ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 ნოემბერი, 2010


კომედია დასრულდა?.. დასრულდა ტრაგედია!

ფეხბურთში ძალიან მაგარი იყო გია. ეს კი პატარა საქმე  არ იყო, იმ დროს ვერაზე.
დიდი ფეხბურთი არ უთამაშია,  მაგრამ "მინიში," მოგეცათ ლხენა, ნაღდად ხაზავდა რა!  გარიკა, ზაზა, კოტე და ჰა-ჰა, "დავესკა" თუ გაუწევდნენ მეტოქეობას. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო რომ,  ჩამონათვალის ბოლო სამი წარმომადგენელი, რაღაც პერიოდი, სერიოზულად მისდევდა სპორტის ამ სახეობას. ზაზას, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულში, კოტეს და "დავესკას" - საქართველოს იუნიორების ნაკრებში ჰქონდათ არაერთი თამაში ჩატარებული. გია კი, თვითნასწავლი იყო და ალბათ, ამიტომაც ჰქონდა განუმეორებელი ხელწერა. საოცარი პეწი, არტისტიზმი ახლდა მის თამაშს და ალალად ითვლებოდა ვერელების გუნდის  სიმბოლოდ.
- აუჰჰ! დიდი რამე ვერელების გუნდი, არ მყოლოდნენ ისინიც "ინტერი" ან "ლივერპოლიო" - იტყვის ალბათ ზოგი.  კი ბატონო! არც "ინტერთან" უთამაშიათ ვერელებს მინიფეხბურთი და არც "ლივერპულთან", მაგრამ მათ დამამარცხებელ " დინამოს" კი მოუგეს,  რაც მე მინახავს, ორჯერ,  მაგარი "მაზიანი" - კიროვის პარკში. თან რა  "დინამოს"?!
"ყიფო", მანუჩარი, ვოვა, საშა და "ხიზანა", რომ თამაშობდნენ, იმ დროს.

სხვა არაერთი ნიჭითაც იყო გია გამორჩეული. შესახედაობა - დიდებული, იუმორი - ჩინებული, თეატრის და კინოს მსახიობი და თუ პლიუს "კაი ტიპიც" იყავი,  რაღა იყო საჭირო რომ,  70-80-იან წლების თბილისში ერთობ მიღებული და სასურველი  პიროვნება ყოფილიყავი? ჰოდა, არც მას აკლდა ეს სიკეთე. აკლდა კი არა, გოგოები ლამის ვენებს იჭრიდნენ, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მასთან არათუ მეგობრობა, ნაცნობობაც კი საკმაოდ მაღლა სწევდა შენს აქციებს და გიხსნიდა თბილისური "უოლ სტრიტ - ბო მონდის" კარს.

  ბავშვობიდან ვიცნობდი, უფრო სწორედ ის მიცნობდა ბავშვობიდან. საერთო ეზოს, მოპირდაპირე სახლებში დავიბადეთ და გავიზარდეთ. ჩემზე თითქმის თაობით უფროსი იყო, მაგრამ არც პატარაობისას მიგრძვნია ამის გამო მასთან რაიმე უხერხულობა და შემდგომ ხომ, იშლება და იშლება ასაკობრივი ზღვარი.

  ვიქნები ასე, 21-22 წლის ბიჭი, მაგარი "მოთხოვნადი ნაშა" რომ გავიცანი, ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე. ჩემთან ერთად 8 კაცმა გაიცნო, 8-ვე ჩემი ძმაკაცია, მაგრამ, ვინ დაგითმობს? მეტი არაა, თქვენი და ჩემი მტერი! "ვკერავთ" იმ გოგოს და თან "ვაშავებთ და ვსპობთ" ერთმანეთს. რას იზამ?! ძმობა-ძმობაა, კონკურენცია - კონკურენცია! არ ვიცი, ჩემმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა ( მე ვიჯექი გოგონას გვერდით ), თუ რამ, მაგრამ მიკრო დუელში მე დავრჩი გამარჯვებული, პაემანიც დავუნიშნე და რაც მთავარია, თანხმობაც მივიღე. იმ 8 კაცშივე ავაგროვე, მეორე დღეს "სვიდანიაზე" დასახარჯი ფული. ხუთ თუმანს აარტყა "ობშიაკმა". ტაქსის, რესტორანში მარწყვს, ნაყინს, შამპანურს და კინოს ბილეთებსაც  ეყოფოდა და რა მინდოდა მეტი?

ბევრი რაღა გავაგრძელო და მეორე დღეს ვარ გამოჭიმული, რესტორან თბილისში ( ქორთიარდ მერიოტი რომ ჰქვია, ახლა ) "ნაშათ-ნაშასთან" ერთად და ჩემი მგონია დედამიწა.
მაგრამ ეს გოგო, გუშინ რომ კისკისებდა ჩვენ ხუმრობებზე, აჟუჟუნებდა თვალებს და ბედნიერი მომავლის იმედს გვისახავდა თითოეულ ჩვენგანს, ნირშეცვლილი მეჩვენა დღეს. ხაზგასმული ზომიერება, სიცივე და საკუთარი თავის ფასის, ზედმიწევნით ცოდნა იგრძნობოდა, მასში. ნამეტანი გაამაყებული ბრძანდებოდა ქალბატონი. თითქოს მადლობას ითხოვდა, ჩემთან ერთად რომ ინება, რესტორანში წამობრძანება. რა ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა იმ დროს და...
  - ვაიმე! ნახე ვინ შემოვიდა? ვგიჟდები ამ კაცზე! - ლამის შეჰკივლა ჩემმა "passion"-მა და თვალნათლივ იწყო დნობა ყინულმა.
მოვტრიალდი და გია არ არის? ეტყობა გადაღებები ჰქონდა და გრიმით, პირდაპირ გადასაღები მოედნიდან იყო მოსული. დარბაზის ბოლოს, ხალხმრავალი მაგიდისკენ გაემართა.  მისული არ იყო, რომ უკვე  ხორხოცი ატყდა იმ სუფრაზე.
- იცნობ? - მეკითხება, ლღვობაშეპარული ყინულის დედოფალი.
- კი.
- რა სისულელეს გეკითხები. გიას ვინ არ იცნობს?
ერთი პირობა გავიფიქრე, "მარკის ასაწევად" ხომ არ ავდგე, მივიდე გიასთან და მივესალმო-მეთქი, მაგრამ უხერხული იყო, ქალს, მარტო ხომ არ დავტოვებდი მაგიდასთან?
  15-20 წუთში,  შამპანურებით და ხილის ასორტით ხელდამშვენებული ოფიციანტი გვეახლა და - იმ სუფრიდან გამოგიგზავნეს - გვამცნო და დარბაზის ბოლოსკენ გაიშვირა ხელი.
  სამ ბოთლ შამპანურს რომ მოგართმევდნენ, ხუთით მაინც ხომ უნდა გადაგეხადა სამაგიერო?
ამ გაუთვალისწინებელ ხარჯს რომ ავეცილებინე ( ან სად მქონდა ), იმიტომაც მოჰყვა გია უკან, მოსაკითხს და ჩვენ სუფრას მოუჯდა. შეავსო ჭიქები, ქალს - სილამაზე შეუქო და - "განსაკუთრებით თქვენმა ალღომ და გონიერებამ მომხიბლა, რადგან ამისთანა ბიჭს, სანთლით რომ ეძებოთ, ვერსად იპოვნითო - დააყოლა. მაქო, მადიდა, ბოდიში მოგვიხადა - სუფრაზე მელოდებიანო და დაგვტოვა. რა "სანთლით საძებნელი და საქებ-სადიდებელი" ვიყავი მეც ვიცოდი და  გიამაც, მაგრამ, ალალად კი დააჯერა ის გოგო.

  წელიც არ იქნებოდა ამ ამბიდან გასული, უბედურება რომ მოხდა...

1985 წლის, 19 მარტი იყო ის წყეული დღე, საყვარელი ადამიანის მკვლელად რომ იქცა გია...
1985 წლის, 19 მარტს დასრულდა იმ გია ფერაძის ცხოვრება, ყველას რომ უყვარდა...
შემდეგ ციხე, ხანმოკლე, აწეწილი თავისუფლება და გარდაცვალება - 47 წლის ასაკში...

ალვისაგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარი,
ალვა ამკობს ჩემს კავშირს ფერადოვან წარსულთან.
ცხოვრება კი შევიცან რაც არის და ვინც არის,
მაგრამ რაღა დროსია... კომედია დასრულდა!

რეჟისორი თვით ვიყავ, ასე მსურდა ფინალი,
მსგავსად ჰეროსტრატესი, მეც ხომ დავწვი ტაძარი...
ხომ გახსოვართ ქეიფში, ფეხბურთში მორკინალი?
ხოდა, ფაფუ, გათავდა! ფერფლი ვარ და ნაცარი!

ორი დღეც და შემამკობს, ალბათ შავი არშია,
შავით შეიმოსება ჩემი მწირი სახლობა.
თქვენი გია ფერაძე, თქვენთან ბარი-ბარშია.
ეს სიკვდილი მან თვითონ ძალით მოიახლოვა.


ბევრთან შევცდი... სხვა "ბევრი" ჩემთან არის "ჩაჭრილი"
ღმერთმა ყველას შეუნდოს, მეც შემინდეთ ცოდვები.
თქვენთვის დამილოცია, ეს მარტიც და აპრილიც,
კიდევ ორი-სამი დღეც და უთუოდ მოვკვდები.

სულ სიცოცხლე მინდოდა, სიცილი და ხუმრობა,
ბედნიერი ვიყავი მუდამ თქვენთან მყოფელი.
ასე მწარედ დასრულდა ჩემი თქვენთან სტუმრობა
ასე ცრემლით აივსო ჩემი წუთისოფელი.

რა კარგი ხარ თბილისო, მენანები ძალიან...
ციხეში გნატრულობდი და ამ ნატვრით ვთბებოდი.
მაგრამ ჩემთვის თბილისო, ვიცი აღარ გცალია...
ერთ დროს როგორ გკოცნიდი, როგორ გეხუტებოდი.


მორჩა ლექსი, თვითონაც სანთელივით მივქრები...
სული თითქოს დაჭრილი, მოფარფატე გედია...
ისევ შენკენ მიხმობენ ეს სნეული ფიქრები,
კომედია დასრულდა?.. დასრულდა ტრაგედია!


თუ არ ვცდები, ეს გიას უკანასკნელი ლექსია.



" არასერიოზული კაცი" გადიოდა ტელევიზორში. ფილმმა დამაწერინა ეს გახსენება.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს