ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2010


ძველები I

              კაკუნი ხშირი


ფერებით შავი - მოიკოჭლებს ბაგეზე ბაგე,
უშენოდ ვწერე მატიანე, განცდების ხელით,
კაკუნი ხშირი... უყოყმანოდ მივდივარ, ვაღებ,
კარებთან დგახარ, ტუჩები და თვალები სველი...
მერე კი რავი... გავიხსენო რომელი წამი,
მკლავები ჩემი, შორიახლო კისერი შენი,
თითები ტუჩზე, უფრო სწორედ სულ ერთი ცალი,
არა გვაქვს ძალა, ერთმანეთი ავღწეროთ ენით.
ჩერდები, კაბის ბოლოები დამოკლდა ცქერით,
თვალების დახრით შეაჩვიე ლოყები წითელს,
შენს სილამაზეს აწვალებდა სირცხვილის ფერი,
მერე კი, უკვე აღარ მახსოვს... რაღაცა მკითხე.
ფერებით ზავი, გაფითრებულ ბაგეზე ბაგე,
ჩერდება წამი, უღიმღამოდ გიხშირებ მოცდას,
გაცილებ ვითომ, ბოლო-ბოლო კარებსაც ვაღებ,
მიყვარხარ! - თქვი და დამაწიე შორიდან კოცნა.




            პარიზი. ვერსალი


პარიზი.
ვერსალი.
სიჩუმის ბუნაგი,
მკლავებში თმებია,
პომადა კისერში,
დაორთქლილ ვნებაში -
წყურვილი მსუნაგი,
წყურვილში -
დამხრჩვალი ფიქრების გიშერი.

ვშორდებით ერთმანეთს,
ტირიხარ ბავშვივით,
მე თითქოს გულქვა და ამავ დროს ამურით,
იოგებს ვძაბავ და კანკალით -
დამშვიდდი!...
პარიზი.
ვერსალი.
ცრემლების ხმაური.

მდინარე გვიქადის დახრჩობის მისიებს,
კრძალული ჟინი და კახპობა მადამთა
ხიბლავდა ვიღაცა პარიზელ მისიეს...
პარიზი.
ვერსალი.
სამოთხე დამთავრდა.


   


                ბავშვი ხარ

ბავშვი ხარ და შენ ვერავნი გაგაცინა,
სახეს გივსებს სიანცე და ფორიაქი,
ხე რომ მოჩანს, უფრო სწორედ აკაცია,
გელოდები, ბოლო-ბოლო მოდი აქით.

ბავშვი ხარ და ეს ბავშვობა დაიტოვე,
მოიშორე სხვა ქალური ინსტიქტები,
სიფაქიზეს, სინარნარეს და იმ რტოებს,
ნუ მოიჭრი, რითაც ვხვდები ვინ იქნები.

ბავშვი ხარ და ნუ მოუსმენ ცრუ ძახილებს,
ბავშვი ხარ და არ გერქმევა დედაკაცი,
ვაი ღმერთი თუ გაუწყრათ, თუ გამხილეს,
თუ გამხილეს, სიყმაწვილით, შენ და მსგავნი.

ბავშვი ხარ და ამოძრავებ აპათიებს,
ბავშვი ხარ და შენ ვერავინ გაგაცინა,
ეს ბავშვობა მაგ თვალებმა გაპატიეს,
მაგ თვალებმა ვერ შენიშნეს აკაცია.




                რავი

ფიქრებს ჩავუთვალე ხურდა,
რაც შენ გეკუთვნოდა გავეც,
თქვენი ერთად ყოფნა მშურდა,
არ მაქვს უშენობის თავიც.
სათქმელს გამოვხატავ ჟესტით,
სადღაც კითხვის ნიშანს დავსვამ,
თუკი სიყვარულით შევცდით,
წყევლა დამადევნე თავსხმად.
კოცნას მივაკერებ ღილად,
მაგ შენს თვალებსაც და ტუჩსაც,
არ ხარ იშვიათი ხილი,
თუმცა ყველა თითით გმუშტავ.
ისევ მომეფერე მოდი,
მკერდზე მომადევი თავი,
თუნდაც დავარღვიოთ მოდა,
მაინც გიპასუხებ – რავი.





ჰაერს ვეტანები

ღია დამრჩენია თუმცა ალაყაფი,
სიკვდილს ველოდები, თანაც მეტ-ნაკლებად-
წნევა ამიწია ოცი დანაყოფით,
ჭირს და სამწუხაროდ ჰაერს ვეტანები.

პირი გამომიშრა, ცუდის ნიშანია,
ბჟუტავს სიბნელე და ვწევარ იატაკზე,
ვენა ცოტა მაქვს და არ მჭირს იშემია,
სისხლზე მესამეჯერ ხორცი მივატანე.

კედელს ჩემი ჩრდილი ისე გაეჭიმა,
თითქოს დიდი ვარ... და მახსოვს რომ რვეულში,
ლოცვა ჩავიკითხე, ბოლო ტაეპიც და
მერე გავფრინდები სადღაც შორეულში.

ორი სუნთქვა მრჩება, ორი გარინდება,
ორი საათია ღამის, მეტ-ნაკლებად-
მიწა უშედეგოდ თვალებს მარიდებდა,
ჭირს და სამწუხაროდ ჰაერს ვეტანები.




ჩვენ და მთაწმინდა...

მაშინაც წვიმდა, ახლაც გაწვიმდა,
ქარმა გაგვძარცვა მოურიდებლად,
გვადგას ცოდვილებს თავზე მთაწმინდა,
სადღაც ახლოს კი ფსოუ იწყება.

ჩვენზე სატანა ზრახვებს ამართლებს,
მეტის ატანა, არც ღირს, არც მინდა,
რაც თუ გვებადა, სხვებმა წაგვართვეს,
ვხვდვდები დაგვექცა თავზე მთაწმინდაც.

მუხლში ვუძლურობ, ლოცვას ვიხსენებ,
უკვე მამალმაც სამჯერ წამწყმიდა,
გვიანი არის – ღმერთო გვიხსენი,
დავრჩით მარტონი – ჩვენ და მთაწმინდა.





                ეფემერა

აციებულ ხეებს ეფერება ქარი,
ვიკვიატებ ისევ - მოვისმინო ბლუზი,
ახლა ჩემთვის წუთიც ეფემერა არის,
საათი კი... ვფიქრობ - კვაზიმოდუს კუზი.
ვხედავ გვერდმა ისევ გადაფურცლა გვერდი,
მიკვირს წიგნში პირველს, რატომ ნიშნავს სამი,
საფეთქელის ნაცვლად მოვიქავე მკერდი,
სუნთქვას ვიკრავ, ვცდილობ შევაყოვნო წამი.
გოგო მიწევს გვერდით, სიზმარშია - მეთქი,
მალებს შორის თითებს ვათამაშებ, როგორც...
საქსაფონზე უკრავს ვირტუოზთა ღმერთი.
ეღიმება მგონი, აქაოდა, მოსწონს.
სასაცილო სცენებს ვერიდები ხოლმე,
მაგრამ ახლა უკვე გვიანია რიდი,
აღარა მაქვს ძალა, აღარა მაქვს ღონე,
ხელი მისსას შვრება, ხელი მისით მიდის...
აციებულ ხეებს ეფერება ქარი,
ახლა ჩემთვის წუთიც ეფემერა არის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები