ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2010


ლექსი-ფორს-მაჟორი

                                                          "ყველამ დამანებეთ თავი!
                                                          თავი დამანებეთ ყველამ!"

                                                                        თემურ ფირცხალაიშვილი


ღრუბელს იმედები ცრემლად დაეკიდნენ,
გზები გაგირბიან, დგახარ ხელგაწვდილი,
სხვები შეჰხარიან ზეცას და შენ კიდევ
ერთი გაღიმებაც ვეღარ შეაწვდინე.

წუხელ სიზმარეულ ლანდებს იგონებდი,
მერე ნაცნობ კადრებს თვალი მოაშორე,
ქარი დააბიჯებს ხეებს მიყოლებით
ანუ ფოთოლცვენა არის ფორს-მაჟორი.

ანუ ყველაფერი ახლა იგივეა,
ადრე რაც იყო და რასაც აღარ ელი,
ცდილობ, დააღწიო თავი სიგიჟიდან,
წამოტივტივდება ერთი საყვარელი

ლექსი

უცნაური, იქნებ არც იმდენად,
თუმცა ჩაბეჭდილი არსში სამუდამოდ,
გინდა დაგანებოს ახლა თავი ყველამ,
ხოლო პირველ რიგში - თავმა საკუთარმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები