ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2010


მარგარიტას ალბომი (რომანი)

                    (ვდებ თავიდან ახალი გაგრძელებით)
             
                        1. სონეტი

სონეტი ვწერე.... ფიქრად გავწელე,
გადავაფერე სიზმარს...
სონეტი ძველი თუმც გადავწერე...
ვეღარ მოგართვი... მტირალს!

ისევ მარტული ავტეხე ვნება,
აპრილს ბრალად აქვს ხიბლი,
ისევ სონეტად დამესიზმრება
მაისნატრული ღიმი.

არა, არ მტკივა ძველი სევდების
ატბმისყვავილთა ცვენა,
და უშენოდაც ვფერავ... 

არა, აღარ მაქვს ის ძველი ჩვევა,
შენთვის და შენთან...... 
ვწერ წერტილს  და სონეტი მრჩება.

P.S. სონეტის ავტორი უცნობია. 1909 წლის აპრილითაა დათარიღებული და მწვანე მელნით, გაკრული ხელითაა ჩაწერილი მარგარიტას ალბომში......                                                                 

2.  მინაწერები  ღია ბარათებზე

ჩემს აივანზე ვიდექი და ქუჩას დავცქეროდი. 
შორიდანვე დაგინახე...... 
მწვანე დიდფარფლებიანი სამზეოთი და  ღია-ღია სალათისფერი კაბით....
ტროტუარს მსუბუქად მოუყვებოდი...
წამწამთა ჩრდილში ორი უძირო მწვანე ტბა ისვენებდა..... 

უცებ ვიოლინოს ხმა გავიგონე...
იასამნისფრად მღეროდა და ვიგრძენი...
აშკარად ვიგრძენი...როგორ მიხმობდა... დიახ, არ შემშლია...
მე მიხმობდა.... მხოლოდ მე.....

ჩემი აივნის ქვეშ რომ შეჩერდი, შევკრთი და ინსტიქტურად  ფარდებს ამოვეფარე...
ნუთუ შენ ჩემი ძახილი გაიგონე?!.... არა, არა! ეს შეუძლებელია...
უბრალოდ ნაცნობი შენიშნე და ამიტომ შეყოვნდი....

მელოდია უეცრად შეწყდა.... გული გაჩერდა.
იასამნისფერი  ჩემი მზე,  თითქოს გამინაწყენდაო: ჯერ გაწითლდა... მერე გაყვითლდა და... ბოლოს სულმთლად გაუფერულდა...
ჰაერში უცნაური აბლაბუდები აიბლანდნენ... ქუჩა დაფერდდა და .... 

ფარდას ვერ ვცილდები... ვერ ვბედავ აივანზე გამოსვლას..ვაი თუ... არა, ისევ იქ დგახარ...
მერე ნელი ნაბიჯით წახვედი, ისე მძიმედ მცილდებოდი...
დავუკრა? არა! ვეღარ გავბედავ... რომ ვერ შეგაჩერო?... დე, იყოს ლამაზი ილუზია...
იყოს ჩემი ჩვენება მხოლოდ, თითქოს იასამნისფერი მზე დაგვნათოდა.... და მერე უშენობით უნდობრად გაწითლებული... გაუფერულდა.... 
                                                                                                              1 აპრილი 1909 წელი.     

P.S.
აქ ღია ბარათებიანი გვერდები უცებ წყდება.... (ამონახევი ფურცლები ჩანს მხოლოდ)
............და ჩნდება: .......................
გაყვითლებულ სიფრიფანა ფურცელზე მჭვირვალე კალკის ქაღალდი დაუკრავთ ცალი კუთხით, ალბათ, ნახატის დასაცავად...
გადასწევ და შენს თვალ წინ წარმოდგება უმშვენიერესი ვარდი, დიდი  მ წ ვ ა ნ ე  ვ ა რ დ ი......
მწვანე მელნით შესრულებული....
და იქვე  ირიბი ხელით მიწერილი ორი პატარა ექსპრომტი: (ხელზე ეტყობა, რომ ერთისაა.. ალბათ,მარგარიტასი)
                                                                                                              3 აპრილი 1990 წელი
                                                                                                                 
      3. ორი ექსპრომტი
                 
  მარგარიტას

მაინც მიდიხარ  უჩემოდ ცაზე
მ ა რ გ ა რ ი ტ ა...
მაინც ლამაზი იყო ღამე
მ ა რ გ ა რ ი ტ ა...
ზურმუხტის ფერთა ნამზევებ თვალებს
მ ა რ გ ა რ ი ტ ა...
არ დაგიბრუნებ ნაფერებ  წამებს
მ ა რ გ ა რ ი ტ ა...
სიტყვებს ნაწამებს მოგწერ  და ასე
მ ა რ გ ა რ ი ტ ა...
არც აქ დაგტოვებ, არც მიგატოვებ
მ ა რ გ ა რ ტ ა...
და შენ გაჰყვები... გზებს ნამთვარებს
ო,  მ ა რ გ ა რ ი ტ ა....
                                                            22 აპრილი 1909 წელი
 
    მარგარიტასაგან

ისეთი მშვენიერი მაჩუქე ღამე....და ახლა,
როცა ვიოლინო კვნესის სადღაც... და ალბათ,
ისევ მომაგონებს შენს თავს, თან  ვკარგავ
ნაჩვევ მოსვენებას,  თუ ნატანჯს და.... მართლა
იყავი თუ არა ჩემი?... იქ,  სადღაც
ვიოლინო კვნესის საწყლად ...ხარ სხვასთან?....
ისეთი მშვენიერი მაჩუქე ღამე.... და ახლა....
                                                                          23 აპრილი 1909 წელი

    4. მარგარიტას  დღიური
4 აპრილი, 1914 წელი, ბენეფისის შემდეგ....
მწვანე შუქის თამაშით.... და ეს მთვარე რას გადამეკიდა,ნეტა... ვიოლინოს ხმის გაგონება აღარ შემიძლია და ეს ვარდიც!.... ყველაფერს წავშლი ... არა! აღარ მოგიგონებ..... და ეს დღიურიც რას გადამეკიდა.... ვწერ და ......ვხევ.... წერილებად გამოგიგზავნე, შენ კი... შენ ჩემს ბენეფისზედაც არ მოხვედი...არა და ხომ იცოდი, რომ ის ცეკვა მხოლოდ შენთვის იყო... ის სალათისფერი პუანტები და ფრიალა კაბაც შენთვის ვიყიდე.......
გუშინ, ჩვენი გოგონას, ანას დაბადების დღე იყო.....რა ლამაზია, ანამ შენს სურათზე მკითხა, ვინ არისო...და მე კი, მე უსინდისოდ მოვატყუე......
აღარ მოგწერ არაფერს!.... გესმის, არა! და ამასაც დავხევ.....


  P.S.                                                                                                     
...................................................................................ეს ფურცელი ძველი კომოდის  უჯრაში ვიპოვე ... დასრესილი.....ვიღაცას საგულდაგულოდ  გაესწორებინა და ისე ჩაედო მარგარიტას რაღაც ქვითრებსა და სხვა საქმიან ქარალდებს შორის... ნეტავი, რატომ არ დახია, ხომ ასე წერდა?
                                                                                                                                3 აპრილი. 1990 წელი.


          5.  ავტობიოგრაფია, დაწერილი ანა ფრნსუაზა დე ლამორეს მიერ 1933 წელს, პარიზის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში წარსადგენად:

დავიბადე 1910 წლის  3 აპრილს. პარიზის მახლობლად პატარა მამულში, რომელიც დედაჩემის ბაბუას მარკიზ დე ლამორეს ეკუთვნოდა.    დედაჩემი, მარგარიტა, ამ მარკიზთა უძველესი გვარის ერთადერთი მემკვიდრე იყო. მაგრამ მაღალი საზოგადოება მოიწყინა, ოჯახის შერჩეული საქმრო მიატოვა და პარიზში გაიპარა, სადაც მსახიობობა დაიწყო. მოცეკვავე გახდა.
  მამა არ ვიცი, ვინ არის, მგონი, მხატვარი თუ მუსიკოსი.  დიდხანს მამა დედაჩემის ბავშვობის მეგობარი გრაფ ოვგუსტ დე  ფობიენ მეგონა ....რადგან ის ერთადრთი მამაკაცი იყო ჩემს ბავშვობაში, ვისთან ერთადაც დედა სასეირნოდ მიშვებდა და ვინც ჩემი პატარა გულის დაპყრობა შეძლო...მერე კი მივხვდი, რომ ის დედაჩემზე უიმედოდ შეყვარებული, მაგრამ უარყოფილი ძია ოვგუსტი იყო და მეტი არავინ..... ო, არა, არა, ეს  ინსტიტუტისათვის?.... ეჰ, ანა, ანა....

P.S. ბებიაჩემის ავტობიოგრაფიის დაუმთავრებელი, შავი ვარიანტია..... რატომ შეუნახავს არ ვიცი.....
                                                                                                                              1990 წელი 3 აპრილი.

6. თავად ალექსანდრე  ა......შვილის წერილი დედას და ბაბუას.....
        ძვირფასო დედა!
გწერ პარიზიდან და დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ თქვენ და საყვარელ ბაბუაჩემს, თავად ალექსანდრეს  და იმედი მაქვს, რომ  ჯანმრთელობას აღარ უჩივით.
მაქვს პატივი სიხარულით  გაუწყოთ, რომ აქ, პარიზში მე ბედნიერება მქონდა გავცნობოდი ისეთ მშვენიერ ქალიშვილს,  რომ გადავივწყვიტე მას ხელი ვთხოვო და რადგან შორი გზის ხარჯები საშუალებას არ გვაძლევს ჩამოვიდეთ მანდ, გთხოვთ, დაუსწრებლად დაგვლოცოთ და გვაკურთხოთ ჯვრისწერისათვის.
ჩემი საცოლე გახლავთ  მარგარიტა დე ლამორე. არ დაგიმალავთ და მარგარიტა მოცეკვავეა, ცნობილი ბალერინაა..... თუმცა წარმოშობას ვერ დამიწუნებთ, მაკიზაა, და თავისი გვარის ერთადერთი მემკვიდრეა.
  დედა, მენდეთ, ის საოცრად დახვეწილი და კეთილშობილია და ულამაზესი მწვანე თვალები აქვს. დალოცეთ, დედა, ჩვენი სიყვარული და ოჯახი. გიგზავნით ახლახან ერთად გადაღებულ ჩვენს ფოტოსურათს.
                              პატივისცემით, თქვენი ვაჟი, თავადი ალექსანდრე  ა........შვილი.
                                                                                                            პარიზი. 1909 წელი. 22 აპრილი.
P.S. ეს წერილი ანა ბებოს ჩადებულია აქ, ზუსტად ვიცი, რადგან მარგარიტამ ქართულად კითხვა არ იცოდა.... მას არც ეს წერილი უნახავს არასოდეს...... და საერთოდ  1909 წლის მაისის შემდეგ  აღარც  თავის მშვენიერ მხატვარ ,,ჯორჯიენ’’ ალექსანდრეს შეხვედრია (როგორც მარგარიტა მას ეძახდა)............
.ფოტოც აქვეა....მარგარიტა დგას და ალექსანდრე ზის(იმ დროის ფოტო-უცნაურობა)......მარგარიტას ღია ფერის(ალბათ სალათისფერი!) კოქტეილის კაბა აცვია, ალექსანდრე კი  დილის თეთრ კოსტუმშია.... მარგარიტას დიდი შლაპა ოდნავ უჩრდილავს სახეს....ალექსანდრე კი უქუდოდაა და გაწკეპილი, მოდურად შეკრეჭილი ულვაში შვენის.......

ჯვრიწერა ჩაიშალა საქმროს  უეცარი გაუჩინარების გამო.
                                                                                                                        1990 წელი 3 აპრილი.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------     

7. ტელეფონოგრამა. თბილისი-პარიზი.
ადრესატი: თავადი ალექსანდრე ა..... შვილი, მცხოვრები, საფრანგეთი, ქ. პარიზი, მომპარნასის ქუჩა #10.
გამომგზავნი; თავადი ალექსანდრე ა....შვილი. მცხოვრები, რუსეთი, ქ.თბილისი, გოლოვინსკის ქუჩა #9.
ტექსტი: /რუსულადაა/ და ასე ჟღერს: ლექსო შვილო, ბაბუა ლოგინად ჩავარდა,  ჩამოდი, რომ სასწრაფოდ მიხედო მემკვიდერეობას, თორემ ბანკის ვალში ყველაფერს დავკარგავთ.
ღვთის გულისათვის, ლექსო, არ დააყოვნო გამომგზავრება, თორემ ბაბუას შეიძლება  ცოცხალს ვეღარ მოუსწრო. გკოცნი, დედა.
გაგზავნის თარიღი: 1909 წ. 21 მაისი. 16 სთ. 38 წთ. თბილისი. ცენტრალური ფოსტამტი.
მიღების თარიღი:  1909 წ. 21 მაისი.17 სთ. 04 წთ. პარიზი. საფოსტო განყოფილება #2.
ადრესატს ჩაბარდა: 1909 წ. 22 მაისი. 09სთ.30 წთ. რაც დადასტურებულია ხელმოწერით.

8. ამონაწერი მარსელიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო გემების განრიგიდან:    1909 წელი.
სამგზავრო გემი მარსელი-სტამბული- ფოთი.
მარსელიდან გასვლის თარიღი: 1909წ. 23 მაისი. საღამოს 20 სთ.
სტამბულში იქნება  2 კვირის შემდეგ, ხოლო ფოთში, სტამბულიდან გასვლის 3 დღის შემდეგ.
შემდეგი მსგავსი რეისი გათვალისწინებულია მხოლოდ 2 კვირის შემდეგ.
9. ამონაწერი პარიზის მატარებელთა მოძრაობის განრიგიდან:        1909 წელი.
მატარებელი პარიზი-მარსელი გადის დღეს,  22 მაისს, საღამოს 16 სთ.-ზე და მარსელში იქნება, ხვალ, 23 მაისს, დღის 14 სთ.-ზე.

P.S. არ ვიცი ეს ტელეფონოგრამა და ტრანსპორტის მოძრაობათა განრიგის ამონაწერები ბებოს საიდანა აქვს?..... ან  რის გარკვევას ცდილობდა ამით?....
რატომ მიატოვა მამამისმა დედამისი?....
თუ პირიქით, იმის დამტკიცება სურდა, რომ ალექსანდრეს მარგარიტა არასოდეს მიუტოვებია და რომ ეს მხოლოდ მსახვრალი ბედის გამო მოხდა?...
არ ვიცი...არა.... ამ მოზაიკას ჯერ ბევრი ქვა აკლია, რომ სურათი გამოიკვეთოს...
მე კი ჯერ არ ვიცი, სად მოვიძიო ეს ქვები, ისევ მარგარიტას ალბომში გაკეთებული ჩანაწერები თუ მიშველის.... ნეტავი, რა მოხდა?.... ანა  ბებომ მხოლოდ იმ მცირე ნაწილის თარგმნა მოასწრო ქართულად, რაც ზევით მიწერია... დანარჩენი?..... ერთი სული მაქვს, როდის მეცოდინება ფრანგული ისე, რომ თავად ვთარგმნო....
                                                                                                                          1990 წელი 3 აპრილი.   

ჩანაწრი სიუჟეტისათვის: (ქორწილის ჩაშლის მიზეზები)2009 წელი, 24 აგვისტო.

1. წერილს რომ გაგზავნის, იმ დღესვე იღებს დეპეშას, რომ ბაბუა სიკვდილის პირასაა და აუცილებელია მისი  სასწრაფოდ ჩასვლა, რომ მოაგვაროს მემკვიდრეობის საკითხი ბანკთან, თორემ ვალებში გაიყიდება ყველაფერი.
2. იგებს, რომ მარსელიდან გემი ფოთისაკენ გადის მეორე დღეს, საღამოს და შემდეგი გემი იქნება მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ.
3. იძულებულია, იმავე დღეს დატოვოს პარიზი მარგარიტას უნახავად და მას კი მისწეროს წერილი ახსნით.
4. მარგარიტა ამ დროს მამულშია პარიზის მახლობლად, სადაც მამამ დაიბარა გათხოვების გამო, რომ მოაგვარონ მემკვიდრეობის საქმეები.
5. გზაში საფოსტო კარეტა გაიძარცვა და წერილი მხოლოდ მაშინ ჩავიდა, როცა მარგარიტა უკვე პარიზში გამოემგზავრა.
6. მამამისს კი, რადგანაც არ მოსწონდა, თუმც კეთილშობილი, მაგრამ უცხოელი ჯიბეგახვრეტილი სასიძო, იგი მორიგ სასიყვარულო წერილად მიიჩნია, არც თარიღისათის მიუქცევია ყურადრება და არც არაფრისათვის და თავისი გარდაცვლილი მეუღლის კომოდის უჯრაში ჩააგდო და მიივიწყა, მითუმეტეს, რომ მისი ქალიშვილი უკვე გამგზავრებული იყო თავის საქმროსთან და სათქმელს ისეც ეტყოდა. ხოლო როცა გაიგო, სასიძოს გაპარვისა და ქორწილის ჩაშლის სამარცხვინო ამბავი, ისეთი აღშფოთებული და შეურაცხყოფილი იყო, ერთის მხრივ და  ფარულად ისეთი გახარებული, მეორეს მხრივ, რომ ვისღა გაახსენდა ეს საბედისწერო წერილი.


 
    ეჰ, და ასეთი უცნაურობები მჭირდა სულ მუდამ. ერთხელ დავიკარგე. დიახ, პატარა ფისუნიას გამო დავიკარგე.  კატები საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ ეს ფისო აივნიდან შევნიშნე, მაშინ ასე ექვსი წლისა ვიქნებოდი. ცდილობდა ქუჩაზე გადასვლას  და არ შეეძლო, თუ ვერ ბედავდა. ქუჩაზე ბევრი მანქანა არ მოძრაობდა, ერთი ძველი ქვაფენილი იყო, მოსახვევში მეწვრილანის მაღაზიით და დიდი გუბეებით წვიმისას, სადაც მზეც და დიდფანჯრიანი სახლებიც უკუღმა ჩანდნენ ხოლმე და კიდევ საშაქრლამოთი და ორი მათხოვრით მის კართან......  ჩვენს მეზობლად ველოსიპედიანი ბიჭი ცხოვრობდა, მე მისი მეშინოდა, რადგან  ძალიან სწრაფად ეშვებოდა  დაღმრთზე....უფრო სწორად მის გამო მეშინოდა, რადგან სულ მეგონა, რომ როცა იქნებოდა რომელიმე აქ შემოხვეულ ტაქსის შეასკდებოდა....
ჰო, რას ვამბობდი?.... ფისოო არა? ...და მართლა არ დავიკარგე....ფისოს გადასარჩენად ჩამოვედი. მახსოვს, როცა ჩამოვრბოდი, როგორ კაკუნობდნენ ჩემი სანდლები ხის კიბეებზე  და დედაჩემის საზაფხულო  მაღალქუსლა წითელი ფეხსაცმლის ხმას მაგონებდნენ..... სულ მათზე ვოცნებობდი.... ფისოსთან რომ მივედი, გაიქცა, მეც გავყევი და....და მერე აღარ მახსოვს მის დევნაში, როგორ აღმოვჩნდი  რომელიღაცა ფართო ქუჩაზე...... ამ დროს კი საშინლად გაწვიმდა.....
                                                                                                                    1970 წელი. ზაფხული.

ეს ანა ბებოს დღიურიდანაა... ეს მარგარიტაზე კი არა, ანა ბებოზეა...... აი , ვიპოვე, მარგარიტასაც ჩაუწერია ეს ამბავი.

    ძალიან შემაშინა გუშინ ჩვენმა გოგონამ.  ჩვენი პატარა ანა უეცრად სადღაც გაქრა.....ჯორჯიენ, მეგონა შევიშლებოდი..... თან ისეთი საშინელი წვიმა წამოვიდა......
მეზობლის ველოსიპედიანმა ბიჭმა იპოვა, ფისოსთან ერთად შეფარებოდა ბოსტნეულის გამყიდველის ფარდულს.....
ეს ფისოები ადრე სულ არ უყვარდა და ..... რომ ვკითხე, სად გარბოდი- თქო, მე კი არა, საწყალი ფისო გარბოდა, არ იცოდა, მანქანა რომ საშიშია და გავეკიდე გადასარჩენადო......ისე გამიხარდა, რომ ვიპოვეთ, და თან ამას რომ ამბობდა, ისეთი გულიბრყვილო, ზუსტად შენეული თვალებით შემომაცქერდა, რომ ვეღარ შევძელი გაბრაზება......თანაც საშინლად გალუმპულიყო და ფისოს კი ხელიდან არ უშვებდა...ასე დარჩა ჩვენთან ფისო - ბუტია, რადგან მართლა სულ რაღაცაზე გაბუტულს ჰგავდა.....
                                                                                                                        1916 წელი. 2 ივნისი.
                                                                                                            მარგარიტას ფრანგული დღიურებიდან.




ძვირფასო მარგარიტა, სად ხარ?....რატომ არაფერს მწერ? ნუთუ მართლა გგონია, რომ უსინდისოდ მიგატოვე? …ო, ღმერთო.... სულ მალე, სულ მალე წამოვალ და...აი, ნახავ, ცის დასალიერამდე ვივლი და გიპოვი, მაინც გიპოვი......
                                                                    შენი ალექსანდრე.
P.S.  ნუთუ ბედისწერა ასე მკაცრი იქნება ჩვენთვის?.... ნუთუ ამ წერილსაც სხვა წერილების ბედი ეწევა და შენამდე ვერ მოაღწევს?.... 
                                                                                                                      1914 წელი 7 ოქტომბერი.
                           
ეს ფურცელი მარგარიტას ალბომის სულ ბოლო გვერდზე საგულდაგულოდ არის ჩაკრული ....
არა და მარგარიტა თავის ალბომში წერილებს ისე დებდა, ჩაუწებებლად....ანუ ანა ბებომ ჩააკრა?....
ის ფრანგულადაა დაწერილი....უფრო სწორედ, ჯერ ქართულადაა დაწერილი და მერეა ეტყობა ფრანგულად ნათარგმნი, თუმც წერილის ქართული ვარიანტი არ შენახულა.... მე საიდან ვიცი, რომ ქართულიდანაა ნათარგმნი?.... ფრანგულ ვარიანტს ქართული ასოების მონახაზები ატყვია, რადგან ჩანს ფრანგული ვარიანტის სუფთა ფურცელი ქართულის ქვეშ იდო, როცა წერილი ქართულად იწერებოდა.....

და კიდევ, ბებოს ამ ფრანგულ ვარიანტზე თავისი ხელით გაუკეთებია მინაწერები, ოღონდ ფრანგულადვე: ,, მშვენიერია, მშვენიერი, ძვირფასო მამიკო!...და სადაა დანაპირები ,,ქვეყნის დასალიერამდე სიარული’’?...... ( მინაწერის თაღირი უცნობია)

როგორ და როდის ჩაუვარდა ეს წერილი ხელში ანა ბებოს, არ ვიცი, რადგან გაუგზავნელი წერილია...
ნეტავ, ალექსანდრემ მარგარიტას ეს წერილი რატომ ვეღარ გაუგზავნა?
                                                                                                        1990 წელი, ოქტომბერი.
                                                   
,,ბატონებო... ყურადღება! ....ჯერ ერთი ომია და ომში ყველაფერი ხდება.....ამიტომ ნება მიბოძეთ, ჩვენი კლუბის სახელით, მოგესალმოთ და გითხრათ პოეტის სიტყვებით, რომ  ,, სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა...’’
 
ეს, რა საოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მარგარიტას ალბომში ვიპოვე, ვფიქრობ, ესეც ანა ბებოს ჩადებულია იქ. 
დასრესილი ქაღალდი ვიღაცას საგულდაგულოდ გაუსწორებია და შეუნახავს, კონვერტში ჩაკეცილი..... ეტყობა  სიტყვის წარმოსათქმელად ემზადებოდა  და მერე სხვა ვარიანტი დაწერა, ეს კი გაგააგდო, მაგრამ...საბოლოოდ ვიღაცა მაინც ვერ შეელია და შეინახა.....
და მეორე მხარეს გაკრული ხელით მიაწერა: ,,ჩემი ლექსოს გამოსათხოვარი სიტყვაა 1914 წლის 7 ოქტომბერს, ომში წასვლის წინ, ამ დღეს წავიდა, წავიდა და აღარც დაბრუნებულა, ვაი, შენს დედას, შვილო.....’’
მაშ,  ალექსანდრეს სიტყვაა, და მერე?.... მერე ომში წავიდა და.... ვერაფერი გამიგია, მაშინ რატომ სწერს მარგარიტას, ჩამოვალ მალეო, თუ ომში წასვლას აპირებდა?....
                                                                                                        1990 წელი, ოქტომბერი.

                                                                    (გაგრძელება იქნება) 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები