ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
16 აპრილი, 2008


სიყვარულის სახელით (ციკლიდან „თეონას პატარა ისტორიები“)


თოვს...
მეხუთე დღეა, გადაუღებლად თოვს!... თეთრად გადაპენტილა არემარე.
ქუჩებში კანტი-კუნტად დადიან მანქანები.
საღამოვდება.
ხეების ჩრდილები დაგრძელდა და თოვლის სითეთრეში ჩაიკარგა. გარემომ პირქუში იერი მიიღო.

გაუკვალავ თოვლში ოციოდე წლის ქალიშვილი მიაბიჯებს. მშრალი თოვლი სასიამოვნოდ ჭრაჭუნობს მის ფეხქვეშ, მაგრამ მას ეს ჭრაჭუნი არ ესმის, - საკუთარ ფიქრებში ჩაძირულა... სადგურისკენ მიიჩქარის, ეშინია, მატარებელმა არ გაასწროს...

ხელი ჯიბეში ჩაიყო და დაკეცილი ქაღალდი ამოიღო.
დახედა, მწარედ ამოიკვნესა და, წაუკითხავად, ისევ ჯიბეში ჩაიბრუნა...
ან რისთვის-ღა უნდა წაეკითხა?! - ზეპირად იცოდა ყველა სიტყვა, რაც ამ პატარა ბარათში ეწერა:
”გეგონა, რომ უყვარდი? ხედავ, რა ძლიერი სიყვარული სცოდნია? ცოლი მოყავს!... დარჩი ახლა მანდ და იოცნებე!... ბედნიერი და ნათელი მომავლის იმედით იცხოვრე!... შენ ხომ მხოლოდ ოცნება დაგრჩა!!!”........

... და სხვა არაფერი?!...

ცივად გაუშვა ხელი ბარათს...
პალტოს საყელო აიწია და ნაბიჯი შეანელა.

”სად მიდიხარ, თეონა? ვის სჭირდები იქ?...
გგონია, შენი ჩასვლით რამე შეიცვლება? გგონია, დაგინახავს და მაშინვე შენსკენ მოუბრუნდება გული?...
მორჩა, დამთავრდა!!! შენ მისთვის აღარ არსებობ!...
სად მიდიხარ, სად?!!!!!”

შეჩერდა.
ცას ახედა, - ისევ შეუჩერებლად ბარდნიდა.
გზას გახედა, - სადგურამდე ორასიოდე მეტრი დარჩენოდა....

ერთ-ერთი ეზოს წინ, ქუჩაში მდგარ სკამზე ჩამოჯდა და გაირინდა.
გზაზე ადამიანის ჭაჭანება არ იყო...

სწრაფად ჩამობნელდა. ქუჩას მხოლოდ სახლების ფანჯრებიდან გამოსული შუქი ანათებდა.

”მორჩა! აღარაფერი მინდა! მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო! არსადაც არ წავალ! მე იქ აღარავის ვჭირდები!..... აქ?... აქ კი ვჭირდები ვინმეს?....”
თავისი პირველკლასელები გაახსენდა, სიყვარულითა და მოწიწებით რომ შესციცინებდნენ თვალებში...
ხელი აუქნია სასიამოვნო ზმანებას...

განაწილებით წამოვიდა სკოლაში სამუშაოდ... სულ ორი წლით!...
სულ რაღაც ორიოდე წლით!!!... და აი შედეგიც,  - ვერ გაუძლო ამ გამოცდას!!! ორი წელი ვერ დაელოდა!...

”თეონა, ნუ ბავშვობ! ორი წელი კი არა, ექვსი თვეა ჯერ მხოლოდ გასული!...  მხოლოდ... მხოლოდ ექვსი თვე!!! ”.....

სწრაფად წამოდგა და თითქმის სირბილით წავიდა სადგურისკენ.

ბაქანზე მგზავრები ირეოდნენ. მატარებელი ჯერ არ ჩამომდგარიყო.

გადასასვლელი ხიდისკენ წავიდა.

-  გოგონა, ხიდზე არ ახვიდე, კიბეები მოლიპულია და ფეხი დაგიცდება! - მიაძახა სადგურის მორიგემ.

თეონამ ერთი კი მიხედა, ”გმადლობთო” - ჩაიჩურჩულა და ხიდის კიბეს აუყვა.

კიბე მართლაც მოლიპული იყო. მოაჯირს ებღაუჭებოდა და ისე ააღწია ბოლო საფეხურამდე.

ხიდის თავზე ნათურა ციმციმებდა  და ფეხდაუკარებელი თოვლის სითეთრეს უფრო იდუმალს ხდიდა.

ფრთხილად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
ჭრრრ.... ჭრრრ.... ჭრრრ.... ჭრრრ.... -  გამოეპასუხა თოვლი.

ხიდის შუამდე მიაღწია და მოაჯირს დაეყრდნო.
” ბაქანზე მგზავრებმა ფუსფუსს უმატეს... ალბათ მატარებელი თუ შემოდის...”
- თეონა, რას აპირებ?!... - თავის თავს ჩაეკითხა, მაგრამ კითხვა უპასუხოდ დარჩა...

ფრთხილად შეყო ფეხი რკინის რიკულებში და ხიდის თოვლიან გზას მოსწყდა.
ამაღლდა...
ამაღლდა?... 
არა, არ ამაღლდა, უბრალოდ, უფრო მაღალი გამოჩნდა!!!
მაგრამ ვისთვის?... ვის გამო?!!!!
მეორე ”საფეხურზე” ასვლა უფრო გაუჭირდა. განათების ბოძს ჩაებღაუჭა გაყინული თითებით.

მამის სახე დაუდგა თვალწინ.
- რას შვები, თეონა, მღუპავ?! მე რა მეშველება უშენოდ, შვილო?!!! - გარკვევით გაიგონა მამის ხმა...
მაგრამ შორს იყო მამა და ხელს ვერ შეაშველებდა. მხოლოდ თეონას გულში თუ ტვინში ისმოდა მამის განწირული ხმა!!!
- მაპატიე, მამა! მაპატიე!...

რიკულების კიდევ ერთი ხვეული გამოიყენა კიბედ და უფრო ზევით აიწია...

მოსახვევში მატარებლის ფარების შუქი გამოჩნდა, შემდეგ მოაკივლა და სადგურის ტერიტორიაზე შემოვიდა.
წამები... კიდევ რამდენიმე წამი და... მატარებელი ხიდს  გაუსწორდება.
”მაშინ, სწორედ მაშინ გავუშვებ ხელს ამ ბოძს და... ყველაფერი დამთავრდება!”...

თეონამ თვალები დახუჭა, ბოძს ხელი გაუშვა და...

მხრებზე ძლიერად შემოეჭდო ვიღაცის ხელები. ამ ხელებმა რიკულებზე გადაბიჯების საშუალება მოუსპო. შემდეგ იგრძნო, როგორ აიტაცეს ამ ხელებმა და კვლავ ხიდზე დააბრუნეს...
- რას აპირებდი?! ეს სისულელე რამ მოგაფიქრებინა?! კიდევ კარგი, რომ მოგისწარი!... რომ გადამხტარიყავი, ჩვენ ხომ ვეღარასოდეს შევხვდებოდით ერთმანეთს?!... - ჩუმად, სიყვარულით ეჩურჩულებოდა ხმა.

შერცხვა თეონას... სახეზე ხელები აიფარა... ხმისკენ ვერც კი მოიხედა, ისე ჩაიჩოქა თოვლში...
- მაპატიე, ღმერთო, მაპატიე!...

უეცრად იგრძნო, როგორ დაიძრა გულიდან რაღაც ცხელი, ლავასავით... შემდეგ ეს ლავა თვალებს მოადგა და ნაკადულებად გადმოხეთქა... მხრები აუცახცახდა...

თავზე ხელის გადასმა იგრძნო...
დიდი სიყვარული მოდიოდა თბილი ხელისგულიდან...

თავი ასწია და... სიცარიელეს მიაშტერდა ცრემლიანი თვალებით.
ირგვლივ მიმოიხედა, - ხიდზე მის გარდა არავინ იყო...

ფეხზე წამოხტა და ხიდზე დადებულ თოვლს გახედა, - მხოლოდ მისი ნაფეხურები ჩანდა, რომლებიც, სანახევროდ, ახალი თოვლით გადაფარულიყო...
ცას ახედა, - ისევ ხვავრიელად ბარდნიდა...
გაოგნებული შეჰყურებდა ფეხდაუდგმელ თოვლს... თავი სიზმარში ეგონა!!!
კვლავ ცას ახედა, თითქოს იქიდან ელოდა დაუსმელი კითხვის პასუხს...

- თეონა, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, აუცილებლად შევხვდებით!... შენ მე მჭირდები, თეონაააააააააა!... - შორიდან, გულის გულიდან მოესმა ხმა.
- გმადლობ, უფალო! მიყვარხარ!... ვიცი, ეს შენ იყავი! ვიცი!!!... დარწმუნებული ვარ!!!... და მაპატიე!... შემინდე ეს დანაშაული!...

ფრთხილად შემობრუნდა და თავისივე ნაფეხურებს გამოჰყვა... ფრთხილად ჩამოიარა მოლიპული კიბეებიც.
ბაქანზე ხალხი თითქმის აღარ იყო.  სადგურის მორიგემ უტყვად გამოაყოლა თვალი...
სიცივისაგან დამზრალი თითები სუნთქვით შეითბო და პალტოს ჯიბეებში ჩაიწყო ხელები.
იგივე ბარათი შერჩა ხელში, მაგრამ ახლა ეს ბარათი აღარაფერს ნიშნავდა მისთვის... ან - თითქმის აღარაფერს...
ამოიღო, დახედა და ... შუაზე გადახია! შემდეგ კიდევ, კიდევ... გაერთო ბარათის დაქუცმაცებით... პეშვი გაევსო ნაკუწებით.
ურნა დაინახა და ბარათის ნაკუწები  შიგნით ჩაყარა...

დიდი ტვირთი მოეხსნა ზურგიდან. სულის სილაღე იგრძნო... ხელები გაშალა და თოვლში დატრიალდა... მასთან ერთად აცეკვდნენ თოვლის ფიფქებიც...

-  თეონაააა!!! - ისევ მოისმა მისი სულის სიღრმეში გაჟღერებული ხმა.

მიხვდა თეონა, რომ ეს მისი  სიყვარული  ეძახდა მისივე მომავლიდან და ბედნიერებას  ლაღი ღიმილით გაუღიმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები