ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2010


ესკიზები შემოდგომური განწყობებით

                                ი.გ.-ეს
მოგწერ უბრალოდ სიყვარულის მზისფერ ფოთოლზე....
ქარს გამოვატან, წვიმანაწურ ღრუბლის მეგობარს...
იქნებ მოგაგნოს....მოგაფინოს.... აგამზიანოს ცახცახ- ცახცახით.
                                                                                                        22.10.10
                              თ. გ.-ას
  იქ, სადღაც ჩუმად დააკვდება ფოთოლი მიწას,
  წვიმის წვეთებად დაცურდება ციდან მოწყენა...
  და როცა მზისფერ ბაირაღებს აღმართავს მიწა მაღლა ხეებად....
  მომენატრები.... ღიმილების უშორეს სიზმრად.
                                                                                        22.10.10.
                                  შენზე...
დაიფარება ყველაფერი ფუმფულა საბნით...
როცა იქნება..... ჯერ კი წვიმის წვეთს,  დაცურებულს
სარკმლის მინაზე, თითს გავაყოლებ,
როგორც მაშინ, ოქროსფერ თმაში გახლართვია ჭადარს ოცნება,
ქარცემული,  გაილუმპება...
და მზის ათინათს მოპარული,  მოფერებული,
უცნაურად შეფერილი....
გამზადებული წასასვლელად, მაინც აქ რჩება.
                                                                                    23.10.10.
                                ცა
იისფერი დუმილებიდან
                              ოქროსფერ მოსასხამებს იხდიდა,
ქარის ყველა  ამოსუნთქვაზე...
                                და  სადღაც გაწელილი შორეულად,
მოირგებდა მოწყენას, წვიმისფერი კაბებით,
რომ ცეცხლისფრად  აბრდღვიალებულ მიწას არ შერეოდა.
                                                                                              23.10.10.

                                  მზე
არ იღიმები....არა და არა!
არც მონატრების ვნებიანი კოცნა არ გინდა!
დაღლილ მზერას გააყოლებ წითლად გაყვითლებულ ფოთოლს და....
უნდო, უფერო  მოსასხამში ჩაიფუთნები.
                                                                      23.10.10.

                                  ქარი
დამღერის უცებ გადამტვრეულ ტოტთა ტკივილებს...
უპატრონოდ დარჩენილ შვილებს,
ჟანგდადებულ ფოთლებად რომ ყრიან ქუჩებში....
დამღერის სიზმრებს აუხდენელს, ანდა ახდენილს,
ზაფხულის ხვატში მთვლემარეს რომ წამოგეწია....
დამღერის და....  გადასახვეწად ამზადებს სულებს.
                                                                                      23.10.10.

                                ღრუბელი
რამდენი ზღვა და
                რამდენი მთაა  გადასავლელი?...
რომ დაღლილმა წამოწოლის ნება მივიღო,
გავიშოტო და რაც გულში ტკივილი და ღიმილი მქონდა,
სულ აქ დავღვარო, დავაფრქვიო,...... გარდავიცვალო!
და....
მეორედ მიწის გულში დაბადებულმა,
ოქროსფერ ფოთლად დავინახო ისევ სამყარო.....
                                                                                      23.10.10.

                              აქ და იქ
აქ -- ნაცრისფერი ოქროსფერში ირევა და ...
იქ -- ყველაფერი მარადიული ნათლით ელვარებს.
აქ -- ყველაფერი ოთხ დროში ხდება....
იქ -- ერთადერთში --სამად ნაფერში.
აქ -- შემოდგომის მირაჟები გტაცებენ  შენს თავს...
იქ -- ყველაფერში ის არის და თან მაინც შენ ხარ.
                                                                                      23.10.10.

                                  ჩემზე...
ყველაფერი სუფთაა.... მწიფე ფერებად დადუღებული
და დამწყვდეული ქვევრში, მაჭარივით....
არა! ჯერ არ დაუგოზო თავი! ჯერ ადრეა დამშვიდება!
ჯერ გამოვხეთქავ!.... გადავუვლი ცებს და საბუდრებს...
ჯერ არ დამგოზო! ჯერ გულს სიმშვიდის ნეტარებით ვერ ვუგალობებ,
წვიმას გავყვები, ან ღრუბელთა გამოახლებას, ან მზის წითელ ჩაღიმილებას...
ჯერ არა....ჯერ დასადუღებელი ვარ,  ქვევრში მაჭარივით, და ვებრძვი სევდას.....
და რარიგ მინდა გადავიქცე  იმ ვარდისფერად,
ნება-ნება  რომ გაიხუნებს წეროს ფრთაზე და.... გაფრინდება!
                                                                                                  23.10.10.                                                                                 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები