ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
3 აგვისტო, 2008


თავი 38. თბილისში ("მაგდა")

აეროპორტში ლეა და გია მეორე სართულის აივანზე გავიდნენ, ლევანი კი ბარგის ჩასაბარებლად და ბილეთების სარეგისტრაციოდ დაბლა დარჩა.
ლეას არასოდეს ენახა თვითმფრინავები ახლოდან და ახლა გაფართოებული თვალებით შესცქეროდა ვერცხლისფერ ლაინერებს, რომლებიც ზოგი ეშვებოდა, ზოგი კი საფრენ ბილიკზე გაჰყავდათ სტარტის ასაღებად.

- რამხელა ფრთები აქვთ! რა საინტერესოა, როგორ ფრინდება ცაში ეს ამხელა ლითონი!
- მალე ნახავ, ლეა, სულ მალე! მოიცა... რეგისტრაცია დაიწყო. გინდა დაბლა ჩავიდეთ?
- მამამ რომ თქვა, აქ დამელოდეთო?
- ლეა, რა ბუნებრივად თქვი “მამაო”...
- არ შეიძლება, ასე რომ დავუძახო? მან ისე თბილად მიმიღო რომ... მეგონა...
- შეიძლება, ლეა, რა თქმა უნდა შეიძლება! პირიქით, ძალიან გაუხარდება! წამო, ჩავიდეთ...


სულ რაღაც 40 წუთში ლეა, გია და ლევანი თვითმფრინავში ისხდნენ და აფრენას ელოდებოდნენ.

ილუმინატორთან ახლოს – ლეა დასვეს, შუაში – გია, გასასვლელთან კი – ლევანი მოთავსდა.
ვიდრე ლეა აეროპორტისა და სხვა თვითმფრინავების თვალიერებით იყო გართული, ლევანი გიას მიუბრუნდა და ქართულად, ხმადაბლა უთხრა:
- გია, სულ ველოდები, რომ მკითხავ: “დედა როგორ შეხვდა ამ ამბავსო”? რატომ ხარ, შვილო, ასეთი უცნაური? სულ არ გაინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები?!... რა სტკივათ, რა უხარიათ?!... მხოლოდ შენი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე რომ ჭრი და კერავ! შენს ნაცვლად ახლა მე რომ ვიყო, სკამზე ადგილს ვერ ვიპოვიდი, მითუმეტეს, როცა დედაშენის ხასიათიც იცი... არ გაინტერესებს, რა მითხრა, ლეას ამბავი რომ გაიგო?
- კი, როგორ არ მაინტერესებს, მაგრამ... ცუდად რომ შეხვედროდა ამ ამბავს, შენ ასე აუღელვებლად არ ჩამოხვიდოდი... მერე ლეას პასპორტს არ მომთხოვდი... ბილეთს არ აუღებდი და თბილისში არ წაიყვანდი...
თანაც, დედაჩემის ამბავი რომ ვიცი, შენ კი არ გამოგიშვებდა, თვითონ გადმოფრინდებოდა თვითმფრინავის გარეშე... დამავლებდა ხელს და სულ ცუხცუხით დამაბრუნებდა სახლში...
- გია, ცოლი მოიყვანო კი არა, რა უნდა მოხდეს, შენ რომ გამოიცვალო?!
- რატომ უნდა გამოვიცვალო? რამე ვთქვი არალოგიკური?
- არა... სამწუხაროდ, არა!


მალე თვითმფრინავი მიწას მოსწყდა და ცაში აიჭრა.
ლეამ ფერი დაკარგა... სტიუარდესამ წყალი მოუტანა.
- ნუ გეშინიათ, გოგონა! საშიში არაფერია...
- არ მეშინია... უბრალოდ...
- ფეხმძიმედ არის, ამის ბრალია... - ჩაერია ლევანი და ლეას გაუღიმა.
ლეას თანდათან დაუბრუნდა ფერი.
ილუმინატორიდან გადაიხედა და პირი დააღო:
- რა მაღლა მივფრინავთ?!...  მალე ჩავალთ?... ვაი, რა ლამაზია!... გია, შეხედე, ღრუბლებში შევფრინდით!... არ გამოვალთ ამ ღრუბლებიდან?... უიიი, გეგონება გაივლიო... ნახე, როგორი ღრუბლებია? რბილი საწოლივით... ზედ ხტუნაობა და კოტრიალი მოგინდება! გია, შეხედე რა ლამაზია!... ზაფხულია და მაინც რამხელა თოვლი დევს!... გამოიხედე, რა?
- ვიყურები, ლეა! მართლა ძალიან ლამაზია!

“მოქალაქე მგზავრებო, გთხოვთ შეიკრათ ქამრები. თვითმფრინავი იწყებს დაშვებას. 20 წუთში დავფრინდებით თბილისის აეროპორტში....”

- მამა, დედა აეროპორტში დაგვხვდება? - იკითხა გიამ.
- აბა რას იზამს? მაგას გააჩერებ სახლში? ალბათ დილიდან იქ ზის.
- რა მოხდა? - იკითხა ლეამ.
- არაფერი, ლეინკა... მალე დედამთილსაც გაიცნობ...
- ვაი...
- რა მოხდა?
- არა, არაფერი!... თუ ისიც თქვენნაირია, მართლაც და რატომ “ვაი”?... მიხარია, რომ გავიცნობ!

თვითმფრინავიდან ფეხით წამოვიდნენ გასასვლელისკენ. ლევანმა შორიდანვე დაინახა ქეთო, რომელიც ფეხის წვერებზე იწეოდა, რომ კარგად დაენახა თავისიანები სხვა მგზავრებს შორის.

- ლეინკა, ხედავ ქალს მწვანე კაბაში? აი, ის არის შენი დედამთილი...
- ლამაზი ქალია! მაგრამ გია არ გავს მას... გია თქვენ გგავთ!
- გარეგნობით – მე მგავს, ხასიათით კი...
- ხასიათითაც შენ გგავარ, მამა!

ამასობაში გასასვლელთანაც მივიდნენ და...
- გია, ლევან! – დაინახა ქეთომ ქმარ-შვილი და უცებ შეცბა, -  მაგდა?...
- დედა, მომილოცე! სტუდენტი ვარ, - გია დედას გადაეხვია.
- გილოცავ, დედიკო, მაგრამ... კიდევ უნდა მოგილოცო რამე? ეს... მაგდას აქ რა უნდა?...
- დედა, ეს ლეაა, შენი რძალი... ეს არ არის მაგდა. მაგდა დიდი ხანია აღარ გინახავს და... ხო, ძალიან ჰგავს, მაგრამ მაგდა არ არის!
- ლეა?! – ქეთო წამით შეყოვნდა და მერე გულში ჩაიკრა ლეა, - რადგან ჩემს შვილს უყვარხარ, მეც შეგიყვარებ... მთავარია, თქვენ გიყვარდეთ ერთმანეთი...
- მე მიყვარს თქვენი შვილი... ძალიან...
- იმასაც უყვარხარ! სხვა შემთხვევაში აქეთ არ წამოგიყვანდა! წავიდეთ, ბავშვები გველოდებიან!

სახლში მისულებს გურამიკომ გაუღოთ კარი.
ლეას დანახვაზე გურამს ბედნიერი ღიმილი გადაეშალა სახეზე და შესძახა:
- მაგდა, მოხვედიიიი? აკი “აღარ მოვა მაგდაო”? აი, ხომ მოხვედი????  - და ლეას მოეხვია.

დაიბნა ლეა. აღარ იცოდა, გახარებოდა თუ სწყენოდა ის, რომ დედამთილმაც და ამ ბავშვმაც მასში მაგდა დაინახეს. მიხვდა, რომ გია მართალს ეუბნებოდა, “მაგდა ძალიან გგავსო”...  თავის სასარგებლოდ მიეღო ეს მსგავსება თუ საწინააღმდეგოდ? მაგრამ, ფაქტია, რომ მიიღეს, მოეფერნენ... არ გარიყეს, ხელი არ ჰკრეს!...
“დაე, ვგავდე მაგდას! ეს ხელს ვერ შემიშლის, ბედნიერი ვიყო!”



* * *

პირველი სექტემბრისთვის გია და ლეა მოსკოვში დაბრუნდნენ.
წასვლამდე შეთანხმდნენ, რომ ქორწილს ოქტომბრის ბოლოს თბილისში გადაიხდიდნენ.
ქეთომ ისიც კი შესთავაზა ლეას, “თუ გინდა ქორწილამდე აქ, ჩვენთან დარჩიო”, მაგრამ ამ წინადადებაზე ლეამაც და გიამაც უარი თქვეს.
- არა, დედა, უჩემოდ ლეას აქ არ დავტოვებ! თვითონ რომ დარჩეს კიდეც, მე არ დავტოვებ.
- კი, მაგრამ, მავნებელია ბავშვისთვის ამდენი ფრენა.
- ჩვენც მატარებლით წამოვალთ... ორადგილიანი კუპით წამოვიყვან და არ გაწვალდება.

და აი, ოქტომბრის შუა რიცხვებში გიამ 2 კვირით გაითავისუფლა თავი და ლეასთან ერთად თბილისში ჩამოვიდა.

ქორწილის სამზადისში დაფაცურდა ოჯახი. ლეასთვის ლამაზი საქორწილო კაბა იყიდეს, ოქროს ბეჭედ-საყურეები და საათი ადრევე ჰქონდა შეძენილ-შენახული ქეთოს. რესტორანიც შეარჩიეს.

გიამ თბილისის დასათვალიერებლად წაიყვანა ლეა. ჯერ ახლადგახსნილი მუზეუმი აჩვენა ღია ცის ქვეშ, კუსტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული. იქიდან ვაკის პარკში დაეშვნენ. იქ შეისვენეს.
მოშივდათ.

- წამო, ფუნიკულიორზე ავიდეთ და იქ ვისადილოთ... თან ღამის თბილისსაც გადმოვხედოთ... - უთხრა გიამ და საბაგირო გზისკენ წაიყვანა ლეა.

საბაგირო გზის ვაგონის დანახვაზე ლეას თვალები გაუფართოვდა.
- ამაში უნდა ჩავსხდეთ?...
- ხო, ლეა...
- მერე? საშიში არ არის?
- ნუ გეშინია, სულელო! მე ხომ შენთან ვარ?

ვაგონი დაიძრა და შეშინებული ლეა პატარა ბავშვივით მიეწება გიას. შიშჩამდგარი თვალებით დაჰყურებდა ლეა მის ქვეშ ხელისგულივით გადაშლილ ქალაქს და მისი სილამაზით იხიბლებოდა.
თბილისმა სულ მალე მოაქცია ლეა მისი სილამაზის ტყვეობაში.
- ღმერთო, რა ლამაზია!... რატომ აქამდე არ მითხარი, ასეთი ლამაზი თუ იყო თბილისი?!
- რა უნდა მეთქვა? ასჯერ გაგონილს – ერთხელ ნანახი ჯობდა, ლეა!

ფუნიკულიორზე რესტორანში შევიდნენ და აივანზე დასხდნენ. სასიამოვნოდ თბილი საღამო იყო.
ღმერთო, რა ბედნიერი იყო ლეა!
საყვარელი ადამიანის გვერდით, ულამაზეს ქალაქში, ულამაზეს გარემოში...
ვერც კი შენიშნა, როდის ჩამობნელდა. ლეამ ქალაქის ხედისკენ მიაბრუნა თავი და უეცრად ფეხზე წამოხტა:
- გია, შეხედე!
- რა მოხდა, ლეინკა?! - გიაც ფეხზე წამოდგა და ქალაქს მიაჩერდა, თან თვალებით ეძებდა რაღაც ძალზე უცნაურს, რამაც ლეა ასე გააოცა.
- რა უნდა მომხდარიყო? შეხედე, ქალაქი გაქრა და მის ადგილას ისეთივე ცა ამოპირქვავდა, როგორიც ზევიდან დაგვყურებს, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა!

გიამ ახლა ლეას თვალებით გადახედა თბილისს და გაუკვირდა, - არასოდეს შეუხედავს თბილისისთვის ამ თვალით: თბილისზე, თითქოს, უზარმაზარი სარკე გადაეფარებინათ და ამ სარკეში ირეკლებოდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის გუმბათი.

გვიანობამდე იყვნენ რესტორანში, ცეკვით იჯერეს გული...
შემდეგ ოფიციანტმა ჩუმად უთხრა:
- საბაგირო გზა დაიკეტა უკვე. ტრამვაიც – 30 წუთში დაიკეტება. თუ ტრამვაის უნდა გაყვეთ, - აჩქარდით.
- ლეინკა, გინდა ტრამვაით ჩავიდეთ?
- ასეთ მთებში ტრამვაიმ როგორ უნდა იაროს, გია?
- ოოო, ესე იგი, ნამდვილად ტრამვაით უნდა წაგიყვანო, რომ კიდევ ერთხელ გაგაოცო.

გიამ სწრაფად გადაიხადა ფული, ლეას ხელი ჩაჰკიდა და სწრაფი ნაბიჯით წაიყვანა ფუნიკულიორის ვაგონებისკენ.

ასეთი დაკიდული ტრამვაის დანახვაზე ლეას კიდევ ერთხელ გაუფართოვდა თვალები.
- არ დაგორდება?
- არა, ლეინკა! ეს ვაგონები – ტროსებით არის დაკიდული და ამ ტროსებით ხდება მათი მოძრაობის რეგულირება.

ღამე ციოდა. ლეამ თბილი ჟაკეტი მოიცვა, მაგრამ მაინც სიცივემ აიტანა.
- გია, მცივა!
გიამ გულზე მიიხუტა ლეა. მყუდროდ და თბილად იგრძნო თავი ლეამ გიას მკერდზე. თავი მიაყრდნო.
დუგ-დუგ... დუგ-დუგ... დუგ-დუგ...

ყური დაუგდო...
ერთი სიჩქარით ცემდა გიას გული:
люб-лю... Ле-я...  დუგ-დუგ... დუგ-დუგ...

უნისონში ამღერდა ლეას გულიც:
люб-лю... Ле-я...  დუგ-დუგ... დუგ-დუგ...
люб-лю... Ги-я...  დუგ-დუგ... დუგ-დუგ...



* * *
ქორწილამდე ერთ კვირა-ღა იყო დარჩენილი.
სერგეის, ნატაშასა და ნიკოლაის ქორწილამდე ორი დღით ადრე ელოდებოდნენ.
ლეასთვის არავის ეცალა. ყველა რაღაც საქმით იყო დაკავებული. 
- დედა, შეიძლება, ხათუნასთან და გურამთან ერთად გავისეირნო?
- რა თქმა უნდა, ლეინკა... 
სასწრაფოდ ჩაიცვეს ბავშვებმა და ლეასთან ერთად ჩაირბინეს კიბეები.
საოცრად თბილი ოქტომბერი იყო.
- ხათუნა, სად წავიდეთ?
- მოდი, ისტორიის მუზეუმში წავიდეთ?!
- ეს სად არის?
- რუსთაველზე, ლენინის მოედანთან. მერე იქვე კაფეში შევიდეთ... ნაყინი ვჭამოთ...
- კარგი, წავიდეთ...

სამარშრუტო ტაქსში ჩასხდნენ და ლენინის მოედნისკენ გაემგზავრნენ.
- ლეა, ეს სპორტის სასახლეა...
- შეხედე, აქ ზოოპარკია, ის კი, მთაზე კიბეებით რომ უნდა ახვიდე, - ცირკია!
- მოიცა, ხათუნა, აბა მე თუ ვიტყვი რამეს სწორად?... მაინტერესებს, სწორად დავიმახსოვრე თუ არა, რაც გიამ მაჩვენა და ამიხსნა.... აი, ეს ფილარმონიაა... ეს მეტროსადგური “რუსთაველია”... ეს ოპერაა... ხომ მართალი ვარ?
- კი, ლეა, მართალი ხარ! აბა, ეს რა არის?
- ეს რუსთაველის სახელობის თეატრია ხო?
- ხო, ახლა მალე ჩავდივართ....

ქაშუეთის ტაძრის პირდაპირ, მთავრობის სასახლის კიბეებთან ჩამოვიდნენ.
- გინდა კინოშიც შევიდეთ?
- მოვასწრებთ? - დაეჭვებით იკითხა ლეამ.
- რატომ ვერ უნდა მოვასწროთ? მოდი, ბილეთები ავიღოთ და მერე წავიდეთ მუზეუმში.

- შეხედეთ, შეხედეთ... ფაეტონით მიდიან ნეფე-პატარძალი, - იყვირა უცებ ხათუნამ.

რუსთაველის გამზირზე თეთრცხენებშებმული ფაეტონი მიდიოდა, უკან კი 11 მანქანისგან შემდგარი მაყრიონი მისდევდა...

გურამიკო პირდაღებული შეჰყურებდა ფაეტონს და უცებ იყვირა:
- ხათო, შეხედე, ფაეტონში მაგდა ზის! მაგდას ქორწილია? შეხედე, რა ლამაზია მაგდა!
- ხო, მაგდაა...  მაგდა! - ხმამაღლა დაიძახა ხათუნამ.
- მაგდააააააა! - მთელი ხმით იყვირა გურამმა.

და-ძმის ქართული ლაპარაკიდან ვერაფერი გაიგო ლეამ გარდა სახელისა: მ ა გ დ ა!

ლეამ ფაეტონისკენ გაიხედა და დაინახა მორენგო ფერის კოსტუმებში გამოწყობილი ორი მოხდენილი ჭაბუკი და ორიც ლამაზი ასული. ერთს თეთრი კაბა ემოსა და აკეცილ თმაში თეთრი ვარდი ჰქონდა ჩაბნეული, მეორეს კაბა კი – ზღვისფრად ლივლივებდა.

ამ ზღვისფერკაბიანმა, თითქოს თავისი სახელი გაიგონაო, მათკენ მოიხედა და...
ლეასა და მაგდას თვალები წამით შეხვდა ერთმანეთს.... სულ ერთი წამით, რადგან ფაეტონი სწრაფად გასცილდა მათ და გეზი ლენინის მოედნისკენ აიღო.

თითქოს დენმა დაარტყაო, - ისე შეხტა ლეა! ვერ გაიგო, რა მოხდა, მაგრამ... რაღაც მოხდა! აღარ უნდოდა აღარც კინო, აღარც მუზეუმი... მაგრამ, რა ეთქვა ბავშვებისთვის? აქამდე მოსული, რატომ აღარ შემოვდივარ მუზეუმშიო?
დაფიქრებული მიჰყვებოდა ხათოს და გურამს.
ხათუნა გაუჩერებლად ეტიტინებოდა თავისი დამტვრეული რუსულით, გურამი კი საერთოდ ვერ ამბობდა ვერაფერს.

ხათუნამ შენიშნა ლეას ეს უცნაური ჩაფიქრება და მიზეზი ჰკითხა.
- არაფერია, ხათუნა... ის გოგონა ვინ იყო, ფაეტონში? აი, მაგდაო, რომ დაუძახეთ...
- ხოოო, ის გიას კლასელი იყო.
- მხოლოდ კლასელი?
- არა... ხოო, მხოლოდ... არა.... - აირია ხათუნა. აღარ იცოდა, რა ეპასუხა ლეასთვის.
- ეს ის მაგდაა, გურამს რომ ვეგონე? - გაიღიმა ლეამ.
- ხო, ლეა... როგორ მიხვდი?
- თვალებით... მას საოცარი თვალები აქვს!
- და როგორ დაუნახე თვალები? ახლოს ხომ არ მივსულვართ?!
- მე მხოლოდ თვალები დავინახე მისი!... საოცარი, ზღვისფერი თვალები... წამო, დროზე დავათვალიეროთ მუზეუმი და სახლში დავბრუნდეთ...


* * *

სწრაფად გაირბინა ერთმა კვირამ...
მაგდას სახლში ტელეფონის ზარი გაისმა.
- ქალბატონო, გიამ არ დაგპატიჟა თავის ქორწილში? ხვალ გიას ქორწილია!
- ვინ ხარ?...
- შენი კეთილისმსურველი!
- არ მჯერა შენი!... არცერთი სიტყვის არ მჯერა!
- ხვალ, 12 საათზე ქორწინების სახლში მიბრძანდი და დარწმუნდები... ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰაააა...... – გადაიხარხარა ხმამ და ყურმილი დაკიდა.

მაგდა მოცელილივით ჩაეშვა სავარძელში.
“აი, თურმე, რა ვერ მაპატია!... მე კი მეგონა... არა, რატომ მეგონა, რომ გია მე მადანაშაულებდა?... ხო, ასე მითხრა, მაგრამ... ეეეჰ, მაგდა, მაგდა... აი, ეს არის სიყვარული!... ვის უნდა ენდო?! ვის უნდა დაუჯერო?!... და თუ ტყუილია? იქნებ ვინმეს ჩემი მოტყუება უნდა?... არა, მოტყუება კი არა, ჩემი სიკვდილი უნდა იმ ვიღაცას!... მერამდენედ მატყობინებს ამ საშინელებებს?!... წავალ... დიახაც წავალ ქორწინების სასახლეში... 12-ზეო, არა? ჩემი თვალით მაინც ვნახავ, სიმართლეა ეს თუ ტყუილი... ”


* * *

ულამაზესი ქორწილი ჰქონდათ გიასა და ლეას.
შავი “ჩაიკა” თეთრი ლენტებითა და ყვავილებით მოერთოთ. მანქანების ესკორტიც ზუსტად ანალოგიურად იყო მორთული ლენტებითა და ყვავილებით.

ლეას მისი თვალებივით კამკამა, ღია ცისფერი გრძელი კაბა ემოსა, გიას კი – ლურჯი კოსტუმი და ცისფერი პერანგი ეცვა.

11.30 სთ-ზე მივიდა მაგდა ქორწინების სასახლესთან და მოშორებით მდგარ ხეს მოეფარა.
ზღვისფერი უთხელესი შალის კაბა ეცვა, თეთრი მაქმანებით გაწყობილი. გულზე გიას ნაჩუქარი ოქროს მედალიონი და ძეწკვი ეკეთა. მედალიონს გულის ფორმა ჰქონდა. მის ცალ მხარეს გვირილა იყო ამოტვიფრული, რომელსაც გულის ნაცვლად პაწაწინა ბრილიანტი ამშვენებდა. გიამ ჯარში წასვლის წინ აჩუქა და მას შემდეგ მოუხსნელად ატარებდა მაგდა ამ მედალიონს.

12 საათი ხდებოდა, როცა მექორწილეთა ახალი ესკორტი მოადგა ქორწინების სასახლეს. მანამდეც სამი წყვილი მოვიდა, მაგრამ... მათ შორის არ იყო გია.
მაგდამ ახალ წყვილს გახედა და ადგილზე გაშეშდა: გიას ხელკავით მოჰყავდა...

“ღმერთო, გამახსენე, სად ვნახე ეს გოგო! ვნახე... ახლოდან ვნახე... თუ არ იყო ახლოდან?! აბა, რატომ, საიდან მახსოვს?... არა და, - მახსოვს!...”

გია და ლეა ქორწინების სასახლის შესასვლელთან გაჩერდნენ.

მაგდამ გადაწყვიტა ოდნავ ახლოდან ენახა ეს გოგონა და სამალავიდან გამოვიდა. არავინ აქცევდა ყურადღებას და ამიტომ, შეძლებისდაგვარად, ახლოს მივიდა.

გია ქორწინების სასახლისკენ პირით იდგა, ლეა კი – ზურგით... სასახლის უზარმაზარ მინებში მექორწილენი და მათი სტუმრები ირეკლებოდნენ.

და უეცრად გია ხედავს მაგდალეას... არა, მაგდალეას კი არა, მაგდას და ლეას... ერთდროულად, ორივეს, და ორივეს მის გვერდით... მაგდას - მინაში და ლეას მის წინ მდგარს... ორივეს ერთნაირს... ორივეს ლამაზს, ორივეს სასურველს...

მერე ვიღაც ჩამოეფარა მაგდას გამოსახულებას მინაში და... შეეშინდა გიას, მაგდას დაკარგვის შეეშინდა. გული მოეწურა... მიხვდა, რომ მაგდას სიყვარული ფეხმოუცვლელად ეჯდა გულის შორეულ კუთხეში და ვერანაირი ძალით და ვერავის შეყვარებით მას ვერ განდევნიდა, ვერ ამოიძირკვავდა გულიდან.... სახეზე შეეყინა ღიმილი... ნელა მობრუნდა და თვალებით დაუწყო ძებნა.

ლეამ დაინახა მაგდა და მიხვდა, რომ გია მას ეძებდა ახლა თვალებით... ან მთელი არსებით...
მასაც სახეზე შეეყინა ღიმილი... გული და გონება ებრძოდა ახლა ერთმანეთს.
როგორ მოიქცეს?
სკანდალი ატეხოს?
კი, მაგრამ, რისთვის? - გია ხომ მას ირთავს ცოლად?!
გაატაროს, ვითომ არაფერი მომხდარა? - ან კი რა მოხდა? ჯერ არაფერი... და მერე?... მერე როგორ წარიმართება სიტუაცია, - ეს მასზე და გიაზეა დამოკიდებული. არა... ჯერ არ შეიმჩნევს... მოხდეს, რაც მოსახდენია!
- გია, იქით გაიხედე... ცოტა მარცხნივ...

გიამ თავი მარცხნივ მიაბრუნა და...
“მაგდა!... მაგდა აქ არის! ჩემს ქორწილში... და არა პატარძლად!... ბედის ირონიაა? მოიცა... ლეამ მიმაბრუნა იქით... რა იცოდა ლეამ მაგდა? საიდან?... ღმერთო, შენ ნუ გამაგიჟებ!”

- გია, მაგდა გიყურებს და გელოდება... მიდი, სირცხვილია!... თუ გინდა გამაცანი კიდეც... უკეთესი იქნება...
- მაგდა გაგაცნო?... ლეა... ხუმრობ?
- არა, არ ვხუმრობ... მოიყვანე და გამაცანი, კარგი?... - ლეა ისეთი მშვიდი იყო, ისეთი ლამაზი და ისეთი... (“მაინც, როგორი ხარ, ლეა?”)

მაგდა იდგა და ელოდა, რას იზამდა გია.
შებრუნდებოდა? - მაგას ერჩივნა, მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა...
მისკენ წამოვიდოდა? – და რისთვის? ქორწინების სასახლესთან მოყვანილ პატარძალს მიატოვებდა და მაგდას დაუბრუნდებოდა?  რა სისულელეა!
მაგდა მობრუნდა და სწრაფად დააპირა წასვლა, მაგრამ ხალხის ნაკადმა შეაფერხა. სწორედ ეს ერთი წამი დასჭირდა იმას, რომ გაეგო კიდეც გიას ძახილი:
- მაგდა, არ წახვიდე, მოიცა!...

გაქვავდა მაგდა. ფეხი ვეღარ გადადგა! კანკალმა აიტანა....
ხელის შეხება იგრძნო. ამ ხელისკენ მობრუნდა და გია დაინახა... დარცხვენილი, გაოგნებული, შეყვარებული... ოდესღაც მისი და აწ უკვე სხვისი გია!

- გილოცავ, გია... ბედნიერი იყავი... მხოლოდ მოსალოცად მოვედი!
- გმადლობ, მაგდა! გმადლობ... ლეას უნდა შენი გაცნობა...
- ლეას... ხო, რა თქმა უნდა?!... გავიცნობ, რატომაც არა?! – და მაგდამ, ვითომ მტკიცედ, სინამდვილეში კი – აკანკალებულმა გადადგა ლეასკენ რამდენიმე ნაბიჯი.

- კეთილი იყოს, მაგდა, ჩვენი გაცნობა! - უთხრა ლეამ და გაუღიმა.
- გილოცავთ, ლეა! ბედნიერები იყავით... – მაგდამ ლეა გადაკოცნა და...

გაახსენდა, სადაც ნახა! ერთი კვირის წინ... რუსთაველზე, ფაეტონიდან რომ დაინახა!... რამდენი ვინმე იყო რუსთაველზე იმ დღეს?!... და რაღა ეს დააფიქსირა მისმა გონებამ? რაღა ამის სახე დაამახსოვრდა ასე?... ვიღაცას აგონებდა ის სახე, მაგრამ... ვის?... ვის?!...
- მხოლოდ მოსალოცად მოვედი... - მაგდამ გამშრალი ტუჩები მოილოკა და ყელზე მოისვა ხელი.

მედალიონი მოხვდა თითებში... და უცებ მიხვდა, რომ ეს მედალიონი მას აღარ ეკუთვნოდა, - ეს ლეას საკუთრება იყო უკვე, ოქროს გული, ზედ ამოტვიფრული გვირილით... “ვუყვარვარ? – არ ვუყვარვარ?”...

მაგდამ სწრაფად მოიხსნა ძეწკვი მედალიონიანად და ლეას გაუწოდა:
- ლეა, ეს ჩემგან... ის შენ გეკუთვნის ახლა!  და მტერს ნუ დაუწყებ ჩემში ძებნას... მე არ ვარ სამტროდ მოსული...
- მაგდა... - სცადა მისი შეჩერება გიამ, მაგრამ მაგდამ ყურადრება არ მიაქცია გიას და განაგრძო:
- შეიძლება ვერც მეგობრებად ვიქცეთ, მაგრამ... არც მტრობას ვაპირებ შენთან... გემუდარები, გაიკეთე ეს მედალიონი... ეს გიას გულია და ის მის მეუღლეს უნდა ეკუთვნოდეს... მე მხოლოდ შესანახად მქონია მობარებული... გევედრები, ლეა!...
- გმადლობ, მაგდა! ყველაფრისთვის გმადლობ!... - ლეამ ძეწკვი ყელზე შეიბა და... უცებ დამშვიდდა! საოცარი გრძნობა დაეუფლა: გია მისი იყო, თხემით ტერფამდე მისი... და სულით-ხორცამდე შეებრალა მაგდა! მაგდას არ ჰქონდა ბედნიერი ქალის გამომეტყველება, მაგრამ... არც უბედურ ქალს გავდა იგი! მისი არ უნდა შეშინებოდა... და არა იმიტომ, რომ ლეა უფრო ლამაზი და მომხიბლავი იყო, არამედ იმიტომ, რომ მაგდა არ ჰგავდა მტაცებელ ქალს...
- მაგდა, დარჩი... მე გეპატიჟები... გთხოვ...
- არა, ლეა... მაპატიე, დარჩენით – ვერ დავრჩები... მშვიდობით... - მაგდამ ლეა გადაკოცნა და გიას მიუბრუნდა, - მშვიდობით, გია!...

მაგდამ არეულად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი...
- მაგდა, წამოდი, მანქანაში დაჯექი... სახლში გაგიყვან... – ამ ხმაზე მობრუნდა მაგდა და ნუკრის ხელებში ჩაიკეცა, - მაგდა, მაგდა.... აბა, დამშვიდდი ახლავე... - ნუკრიმ ლამის ხელში აიყვანა მაგდა და იქვე მდგარ მანქანაში ჩასვა.  თურმე შორიდან უყურებდა მაგდას, გიასა და ლეას და მანქანა ახლოს მოუყვანია, ყოველი შემთხვევისთვის.

ამ შემთხვევამაც არ დააგვიანა და ახლოს მდგარი მანქანა – მისწრება იყო სიტუაციის არგასამწვავებლად!

- გია, მე მაგდას გავიყვან და მოვალ... - გასძახა ნუკრიმ, საჭეს მიუჯდა და მანქანა მაგდას სახლისკენ გააქროლა.


გზაში მაგდა უკეთ გახდა.
სახლში მისულმა, ნუკრის სადარბაზოში აცილებაზე უარი უთხრა და ქორწილში დააბრუნა. 
კარი ნინომ გაუღო.
- სად იყავი, მაგდა?! რატომ არ დაიბარე, სად მიდიოდი?! მოდი, ბავშვს აჭამე... მთელი საათია ჭუჭყუნებს.
- გიას ქორწილში ვიყავი, დედა...
- სააად? - ნინოს ყბა დაეკიდა გაოცებისაგან.
- ხო, დედა, გიას ქორ-წილ-შიიიი... - მაგდამ მექანიკურად ხელი ყელზე ჩამოისვა და ძეწკვი რომ აღარ დახვდა, შეაჟრიალა.
- მაგდა, ძეწკვი რა უყავი, დაკარგე?
- არა, დედა... გიას მეუღლეს ვაჩუქე, ლეას!... -  მაგდა თავისი საძინებლისკენ წავიდა.
- გიას საჩუქარი.... - ჩაილაპარაკა ნინომ, მაგრამ ეს მაგდას აღარ გაუგონია.

სწრაფად გამოიცვალა ტანზე და თეა მკერდზე მიიხუტა.
თეამაც სწრაფად მიაგნო დედის მირთმეულ უგემრიელეს საჭმელს, - რძეს და მაგდას ძუძუს ხარბად დაუწყო წოვა თავისი პაწაწინა წითელი ტუჩებით.
- როგორ მიყვარხარ, თეაკო, ჩემო იმედო და ჩემო სიხარულო!... მე არავინ მჭირდება შენს მეტი!... - ჩურჩულებდა მაგდა და გულში იბრუნებდა თვალიდან არგადმოღვრილ ცრემლებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები