ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2010


ა ღ ს ა რ ე ბ ა

მე არა ვარ მგონი სხვაა

თითებსშუა სიგარეტი, აივანზე ვზივარ მარტო,
მთვარის შუქი, ღამის სუსხი და ჭრიჭინი სმენას ართობს,
ვაზის ტოტი, როგორც დედა, შვილს ფოთლებით მტევანს ათბობს,
მიწის სუნი ნაწვიმარზე  როგორც ღვინო ისე მათრობს...

არც ფიქრები მომეპარა, ცოდვით, შხამით გაჟღენთილი,
რაღაც უცხოდ, რაღაც თბილად ,სულ სხვაგვარად მიცემს გული.
მე არა ვარ, მგონი სხვაა, ვიღაც თბილი და კეთილი,
ცდილობს რაღაც მიმახვედროს, გამიწმინდოს ცდილობს სული.

გავიფიქრე, აღსარებას მოდი, ვცდი და ვეტყვი ჩემს თავს,
ვერ გავბედე მამაოსთან, მოდი, მიზეზს გეტყვით მერე,
რით დავიწყო, რომელ ცოდვით, სხვებზე მეტად ჩემ გულს რა კლავს,
ან რა ენით გინდა წერო ამ ცოდვისგან სავსე წლებზე.

მინდა მთიდან ვიღრიალო, მაგრამ ღრიალს ვარჩევ დუმილს,
უღირსად და უსინდისოდ გალაქტიონს ვბაძავ თითქოს,
შეუპყრია ჩემი ნება უკვდავების ჟინს და წყურვილს
და ვერ ვხვდები უკვდავება რა დიდ მსხვერპლსაც ჩემგან ითხოვს.

ასე ვიტყვი: - ჩემო ღმერთო, ცოდვიანი მე ვარ შვილი,
ვერ ვისწავლე დაფასება შენი მადლის შენი რწმენის,
თანაც ვიცი ერთადერთი შენ გაწირე ჩვენთვის შვილი,
თავს ვხრი დიდი მოწიწებით, მეორე მე კვნესის ჩემში...

სიამაყეს ვერ დავარქმევ, ამპარტავანი ზის ხორცში,
მიტევება ვერ ვისწავლე და არც ძალას ვატან ჩემს თავს,
ურჯულო ვარ საქციელით ,ურჯულო ვარ ჩემი გონით,
კარგად ვხვდები, რომ მივყიდე ჩემი სული ბოროტს და ავს.

მაპატიე, მაპატიე, სინანულით თავს ვხრი ქვევით,
თავის ჩახრა, პირჯვრის წერა, რომ არ კმარა ვიცი ჩემთვის,
ლაპარაკი არ კმარა და დამტკიცება უნდა ქცევით,
მე სათქმელის მეასედი ვთქვი და უკვე ვსუნთქავ შვებით.

არც ფიქრები მეპარება, ცოდვით შხამით გაჟღენთილი,
რაღაც უცხოდ, რაღაც თბილად, სულ სხვაგვარად მიცემს გული...
მე არა ვარ, მგონი სხვაა, ვიღაც თბილი და კეთილი
ცდილობს რაღაც მიმახვედროს, გამიწმინდოს ცდილობს სული...

მთვარის შუქი, ღამის სუსხი და ჭრიჭინი სმენას ართობს,
ვაზის ტოტი, როგორც დედა, შვილს ფოთლებით მტევანს ათბობს,
მიწის სუნი ნაწვიმარზე სურნელებით როგორ მათრობს,
თითებსშუა სიგარეტი, აივანზე ვზივარ მარტო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები