ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
15 ოქტომბერი, 2010


დაბადება

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

      ფიქრები ღრუბლებივითაა, ზოგჯერ მოულოდნელად  შეიყრება, ერთს გაიელვებს, მერე მაგრად დაიქუხებს და  კოკისპირულად წამოვა იდეები. სწორედ აზრების ერთ-ერთმა ასეთმა თავსხმამ გამოიწვია ჩემი ამ ნაწერის დაბადება.
      და რამ გამოიწვია ჩემი დაბადება?
      დავიწყოთ იქიდან, რომ მე ვარ ერთ-ერთი რიგითი ქალაქის, ერთ-ერთი რიგითი სახელოსნოს, ერთ-ერთი რიგითი მუშა და  ვცხოვრობ ამ პატარა ქალაქის, ერთი პატარა სახლის, პატარა ოთახში, დიდი იდეებითა და მომავლის არანაკლები გეგმებით.
      ყველა დღე ერთნაირად იწყება. დილაუთენია მივუყვები გადახუნებულ ასფალტს და გულში იმ იმედზე ვფიქრობ, გაღვიძებისას რომ გამიჩნდა.
      და მაინც არაფერი...
      ისევ ბინძური სამყარო, სადაც ყველაფერს ფულის სუნი აქვს...
      ისევ ლოთებითა და მეძავებით სავსე ქუჩები....
      ისევ ის ხალხი - უსინდისობისგან შუბლისძარღვგაწყვეტილები და სიმაძღრისგან - პერანგის ღილებგაგლეჯილნი...

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

      მოკლედ, ჩემი ცხოვრება ვიწრო კალაპოტში მდორედ იქამდე მიედინებოდა,  ვიდრე ერთხელ, სახლში მისულს კარებში  წერილი არ დამხვდა.
      წერილებს მიჩვეული არ ვარ, მითუმეტეს, ასე დატოვებულს, ამიტომ, შიმშილის მიუხედავად, მუცელსა და ცნობისმოყვარეობას შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გავაკეთე, კონვერტი გავხსენი და კითხვა გაფართოებული თვალებით დავიწყე. წერილი ჩემი საუკეთესო  მეგობრისგან იყო:
   
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   

      ” გი, შენთვის არასდროს არაფერი მიჩუქნია, ამიტომ ახლა ამ წერილს გიტოვებ და იმედი მაქვს, ბოლომდე წაიკითხავ.
      იცი, ხალხს ყოველთვის ბედნიერი ვეგონე. თუმცა, როგორ არ იცი, შენ ხომ ერთ-ერთი პირველი ხარ მათ შორის, ვინც სულ იმას მეუბნებოდა, რომ მხიარული და სიცოცხლით სავსე ვარ, მაგრამ გი, იქნებ სულაც არ არის ყოველთვის ისე, როგორც ჩვენ გვეჩვენება? ღიმილი ყველაზე ლამაზი ნიღაბია, რომელის ქვეშაც ხშირად მახინჯი სინამდვილე იმალება. ალბათ მეც ასე ვიყავი, გი...
      ”ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო” - ასეა წესი. მე კი როგორ ვიქცეოდი? სანამ გამარტყამდნენ, იქამდე ვუშვერდი ორივე ლოყას. სულელი ვიყავი, სულელი, გი...
        სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე მივხვდი, გი, რომ აქვეყნად თურმე ადამიანების ორი კატეგორია არსებობს: ერთნი, რომელნიც წარმატებას აღწევენ და მეორენი – რომელთაც პირველების შურთ. მე არ ვიცი, რომელ მათგანს მივეკუთვნები, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი ცხოვრება შურიან ადამიანებთან ვცხოვრობდი, გი! ხანდახან, მეც მშურს მათი და იცი, რატომ?  იმიტომ, რომ ვხედავ, თუ რა ცოტაა საჭირო ისეთი ადამიანის სიხარულისთვის, რომელსაც საკუთარ ბედნიერებაზე მეტად სხვისი უბედურება ახარებს. ასე ამბობენ, გველი არ უნდა მოიშინაურო, თორემ, რომ გაიზრდება, ერთხელ მაინც უკბენს პატრონსო. ეგრეა, კი! ოღონდ, განა მარტო გველი? ადამიანის გაცნობაზე რთული მისი გამოცნობა ყოფილა, უბრალოდ, ალბათ  უნდა ეცადო, რომ ყველა ადამიანში ნახო ის დადებითი თვისება, რის გამოც მასთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდება და ერთი უარყოფითიც, რის გამოც მას ბოლომდე არ მიენდობი.
        ასეა გი, თუმცა, სამწუხაროდ ამას გვიან მივხვდი, ძალიან გვიანაც კი...
        მაგრამ, არაუშავს, მე ყველას ყველაფერი ვაპატიე, რადგან ერთადერთი კარგი თვისება, რაც ყოველთვის გამაჩნდა, პატიების უნარია. ამას შენც გირჩევდი, რადგანაც ეს არის ადამიანის დასჯის ყველაზე მწარე ხერხი და ყველაზე სასტიკი განაჩენი, რომელიც კი შეიძლება მას გამოუტანო. შენ თვითონ წარმოიდგინე, რა იქნება, თუკი იჩხუბებ ადამიანთან და მეორე დღეს  ისე მშვიდად გაუღიმებ, თითქოს არაფერი მომხდარა. აი, მაშინ კი კარგად უნდა დააკვირდე მის სახეს! ეს იქნება გაოცებისა და სინანულის ნაზავი შეღებილი სირცხვილისფრად. მერე კი ცოტა საკუთარ თავსა და გრძნობებსაც ჩაუფიქრდი. ოჰ, რა თავისუფლად და ბედნიერად იგრძნობ თავს. დიახ,  ეს ისეთი სიამოვნებაა, თვით ომში გამარჯვება რომ მოგანიჭებდა, რადგან პატიება და შერიგებაც გამარჯვებაა. გამარჯვება მეტოქეზე, საკუთარ თავსა და სურვილებზე.
        იცი, ხშირად როდესაც ცხოვრებაზე ვფიქრობ, შენი სიტყვები მახსენდება, როცა ერთხელაც აღელვებულმა  დამირეკე  და მითხარი, რომ ყველაფრისგან მობეზრებული თავის მოკვლას აპირებდი. იცოდე, ეს სისულელე არასოდეს გააკეთო! სიცოცხლე რომ ჩვენი საკუთრება იყოს, იქნებ გვქონოდა კიდეც მისი ნებით დათმობის უფლება,  მაგრამ ის მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის და ეს გახსოვდეს კარგად! სამწუხაროდ,  იშვიათად თუ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენთვის იქნებ მომაბეზრებელი სიცოცხლეც, შესაძლოა ვიღაცისთვის ძალიან ძვირფასი იყოს და თვითმკვლელობით, ფაქტიურად ასეთ ადამიანებსაც ვკლავთ. ერთი დაიმახსოვრე, გი! თუკი იცი ან ფიქრობ, რომ არსებობს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც უყვარხარ და რომელსაც შენი სიკვდილი გაანადგურებს, როგორც არ უნდა გიჭირდეს ცხოვრება, არასდროს იფიქრო თვითმკვლელობაზე. უბრალოდ, იცოცხლე იმ ადამიანებისთვის, რომელსაც შენ სჭირდები.
          რაც მთავარია, იმეგობრე შენზე უკეთეს ადამიანებთან და ნუ შეგეშინდება იმის, რომ მათ ფონზე შესაძლოა ისეთი კარგი არც ჩანდე. მერწმუნე, გერჩიოს იყო უკანასკნელი შენზე უკეთეს მეგობრებში, ვიდრე საუკეთესო - ყველაზე უარესებს შორის, რადგან როგორ ხალხთანაც გექნება ურთიერთობა, ისეთი გახდები შენც. გახსოვდეს, ქურდს ვერ გამოასწორებ და თუკი შენივე მეგობარი გაგქურდავს, არ გეწყინოს, რადგან ეს შენი არჩევანი იყო. ასეა, გი!
        გასაკვირია, მაგრამ  ხანდახან, როცა ძალიან ბედნიერი ვიყავი, არ შემეძლო ამის მიზეზის ახსნა, ახლა კი, მართალია ამდენი ხნის შემდეგ, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ თურმე ბედნიერებას მიზეზი არ სჭირდება, მიზეზი უბედურებისთვისაა საჭირო და თუ ის არ არსებობს, ე.ი უკვე ბედნიერი ხარ. ჰოდა, დიდ ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებაში. იმედი მაქვს, კარგ ოჯახს შექმნი, ისეთს, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდი. ოღონდ კიდევ ერთი რჩევა უნდა მოგცე: ორმხრივი დიდი სიყვარულის გარეშე ცოლი არ მოიყვანო, რადგან ასეთი ქორწინება ცემენტის გარეშე აშენებული სახლივითაა და  ერთმაც რომ გაიაროს შორიახლოს, მისი ბიძგები აუცილებლად დაანგრევს.
        შენი წარმატებების იმედი მაქვს, გი! ოღონდაც, ერთი ცუდი თვისება გაქვს, ნიჭიერი, თუმცა,  გაუბედავი ადამიანი ხარ.  ყოველთვის მგონია, რომ რაღაცის გეშინია. იქნებ, საკუთარი შესაძლებლობისაც? განა, საკუთარი თავის იმედი არ გაქვს? არა, ეგ არასოდეს გაიფიქრო! შენ ეს შეგიძლია, გესმის? ის, რისთვისაც მიუღწევია თუნდაც ერთ ადამიანს, ან ფიქრობ, რომ ვინმემ შეიძლება მიაღწიოს,  შესაძლებელია შენთვისაც. აბა, რით არის სხვა შენზე უკეთესი? თავიდან ხომ ყველანი ერთნაირები ვიბადებით?! ცხოვრებში არავის იმედი არ უნდა გქონდეს საკუთარი თავის გარდა და ბოლომდე, ნურც მას მიენდობი!
        ეს არის ბოლო წერილი, რომელსაც გიგზავნი და შენ ვეღარასოდეს მიპოვი, რადგან როდესაც მას წაიკითხავ, მე უკვე მონასტერში ვიქნები. ჰო, აქ უნდა  გავაგრძელო დარჩენილი ცხოვრება და თუკი ამის შემდეგ, მე  მხოლოდ სულის გამოკვებაზე  ვიფიქრებ, შენ  სხეულის გადარჩენაც მოგიწევს ამ ველურ სამყაროში. ამიტომ, იბრძოლე! იბრძოლე ბოლო წუთამდე და გახსოვდეს, რომ არსებობდა ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდი და რომელსაც შენი ბედნიერება უნდოდა...
        "რაც ერთზე მეტად არ ღირს წასაკითხად, ის სრულიად არ ღირს წაკითხვად" - უთქვამს ვებერს და თუკი ჩემს ნაწერს მეორედ მაინც დაუბრუნდები, გამოდის, რომ ტყუილად არ მიწვალია ამდენი...”

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

წერილმა ძალიან დამაბნია...
მთელი ღამე ვკითხულობდი, თავიდან ბოლომდე და პირიქით...
საერთოდ, ტირილი არ მჩვევია, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ცრემლების შეკავება ვერ შევძელი.
არ მახსოვს როდის გავიცანი, სად ან რა სიტუაციაში, მაგრამ  ერთი კი დანამდვილებით ვიცოდი, არ ყოფილა მძიმე წუთები  ჩემი ცხოვრებიდან, როდესაც ის გვერდით არ მედგა. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე.
არ არის აუცილებელი ადამიანი მატერიალურად ან ფიზიკურად გეხმარებოდეს, როდესაც შენს პრობლემებზე ესაუბრები და მოთმინებით გისმენს,  ეს უკვე დახმარებაა და ასეთი დახმარება მას არაერთხელ გაუწევია ჩემთვის...
ჩვენ ერთნაირები ვიყავით გემოვნებით, ხასიათით და რაც მთავარია მიზნებით...
ერთნაირად გვტკიოდა და ერთნაირად გვიხაროდა...
თითქმის ყოველთვის ერთად ვიდექით მაღაზიის ვიტრინების წინ და საათობით ვოცნებობდით ჩვენი სასურველი საგნების შეძენაზე...
საყვარელი წიგნებიც ერთნაირი გვქონდა...
პერსონაჟებიც...
ვცდილობდით ერთმანეთი ხშირად გაგვეხარებინა და ამისთვის რაც შეგვეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით.
ერთმანეთს ვულოცავდით არამარტო იმ დღესასწაულებს, რაც ბუნებაში არსებობობდა, არამედ იმასაც, რაც უბრალოდ ჩვენ გამოვიგონეთ ერთმანეთისთვის სიხარულის მისანიჭებლად.
არავინ მყავდა და ის იყო ერთადერთი, ვისი იმედიც ყოველთვის მქონდა და ვინც მთელი ჩემი ცხოვრება იცოდა...
ის იყო ყველაფრის სათავეც და ბოლოც...
მიწევდა დობას, რადგან და ბავშვობაში გარდამეცვალა...
იყო ძმა, რომელიც არასდროს მყოლია და რომელზეც მხოლოდ ვოცნებობდი.
იყო დედაც და მამაც, რომელებიც  ყოველთვის უფრთხილდებიან და არიგებენ შვილს.
იყო ნათელი, რომელიც შორეული წარსულიდან ჩემი ცხოვრების გასალამაზებლად შემოიჭრა...
იყო იმედი, რომელიც არასდროს კვდებოდა, თუნდაც სურვილი რეალობისგან ძალიან შორს ყოფილიყო...
იყო ყვავილი, რომლის დაჭკნობაც ვერასდროს წარმომედგინა...
ახლა კი?
დამრჩა ტკივილად, რომელიც არასდროს მომიშუშდება...
დამრჩა ფიქრებად, რომელიც არასდროს მომასვენებს...
დამრჩა სინდისის ქენჯნად, რადგან დამშვიდობების საშუალება არ მომცა, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა თუ როგორ მიყვარს...
დარჩა მონატრებად, რომელიც ვიცი, რომ არასდროს გაივლის...

დავკარგე ის ერთადერთი ადამიანიც, რომელიც მყავდა და დავრჩი ამ ბოროტ სამყაროში მარტოდმარტო...

მე კი ვინ ვიქნები ამის შემდეგ მისთვის?

დავრჩები ლოცვებში, რადგან ახლა ახლოა ღმერთთან...
დავრჩები წარსულის ლამაზ მოგონებად (თუკი ის საერთოდ სჭირდება...)
დავრჩები იმ ცხოვრების ცოცხალ დასტურად, რომელმაც ხშირად ატკინა გული...
ალბათ ცოდვა და ეგოისტობა იქნებოდა, მისთვის დარჩენა რომ მეთხოვა (მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება არც მოუცია) ამიტომ თავს ვირწმუნებ, რომ უკეთესი ცხოვრება აირჩია...
მიდის...
მე კი...რა?

თუმცა, მე დამრჩა წერილი, წერილი, რომელმაც პირველივე სიტყვიდან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე...

და რა მოხდება შემდეგ?..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დღეები ერთნაირად აღარ იწყება.
თითქოს ჩემთვის მზეც სხვანაირად ამოდის...
კი, სამყარო ისევ ისეთი ბინძურია და ფულის სუნი ასდის ირგვლივ ყველაფერს...
ქუჩებიც ისევ ლოთებითა და მეძავებითაა სავსე...
ხალხიც ისევ ისეთია - უსინდისობისგან შუბლისძარღვგაწყვეტილები და სიმაძღრისგან - პერანგის ღილებგაგლეჯილნი...
ოღონდ მე შევიცვალე...
შევიცვალე იმ წერილის შემდეგ და სწორედ აქედან იწყება ჩემი დაბადება...

ლიკა ოხანაშვილი


12.10.2010







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები