ვარგა!... გაუმარ...
ყველა: (კიდევ უფრო ხმამაღლა ყვირიან) ...ჯოოოოოს!
ბესო: კარგიააა!
მაია: აბა, ახლა კი ჩართეთ მუსიკა... ჩემი სადღეგრძელო – მხოლოდ ცეკვის თანხლებით!

ირთვება მუსიკა. სუფრიდან გამოხტება ლევანი და ჩამოუვლის...
რაღაც უცნაურ ილეთებს აკეთებს.

მაია: (თან ტაშს აყოლებს მუსიკას) ლევან, ეს რა ცეკვაა?
ლევანი: მე რა ვიცი, მაია მასწ? ახლა ვიგონებ, გზადაგზა...
ბესო: ჰოოოდა, დავარქვათ...
ნიკა: (ამოიყვირა)  “ლევანური”!... ცეკვა “ლევანური”!
ბესო: მასე იყოს, ნიკუშ! ცეკვა “ლევანურიიიიიი”! გახურდა მუსიკააა!
სოფო: მეც ვიცეკვებ ლევანურად... აბა, ტაშიიიიი....

მუსიკის ხმაზე დიდხანს ცეკვავენ ლევანი და სოფო. მათ სხვებიც უერთდებიან და ყველა ერთად ცეკვავს.

ნიკა: (დედას მიუბრუნდა)  დე, ხომ კარგი სახელი დავარქვი? “ლევანური”...
მაია: (სიყვარულით უყურებს ხან შვილს, ხან მოცეკვავეებს და უხმოდ უქნევს თავს.)



სურათი 7

ღამეა. მაია კაკლის ქვეშ, სკამზე ზის. მას ნიკა მიუახლოვდა. მაიამ მექანიკურად დახედა საათს და წამოდგა.

მაია: შენი დაძინების დრო მოსულა, ნიკუშ...
ნიკა: (მუდარით)  დე, ცოტა ხანს კიდევ, რა?
მაია: (გაუღიმა) რა უნდა გააკეთო, რო? არავინაა სახლში, რომ მათთან მაინც გაერთო. ბავშვები – ტყისპირზე წავიდნენ, იქ ვიქნებითო...
ნიკა: (დაღონებით)  მეც კი მინდოდა წასვლა და... არ გამიშვი...
მაია: შენი ძილის დრო იყო და ამიტომ. მეც შენს გამო არ წავყევი და... მერე რა? არ გინდა ერთი დღე მაინც, მხოლოდ მე და შენ ვიყოთ? წამო, დაწექი. მეც მოგიწვები, კარგად, გემრიელად ჩამეხუტე და ზღაპარს მოგიყვები...
ნიკა: (ამოიყვირა)  ხომ იცი, რომ არ მიყვარს ზღაპრები?
მაია: (იცინის) ვიცი, ბატონო, ვიცი... ამ დროს მე დღემდე მიყვარს ზღაპრების კითხვა.
ნიკა: რა გიყვარს? ყველა ზღაპარი – ბოროტია!
მაია: (გაოცებული) ზღაპარი რატოა, ნიკა, ბოროტი?
ნიკა: (არანაკლებ გაოცებული) ბოროტია, აბა, რაა?! ნახე, აბა? დედინაცვალს აუცილებლად სძულს თავისი გერი,  გერს კიდე დედინაცვალი... არ შეიძლება, რომ კარგი ადამიანი იყოს ეს ქალი? რა, სხვის შვილს ვერ მოეფერები და საჭმელს ვერ აჭმევ? მარტო უნდა უყვირო და ამუშაო?
მაია: (იცინის) მართალი ხარ, ხომ იცი? კარგი, კიდევ რატოა ბოროტი? ყველა ზღაპარი ხომ დედინაცვალზე არ არის?
ნიკა: (დაფიქრდა)  კიდევ... აი, მაგალითად, ყველა კარგი ადამიანი მოჯადოებულია და უნდა ელოდო და ელოდო, როდის აგხსნის ვიღაცის კოცნა ამ ჯადოს... და რომ არ გაკოცოს, მერე? სულ ასე მოჯადოებული უნდა დარჩე?
მაია: (იცინის, რადგან ხედავს, რამდენი ზღაპარი წაუკითხავს მის შვილს ისე, რომ მაიამ სულ არ იცოდა ეს... და ის მაინც ხომ გაიგოს, რატომ არ უყვარს ზღაპრები ნიკუშას?!) კიდე, ნიკა?
ნიკა: ხო, კიდე გამახსენდა: ერთი და რომ მეფეს გაყვება ცოლად, მეორე დას რატომ უნდა-ხოლმე ამ დედოფალი-დისთვის ცუდი? სულ ცუდ რამეებს უკეთებენ საწყალ დედოფლებს... ხან კლავენ, ხან გულ-ღვიძლს აჭრიან... მერე სალამურს თლიან...  ყველა მეფე – სულელად ჰყავთ გამოყვანილი... და ყოველთვის გლეხის ბიჭია უფრო ჭკვიანი, ვიდრე მეფე... და მერე ამ გლეხის ბიჭს ამეფებენ... ისიც იმ სხვა მეფეებივით არ გასულელდება მერე? და თანაც, სულელმა მეფემ როგორ უნდა მართოს ქვეყანა?!
მაია: (გაოცებული უყურებს) ნიკა, არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე...  კიდევ რატოა ბოროტი?
ნიკა: (იცინის)  იმიტომ, რომ ყველა ზღაპარში ადამიანიც ბოროტია და ყოველთვის ცხოველები უფრო კეთილები და ჭკვიანები არიან, ადამიანებთან შედარებით... და... ისა, კიდევ, ეს “რწყილი და ჭიანჭველა” ხომ... (ხელი ჩაიქნია) ჩემთან რომ ვინმე მოვიდეს და დახმარება მთხოვოს, აუცილებლად საჩუქარი უნდა მოვთხოვო? ან ლევანთან რომ მივიდე და დახმარება ვთხოვო, რამეს მომთხოვს სამაგიეროდ?
ლევანი: (სიცილით) არა, ნიკუშ, არაფერს მოგთხოვ სანაცვლოდ! შენ რა ჭკვიანი ბავშვი ყოფილხარ?!
მაია: (ხმის მიმართულებით მიბრუნდა) ლევან, მოხვედით უკვე?
ლევანი: არა, მე წამოვედი, თქვენს წასაყვანად. ხვალ ხომ კვირაა, მაია მასწ?! არსად მივდივართ და... ნიკასაც არ ეძინება, როგორც ვატყობ... იქნებ თქვენც იქ წამოსულიყავით, ჩვენთან?
ნიკა: (ამოიყვირა)  ხო, რა, დე, რაა?....
მაია: ლევან, ვიფიქრე, ბავშვებს ცოტა თავისუფლებას მივცემ-მეთქი...
ლევანი:  არ გვინდა თავისუფლება უთქვენოდ! თქვენ როცა გვერდით ხართ, მაშინ უფრო კარგად ვგრძნობთ თავს! ბავშვებმა გამომაგზავნეს, “შენ უფრო გამოგყვებაო”...
ნიკა: (მუდარით)  წავალთ, ხო, დეეე?
მაია: (იცინის) კარგი... წადი, რამე მოიცვი და წავიდეთ. ნიკა, ჩემი მოსასხამიც წამომიღე, კარგი?
ნიკა: (სიხარულით)  ახლავე... (და შურდულივით შევარდა სახლში)
მაია: მაინც, ვის უნდოდა, მეც რომ თქვენთან ვყოფილიყავი? რომელმა გამოგაგზავნა?!...
ლევანი: (ღიმილით)  ყველამ... და განსაკუთრებით – მე... ძალიან მაკლდით იქ... ვერ მოვისვენე. სადაც თქვენ არ ხართ, იქ სიცარიელეა...
მაია: (სიცილით)  თბილისში რომ დავბრუნდებით, ჩემს სურათებს დაგირიგებთ ყველას და... საწოლის თავთან გაიკარით, უჩემობა რომ არ იგრძნოთ!
ლევანი: (ღიმილით) მშვენიერი აზრია... თუმცა მაინც ვერ შეგვივსებს იმ სიცარიელეს, რომელსაც “უმაიობა” ერქმევა! (პაუზა...)  მართლა მაჩუქებთ თქვენს სურათს?
მაია: (სიცილით)  სურათების მეტი რა გადავიღეთ?! ჩემი სურათებით ალბომს გააკეთებთ, მგონია, იმდენად ყველა სურათში ვარ!
ლევანი: ხო, მაგრამ... სურათს რომ გჩუქნიან, ეს კიდე სხვაა... სულ სხვა გრძნობაა...

ამასობაში ნიკაც დაბრუნდა და სამივენი ეზოდან გადიან.
მალე მივიდნენ ტყისპირთან. სტუდენტები კოცონს შემოსხდომიან და გიტარის თანხლებით მღერიან. აშკარად აკლიათ მესამე ხმა.
მაიას დანახვაზე სტუდენტები წამოიშალნენ და კოცონთან დაუთმეს ადგილი.

მაია: (სიცილით)  აი, მესამე ხმაც მოვედი!...
ლექსო: (გიტარის სიმებს ჩამოჰკრა ხელი) თქვენ ხომ პირველი ხმა გაქვთ, მაია მასწ?
მაია: სადაც რომელი ხმა მჭირდება, იმ ხმაზე ვმღერი, ლექსო...  თავიდან დაიწყეთ ეს სიმღერა...
ლევანი: ხო, მაგრამ თქვენნაირი პირველი ხმა არავის აქვს აქ... თქვენ იმღერეთ პირველ ხმაზე და დანარჩენს აგიწყობთ ჩვენ...

ლექსო მაიასთან ახლოს გადმოჯდა, ელისო და ლევანიც გვერდით მოისვა და თავიდან დაიწყო დაკვრა. საოცარი ხმებით “აივსო” ტყისპირი... რა აღარ იმღერეს...  ლევანი გვერდით მიუცუცქდა მაიას და  “მხოლოდ შენ ერთს” წამოიწყო.

“მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის
მოუცია მაღლიდან ღმერთს,
სიხარული, სიყვარული,
მხოლოდ შენ ერთს, მხოლოდ შენ ერთს.

ვისურვებდი, ვყოფილიყავ
შენთან ერთად, შენთან ერთად,
სიცოცხლეშიც, სიკვდილშიაც
შენთან ერთად, შენთან ერთად...”

მაია მაშინვე აჰყვა სიმღერაში. მხოლოდ ამ ორმა შეასრულა სიმღერა. ძალიან ხმაშეწყობით მღეროდნენ, გეგონება მთელი სიცოცხლე ერთად მღერიანო... სიმღერა რომ დასრულდა, მაიკომ ლევანი გადაკოცნა:

მაია: ვახ, რა კარგად მღერი თურმე?
ლევანი:  როცა შთაგონების წყარო მყავს, კარგად გამომდის...
ელისო: (სიცილით) ვაა, რა ამბები სკება აქ? შეყვარებული ხარ, ლევანჩიკ?
ლევანი: ხო, არ შეიძლება?
მაია: (სიცილით) კი, როგორ არ შეიძლება? უკვე დროა, ნადვილად!
ლევანი: ხოდა ვარ...
სოფო: არ გვეტყვი, ვიზე ხარ შეყვარებული?
ლევანი:  არა... სიყვარულს მალვა უნდაო, თქმულა!
ლექსო: (დაკვრას იწყებს)  სიყვარულს მალვა უნდაო, თქმულა...
ელისო (მაშინვე აჰყვა)
“სიყვარულს მალვა უნდაო, თქმულა...
სათქმელი ჩემი გულში მაქვს წყლულად, და.....”



( I მოქმედების დასასრული )






II  მ ო ქ მ ე დ ე ბ ა

სურათი 8

მეორედ გათენდა კვირა-დღე. ადრიანი დილაა. ბავშვები გაფაციცებულ მზადებაში არიან, საჭმელს ჩანთებში ალაგებენ. ზოგი თეფშებს და ჭიქებს აწყობს.

მაია: სოფო, მუშამბა არ დაგავიწყდეთ!
სოფო: არა, მაია მასწ, ჩავდე უკვე... 
ელისო: დაუჩქარეთ ცოტა, თორემ შუადღემდე ვერ ავაღწევთ გლოლამდე...
მანანა: მაიკო, გლოლაში მიგყავს ბოვშები? დაიღლებით... და თანაც, რა უნდა აკეთოთ იმ ტყეში?
მაია: ამ ორი დღის წინ, მარშრუტის დადგენის დროს, ისეთ ლამაზ ადგილს წავაწყდით, მანანა, რომ ბავშვებმა გადაწყვიტეს, სახლში დასვენების ნაცვლად, იმ ადგილას წავიდეთ და იქ დავისვენოთ.
მანანა: კაია, კაი დაგემართოს, მარა... არ დეიღლებით ბოშო? ოთხი კილომეტრი მაინც იქნება იქამდე, თუ მეტი არა... კიი, მეტია... რომელი ოთხი? ჯერ სანატორიუმამდეა სამი და ახლა იმის იქით კიდე ოთხი ან ხუთიც... ეგებ მანქანა გააჩეროთ გზაში?
მაია: (ღიმილით) არაფერია... და იქნებ მართლა გავაჩეროთ კიდეც რამე?!...
ლევანი: მაია... მასწ... მოდით მე გზაზე გავალ, იქნებ მანქანა ვნახო რამე?! (ღიმილით) ნიკუშ, წამომყვები?
ნიკა: (გახარებული) კი, ლევან... წავიდეთ!...

ნიკა და ლევანი გადიან.
2 წუთში სტუდენტებიც მზად არიან წასასვლელად და ეზოდან გადიან.
 
ლევანი სატვირთო მანქანას აჩერებს, რადგან სხვა მანქანები პრაქტიკულად არ მოძრაობენ გზაზე.

ლევანი: მეგობარო, საით მიდიხარ? გლოლამდე აგვიყვან?
მძღოლი: კი, შოვში მივდივარ... მოდი, კაბინაში დასხედით...
ლევანი: შეგიძლია, 2-3 წუთი რომ მოიცადო? აგერ, ჯგუფი რომ მოდის, იმათ ველოდები.
მძღოლი: ბატონი ხარ! საით გაგიწევიათ?
ლევანი: გლოლაში ავდივართ. ბუნებაში გვინდა გასვლა.
მძღოლი: მერე? მდინარესთან არ გირჩევნიათ? ჭანჭახზე გადით.
ლევანი: იქ სადაა დასასვენებელი ადგილი?
მძღოლი: მე მიგიყვანთ იქამდე. გზიდან 100-150 მეტრით უნდა შეხვიდეთ ტყეში და... პირდაპირ მდინარესთანაა ისეთი ადგილი, წამოსვლა აღარ მოგინდება სახლში!
ლევანი: გაიხარე...  (ჯგუფს გასძახა) მაია მასწ, აი, ეს მანქანა აგვიყვანს გლოლაში. თქვენ და ნიკუშა კაბინაში დაბრძანდით.
ნიკა: არა, მე შენთან მინდა...
ლევანი: (სიცილით) კაბინაში არ სჯობს, ნიკა? დედიკოს გვერდით იჯდები!
ნიკა: არა, არ ჯობია! შენ სადაც იქნები, იქ მინდა!
მძღოლი: ეს ბოვში შენი ძმა არის?
ლევანი: (სიცილით) არა, არაა ძმა...
ნიკა: მე ლევანის კუდი ვარ... დედა მეძახის ასე!
მძღოლი: (სიცილით) შენ რა კარგი ბიჭუკელა ყოფილხარ?! (ჯგუფს გახედა) მოეწყვეთ ყველანი?
ლევანი: კი, ძმაო... წავედით! ნიკუშ, აი, ამ რკინას მოკიდე ცალი ხელი და მეორე ხელით – მე მომეჭიდე... მაია მასწ, არ ინერვიულოთ, არ გავუშვებ ნიკას ხელს.
მაია: არ ვნერვიულობ, ლევან! როცა შენს გვერდითაა ნიკა, არ ვნერვიულობ მაშინ.

მანქანის ძარაზე მსხდარნი რაღაცას ყვებიან და სიცილით იხოცებიან. ასე, სიცილ-კისკისით ჩავიდნენ გლოლამდე. მერე გასცდნენ კიდეც... და აი, მძღოლმა მანქანა გააჩერა.

მძღოლი: (ხელს იშვერს ტყის მიმართულებით) აგერ, ა, ამ გრუნტის გზას გაჰყევით და სულ ას მეტრშია ის ადგილი.
ლევანი: დიდი მადლობა, ძმაო... რამდენი უნდა...
მძღოლი: (სიცილით) გადირიე, ბოშო? მაინც ტყვილა მოვრახუნობდი აქეთ და ხელს გამოგაყოლეთ! რაში მაძლევ ფულს?!
ლევანი: გაიხარე... გადამეხადოს!
მძღოლი: შენ კარგად იყავი... მაგაზე ნუ სწუხარ! აბა, კაი დროსტარებას გისურვებთ! (კაბინაში ბრუნდება და მანქანას ადგილიდან ძრავს)

სულ ხუთიოდე წუთში მათ თვალწინ საოცარი ხედი გადაიშალა.
უსუფთავესი და უსწრაფესი მდინარე ჭანჭახი, მის გვერდით – ტყით შემორაგული, ხელისგულივით  მოსწორებული პატარა მინდორი, იქვე ხის მაგიდა და სკამები... სპეციალური ადგილი მწვადის შესაწვავად... მდინარის პირას, წყალშივე, ბადით მოღობილი ადგილი ღვინისა თუ საზამთროს ჩასაცივებლად...
მოკლედ, საქეიფოდ და დროის გასატარებლად - რა გინდა უკეთესი!

ლევანი: (აღფრთოვანებული) ვაუ! მართლა რა მაგარი ადგილია!
მაია: არ მოუტყუებიხარ იმ მძღოლს, ლევან!
ლევანი: (სიცილით) ან რატომ უნდა მოვეტყუებინე? დანაშაული მიმიძღოდა მის წინაშე თუ რა? ბავშვებო, აბა, შეუდექით საქმეს! მწვადებს მე შევწვავ... არა,  მე და ნიკუშა შევწვავთ და დანარჩენებს – თქვენ მიხედეთ!
ნიკა: მე რა გავაკეთო, ლევან?
ლევანი: შენ პატარა, წვრილი ფიჩხი შემიგროვე და აქ დამიყარე, კარგი? აგერ, აქვე, ამ მინდორზე ან ხეების ქვეშ ეყრება... (გასძახა) ბესო, ბიჭებმა შეშა შეაგროვეთ, რა? მე ხორცს მივხედავ....
ბესო: არის, უფროსო!... დათო, ლექსო, წავედით ტყეში...
მაია: (ღიმილით) შენ როგორი ორგანიზატორი ყოფილხარ? ყოჩაღ, ლევან... ვამაყობ შენით!... მე რას დამავალებ?
ლევანი: შენ... უი, თქვენ აქ დაბრძანდით, ჩემთან ახლოს და მოისვენეთ... (სიცილით) საქმის გამკეთებლების მეტი რა გვყავს, მაია მასწ, თქვენ რომ არ დაგავალოთ რამე?!
მაია: (სიცილით) ასე უსაქმოდ რა დამსვამს? მაშინ ხახვს მაინც დაგიჭრი მწვადისთვის?
ლევანი: ჰო, ეს შეიძლება... სოფო, დანა და 5-6 ცალი ხახვი მოუტანე მაიკოს... მასწავლებელს...
სოფო: ახლავე, ლევან... (მოაქვს ჯამიანად) აი, მაია მასწ...
მაია: მდინარე ისეთი სუფთაა აქ, რომ ამ ხახვის გადარეცხვა ამ მდინარის წყლითაც კი შეიძლება... მოიცა, ცოტა წყალს მოვიტან.

მოაქვს წყალი და იწყებს ხახვის გაფცქვნას. დაჭრა რომ დაიწყო, თვალები აეწვა და ცრემლები წამოუვიდა. ლევანმა შეხედა და გაოცებულმა ჰკითხა:

ლევანი: რა გატირებთ, მაია მასწ?
მაია: არ ვტირი, ლევან, ხახვმა დამწვა თვალები... ბარემ დავჭრი ამ ხახვს ბოლომდე და მერე ამოვიბან თვალებს.... (აგრძელებს ხახვის დაჭრას, მაგრამ ძალიან მწარეა ხახვი და ცრემლებში ვეღარ ხედავს ვერაფერს.) არა, ჯერ უნდა ამოვიბანო, თორემ ვეღარაფერს ვხედავ...

მაია მდინარესთან მივიდა, ქვაზე დადგა და პეშვით ამოიღო წყალი. თვალებზე მოისვა. შემდეგ – კიდევ... მესამედ რომ გადაიწია წყლისკენ, სველ ქვაზე ფეხი აუცდა და შუა წყალში ჩავარდა. წყალმა მაშინვე ცენტრისკენ წაიღო. წყალი ღრმა არ იყო, მაგრამ სწრაფი იყო ძალიან... გაუჭირდა ფეხზე ადგომა. ეს სულ 2-3 წამში მოხდა.

მაია:  (ყვირის) მიშველეთ... ლევან...
ლევანი: (მოიხედა და მაია რომ წყალში დაინახა, ისიც ტანსაცმლიანი ჩახტა მდინარეში.) ნუ გეშინიათ, მაია... აქ ვარ!

ლევანმა მაიამდე მიაღწია დიდი ძალისხმევის შედეგად წყლიდან გამოიყვანა. გამოყვანით კი გამოვიდნენ, მაგრამ... თხემით ტერფამდე სველებს, რაჭის მთაში, მდინარის პირას, ტყეში საოცრად შესცივდათ. ბიჭებმა შეშა მოიტანეს, დიდი ცეცხლი დაანთეს და ორივე ამ ცეცხლთან დასვეს. ლევანმა წელსზევით გაიხადა, გაწურა და ქვაზე მიაფინა მაისური... მერე შარვალიც გაწურა და ბესოს ჟაკეტი მოფარა შარვლის ნაცვლად... აი, მაიასთვის იყო ძნელი იმ სველი ტანსაცმლით ჯდომა. მაგრამ სტუდენტებს ხომ ვერ მიატოვებდა?
ამიტომ გმირულად უძლებდა სიცივეს!

ლევანი:  მაია მასწ... ეს კაბა რომ გაგეხადათ? გავწურავდით მაინც...   
მაია: (აკანკალებს) და რითი ვიყო მერე? შენნაირად, ტარზანივით ხომ ვერ დავჯდები მეც? თუმცა შენ გიხდება კიდეც...
ლევანი: (სიცილით) მოხდენით – თქვენც კი მოგიხდებათ, მაია მასწ...
მაია: (იცინის) კი, ახლა რომ ვიყოთ ბათუმში ან ქობულეთში, მოგეცა ლხენა... პირველი მე გავიხდიდი ტანზე... მაგრამ რაჭაში ვართ ახლა! და არც თუ მთლად ზღვის სანაპიროზე!... ბრრრრრ.... ცივა!
ლევანი:  მაია მასწ... ნუ მეწინააღმდეგებით... გამოგყვებიან გოგონები... მე ჩავიცვამ უკვე იმ შემშრალ ტანსაცმელს და თქვენ ეს ჟაკეტი მოიცვით. მხოლოდ ეს სველი კაბა უნდა გაიხადოთ, ცოტა ხნით მაინც...  სოფო, გაყევი მაია მასწავლებელს...
სოფო:  სად, ლევან?
ლევანი:  ტყეში, ცოტა ღრმად... და თუ იქ მზიან ადგილს მონახავთ, კიდევ უკეთესი იქნება... და მაია მასწავლებლის კაბა აქეთ მოიტანე სასწრაფოდ...
ელისო:  მაია მასწ... ნახეთ მანანა დეიდას რა ჩაუდია ჩანთაში? სუფრა! ძალიან დიდი არაა, მაგრამ... თქვენ შემოგწვდებათ. ქვედა ბოლოსავით შემოიხვიეთ და ზევიდან კი – ჟაკეტი მოიცვით.

იდეა მაშინვე აიტაცეს და სულ მალე სუფრისგან შექმნილ ქვედა ბოლოსა და ბესოს ჟაკეტში გამოწყობილი მაია ცეცხლის პირას იჯდა და საკუთარ კაბას აშრობდა. ამასობაში სუფრაც გაშალეს. მაია – ცეცხლის პირას დარჩა. სოფომ აქეთ მოუტანა თეფშით საჭმელი. ლევანმა – ჭიქით არაყი მოუტანა.

ლევანი:  მაია მასწ... აი, ეს დალიეთ (არყიან ჭიქას აწვდის). 
მაია: (იცინის) ჯერ ხომ ისედაც ინდიელთა ტომის ბელადი მგონია ჩემი თავი? და ახლა მთვრალ ბელადად გინდათ მაქციოთ? ვერა, ლევან... ვერ დავლევ!
ლევანი:  დათრობას ვინ გეუბნებათ? მაგრამ 1-2 ასეთი პატარა ჭიქა არაყი ვერ დაგათრობთ, და გათბობით კი – გაგათბობთ! დალიეთ!
მაია: (იცინის) აჰა, გიჯერებ! გაგიმარჯოთ... (არაყი ტუჩებთან მიიტანა. ენა და ტუჩები დაწვა სასმელმა).
ლევანი: (იცინის)  მაია მასწ... არ გცოდნიათ არყის დალევა. ჩაისუნთქეთ, გადაჰკარით და ამოისუნთქეთ. სცადეთ, აბა?
მაია: ჩავისუნთქო, გადავკრა და ამოვისუნთქო... მოიცა, ვცდი, აბა? (გადაჰკრა) ვაუ! პირიც კი არ დამწვა! (გაეცინა) ყოჩაღ, ლევან!...
ლევანი:  მარტო რომ არ იჯდეთ აქ, მოდით, მეც თქვენთან დავჯდები... ჯერ ჩემი ტანსაცმელიც სველია ისევ და... მეც გავშრები.
მაია: (შეწუხდა) აბა, გაშრაო? მომატყუე?
ლევანი:  არ გაშრა. შეშრა... მოიცადეთ, დიდ ქვებს მოვაგორებ. უფრო უკეთ დავსხდებით.

ლევანმა ორი დიდი ქვა მოაგორა და გვერდიგვერდ მოათავსა. ორივენი ცეცხლთან დასხდნენ. მაიას სასიამოვნოდ დაუარა სხეულში არაყმა. კანკალმა გადაუარა.   

ლევანი:  მოდი, თითო კიდევ დავლიოთ, თორემ გაცივება არ აგვცდება! ერთ სადღეგრძელოს ხომ არ იტყოდით?
მაია: (ჩაიცინა) მე ვარ სადღეგრძელოს თამადა? კაი, ბატონო... მაშინ ჩემს საყვარელ სადღეგრძელოს ვიტყვი: ყველას გაუმარჯოს, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ, ვინც გვენატრება და ვისაც ვენატრებით, ვიზეც ვფიქრობთ და ვინც ჩვენზე ფიქრობს....
ლევანი:  მაია მასწ, იმდენი ვინმე მოაქციეთ შიგნით, ეყოფა ამდენ ხალხს ეს ერთი სადღეგრძელო?
მაია: ეყოფა, ლევან, ეყოფა... არ იჩხუბებენ...
ლევანი:  ერთ ნახევარს ამ სადღეგრძელოსი – სრულად ვეთანხმები: ვინც გვიყვარს, ვინც გვახსოვს, ვინც გვენატრება, ვიზეც ვფიქრობთ, ვინც საკუთარ სიცოცხლეს გვირჩევნია, - ეს სულ ერთი პიროვნებაა ჩემთვის! იმ პიროვნებას გაუმარჯოს. და რა ბედნიერი ვიქნები, მეორე ნახევარიც რომ მას შეეხებოდეს! მაგრამ... ეეეჰ...
მაია: ჯერ ყველაფერი წინ გაქვს, ლევან! შენ ისეთი ბიჭი ხარ, არ შეიძლება, რომ არ უყვარდე იმ გოგოს...
ლევანი:  გაიხარეთ, მაია მასწ... 
მაია: უუფ, წელი მეტკინა ამ ქვაზე ჯდომით. მისაყუდებელი მაინც იყოს სადმე?!
ლევანი:  მაია მასწ... მოდით ზურგით მომეყრდენით... ნახეთ, როგორ მოგეშვებათ?!
მაია: მოდი, აბა? (ბრუნდებიან ზურგებით და ეყრდნობიან ერთმანეთს) გაიხარე, კარგად ვზივარ!
ლევანი:  ნეტა ეს დღე არასოდეს დასრულდებოდეს!...
მაია: ჰო, ნამდვილად ლამაზი დღეა! ალბათ არასოდეს დამავიწყდება!



სურათი 9

მაია: (თვალდახუჭული ზის კაკლის ძირას და ფიქრობს): ხვალ პრაქტიკები მთავრდება და თბილისში ვბრუნდებით. ხომ ისედაც მიყვარდა ეს ჯგუფი? ახლა უფრო მეტად მიყვარს, - ძალიან “ჩემები” გახდნენ ყველანი... ძალიან კარგები არიან, ძალიან... განსაკუთრებით ლევანი და სოფო... სხვებიც, მაგრამ...
ლევანი: (ისე შემოვიდა, მაიას არაფერი გაუგია. გვერდით რომ დაუჯდა, მაიამ მაშინ გაახილა თვალი)  მაია მასწ, მდინარესთან ჩავალთ, რა?
მაია: ჩადით, მაგრამ არაგვთან ახლოს არ მიხვიდეთ...
ლევანი: არაგვს რა უნდა უწერაში, მაია მასწ?
მაია: არც რიონთან მიხვიდეთ... არაგვი რა შუაში იყო?! ლევან, შენი მობილური დატოვე სახლში...
ლევანი: რატო?
მაია: უეცრად ხილვასავით დავინახე, შენი ტელეფონი წყალში ეგდო... და შენი სახეც წყლიდან მიყურებდა! გთხოვ, წყალს არ გაეკარო... არაგვი ვერაგი მდინარეა, ლევან!
სოფო: (ახალი მოსულია მათთან ახლოს) ისევ არაგვი? არც არაგვთან მივალთ და რიონსაც ახლოს არ გავეკარებით, მაია მასწ...
ლევანი: ფრთხილად ვიქნებით, მაია...
მაია: ჰმ... როდის იყო, “მაიათი” მომმართავდი, ლევან?
ლევანი: დღეიდან, და ამას იქით... ამ “ანტენობამ” ძალიან ახლობელი გაგხადა-თ, მაია... და საერთოდ, ძალიან შე... (სიტყვა შუაზე გაწყვიტა)
მაია: კაი, ბატონო... ვიქნები მაია! (იცინის)
სოფო: ჩვენთვისაც, ხო, მაიკო? მაინც ასე გეძახით ყველანი და... არ მოგბეზრდათ ამ “მასწ”-ის მოსმენა? (ესეც იცინის) ბავშვებოოოო, მაიკომ თქვა, მომბეზრდა “მასწ”-ს რომ მეძახითოოო და მაიკო დამიძახეთოოო...
მაია: სოფო, მე გითხარი თუ თავად შემომთავაზე? (გულიანად იცინის)
ლევანი: მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მაიკო? უარიი ხომ არ გითქვამს?! (სიცილით გადიან ეზოდან)
მაია: (ეზოდან გასულებს ხმა დაადევნა) ორ საათში რომ სახლში იყოთ, არ მანერვიულოთ, თორემ ვერ გიშველით “მაიკოობა”!

მაია კაკლის ძირას ზის და სახეზე ეტყობა, რომ დაძაბულია. ხელში წიგნი უჭირავს, მაგრამ ვერ კითხულობს, - წამდაუწუმ საათს დასცქერის. სტუდენტების მდინარეზე წასვლიდან ჯერ ერთი საათია გასული მხოლოდ. უცებ ეზოში ერთიანად გაწუწული ლევანი შემოდის. მაია ფეხზე წამოხტა და ლევანს მიუახლოვდა.

ლევანი: აგიცხადდა ნანახი, მაიკო... აი, შეხედე? (ხელში უჭირავს სველი მობილური)... მდინარეში ჩამივარდა.
მაია: (შეშფოთებული სახით) ლევან... შენ რატომ ხარ ასე სველი? (იქვე თოკზე გადაფენილი პირსახოცი ჩამოხსნა და მიაწოდა) შენც არაგვში ჩავარდი?
ლევანი: არა... რიონში... (სიცილი აუტყდა) რას გადაეკიდე ამ არაგვს?
მაია: ჯანდაბა... რა ვიცი, აბა? რამდენიც “რიონის” თქმა დავაპირე, ენამ თავისით თქვა “არაგვი”! წადი, ტანზე გამოიცვალე, სულ სველი ხარ... ლევან, ნიკა ვისთან დატოვე?
ლევანი: ნუ გეშინია... სოფოს გადავაბარე ხელიდან ხელში... 

ეზოში აქოშინებული ნიკა შემორბის. პირდაპირ ლევანთან მიიჭრა.

ნიკა: გამომეპარე? თუ რატომ მეც არ დამიძახე?
ლევანი:  ნიკა, უკან გამომეკიდე, ბავშვო? (გაეცინა) ნეტა ის დამდევდეს ასე, ვინც მე მინდა... იყავი აქ, გამოვიცვლი და მოვალ (გადის).
მაია: დედიკო, მარტო წამოხვედი? არ შეგეშინდა?
ნიკა: (სიცილი აუტყდა) 30 ნაბიჯში მოვდევდი ლევანს და რატომ შემეშინდებოდა? წავალ, წიგნს წავიკითხავ.
მაია: დაამთავრე “ტომ სოიერი”?
ნიკა: არა, ცოტა დამრჩა... დე, იცი, ასე მგონია, კი არ ვკითხულობ, მეც ტომთან და ჰეკთან ერთად დავძვრები ყველგან... რატო, დეე?
მაია: იმიტომ, რომ გულიანად კითხულობ, დედიკო... ჩემი ჭკვიანი შვილი... წადი, დედი, წადი... ჭამამდე – წაიკითხე.
ლევანი: (მალევე შემოდის სხვა ტანსაცმლით. ხელში დაშლილი მობილური უჭირავს) აქ ხომ ვერ გაიგებ, როდის ცივა და როდის ცხელა? ამაკანკალა... დასალევი მაინც მქონდეს რამე? (მარცხენა ხელით მარჯვენა ხელისგულს აწვალებს...)
მაია: დასალევი? (იცინის) როდის იყო დასალევს ეძებდი? ხელზე რა მოგივიდა?
ლევანი: ხიწვი შემერჭო და ვერ ვიღებ....  ხომ შეიძლება ერთხელ მეც მომინდეს დალევა? შენთან ერთად მინდა დალევა, მხოლოდ თამადა შენ უნდა იყო...
მაია: მე? (გაოცებული უყურებს. ლევანი ისე უბრალოდ გადავიდა “შენობით” მომართვაზე რომ... მაიამ არაფერი შეიმჩნია და უხმოდ შევიდა ოთახში)
ლევანი: გეწყინა? არ გამიბრაზდე, რა?!
მაია: არა, არ გავბრაზებულვარ. (გამოდის ოთახიდან, ბოთლი გამოაქვს) აჰა, ერთი ბოთლი არაყი მაქვს გადანახული. სხვებს არ დაველოდოთ?
ლევანი: არა... მე და შენ დავლიოთ... ამ ერთხელ... სხვა დროს აღარასოდეს გთხოვ! (თან ხელს უწვდის.)
მაია: კარგი... იყოს ნება შენი... აივანზე თუ ეზოში?
ლევანი: აქ... ან სადაც გინდა...
მაია: (მაგიდაზე დებს არყის ბოთლს, ყველი, პური და ძეხვი გამოაქვს კარადიდან და იმასაც მაგიდაზე აწყობს.) “დღეს სტუმარი ხარ შენ ჩემი”... მობრძანდი, ბატონო... (ჯიბიდან იღებს ძაფზე აცმულ ნემსს და პინცეტს) მაჩვენე ხელი...

მაიამ ლევანის ხელი დაიჭირა და ხიწვი ამოაძრო. მერე ხელისგული გადაუშალა, დახედა და... სწრაფად გაუშვა ხელი. ფერი დაკარგა... ჩქარი ნაბიჯით შევიდა ოთახში.
ნიკამ გაოცებულმა ამოხედა, მაგრამ არაფერი ჰკითხა და ისევ წიგნის კითხვა განაგრძო.
მაიამ ნერვიულად დაიზილა საფეთქლები. თმაში შეიყო ხელები და მაგრად მოიჭირა თავზე.
გარედან ლევანის ხმა მოესმა:

ლევანი: მაიკო, სად წახვედი?!
მაია: (ოთახიდანვე გასძახა) მოვდივარ, ლევან... ახლავე მოვალ! (სარკეში იხედება, საკუთარ გამომეტყველებას ამოწმებს)  ღმერთო, ოღონდ ვერაფერს შემამჩნევდეს!... ოღონდ ვერაფერს შემამჩნევდეს!... (ზევით იხედება, თითქოს ღმერთს ელაპარაკებაო, ჩურჩულით ყვირის) მითხარი, რა ვქნა?! რატომ, ღმერთო, რა-ტოოოომ?! რაღა ლევანი?
ნიკა: რა მოხდა, დედა, რა “ლევანი”? ან რატო კანკალებ?
მაია: არაფერი, ნიკა... არაფერი... წაიკითხე, დედიკო! (სწრაფად გადის და ლევანის გვერდით ჯდება. თან ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს და... ვერ ახერხებს!)
ლევანი: მოხვედი? მოიცა, დავასხამ... (არაყს ორ პატარა  ჭიქაში ასხამს და ერთს - მაიას აწვდის.) გისმენ, მაიკო...
მაია: შენ გაგიმარჯოს, ლევან! კარგი ბიჭი ხარ... ძალიან კარგი... ძალიან მინდა, რომ ბედნიერი იყო...
ლევანი: ძალიან გინდა? (თავდაღუნული ზის და ჭიქას ატრიალებს ხელში. მერე თვალებში შეხედავს) ეს... მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული...
მაია: აბა ჩემზე? კარგი, რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ ბედნიერი იყო... (ცდილობს, კანკალი შეიჩეროს...)
ლევანი: ვერ შესძლებ ამას... უბრალოდ ვერ შესძლებ... (ისევ დაღუნა თავი) ნეტა... ნეტა, არ წამოვსულიყავი აქ... 
მაია: მოიცა, თბილისში შეყვარებული ხომ არ გაგითხოვდა ამ ორ კვირაში? (ძალით იცინის)  არ ყოფილა შენი ღირსი...
ლევანი: ჰმ... არა, ამ ორ კვირაში არა... უფრო ადრე... ვიდრე გავიცნობდი, მანამ...
მაია: ეუფ... მაშინ ცუდად ყოფილა შენი საქმე... (იცინის) ან პირიქით, ძალიანაც კარგი, რომ ადრე გათხოვილა! მასზე ფიქრი რომ სისულელეა, მიხვდები და სხვას მონახავ... სხვას შეიყვარებ, ლევან... გაგიმარჯოს! (ზალპით სვამს  და ცარიელ ჭიქას მაგიდაზე დგამს.)
ლევანი: გმადლობ, მაიკო... (სვამს და ისევ ასხამს ჭიქებში) მოდი, ახლა მე დავლევ ერთ სადღეგრძელოს: ამ ჭიქით შენ გაგიმარჯოს... გიცნობდი და თურმე არ მცნობიხარ. ამ ორმა კვირამ ბევრი რამ დამანახა... ბევრ რამეზე ამიხილა თვალი... შენნაირი ადამიანი არც შემხვედრია... მე... (თავი დაღუნა) არ გამიბრაზდები, რაღაც რომ გითხრა? (ლევანმა ხელი დაუჭირა მაიას და ოდნავ მოუჭირა.)
მაია: (გაოცებული და დაბნეული უყურებს) ლევან... აღარაფერი თქვა... (ხელი გამოსტაცა).

ეზოში სტუდენტები შემოცვივდნენ.

ლევანი: (ნერვიულად ჩაიცინებს) დაბრუნდით?...
სოფო: დავბრუნდით... რა ქენი, გააშრე მობილური? მაიკო, იცი, სად ჩავარდა? (იცინის) რიონში კი არა, აქეთ, განშტოება რომ გუბდება, იქ... კაცურად, მდინარეში მაინც ჩავარდნილიყო?!
ლევანი: გოგო, რიონში რომ ჩავვარდნილიყავი, აქ ვიჯდებოდი ახლა?...
მაია: კაი ენის იყავი, სოფო... ხვალამდე მოითმინეთ, უვნებლად ჩაგიყვანთ სახლებში და... მერე რაც გინდა, ქენით!...
ლევანი: დალევ?... მაიკოს ჰქონია ეს ბოთლი შენახული.
სოფო: მე არ მინდა. დათო და ბესო ნატრობდნენ,  “თითო ჭიქა მოგვცაო”...
ლევანი: გავატანო, მაიკო? (ლევანი აშკარად აღარ იყო დალევის ხასიათზე.)
მაია: გაატანე... მე მალე მოვალ... სოფო, ნიკა არ გამომეკიდოს, რა? (ეზოდან გავიდა და მდინარისკენ დაეშვა.)
სოფო: სად წავიდა? მდინარეზე თუ უნდოდა წამოსვლა, ვერ წამოვიდა ჩვენთან ერთად?
ლევანი: გავყვები... მარტოს ხომ არ გავუშვებ? არავინ შეაშინოს იქ.
მაია: (სწრაფი ნაბიჯებით მიდის). გავგიჟდები!...
ლევანი: (ეძახის) მაიკო, დამიცადე...
მაია: (ჩერდება და მკვეთრად ბრუნდება) ახლავე დაბრუნდი უკან... 
ლევანი: მარტოს...
მაია: არ გამაბრაზო, ლევან, დაბრუნდი-მეთქი... (ლამის ტირის)
ლევანი: კარგი, ნუ მიბრაზდები...  აქ ვიქნები... (გზის პირას მორზე დაჯდა.) 
მაია: (ადგილს მოსწყდა და სირბილით წავიდა).



სურათი 10

მაიკო ქვაზე ზის და წყალს ჩაჰყურებს. ფიქრებში წასული, ლევანს ვერც ხედავს. კარგა ხანს დგას ლევანი ხის ჩრდილს ამოფარებული. მერე გამოდის და ახლოს მიდის წყალთან. იქ ჩაიცუცქება, მაიკოს გვერდით..

ლევანი: მაიკო...
მაია: (შეხედავს. ტუჩები უკანკალებს) რატომ გამომყევი?...
ლევანი: მარტოს ვერ გამოგიშვებდი... მე... ჩემი ბრალი არ არის, თუ შემიყ...
მაია: (ყვირის) ლევან... გაჩუმდი, არაფერი მითხრა... და კიდევ უკეთესი იქნება, თუ სახლში დაბრუნდები.... (ცრემლები წამოუვიდა)
ლევანი: გეფიცები, ჩუმად ვიჯდები, ხმას არ ამოვიღებ... ნუ ტირი, რა?!.. მარტოს არ დაგტოვებ აქ...
მაია: მაშინ ორივე დავბრუნდეთ (წამოდგება და წასვლას აპირებს).
ლევანი: (წინ გადაუდგება) მაიკო... ორი სიტყვა მათქმევინე მხოლოდ...
მაია: (თვალებში შეხედავს.) რომელი ორი სიტყვა, ლევან? უაზრო და არაფრისმომტანი ორი სიტყვა?
ლევანი: თუნდაც არაფრისმომტანი... მიყვარხარ...
მაია: (ყურებზე იფარებს ხელებს) გაჩუმდი, ლევან...
ლევანი: (მხრებზე ჰკიდებს ხელს და მაგრად იჭერს, რომ მაია ვერ მიბრუნდეს და ვერც წავიდეს)  ვერ გავჩუმდები, ვიდრე არ ამოვთქვამ. მიყვარხარ და ეს ჩემი ბრალი არ არის... რატომ ხარ ასეთი?
მაია: (თავი დაღუნა. ღაპაღუპით მოსდის ცრემლები) “ასეთი” როგორი? სულელი ვარ! ეს როგორ დავუშვი?
ლევანი: არა, არ ხარ სულელი... შენ ხარ საოცრად კეთილი, მოსიყვარულე, თბილი, ადამიანური და... და ძალიან ლამაზი...
მაია: (თვალს თვალში გაუყრის) დაამთავრე ჩემი დახასიათება?
ლევანი: მაიკო...
მაია: (პირზე აფარებს ხელს) მორჩა... ორ სიტყვაზე მეტიც თქვი... აღარაფერი მითხრა!
ლევანი: (თავის ტუჩებზე აფარებულ მაიკოს ხელს იჭერს და მხურვალედ კოცნის) მიყვარხარ!

მაიკომ ხელი გააშვებინა, სახლისკენ გაუყვა გზას. ლევანი ჯერ უკან მიჰყვა, მერე დაეწია, უცებ მოეხვია, აკოცა და სწრაფადვე გაუშვა ხელი. მაიკომ ჯერ ხელები აიფარა სახეზე, მერე თავი გააქნია, თითქოს აბეზარი ფიქრები მოიშორაო და სწრაფი ნაბიჯით შეუყვა აღმართს. ლევანი გვერდით გაჰყვა.

მეორე დილას თბილისისკენ გამოემართნენ.



სურათი 11

მაია: (ტელეფონით საუბრობს) ქეთი, გამარჯობა... 3 დღეა, რაც ჩამოვედი... კი, რაჭაში... დავიღალე, მაგრამ არც თუ ძალიან... არა, ჭკვიანი ბავშვები იყვნენ. არ მაბრაზებდნენ... რიონის პირას ვიყავით თითქმის... გაცინო, რამდენიც “რიონის” თქმა დავაპირე, იმდენი “არაგვს” ვამბობდი... “არაგვს არ გაეკაროთ-მეთქი”, - შევიკალი ბავშვები ხელში... (იცინის) ბავშვები უკვე იცინოდნენ ჩემს “არაგვზე”... რა ვიცი, გოგო, ამეკვიატა ეს არაგვი და...  მოიცა, ზარია კარზე... დამიცადე...

მაიკო კარს აღებს. სადარბაზოში სოფო დგას.

მაია: (გაოცებული და გახარებულია) სოფო?! როგორ გამახარე! აქეთ იყავი? შემოდი, რას გაჩერდი კარებში?!
სოფო: მაიკო... ლევანი დაიღუპა... (ტირის) არაგვში დაიხრჩო გუშინ...
მაია: მე ხომ ეს ვიცოდიიიიიიი!.... (იკივლა და გულწასული ჩაიკეცა იატაკზე.)

ოთახის კართან გაფითრებული ნიკა დგას და ხან ატირებულ სოფოს უყურებს და ხან გულწასულ დედას. უცებ მთელი ხმით იღრიალებს:

ნიკა: დედააა, შენც არ მომიკვდე, დედააააააააააა!


(II მოქმედების დასასრული)




III    მ ო ქ მ ე დ ე ბ ა


სურათი 12

მრავალსართულიანი სახლის ეზო. უამრავი ხალხია. სტუდენტები ერთ კუთხეში უხმოდ დგანან. მხოლოდ სოფო და ელისო ჩურჩულებენ, თან ცრემლებს იწმენდენ. მაიას უწყვეტ ნაკადად მოსდის ცრემლები, არც ქვითინებს, არც ლაპარაკობს...

სოფო: (ჩურჩულით) არაფერიც არ მოხდება, რომ ვკითხო... (მაიასთან მიდის ახლოს) მაიკო, ელისომ დაინახა, როგორ შევარდი ოთახში, როცა ლევანს ხიჭვი ამოაძვრე ხელიდან. რა მოხდა მაშინ?
ელისო: (დარცხვენილი) მაიკო, მე ვერ წავედი მაშინ მდინარეზე. სახლში ვიყავი და... კიბეზე ვიდექი, დაბლა ჩამოვდიოდი, შენ რომ ოთახში შეხვედი. მერე არყით ხელში გამოხვედი და... ადამიანის ფერი არ გქონდა! 
მაია: (ამოიხვნეშა) ადრე, სტუდენტობაში ქირომანტიის წიგნი ჩამივარდა ხელში და... ხელის ხაზებმა დამაინტერესა. მერე კარგად გავერკვიე, მოკლედ... ქირომანტია ვიცი... მექანიკურად დავხედე ხელზე ლევანს და... რაც მე იქ დავინახე, იმან შემზარა! ლევანის სიცოცხლის ხაზი 23-24 წლის ასაკთან წყდებოდა!
სოფო: (გაოცებულმა) მერე?
მაია: მერე არაფერი... მინდოდა არაფერი შემემჩნია და... არ გამომივიდა! ცრემლები მახრჩობდა! და ლევანს რომ არაფერი ეეჭვა, მდინარეზე გავიქეცი.
ელისო: (ცრემლები მოიწმინდა) თან, გახსოვს, სულ რომ არაგვი გეკერა პირზე?
სოფო: აბა? ეს რომ დეიდა ლალის ვუთხარით, გადაირია ქალი! არა და, უწერაში ბოლო ორი დღე მაგაზე ვიცინოდით,
“მაიკომ რიონს სახელი გადაარქვა და არაგვი დაარქვაო”...
მაია: (ამოისლუკუნა) ლალიმ რა მომატირა, გაიგეთ? 
სოფო: არა, მე კარგა უკან მოვდიოდი...
ელისო: მე გავიგე, უკან მოგყვებოდი.... “ყველა ექსკურსიაზე რომ უკან დასდვდი ამ ბავშვებს და რაჭიდან რომ უვნებლად ჩამოიყვანე, რაღა ახლა გაუშვი მარტოკებიო?...”
მაია: (ხელი მიიფარა თვალებზე, მხრები აუკანკალდა) ჰო, ალბათ არ უნდა გამეშვა მარტოები...  ამას ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს...
სოფო: (გაოცებულმა) შენ რა შუაში ხარ? იცოდი, წასვლას რომ აპირებდნენ არაგვზე?
მაია: ჰო, ვიცოდი... ლევანმა დამირეკა, “მობილური კარგად თუ მუშაობსო”... კი-მეთქი, ვუთხარი. “მაშინ არაგვთან რომ მივალთ, იქიდან დაგირეკავო”... ვთხოვე, სადაც გინდათ, რომელ მდინარეზეც გინდათ, იქ წადით, მხოლოდ არაგვს არ გაეკაროთ-მეთქი..  “რატომო?”- მკითხა. არაგვი შენი ბედისწერაა-მეთქი, პირდაპირ ვუთხარი. უკან დასახევი გზა მოჭრილი მქონდა, სოფო... 
სოფო: (გაოგნებული და გაოცებულია) მერე?
მაია: (სივრცეს მიაჩერდა) “ახლა მითუმეტეს უნდა წავიდეო”... კიდევ ერთხელ ვთხოვე, არ წახვიდე, ასე უპატრონოდ, უფროსების გარეშე სად მიდიხართ-მეთქი... “შენც წამოდი და აღარ ვიქნებით უფროსების გარეშე... ნიკაც წამოიყვანე... გოგოებიც წამოვლენ, შენ თუ წამოხვალო”... დღეს არ მცალია, ხვალამდე არ წახვიდეთ-მეთქი... იმ დღეს აღარ წავიდნენ.   
ელისო: (ტირილით) ხო, ვიცი, იმ დღეს აღარ წავიდნენ და... ბიჭები ბრაზდებოდნენ ლევანზე, “მაგისას ხომ ვერაფერს გაიგებ, ერთ წუთში მოდის, მეორე წუთში – უარს ამბობსო”... მეორე დღეს კი...
მაია: ჰო, მეორე დღესაც დამირეკა, “ბიჭებმა ასე გადაწყვიტეს და მივდივართო”... “მაინც არ იშლი და არაგვზე მიდიხარ-მეთქი?  “ჰო, მივდივარ... ბედისწერას ვიწვევ დუელშიო”...  მაშინ... ბავშვებო, დავიხრჩობი ახლა, ნუ მალაპარაკებთ! (ყელზე იტაცა ხელი, ხველება აუტყდა.)
ელისო: (წყლის ბოთლი ამოიღო ჩანთიდან) აჰა, დალიე...
სოფო: (ცრემლებს შორის გაეღიმა) რა გითხრა ასეთი, სპაზმებმა რომ კინაღამ დაგახრჩო?!
მაია: (წყალი დალია და სული მოითქვა) ისეთი არაფერი... “შენ თუ არ გინდა, რომ წავიდე, დავრჩები, ოღონდ მითხარი, რომ არ გინდა ჩემი წასვლაო”... მინდოდა მეთქვა, “ლევან, ნუ წახვალ, შენ მაინც ნუ წახვალ და ისინი წავიდნენ-მეთქი”... და...
სოფო: (გაოცებულმა) და არ უთხარი?
მაია: (ისევ ცრემლები წამოუვიდა) არა... არ ვუთხარი... იმიტომ რომ... არ შემეძლო! რა უფლებით უნდა ამეკრძალა და დამეშალა?! რომ არც ვიცოდი, რატომ არ უნდა გამეშვა? 
ელისო: წინა დღეს ლევანმა მეც დამირეკა... თუ გინდა, ჩვენთან ერთად წამოდიო... 
სოფო: შენ რაღა უთხარი?
ელისო: ვერ წამოვალ, სხვაგან მივდივარ-მეთქი...  ჩაიბურტყუნა, “გოგოებიდან ვერავინ დავითანხმე წამოსვლაზე და მაიას როგორ ვუთხრა, მხოლოდ შენ წამოდიო?”
მაია: (ჩურჩულით) ნეტავი ეთქვა... ნეტავი ეთქვა, ელისო...
სოფო: წახვიდოდი? 
მაია: (უხმოდ გაიქნია თავი...) არ ვიცი... რომელიმემ იცით, როგორ დაიხრჩო?
სოფო: კი, იქაური ბავშვი გადაარჩინა და... თავად ძალები ვეღარ მოზომა!
მაია: (თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან) როგორ?
სოფო: კაშხალის ახლოს ბანაობდნენ თურმე. ლევანი უკვე ნაპირზე ყოფილა ასული, დიდი წყალი რომ მოვარდნილა.  ვიღაც ბავშვი გადამხტარა კაშხალის ხიდიდან და წყალს ამოუყირავებია. ლევანს დაუნახავს, მაშინვე თავადაც გადამხტარა და ბავშვი წყლიდან ამოუყვანია, მაგრამ წყალს კაშხალზე გადაუტაცია და... წყალვარდნილის ბეტონს დაჰკრა თავი. ერთი კი ამოუყვინთავს და... არაგვის წყალმა წაიღო... ორი კილომეტრის იქით იპოვეს მაშველებმა!
ელისო: (ხმა აუკანკალდა) ამ ლამაზ ბიჭს თავზე ვერ გადახადეს... ისე დაამახინჯა წყალმა და ქვებმა!

სივრცე გაჰკვეთა ქალის განწირულმა კივილმა.

ლალის ხმა: ვაიმეეეეე, ლე-ვაააააან!!! შვიიიიი-ლოოოოოოოო!!!
მაია: (სადარბაზოს გახედა) ვაიმე, გამოყავთ, მგონი!
ელისო: ჰო, დეიდა ლალის ხმაა...

ხალხმა ერთი მიმართულებით დაიწყო გასვლა.




სურათი 13

მაია: (დივანზეა წამოწოლილი და წყნარ მუსიკას უსმენს, თან მობილურს აწვალებს...)  ვინ ამიხსნის აწი ამ მობილურის დანარჩენ ფუნქციებს?! ეეეჰ... ლევან... რა სისულელეზე ვფიქრობ?! ნეტა არაფერი დაგმართოდა და... სულ არ მინდოდა ეს მობილური!
ნიკა: (გაოცებული შემოდის ოთახში) დე, ვის ელაპარაკებოდი?
მაია: როდის, ნიკა?
ნიკა: ახლა...
მაია: არავის, დედიკო...
ნიკა: აბა, ლევანიო, რომ ახსენე? (დედას ჩამოუჯდა დივანის კუთხეში)...
მაია: ხოოო, ისე... ახლა ვინ ამიხსნის ამ მობილურის ფუნქციებს-მეთქი...
ნიკა: მეცოდება ლევანი... "სულ შენს გვერდით ვიქნებიო", მპირდებოდა... "ძმაკაცები ვართო"...
მაია: მეც მეცოდება, ძალიან მეცოდება, დედი... მოდი, მომიწექი და ჩამეხუტე...
ნიკა: "ძმაკაცები ვართო"... (ნიკა მაიას მიეხუტა. მხრები აუკანკალდა.) 
მაია: ნუ ტირი, ნიკა... (მაგრად ჩაიხუტა და თავზე აკოცა რამდენჯერმე).
ნიკა: რატომ მოკვდა ლევანი, რატომ?!
მაია: (ცდილობს სხვა თემაზე გადაუტანოს ყურადღება) ნიკუშ, ბებიას როდის მიჰყავხარ აგარაკზე?
ნიკა: 2-3 დღეშიო... დე, სად იქნება ახლა ლევანი?
მაია: ცაში...
ნიკა: ღმერთთან? 
მაია: ჰო, ნიკა... ღმერთთან იქნება ლევანი... ღმერთს კარგები მიჰყავს თავისთან...
ნიკა: ნეტა ცუდი ყოფილიყო... მაშინ ჩვენთან დატოვებდა...
მაია: ეეეჰ....
ნიკა: (დაფიქრებით) დე, რაღაც მინდა გითხრა... გუშინ ეზოში რომ ვიყავი, აივნის ქვეშ ვიდექი... უცებ ლევანის ხმა გავიგე... მითხრა, “ნიკუშ, ჩემს ხმას გამოყევი და წამოდიო”...
მაია: (შეშფოთებით) მერე?
ნიკა: ხმას გავყევი და... ხუთი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, ზედა აივნიდან, აიი, რემონტს რომ აკეთებენ, იქიდან, ორი ცალი აგური გადმოუვარდათ და ზუსტად იქ დაეცა, სადაც მე ვიდექი... უყვირეს ეზოს კაცებმა იმ მუშებს, “გადაირიეთ? ერთი წუთის წინ ბავშვი იდგა მანდო”... ლევანს რომ არ გამოვეყვანე აქეთ, თავში დამეცემოდა... და მეც ვეყვარებოდი ღმერთს?
მაია: (შეშინებულია) კარგი, ნიკა, ნუ მეუბნები სისულელეს! არაფერი მოგივიდოდა!... 
ნიკა: ლევანს რომ არ გამოვეყვანე, მაინც?
მაია: მაინც!... მე არ გაგიშვებდი არსად! სანამ შენთან ვარ, ნუ გეშინია...
ნიკა: დე, არ გამიბრაზდები? (დარცხვენილმა ახედა დედას) შარვალი ლურსმანს გამოვდე და... გაიხა...
მაია: კარგი, დედიკო...  ხვალ წავიდეთ და ახალ შარვალს და მაისურებს გიყიდი... რა ფერის მაისური გინდა, წითელი თუ ლურჯი? 
ნიკა: ლევანს რომ ჰქონდა, ნაცრისფერი... გულზე არწივიანი... ზუსტად ისეთი მინდა...
მაია: კარგი... მოვძებნოთ. იყიდება ალბათ. დაამთავრე “ტომ სოიერი”? 
ნიკა: კი... ახლა რა წავიკითხო? თან წავიღებ.
მაია: ახლააა? (დაფიქრდა) “კაპიტან გრანტის შვილები”... წამო, მოვნახოთ და ჩავდოთ შენს ჩანთაში...

დივანიდან დგებიან და გადიან.



სურათი 14

მაია ოთახში შემოდის და ნიკას საწოლთან ჯდება.
გუშინ გაუშვა ნიკა აგარაკზე ბებიასთან ერთად.

მაია: როდის, გავა ეს თვე? ნიკა რომ არაა სახლში, სახლი ცარიელია მაშინ?...

მობილური ტელეფონი რეკავს. მაიკო პასუხობს. 

მაია: გისმენ გიორგი... დიდხანს დაგაგვიანდება? კარგი... (გათიშა.) რა ვქნა ახლა მე? ასე მაინც არ ცხელოდეს გარეთ?! სადმე წავიდოდი. ახლა კი... (დივანზე წამოწვა) მოდი, ამ მობილურის მენიუში შევალ... ეგებ ყველა ფუნქცია გავარკვიო. (აწვალებს მენიუს.) არა, რაღაცას ვერ ვაკეთებ სწორად. უუფ, ლევან, როგორ მჭირდები, რომ იცოდე...
ლევანის ხმა: იცი, როგორ ველოდი ამ წუთს?... მიხარია, რომ დამიძახე.
მაია: (შეშინებული წამოჯდა) ლევან?... სად ხარ?!...
ლევანის ხმა: აქ ვარ, მაიკო... შენს გვერდით...
მაია: (შეშინებული იყურება გარშემო) სად?!...
ლევანის ხმა: აქ... შენს გვერდით ვზივარ... შენ ახლა მუქი ლურჯი სარაფანი გაცვია, თმა აკეცილი გაქვს...
მაია: ლევან... (ხმა გაუწყდა) ნუ მაშინებ, გთხოვ. (დივანის კუთხეში მიიბუზა)...
ლევანის ხმა: ჩემი გეშინია? ვერ წარმოვიდგენდი ამას... მე შენ არასოდეს არაფერს დაგიშავებ! გესმის, მაიკო?
მაია: კი, მესმის! და მაინც... დიდი ხანია აქ ხარ?
ლევანის ხმა: მესამე დღეა. ნიკუშას რომ აწყნარებდი, “ნუ ტირიო”, მაშინაც აქ ვიყავი...
მაია: ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე? რატომ მოხვედი?
ლევანის ხმა: სამუდამოდ წასვლამდე, შენს გვერდით მინდა ვიყო... ამას ხომ მაინც ვერ დამიშლი?!
მაია: სამი დღეა აქ ხარ? აქ, ამ ოთახში?... (მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი)... და იმ დღეს მართლაც შენი ხმა გაიგო ნიკამ?
ლევანის ხმა: კი... აივნის ქვეშ იდგა და... კარგია, მივუსწარი!
მაია: ღამე სად ხარ-ხოლმე? შენს სახლში მიდიხარ, ხო? (სახეზე სიწითლემ აჰკრა...)
ლევანის ხმა: შენ ასე გინდა? მაშინ ისეა, როგორც შენ იტყვი!
მაია: როგორც მე ვიტყვი კი არა... სად ხარ-ხოლმე? მითხარი, ლევან... ნუ შემშალე!
ლევანის ხმა: სახლში ვარ-ხოლმე, მაიკო, სახლში... (იცინის)
მაია: არ მჯერა!... მითხარი, ჩემი დანახვა ყოველთვის შეგიძლია?
ლევანის ხმა: კი, ყოველთვის... თვალი არ მომიცილებია შენთვის!...
მაია: გაჩუმდი, ლევან!... (სახეზე იფარებს ხელებს.)
ლევანის ხმა: ხმა რომ არ გამეცა, ხომ ვერც მიხვდებოდი, აქ რომ ვარ?
მაია: მართალი ხარ... ვერ მივხვდებოდი... ახლა... ახლა რას აპირებ? 
ლევანის ხმა: ახლა? ჯერ მობილურის მენიუ უნდა აგათვისებინო... შედი მენიუში...
მაია: (მობილურს ეცა) ახლავე... შევედი... მელოდიის შეცვლა მინდა... რა უნდა ვქნა?
ლევანის ხმა: მელოდიებში შედი... ჩამოყევი და აირჩიე რომელიმე...
მაია: (უსმენს მელოდიებს... ერთ-ერთი მოეწონა.) აი, ეს მინდა... 
ლევანის ხმა: ახლა ფუნქციებში შედი და ამ მელოდიის დამახსოვრება დაადასტურე... OK.
მაია: გასაგებია. და სხვადასხვა ზარი სხვადასხვა ადამიანზე?
ლევანის ხმა: ჯერ პიროვნება მონახე, შემდეგ ფუნქციებიდან დაამატე მელოდია და დაადასტურე.
მაია: ახლა, იცი, კიდევ რა მინდა?... (უცებ მხარზე დაიხედა. შეიშმუშნა...) ლევან, სად ხარ?
ლევანის ხმა: შეგაწუხე, ხო? თავი მქონდა შენს მხარზე ჩამოყრდნობილი... და შენ ეს იგრძენი, მაიკო?!... მაგრამ ისეთი შეშინებული თვალებით მიყურებ, რომ... ხომ გითხარი, არაფერს დაგიშავებ-მეთქი?!
მაია: (კისერზე მოისვა ხელი.)  ლევან, ახლა რა ქენი?..
ლევანის ხმა: (იცინის)  ცუდი არაფერი... სული შეგიბერე კისერზე... და შენ ესეც იგრძენი. გინდა დაგენახო?
მაია: (იყვირა) არა, გთხოვ!... (უცებ ჩურჩულზე გადავიდა) გთხოვ.... ახლა არა!...
ლევანის ხმა: კარგი... ხვალ იყოს... ან მერე, ოდესმე...
მაია: ლევან, სულ აქ უნდა იყო? (უმწეოდ იხედება გარშემო და ვერავის ხედავს.) წადი... ახლავე წადი...
ლევანის ხმა: მივდივარ...
მაია: (ლოყაზე იკიდებს ხელს) შენ ახლა... რა ქენი, ლევან?!
ლევანის ხმა: დამშვიდობების წინ ლოყაზე გაკოცე... ეს იყო და ეს! გავქრი...
მაია: (ყვირის) ლევან!... (აღარავინ გამოეპასუხა. ამოიჩურჩულა:) ლევან...
ლევანის ხმა: (ისე, რომ მაიას არ ესმის) მე სულ შენს გვერდით ვიქნები, მაიკო... მხოლოდ ყოველთვის ვერ დამეკონტაქტები!... ისევ შენს გამო გავაკეთებ ასე... ვითომ წასული ვარ!...



სურათი 15

ღამეა. გიორგის უკვე სძინავს, - დაღლილი მოვიდა სამსახურიდან. მაიას შეგრძნება არ ტოვებს, რომ მათ გარდა კიდევ ვიღაცაა ოთახში... და ამ ვიღაცას სრულიად კონკრეტული სახელი ჰქვია, - ლევანი.

მაია: (ჩურჩულით) ლევან აქ ხარ?
ლევანის ხმა: (ისე, რომ მაიას არ ესმის) მამოწმებს ალბათ... ნეტა უნდა აქ რომ ვიყო თუ არა? როგორ გავიგო?!
მაია: (ოდნავ ხმამაღლა) მიპასუხე, აქ ხარ?...  (პ ა უ ზ ა)  კარგია, არ ყოფილა... არა და, რომ ვგრძნობ მის აქ ყოფნას? თუ, უბრალოდ, შიში მაქვს? (ლოგინს უახლოვდება ბლუზას იხსნის და უცებ, ისევ იკრავს.) რა მემართება? (საწოლზე ჩამოჯდება) ღმერთო, რატომ მოვიდა აქ? შევიშლები...  (ჩურჩულით, თან აქეთ-იქით იყურება) სად ხარ, ლევან? ღამე არ დამეძინება... სულ იმაზე ვფიქრობ, რომ სადღაც აქ ხარ, მიყურებ და... (უცებ, ნერვიულად ამოიყვირებს) გაიხედე, ნუ მიყურებ! 
გიორგი: (ამ ხმაზე ეღვიძება და ნამძინარევი კითხულობს) ვის ელაპარაკები? 
მაია: (დაბნეული) არავის... ვის უნდა ველაპარაკებოდე?
გიორგი:  რა ვიცი, ვიღაცას დაუყვირე, ნუ მიყურებო და... 
მაია: (ოდნავ ნერვიულობს) არავისთვის დამიყვირია... შეგიძლია სახლი დაათვალიერო!
გიორგი: და რატომ ნერვიულობ?
მაია: (წამოხტება ფეხზე) რა მაქვს სანერვიულო? ან რა დაკითხვას მიწყობ ამ შუაღამეს? 
გიორგი: (ოდნავ შეცბუნებული) არაფერი მიკითხავს ასეთი. გავიგე, ვიღაცას რაღაც უთხარი და გკითხე... 
მაია: (ოდნავ მშვიდდება) სიზმარში ნახე, ალბათ! ხომ ხედავ, სახლში არავინაა ჩვენს გარდა?
გიორგი: (ღიმილით) კარგი, მაპატიე. ალბათ მართლა სიზმარი იყო! მოდი ჩემთან...
მაია: (დაბნეული) ახლა?
გიორგი: (ღიმილით) ჰო, ახლა... გაიხადე... აღარ წვები?
მაია: (შეცბუნებული) ახლა არა, გიორგი... გთხოვ!... 
გიორგი: რა ხდება, მაიკო? ვერ გცნობ!
მაია: (ცრემლები წამოუვიდა) გთხოვ, გიორგი... 
გიორგი: (გაოცებული) კარგი, დამშვიდდი... ვერ ვხვდები, რა დაგემართა. 
მაია: (ტირის) არაფერი... წეღან გადავითვალე და... დღეს მეცხრე დღეა ლევანის გარდაცვალებიდან. მთელი დღეა ასე ვარ. ადგილს ვერ ვპოულობ. შენ ხომ არ იცი, როგორი ბიჭი იყო ლევანი?
გიორგი: კარგი, ხო, დამშვიდდი ახლა... ვიცი, როგორ არ ვიცი?! რაც ეს ბიჭი დაიღუპა, ან ნიკა მელაპარაკება მასზე და ან შენ! ცოდოა, ნამდვილად ცოდოა, მაგრამ... რას უშველის ეს ამდენი ნერვიულობა?! 
მაია: (დაბნეული) მაპატიე, გიორგი... ეს ისეთი შოკი იყო ჩემთვის, რომ... 
გიორგი: ვიცი, მაიკო, ვიცი... დაწექი და დაიძინე... ეცადე აღარ იფიქრო ამაზე... 
მაია: ვეცდები... (საწოლის თავზე პატარა ნათურასაც აქრობს და სრულ სიბნელეში იხდის ტანზე.) 
გიორგი: არ მეგონა, ასეთი ჩვილგულიანი თუ იყავი. მე უფრო მაგარი მეგონე... 
მაია: (წვება და ბალიშზე გიორგის ხელი ხვდება, რომელიც თავისკენ ეწევა) ხომ გთხოვე? 
გიორგი: მეც ხომ გითხარი, როგორც გინდა-მეთქი? უბრალოდ, თავი დამადე და ისე დაიძინე, უფრო კარგად დაგეძინება... ძალიან მიყვარხარ, მაიკო!
მაია:  გამიმეორე...
გიორგი: ძალიან მიყვარხარ!... (შუბლზე კოცნის)  დაიძინე....




სურათი 16

გათენდა. ზაფხულის არდადაგებია და მაიკოს არსად ეჩქარება. სხვა დროს თუ რვის ნახევარზე ფეხზეა, ახლა გვიანობამდე აძლევს-ხოლმე თავს გამოძინების უფლებას.
ეტყობა, სიზმარში რაღაც კარგს ხედავს, რადგან ძილში ეღიმება.
ყვითელი შუქით განათებული ლევანი  მის საწოლთან დგას და ისიც იღიმის. შემდეგ მის გვერდით ჩაიმუხლავს.

ლევანი: რა ლამაზი ხარ, მაიკო... (ფრთხილად უბერავს სულს სახეზე.)
მაია: (იშმუშნება ლოგინში. ძილში ამბობს) ლევან!...
ლევანი: (ჩურჩულით) დილა მშვიდობისა... ძილისგუდა!
მაია: (უცებ იღვიძებს და სწრაფად წამოჯდება) ლევან?!... შენ ხარ?
ლევანი: (იცინის) სხვას ვის ელოდი?
მაია: (ყვირის) რატომ მოხვედი? რა გინდა ჩემგან?!...
ლევანი: ჩუუუ... რატომ ყვირი?! ახლა მოვფრინდი... მეგონა გეღვიძებოდა უკვე... 12 საათი ხდება...
მაია: (გაოცებული) რომელიო? 
ლევანი: (იცინის) 12 ხდება, ძილისგუდა... 
მაია: ლევან, როგორ მელაპარაკები?!...
ლევანი: აწი მე ყველანაირი დალაპარაკების უფლება მაქვს, მაიკო... ხომ ვეღარ მომკლავ ამისთვის?! (იცინის). 
მაია: (შეწუხებული) რაღა ჩემთან მოხვედი?! რა გინდა... რას მერჩი, რატომ მირევ ტვინს?!
ლევანი: შენ გაქვს ეს უნარი, ჩემი ხმა რომ გაიგონო... განა სხვებსაც ესმით? 
მაია: (ხმა უწყდება ნერვიულობით) ტყუილია... ნიკამაც გაიგო!
ლევანი:: ნიკაც შენ გგავს და იმიტომ!
მაია: (უეცრად მიხვდება, რომ ძალიან შილიფად აცვია. ხელებს აიფარებს მკერდზე) კარგი... მასე იყოს... ლევან, მიიხედე, უნდა ჩავიცვა...
ლევანი: არ გიყურებ, ჩაიცვი.
მაია: ნუ მატყუებ... შენს მზერას ვგრძნობ!
ლევანი: (უცებ მოსხიპავს სიცილს) რომ იცოდე, რა ლამაზი ხარ, ამას არ მეტყოდი! შენ ხომ ვერ მხედავ და... რა მოხდება, რომ შემოგხედო?
მაია: ლევან, გთხოოოვ!...
ლევანი: (შებრუნდება) მართლა არ გიყურებ! შენ თავს გეფიცები...
მაია: (სწრაფად იცვამს ტანზე) ლევან, სულ აქ უნდა იყო? დედა არ გენატრება?
ლევანი: იქ არ ვიყავი წუხელ?
მაია: მართლა? მე კი მეგონა, რომ... 
ლევანი: რომ?...
მაია: არა, არაფერი!... კარგია, თუ არ იყავი აქ. როდემდე უნდა იყო აქ, ჩვენთან, ცოცხლებთან? (საწოლს ასწორებს.) 
ლევანი: (იცინის) ჩემს წასვლამდე, მაიკო! და წავალ ზუსტად ერთ თვეში!...
მაია: კიდევ ერთი თვე უნდა გამტანჯო? მთელი ღამე არ მძინებია...
ლევანი: ვიცი... არ გაგტანჯავ, ნუ ნერვიულობ!
მაია: (ყვირის) ლევან!... აბა, არ ვიყავი აქო? მომატყუე?
ლევანი: არა, არ მოგატყუე. შენ ისე ნერვიულობდი ჩემი წასვლის წინ, რომ მივხვდი, ღამე არ დაგეძინებოდა!
მაია: (ჩუმად ეძახის) ლევან!...
ლევანი: გისმენ... (ახლოს მიდის და თმაზე ეფერება)
მაია: მართლა რატომ მოხვედი ჩემთან?!
ლევანი: (ხმა ჩაეხლიჩება) მიყვარდი და მიყვარხარ... ამიტომ მოვედი! (მაიას სახეს იჭერს ხელებით და ჯერ ლოყებზე კოცნის და მერე თვალებზე.) 
მაია: (თვალებში ამოისვამს ხელებს) თვალში ჩამივარდა რაღაც... 
ლევანი: (იცინის) ალბათ.
მაია: დამენახე, სად ხარ?!
ლევანი: ახლა არა... მხოლოდ დამშვიდობების წინ. (ძალიან ფრთხილად ეამბორა ბაგეზე, რომ მაიას ვერაფერი ეგრძნო.)
მაია: ლევან!...
ლევანი: ბატონო...
მაია: (ნერვიული ხმით) სად ხარ ახლა?! შენს სუნთქვას ვგრძნობ... ნუ გადამრიე!
ლევანი: გვიანია... ვეღარ გადაგრევ... ეს მე ჩემს სიცოცხლეში ვერ მოვახერხე და... რაღა აზრი აქვს ახლა?! (ისევ აკოცა)...
მაია: (თავს სწევს უკან, თითქოს ბაგე მიაგებაო ლევანის ამბორს... აღელვებული ჩურჩულებს) ლევან!...
ლევანი: (ისიც ჩურჩულებს) აქ ვარ, შენთან... უფრო სწორად,  შენს გვერდით... 
მაია: (ტუჩს იკვნეტს... მერე თავს გაიქნევს, თითქოს ვინმეს უარს ეუბნებაო. და უეცრად, სრულიად მშვიდი ხმით ამბობს) ლევან, მოდი, ისევ მობილურს მივხედოთ?! ხომ დამპირდი, ყველაფერს გასწავლიო?! 
ლევანი: (იცინის) კი, ბატონო!... მე ვერ მოვიტან... ისევ შენ უნდა მოიტანო აქამდე...
მაია: (სწრაფად მიდის მაგიდასთან, მობილურს იღებს და საწოლთან ბრუნდება. მერე კარგად ჯდება საწოლზე, ფეხმორთხმით) აბა, ჩემო მასწავლებელო, დღეს რა გვექნება გაკვეთილად?!
ლევანი: (ისიც საწოლზე ავიდა და გვერდით მიუჯდა მაიკოს) დღეს მობილურის “ნასტროიკებს” ავითვისებთ... არც კი ვიცი, რა ჰქვია ქართულად.
მაია: (იცინის) “ნასტროიკებს” გამართვა ან აწყობა ჰქვია... ანუ მობილურის სამუშაოდ გამართვა!
ლევანი: კი, მასეა. ჰოდა, დღეს პროფილები ავითვისოთ, მერე ენის შეცვლა, დაბლოკვა და განბლოკვა... დავიწყეთ... პროფილები... (თან მაიკოს მხარს ჩამოაყრდნო თავი)...
მაია: (ამოიხვნეშა და მხარზე დაიხედა) კაი, ჯანდაბას, რადგან ასე მოგწონს ჯდომა, იჯექი... მხოლოდ წყნარად! არ გამაბრაზო!
ლევანი: ამიტომ მიყვარხარ ასე (თავს მიაბრუნებს და მხართან, ყელზე აკოცებს)...
მაია: (მაშინვე ხელი მოისვა ყელთან) ლევან, გაგაფრთხილე!... არ გამაბრაზო-მეთქი... მაშ ასე, შევდივარ პროფილებში...




სურათი 17

დრო გავიდა.
დილაა. მაიკო ლოგინიდან დგება და თან საათს გახედავს. სწრაფად იცვამს ტანზე... სიჩქარეში ბლუზის სახელოში გაიხლართება.

მაია: (ღელავს) ჯანდაბა, სადაცაა ლევანი მოვა და... მე კიდე ტანზე ვერ ჩამიცვამს...
ლევანი: (იცინის) კი, მასეა.
მაია: (შეშფოთებით) მოხვედი? რატომ არ მითხარი, თუ რომ მოხვედი?
ლევანი: (იცინის) მაიკო, მე ძალიან დიდი  ხანია, აქ ვარ...
მაია: (როგორც იქნა, ჩაიცვა ბლუზაც) როგორ თუ დიდი ხანია?! მაინც?
ლევანი: არ გამიბრაზდები, რომ გითხრა? 
მაია: (დაფიქრებით) პასუხს გააჩნია...
ლევანი: სამი დღეა აქ ვარ... სულ აქ ვარ ეს სამი დღეა!
მაია: (მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი) მატყუებ...
ლევანი: (ჩურჩულით, დარცხვენილი) არა, არ გატყუებ... მაპატიე!..
მაია: (ესეც ჩურჩულებს) რატომ, ლევან?! რატომ....
ლევანი: იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ და... მაიკო, მე სულ ერთი დღეღა დამრჩა აქ ყოფნა!..
მაია: (დაფიქრებით) როგორ თუ ერთი?
ლევანი: (იცინის) კი, მასეა.... ერთი დღე!
მაია: (კალენდართან მიიჭრა... დღეები გადათვალა) მართლაც... როგორ გაფრენილა დრო!
ლევანი: მართლაც... ჰო...  მართლაც გაფრინდა დრო!
მაია: (დაღონებით) და ერთ დღეში რომ წახვალ... აღარასოდეს მოხვალ?!
ლევანი: (ნერვიულად ჩაიცინებს) ვერა, მაიკო... მერე ვეღარ! ან მხოლოდ სიზმრად!
მაია: (ცრემლები მოადგა თვალებზე... ხმა აუკანკალდა) დამენახე, ლევან...
ლევანი: ვერა... არ მაქვს უფლება!..
მაია: (აქეთ-იქით იხედება) სად ხარ, ის მაინც მითხარი?
ლევანი: ზუსტად შენს წინ ვდგავარ. 
მაია: (სწრაფად გაიწვდის ხელებს წინ) სად?! ხელი მომკიდე, ლევან!
ლევანი: (იცინის) შენ ახლა ჩემი გული გიჭირავს ხელში... გესმის, როგორ ფეთქავს? გესმის?... 
მაია: (თავს წაიღებს თავისი ხელის მიმართულებით და ყურს დაადებს სიცარიელეს) არ მესმის, ლევან... არაფერი მესმის!...
ლევანი: (იცინის) მაიკო... სულს არ აქვს გული!... გული მხოლოდ სხეულს აქვს... სამაგიეროდ მე მესმის შენი გულისცემა... შენს მკერდზე მიდევს თავი და... დუგ-დუგ... დუგ-დუგ... დუგ-დუგ... რატომ ფართხალებს ასე, ბადეში გახლართული თევზივით?
მაია: (დაფიქრებით) ჩემს მკერდზე? ახლა? (ცრემლები წამოუვიდა)...
ლევანი: (ჩურჩულით) ჰო... ნუ გამაგდებ... სულ ერთი დღე, მაიკო! სულ ერთი დღე!......
მაია: (ტირის) ღმერთო, რა-ტოოოოომ! ან რატომ შეგიყვარდი? მე ხომ შენზე ბევრად უფროსი ვარ? ან რატომ წამართვა არაგვმა...
ლევანი: (ჩახლეჩილი ხმით) მაიკო, გაიმეორე, რა თქვი ახლა!..
მაია: (სლუკუნით) რა გავიმეორო, ლევან?...
ლევანი: “რატომ წამართვა არაგვმაო” - თქვი... რა წაგართვა არაგვმა?!
მაია: (დაფიქრებით) არაგვმა? შენი თავი წაგვართვა, ლევან...
ლევანი: წაგართვა თუ წაგართვათ? შენ თუ ყველას?!
მაია: (ღაპაღუპით მოსდის ცრემლები) მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! 
ლევანი: აქვს, რადგან გეკითხები...
მაია: (დაბნეული) ყველას... და მეც! მეც წამართვა შენი თავი! შემძულდა არაგვი! ვერაგი მდინარეა არაგვი, ლევან!
ლევანი: (ამოიყვირებს) ღმერთოოოოო... ახლა სადაც გინდა იქ წამოგყვები!
მაია: (ლოგინზე ჩამოჯდა) ისევ აქ ხარ? (მკერდზე იკიდებს ხელს) 
ლევანი: ჰო... მე სული ვარ, მაიკო... და მე შენს გარშემო ვარ! მთლიანად ჩემში ხარ მოქცეული... სადაც კი ხელს დაიდებ, სხეულის ნებისმიერ წერტილზე, ყველგან მე ვარ! მე შენს აურად ვიქეცი! შენს სულში მინდა შემოვაღწიო და იქ დავრჩე... პატარა ნაწილი მაინც...
მაია: (საკუთარ ხელებს ჩაიკრავს გულში) მე თავადაც ვერ მივხვდი, როდის შემოაღწიე ჩემს სულში... შენ... შენ ჩემში ხარ, ლევან!...
ლევანი: (ჩურჩულით) მითხარი, რომ გიყვარვარ... თუნდაც მომატყუე, მაგრამ მითხარი, რომ გიყვარვარ!...
მაია: (დაფიქრებით) არ მოგატყუებ, ლევან...
ლევანი: (დაღონებით) ანუ, არა?...
მაია: (ჩურჩულით) ანუ ჰო!
ლევანი: (გახარებული) მაიკოოოოო....  (და უცებვე ეცვლება ხმა... საოცარი ნაღველით) მაიკოოოოო.... 
მაია: რა მოხდა, ლევან?!
ლევანი: (ყვირის) რატომ, ღმერთო, რაააა-ტოოოოომ?! ახლა? როცა სამუდამოდ უნდა წამოვიდე შენთან? როგორ დავტოვო ასე, სამუდამოდ, ჩემი სიყვარული?!
მაია: (ყვირილით) გავგიჟდი... დამენახე! და არ მითხრა, არაო... შენ დამპირდი, ბოლო დღეს დაგენახებიო! ღმერთოოოო, დამანახე ლევანი, გთხოოოოოოვ!
ლევანი: (უეცრად ცისფერი სხივი ეშვება სიმაღლიდან და ლევანს ანათებს. ყვითელი შუქი ქრება და ლევანი ახლა მხოლოდ ცისფერ შუქშია გახვეული) მაიკო....
მაია: (შეშინებული და გახარებული ერთდროულად) ლევან!... გხედავ, ლევან! 
ლევანი: (ჩურჩულით) ჰო... მხედავ, მაგრამ... შენ დააჩქარე ჩემი წასვლა... იქნებ ასე სჯობდეს კიდეც... ხვალ ჩვენთან გადი სახლში... მინდა, რომ ბოლომდე ჩემთან იყო... 
მაია: (აკანკალებული ხმით) უკვე მიდიხარ? ლევან, მიდიხარ-მეთქი?
ლევანი: (ჩურჩულით) ჰო... მშვიდობით, მაიკო!... (დაიხარა, ტუჩებზე შეეხო ტუჩებით და... ცისფერი შუქი ჩაქრა. ლევანი გაქრა.)

ტელეფონი რეკავს... მაიკომ ყურმილი აიღო...

მაია: დიახ... გისმენ ელისო... კი, ვიცი, ხვალაა ლევანის ორმოცი... საიდან ვიცი და... არა, სოფოს არ დაურეკავს... თავად ლევანმა მითხრა... სიზმარში, ელისო, წუხელ, სიზმარში!... მოვალ აუცილებლად... აუცილებლად მოვალ, ელისო, აუცილებლად... მე ლევანს დავპირდი!


დ ა ს ა ს რ უ ლ ი 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები