ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2010


აგვისტო - სექსტემბერი - ოქტომბერი 2010




                                      "და ასე იშვიათად მეც მქვია მამაჩემი"

                                                                      / როი /

                                        "...ჩქარობ,
                                        მალე თვითონ გახდე მამა"

                                                                /  ნიკა ჩერქეზიშვილი /
 
        (საბას)

ტირი, გძინავს და ქშენ,
სუნთქვას წყალივით სვამ,
ისე ჩემი ხარ შენ,
როგორც არავინ მამ.
იგროვებ ლექსის სუნს,
მე გკითხულობ და ამ
სევდით დაობილ სულს,
ცასავით მიწმენდ მამ.
ქარიც მაგ სულში ქრის,
იზრდები ჟამი-ჟამ,
ისეთ სიხარულს მგვრი,
როგორც არავინ მამ.
სიზმარ და სიზმარ ფრენ,
მსურხარ, მიყვარხარ, მწამ -
ხარ ისე ჩემი შენ,
როგორც არავინ მამ.
თუმც იშვიათად ვწერ
უკვე, შემცვალოს რამ?!
ველი რახან - იმ წელს -
მე - რომ გერქმევი მამ...
ტირი, გძინავს და ქშენ,
სუნთქვას წყალივით სვამ,
ისე მიყვარხარ შენ,
როგორც არავინ მამ!...





            სიკვდილის წერილი


ტკივილი გსურდა? აჰა შენი ტკივილი ესეც,
ტკივილი სულის ფრჩხილებიდან იწყება თურმე,
ვეღარ მოიმკე რაც კი მთელი ცხოვრება თესე,
გზა აღარ არის, ხოლო გზიდან გადაყრილ ურმებს -

რამდენსაც გინდა, როგორც გინდა დათვლი და დათვლი,
სიგიჟე გსურდა? თურმე როგორ იწყება შეშლა,
აღარ ეკუთვნი საკუთარ თავს არცერთი ადლით,
საკუთარ უფალს, საკუთარ დროს და როგორც ხეში -

ჩამდგარი წყალი მზის ამოსვლას ყოველდღე ელი,
გტკივა დღეები, ნერვი, სუნთქვა და ტვინის არე,
კითხულობ შენთან გამოგზავნილ სიკვდილის წერილს
და ლექსებიდან დაგხარხარებს პოეტის მთვარე.

ხვდები, ცხოვრება ჩამოთვლაა სიტყვების რაღაც,
გრძნობების რაღაც და იმედის დასასრულს, მარტივს,
იცი მოუღო უნდა ბოლო, მაგრამ და მაგრამ,
ვერ გააყოლე ღრმა ნაფაზებს - უფრო ღრმა დარდი.

ქრონიკულ დარდზე საუბარიც რთულია მეტად
და თუ წინ არის რაც გინახავს იმაზე მეტი,
საშველსაც მოკლავ რადგან უკვე შიგნიდან ხედავ,
რომ არაფერი არ დარჩება ის რასაც წერდი,

ვერ გამოგქონდა ვინაიდან მკვლელობა ქარში,
ვერ მოუნახე გასასვლელი სხეულის ჯებირს
და რაც კი წერე, მაინც არ ხევ, არ სპობ და არშლი,
თუმც კარგად იცი - უფრო - შიგნით პოეტი რჩები...

უკვე ამ ლექსზეც გეცინება ან უკვე დროა,
რაღაც იღონო, რაღაც მიხვდე ან რაღაც, რავი...
და დგახარ ასე უფალსა და უფლებას შორის -
რომ შეგიძლია საკუთარ თავს მოუკლა თავი.






  მამაო ჩვენო და წმინდაო მარიამ

დღეს სულმა სხეულის სამოსი გარიყა
და სანამ ცას ვუმზერ ჯერ კიდევ მთვარიანს,
მინდა რომ მოგიყვეთ რა ვარ და რა ვიყავ,
მამაო ჩვენო და წმინდაო მარიამ.
მე ვენდე და დავრჩი უფალო ნოესთან,
ის იყო პირველი მხსნელი და მოკეთე,
დავცინე წარღვნაში დარჩენილ პოეტს და
სივრცე არ გვყოფნიდა კიდობნის პოეტებს.
სანთლების დიდებით დაოსილ ტაძარშიც,
ცოდვები გამელღვო არ დამიზარია
და მინდა მოგიყვეთ რა ვარ და რა დავრჩი,
მამაო ჩვენო და წმინდაო მარიამ.
ვხარობდი მესამე ყივილის გამო და
მინდოდა რომ ზეცა წითელი მეხილა,
თუმც ისიც ვიყავი -
ვინც იმას ამბობდა -
რომ მამალს მესამედ არ უნდა ეყივლა.
ჰქმნიდა წელთაღრიცხვას საოცარს მზის საგა,
დღე იყო მუქი და დღე იყო რევანშის,
როს ეკლის გვირგვინებს გიწნავდნენ,
ბზისაგან -
დიოდა წყალი და ვტიროდი მე მაშინ.
საღამოს ლოცვები გალობად მომესმა,
ცა ანგელოსებმა ნისლებით დაორთქლეს,
(პოეტიც ადამი ყოფილა რომელსაც
არ შერჩა არცერთი ნეკნი და სამოთხე) -
სწორედ იქ მივხვდი და...
ახლა კი იქეთ ვარ, თუ აქეთ,
ვერ ვხდები, ფიქრებშიც ბინდდება
და ფილტვებს შიგნიდან ხმაურით მიხეთქავს,
ხარხარში ჩაკლული ტირილის დიდება.
იმედი - იმედში მოჩანდა წერტილად,
სატანამ თავისი შეკრიბა სინოდი,
ჯვარზე რომ გაკრავდნენ მინდოდა მეტირა
და ჩემს მაგივრადაც - ღმერთო, შენ ტიროდი.
დღეს ისევ ასე ვარ, არეულ ფიქრებით
გიყვებით თუ რა მწყინს ან რა მიხარია
და იქნებ თქვენც მითხრათ ხვალ როგორ ვიქნები,
მამაო ჩვენო და წმინდაო მარიამ.






                      საფლავები

(ომში დაკარგული ჯარისკების ხსოვნას და არა მარტო)

ხვალემ - გუშინის - ჩაიხედა სარკეში მგონი
დღეები დღეებს ამ ბოლო დროს იმდენად გვანან,
დედამიწა კი ღმერთზე ოდნავ ნაკლები წონის
ისე დამძიმდა ამინდებიც აღარ კრთებიან,
ირგვლივ კი მხოლოდ საფლავების იშლება ფონი
და გეგონება - მწოლიარე ორსულებია.

აქ საფლავებიც განსხვავდება როგორცის წესით,
ასაკით, ზომით, სიძველით და ა.შ და ა.შ.
ჩვენ როცა ვტირით მკვდრებზე ადრე საფლავებს ესმით,
ისინიც მუდამ ერთმანეთის გვერდით წვებიან,
როდესაც ტკივათ მარტოობა ან კიდევ როცა
უკვე გულებშიც სამუდამოდ საფლავდებიან.

პატარა ბავშვებს, ტყუპ დებს, ძმებს და ოჯახის სხვა წევრთ,
უცნობებს, ცოლებს, შვილმკვდარ დედებს, ცალფეხა მამებს,
აქ ნახავთ ყველას, ვისაც რიცხვი დაუთქვამს რათა
ნახონ საფლავი სწორედ იმ დღეს წრფელი ნიღბებით -
რომელსაც ჰქვია ჭირისუფლის და ვერ ხვდებიან
მხოლოდ და მხოლოდ ტკივილებს რომ ათარიღებენ.

ნახავ მხატვრების, ნახავ ძმათა, ნახავ გმირების,
ნახავ დედათა, მამათა და წმინდანთა საფლავს\
და მიტოვებულ ბალდახინთა ნახავ მხილებას,
სადაც წლებია მნახველები აღარ ჩნდებიან,
თუ უნებლიედ საფლავებთან მთვრალები-ც მივლენ -
იქ ძირითადად პოეტების საფლავებია.

ჩვენც რაღაც მიწის გარკვეული ნაჭერის ზომას,
მოვირგებთ როცა არსებობა ბოლო წამს დათვლის,
შევინახებით ან ბწკარედათ ან იქნებ ტომად
ეს იდეალურ შემთხვევაში უკანასკნელი
და რომ მოვკვდებით სხვა სახელით დავრჩებით ისე,
როგორც რჩებიან ძირითადად მცდარი დასკვნები.

საფლავებია ირგვლივ სულ მთლად საფლავებია
და დედამიწაც საფლავია ყველაზე უფრო,
მომავლის დღეებს იმედები გაქვავებია,
სამარხებიდან ხელს იწვდიან მკვდრები - ხეებად
და იმათ ვინც კი საფლავების გარეშე რჩება
ნეტავი ღმერთო რა ელით და რა ეშველებათ???




(ჩემს ძმიშვილს ინგა აბუსელიძეს)

დოინჯშემოყრილი დგახარ,
გძინავს "როცამინდას" ძილით,
შენი უმცროსი ძმის და ხარ,
ჩემი უფროსი ძმის შვილი.

ქარი "ვახრასუზამს" ფოთლებს,
ცუდი ქარიშხალი თუა
გწყინს და კაბებივით ითვლი,
ასაკს, თვალსადახელშუა.

ჭინკებს დაატარებ თმებით,
ასე ხალისობ და გნებავს,
დილით მზის სხივებით თბები,
ღამე - მთვარე - შენით თბება.

დოინჯშემოყრილი დგახარ,
გძინავს "როცამინდას" ძილით,
შენი უმცროსი ძმის და ხარ -
ჩემი უფროსი ძმის შვილი.




კადრი № 22

შენი თავშალში ნენე,
ოდის კიბესთან მდგარი
გახსოვს და წლები წერენ
მის სველ თვალებში ცას,
სახეზე ტკივილებმა
ნაოჭით აიშენეს
არდავიწყება,
ოდაც მუხის მუხლებზე ზის,
ათოვს სისხლისფერ ფოთლებს,
მიწას სუნი აქვს სისხლის,
ნენეს თმებში ქრის ქარი
და ორი ღმერთი წამს.
მერე - აღარ გყავს მამა,
გარდაუვალი სენი...
სიკვდილმა მოგონების
შავი მესერი წნა,
შენი თავშალში ნენე,
სასაფლაოსთან მდგარი,
ერთ ცრემლში მიწა უჩანს,
მეორე ცრემლში ცა.
სწრაფად გასულა რა დრო
და გაწყვეტილა ფირი,
ვაცნობიერებ ღრმად რომ
დრო ძუ მგელივით ღრენს,
მოგონებებშიც ავდრობს,
თვალწინ მიდგას და ვტირი -
მე როგორ დაგტოვე და
როგორ გიყვარდი შენ...
აღარაფერი დარჩა
ძველი, არავის ველი,
ილუზიაა ირგვლივ
და ვერც აღვიქვამ ჯერ,
თუმც ყველა ჩასუნთქვაზე
ტკივილი ისეთია,
ძვლამდე რომ გეწერება,
გეწერება და წერ.........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები