ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
9 აგვისტო, 2008


ნაწილი III. სამი წლის შემდეგ. თავი 39. სახლობანა

სწრაფად გადიოდა დრო.
“აღუს” მერე თეამ რომ პირველად “დადა-და”-ო თქვა, მაგდა სიხარულით ძლივს იდგა ფეხზე. შემდეგ – პირველი ნაბიჯები... პირველი დამოუკიდებელი სიარული... პირველი სიტყვები... წინადადებები...

მაგდამ გული გადააყოლა თეას, ძველი ხალისი დაუბრუნდა. აღარც სამყარო ეჩვენებოდა შავ ფერებში, აღარც ნაცნობ-მეგობრებს გაურბოდა...

შეუმჩნევლად გაიფრინა სამმა წელმა.

მაგდამ უნივერსიტეტი დაამთავრა.
ერთ-ერთ გამომცემლობაში გაანაწილეს სამუშაოდ.
სამსახურში თეას გამო ვერ გადიოდა და ამიტომ გადაწყვიტა ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა. ამ გადაწყვეტილების მიღებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მათი მეზობელი, დეიდა ლალი საბავშო ბაღში მუშაობდა აღმზრდელად და თუ მაგდას ან ნინოს არ ეცალა, დეიდა ლალის მოჰყავდა თეა სახლში.

- პენსიაზე გავალ და თეას მე მივხედავ... - შესთავაზა ნინომ მაგდას.
- ორმოცდა რვა წლის ასაკში რა დროს პენსიაზე ლაპარაკია, დედა?
- მაგდა მართალია, ნინო... ბავშვს, ისედაც, არც და ჰყავს და არც ძმა... კარგია, საბავშო ბაღში თუ ივლის, ეგოისტი ნაკლებად გაიზრდება, - მაგდას გადაწყვეტილება მოუწონა მალხაზმა.

ნათიამ გაგაც და თავისი მეორე გოგონა – თამუნაც იმავე ბაღში მიიყვანა.
- თამუნასაც თუ დატოვებ, მე არ ვიტირებ-ხოლმე, კარგი? - გაგამ დიდი და ჭკვიანი თვალები შეანათა ნათიას.
- გაგა, არ გრცხვენია, დედიკო? რაღა დროს შენი ტირილია?! შენ ახლა თამუნას და თეას უნდა მიხედო, რომ მათ არ იტირონ-ხოლმე. შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ? ისინი კი ჯერ სულ პატარები არიან....ხომ არ იტირებ-ხოლმე, დედი? - ნათიამ სიყვარულით ჩაიკრა გულში გაგა.

5 წლის იყო გაგა, მაგრამ სიმაღლით 7 წლისა გეგონებოდა. გარეგნულად ვაჟას  ჰგავდა, მასავით მაღალი და სუსტი იყო, ღია წაბლისფერი თმითა და თეთრი პირისახით, მაგრამ... თვალები ჰქონდა შავი... მელნის ტბასავით შავი!... ამ თვალებით მანანა უყურებდა ნათიას. ეს ვაჟამ უთხრა ერთხელ, - თვალებით სულ დედამისს ჰგავსო.

სამი წლის მანძილზე ერთი ფიქრი აწვალებდა ნათიას, - ვაჟას ერთხელაც კი არ გამოუთქვამს სურვილი, რომ მანანას საფლავზე გასულიყო.
“რატომ?!... ალბათ ჩემს გამო!... არ უნდა, რომ მაეჭვიანოს. ღმერთო ჩემო, რა სისულელეა?!... მიცვალებულზეც შეიძლება ეჭვიანობა?!... ისე, რა საინტერესოა, ამ მანანას მშობლები ხომ ეყოლებოდა? ან და-ძმანი?! სულ არ უნახავთ ბავშვი... დავიჯერო, არ უნდათ გაგას ნახვა? არ უნდათ და იყვნენ... და რატომ არ უნდა უნდოდეთ? არ მესმის და მომკალი!...”


ერთ დღეს საბავშვო ბაღიდან დაბრუნებულმა გაგამ დედას ყურში ჩასჩურჩულა:
- დედიკო, რა ლამაზია, არა, თეა? ჩვენს თამუნას სჯობია!
ნათიას ჯერ გაუკვირდა, მაგრამ მერე, გაგას დაფიქრებულ თვალებს რომ წააწყდა, საუბარში “აყოლა” სცადა:
- არაფერიც არა სჯობია!... მაინც, რა აქვს ლამაზი თეას?
- თვალები, დედა! თეას, იცი, რა ლურჯი თვალები აქვს? თანაც სულ არ ტირის-ხოლმე.
- გაგა, თამუნას მწვანე თვალები არ მოგწონს?
- არა, დე, თამუნას თვალებიც მომწონს, მაგრამ... ეჰ, რა ჩემი ბრალია, თუ თვალები თეას უფრო ლამაზი აქვს?! - გაგამ დიდი კაცივით  ამოიოხრა, ხელი ისე ჩაიქნია, თითქოს თქვა “შენ ამას ვერ გაიგებო” და სამზარეულოდან გავიდა.

ნათიამ მხოლოდ შემდეგ აღიქვა გაგას ნათქვამი: “თანაც თეა სულ არ ტირის-ხოლმეო”... ესე იგი, თამუნა ტირის-ხოლმე?...

ნათიას ის იყო, გაგასთვის უნდა ეკითხა: “თამუნა რატომ ტირის-ხოლმეო?”  რომ ტელეფონზე დარეკეს.
მაგდა იყო.
- ნათი, სახლში ხარ?
- ხო, მაგდა!
- მოვალთ მე და თეა.... აღარ დამაყენა, “გაგასთან და თამუნასთან მინდაო!”... რა უცნაური ბავშვია. დღეს მთელი დღე ერთად არ იყვნენ?
- მოდით, მოდით... რამდენი ხანია, აღარ მინახიხარ! გელოდები!...
- ვაჟა სახლშია?
- არა, არ არის სახლში. ჯერ არ მოსულა... ვაჟა რა ხელს გიშლის?! მოდი, მოდი!... მომენატრა შენთან ლაპარაკი!

ნათიამ ყურმილი დაკიდა და გაგას გასძახა:
- გაგა, შენი ლამაზთვალება თეა მოვა ახლა!
- მართლა? რა კარგიაააა! დედიკო, გეხვეწები, ნამცხვარი გამოაცხვე რაა?! თეას ძალიან უყვარს ნამცხვარი!
- თეას თუ შენ?...
- თეას!... და მეც...

მეგობრებმა გული იჯერეს საუბრით. გაიხსენეს ამ მთისა და იმ ბარის. ბავშვები მეორე ოთახში თამაშობდნენ.
- მაგდა, ნოდარი არ გამოჩენილა? – მოულოდნელად ჰკითხა ნათიამ.
- არა, ნათი... რატომ მეკითხები?
- მაინც, რამდენი ხანია, აღარ შეუხსენებია თავი?
- თითქმის სამი თვეა!... რა მოხდა, ნათი?!
- არაფერი მომხდარა... მაგდა, სიმართლე მითხარი, ეს სამი თვეა არ მოგაკლდა ნოდარი თვალში? თუ შენთვის სულერთია?
- სიმართლე?... - მაგდამ ჯერ თავი ჩაღუნა, შემდეგ ნათიას შეხედა და ჩუმი ხმით უთხრა, - ვის სჭირდება, მერე, ეს სიმართლე?!...
- მე მჭირდება, მაგდა!... ამას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს...
- სიმართლე თუ გინდა, იცი, რაღაცნაირად შევეჩვიე იმას, რომ ნოდარი არსებობს... მართალია, სადღაც, ჩემგან შორს, მაგრამ მაინც არსებობს.....
- და მეტი არაფერი?
- მაცადე... მივეჩვიე იმას, რომ კვირაში ერთხელ მაინც უნდა დაერეკა და ეთქვა: “მაგდა, ბავშვს მამა სჭირდებაო”... კვირაში ერთხელ მაინც უნდა შემხვედროდა “შემთხვევით” სადმე... ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ნოდარის უხილავი ჩრდილი დამდევდა თან... სულ ვგრძნობდი, რომ ვიღაც მადევნებდა თვალს. ეს სამი თვეა ნოდარი აღარ შემხვედრია, აღარც დაურეკავს და... მეც თითქოს რაღაც დამაკლდა! თავადაც არ ვიცი, რა მემართება!..
- ახლა რომ მოვიდეს ნოდარი და იგივე გაგიმეოროს, გაჰყვები?

ნათიამ შენიშნა, როგორ გაუფართოვდა მაგდას თვალები.
- ახლა რომ მოვიდეს? შენ, რა, დაბარებული ხომ არ გყავს იგი?! იცოდე, მე წავალ!
- რას სულელობ?! რატომ მეყოლება დაბარებული?!... მშვიდად იჯექი, ნუ გეშინია!... შენ მე კითხვაზე მიპასუხე: ახლა რომ მოვიდეს ნოდარი და გითხრას, “გამომყევიო,” გაჰყვებოდი?
- არ ვიცი, ნათი, არა მგონია!... ნოდარი რომ გამოჩნდეს, მაშინ ყველაფერი კვლავ ძველ კალაპოტს დაუბრუნდება და... ალბათ მე კვლავ უარს ვეტყვი!.. იცი, მე მივეჩვიე ნოდარის არსებობას, მაგრამ არა ჩემს გვერდით, არამედ სადღაც, ჩემგან შორს, აბსტრაქტულად...
- აბსტრაქტულად შეჩვევა ჯერ არ გამიგია!...ასეთი რამ მხოლოდ შენგან შეიძლება გაიგოს ადამიანმა!... მითხარ, გული არ გწყდება, ნოდარი რომ აღარც გირეკავს და აღარც გხვდება?...
- არ ვიცი...
- “არ ვიცი” პასუხი არ არის...შენ თუ არ იცი, აბა სხვამ სულ არ იცის არაფერი... მიპასუხე ან “ჰო”, ან “არა”...
- ჰო, გული მწყდება!...
- და მაინც უარს ეტყოდი?
- ჰო...
- მაგდა, მაპატიე, ასეთ შედარებას რომ ვაკეთებ, მაგრამ... ისე ხომ არ გამოგდის, “ავი ძაღლი ძვალს არც თვითონ შეჭამს და არც სხვას შეაჭმევსო”?
- არაფერია, ნათია, ნუ მებოდიშები... შეიძლება ასეც იყოს... შენ მართალი ხარ.

სიჩუმე ჩამოვარდა, აუტანელი სიჩუმე, რომელიც ისევ მაგდამ დაარღვია:
- ნათი, შენ რაღაც იცი და მიმალავ... რა, ცოლი ხომ არ მოუყვანია, ან ხომ არ აპირებს?!... - და მაგდამ იგრძნო, როგორ გაუშრა პირი... ტუჩები მოილოკა.
- რა, არ შეუძლია თუ რა?... როდემდე გინდა, რომ გდიოს?! მასაც აქვს თავმოყვარეობა!
- ვერ წარმომიდგენია... ნოდარი და “ცოლი”?! – მაგდამ ნერვიულად დაისხა ბორჯომი და დალია, - შენ ვინ გითხრა ეს, მერაბმა?

ნათიას არ გამოპარვია, როგორ აუკანკალდა ხელი მაგდას.
- მერაბი რა შუაშია?! მე თავად ვნახე ვიღაც ახალგაზრდა ქალთან ერთად... ხელკავით მიდიოდა.... იმ ქალს ხელზე საქორწინო ბეჭედი ეკეთა...
- ეს ტყუილია... - მაგდას ხმა ჩაუწყდა, - ეს... შეუძლებელია!... ნათი, ჩემი გამოცდა გადაწყვიტე?

მაგდამ გაღიმება სცადა, მაგრამ... არ გამოუვიდა!
- ეეჰ, არა, მაგდა, არა!... შენს გამოსაცდელად არ გეუბნები...
- ასე უცებ?
- რა არის, მაგდა, “უცებ”? ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ და, შეიძლება,  ცოტა მეტიც... ოთხი წელი!... შენ გესმის ეს? მერაბი და ნოდარი ხომ თანაკლასელები არიან? ჰოდა, მერაბი 33 წლის არის უკვე... ნოდარიც ამავე ხნის არის. ბავშვი ხომ არ არის?! იმ ბიჭს ცოლი უნდა, შვილები... სულ არ ვამტყუნებ ნოდარს. შენ კი  იჯექი და ელოდე “უფლისწულის” გამოჩენას...

- შენთვის ხომ გამოჩნდა “უფლისწული”?! მეც მჯერა, რომ ერთი ასეთი “უფლისწული” ჩემთვისაც გამოჩნდება!
- ნოდარზე უკეთესი “უფლისწული” სად გინდა რომ იპოვო?... თუ შენ “ბავშვიან უფლისწულს” ეძებ?! მაგდა, ნუ გავიწყდება, რომ ბავშვი გყავს!...
- მყავს... მერე? შენც ხომ გაყევი ბავშვიანს?
- ის ბავშვი შენია, შენი!... იცი, რატომ არ გაპატია გიამ? იმიტომ, რომ ბავშვი გყავდა!... უყვარდი და მაინც არ წაგიყვანა ბავშვიანი!... და თანაც, მან კარგად იცოდა, როგორ ჰყავდი წაყვანილი ნოდარს...
- სხვა გამოჩნდება ვინმე...
- შენ დარწმუნებული ხარ, რომ ის “სხვა” ნოდარზე უკეთესი იქნება?... ნოდარს შენ უყვარდი და ბავშვიც მისი იყო... თუმცა, რაღა დროს ამაზე ლაპარაკია?! ეძებე შენი “უფლისწული”... იქნებ იპოვო...
- მოვძებნი, შენ ნუ ნერვიულობ...
- აკი გამოჩნდა კიდეც ერთი “სხვაც”, თამაზი?!... “ოღონდ გამომყვეს და ბავშვს ჩემს გვარს მივცემო”... რატომ არ გაჰყევი?!
- არ მიყვარდა...
- გაცნობის წუთიდანვე უარჰყავი... ჯერ კიდევ ჩვენს ქორწილში, შენი გაცილება რომ მოინდომა, რატომ გაექეცი? ნოდარიც არ გიყვარდა, მაგრამ... რატომ გაჰყევი ნოდარს?!
- ნოდარი არაფერს დამიშავებდა... და თამაზი კიდე...
- მაგდა, გესმის, რას ამბობ? შენი უბედურების თავი და თავი იყო ნოდარი... მან რომ დაგიშავა, ვინ დაგიშავებდა იმაზე მეტად რამეს?
- რა იყო, დაკითხვაზე ვარ? კარგი, გეტყვი: იმ თამაზს – ნოდარი მერჩია!... ვიცნობდი მაინც... მაგრამ არც ნოდარი მიყვარდა, იმიტომ, რომ მიყვარდა გია!... რა ვქნა, ვინც ხელს დამიქნევდა, ყველას ხომ ვერ გავყვებოდი?!... არავინ არასოდეს არაფრად აგდებდა ჩემს გრძნობას, ჩემს სურვილებს... არასოდეს უკითხავთ: “მაგდა, შენ რა გინდაო”?!... “მე ასე გადავწყვიტე!...” “მე ასე მინდა!...” “მე მაინც ასე გავაკეთებ!...” ვერ მივართვი, ვერავის! ისე იქნება, როგორც მე მინდა!... - მაგდა საოცრად აღელვებული ლაპარაკობდა. ფერი დაკარგა, ოფლით დაენამა შუბლი...
- კარგი, ნუ ნერვიულობ ასე... მაგიტომ არ მითქვამს...
- არა, რატომ? არაჩვეულებრივი თემაა: როგორ ვიპოვოთ ჩვენი “უფლისწული”...
- ეეჰ, მაგდა, მაგდა... შენ შენს “უფლისწულს” თავად ჰკარი ხელი... “უფლისწული” კი ძალზე იშვიათად მოდის ხოლმე მეორედ!
- ნოდარი ჩემი “უფლისწული” არასოდეს ყოფილა!
- მაგრამ ნოდარი შენი შვილის მამაა!... აი, რა გავიწყდება შენ!
- არა!... - წამოიყვირა მაგდამ და ნათიას შეხედა.
- არა?... აბა ვინ არის ბავშვის მამა?! – ნათიას გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა.
- შენ ვერ გამიგე... მე არასოდეს მავიწყდება, რომ ბავშვის მამა – ნოდარია!... მაგრამ მინდა, გესმის? მინდა, რომ დავივიწყო ეს და... არ გამომდის! როგორ დავივიწყო ნოდარის არსებობა, როცა მისი შვილი მყავს გვერდით?!... მითხარი, ნათია! - მაგდას ცრემლებით აევსო თვალები.
- “მისი შვილი”... ის შვილი მხოლოდ მისი არ არის, მაგდა... ის შენიც არის... შენი და ნოდარის!... სამწუხაროდ, გვიანია ამაზე საუბარი.
- ნათი, იცი, მე მაინც არ მჯერა, რომ ნოდარმა ცოლი მოიყვანა. რაღაც დაუჯერებელია... ამ სამი თვის წინ ხომ ჯერ ისევ მე მეხვეწებოდა შერიგებას?! თუმცა ამას “შერიგებაც” არ ქვია... ჩვენ ხომ არც გვიჩხუბია?!... ჰო, სულ რაღაც სამი თვის წინ მე მთხოვდა, ცოლად გამომყევიო...
- მერე? შენ, რა, სამი თვე ცოტა გგონია? – გაეცინა ნათიას, - ნეტა წინ მაინც არ გყავდე ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ ერთ დღეში გავიცანი კიდეც ვაჟა და ცოლადაც გავყევი...
- ნათი, სიმართლე მითხარი, შენ ბედნიერი ხარ? - იკითხა მაგდამ და თვალებში მიაჩერდა მეგობარს. უნდოდა იქ, იმ თვალებში ამოეკითხა სიმართლე.
- ჰო, მაგდა, ბედნიერი ვარ... და თანაც ძალიან ბედნიერი. ვაჟა ისეთი მეუღლეა, რომელიც შეიძლება მხოლოდ ინატრო: ერთგული და მოსიყვარულე მეუღლე და “გიჟი” მამა!... მამას ასე უყვარდეს შვილები, - მე არ მინახავს. მეხვეწება, მესამეც გავაჩინოთო...
- მერე და, შენ წინააღმდეგი ხარ?
- არა, მაგრამ... მინდა, რომ ჯერ გაგა მივიყვანო სკოლაში... ხომ იცი, სკოლაში ბავშვს უფრო მეტი თვალი და ყური სჭირდება... ჰოდა მეც მაშინ გავალ დეკრეტულში და სახლში ვიქნები... თანაც, ძნელია სამი პატარა ბავშვი ერთად...
- ჰო, ალბათ... მართალი ხარ... უიიიი, რომელი საათი გამხდარა. ბავშვების ძილის დროა. წავალთ ახლა, - მაგდა წამოდგა და ბავშვებთან გავიდა.
- ნათი, მოდი ერთი წუთით... – გასძახა მაგდამ ნათიას და თავად კარებში გაჩერდა.

ბავშვები სახლობანას თამაშობდნენ.
თეას - ნათიას კოსმეტიკა წაესვა თვალებსა და ტუჩებზე...
გაგას - ვაჟას ჩუსტებში წაედგა ფეხები და კისერზე ვაჟას ჰალსტუხი ჩამოება...
თეას და გაგას თამუნა საწოლზე დაეწვინათ, თოჯინის საბანი გადაეფარებინათ  და “აძინებდნენ”. ამ თამაშ-თამაშში თამუნას მართლა ჩასძინებოდა და მისი ჩუმი სუნთქვა ისმოდა.
ბავშვებს ყურადრება არ მიუქცევიათ შემოსული მშობლებისთვის.

ნათია და მაგდა ჯერ ჩუმად შესცქეროდნენ ამ პატარა “დიდ ადამიანებს” და იღიმებოდნენ, მაგრამ როცა გაგამ ხელი გადახვია თეას და ლოყაზე აკოცა, ორივეს გულიანად გაეცინა.

ვერც კი გაიგეს ვაჟას მოსვლა.
ვაჟამ, ნათიას სიცილი რომ გაიგო, მისკენ წავიდა და მეგობრებს ჩუმად წამოადგა თავზე.
- აი, თქვე ეშმაკებო, უთვალთვალებთ პატარებს?...
- უი, ვაჟა, მოხვედი? - სიცილს ვერ იკავებდა ნათია, - შეხედე, რა სასაცილოები არიან, არა?

ვაჟამ ოთახში შეიხედა და ბავშვების დანახვაზე მასაც გაეცინა.
- თეა, დედიკო, არ წავიდეთ სახლში? გვიან არის უკვე.... ხვალ გააგრძელეთ “სახლობანა” საბავშვო ბაღში.
- რა იყო, მაგდა, ჩემი მოსვლა გეწყინა? იყავი ჯერ და მერე მე გაგიყვანთ სახლში...
- დეიდა მაგდა, ხუთი წუთით კიდევ დამიტოვე, რა, თეა? - მუდარით სავსე თვალები შეანათა გაგამ მაგდას.
- კარგი, გაგა, ხუთ წუთს კიდევ დავტოვებ... მაგრამ მხოლოდ ხუთ წუთს... კარგი?
- დედა, ხუთი წუთი ბევრია? - ახლა ნათიას მიუბრუნდა გაგა.
- რა ვიცი, გაგა... ხუთი წუთი ზოგჯერ მთელი საუკუნეა, ზოგჯერ კი – 1 წამივით სწრაფად გადის.
- ეეეჰ, ჩემთვის, ალბათ, მალე გავა, - დაღონებით თქვა გაგამ და თეას მიუბრუნდა: - თეა, ჩვენ კიდევ 5 წუთი შეგვიძლია ვიყოთ თამუნას დედა და მამა!...

- მაგდა, მოდი, ერთად ვისადილოთ... - უთხრა ვაჟამ, ბეჭებზე ხელი მოხვია და ოთახში შეიყვანა.
- რაღა დროს სადილობაა, ვაჟა?! არა, გმადლობ... ბავშვი უნდა დავაძინო.  არც გაცილება გვინდა... ჩვენით წავალთ. ეს თეასთვის არის გვიან, თორემ ისე ცხრის ნახევარია ჯერ.

10 წუთიც არ იყო გასული, რომ ლურჯ-წითლად შეღებილი თეა გაგამ მაგდას “გადააბარა”.
- აი, დეიდა მაგდა, მოგიყვანეთ თეა!... მე ხომ დაგპირდით, 5 წუთში მოგიყვანთ-მეთქი?!... ეეეჰ, რა ცოტა დრო ყოფილა 5 წუთი... - დიდი კაცივით ამოიხვნეშა გაგამ, შემდეგ წავიდა, სავარძელში ჩაჯდა და გვერდზე გაიხედა.
- გაგა, ხვალ ისევ ერთად არ იქნებით? ხვალამდე კი სამივემ უნდა დაიძინოთ, - თან თეას აცმევდა და თან გაგას ელაპარაკებოდა მაგდა.
- დედა, მოდი, რა, ჩვენთან დავაძინოთ თეა? დეიდა მაგდასთვის სულერთი არ არის, სად დაიძინებს თეა?! - მიუბრუნდა გაგა ნათიას.
- არა, გაგა... რატომ არის დეიდა მაგდასთვის სულერთი? ეს საიდან მოიტანე?!
- იცი რატომ? დეიდა მაგდამ ხომ უნდა დაიძინოს?! და დაძინებული მაინც ვერ დაინახავს, თეას იქ სძინავს თუ აქ...
- თუ მასეა, შენც ხომ უნდა დაიძინო? შენ როგორ-ღა დაინახავ თეას?!
- მე, თუ გინდა, არ დავიძინებ!... თუ არა და, ის ხომ მაინც მეცოდინება, რომ თეა აქ არის?!...
- თეა ჯერ პატარაა, გაგა! დედიკოს გარეშე ტირილს დაიწყებს! არ გეცოდება?
- თეა ჩემთან ტირილს არ დაიწყებს... დიდი რომ გავიზრდები, მაშინ თეაც დიდი იქნება და მოვიყვან აქ. მაშინ ხომ მაინც არ იტირებს?!... ჰა, თეა? ტირილს ხომ არ დაიწყებ, დიდი რო გაიზრდები?
- არა, არ ვიტირებ... დადა, მე რო დიდი ვითნები, მერე დავრჩები, ხო? – თეა გაგას მიუახლოვდა და პომადით მოთხვრილი ტუჩებით ლოყაზე აკოცა.
- სულ დარჩები? სულ-სულ-სუუულ?
- ხო, დადა...
- მერე, გაგა, სად უნდა დააწვინა თეა? - იკითხა ვაჟამ.
- ჩემს საწოლში.... - გაგამ გაოცებით შეხედა მამამისს, თითქოს ეკითხებოდა, “ამას როგორ მეკითხებიო?!”
- შენი საწოლი რომ პატარაა?
- მე რო დიდი ვიქნები, ჩემი საწოლი, რა, არ გაიზრდება? დიდ საწოლში კი – ორივე დავეტევით... არა, თეა?
- ხო, დადა... დიდ საწოლში ორივე დავეტევით და არ დადმოვვარდებით...

მაგდამ, როგორც იყო, მოაცილა თეას სახიდან საღებავები, მერე პალტო ჩააცვა და სამივე გადაკოცნა, ნათიაც, ვაჟაც და გაგაც. თეამ ყველას “საჰაერო კოცნა” გაუგზავნა, შემდეგ ხელი დაიქნია, “მშვიდობითო” და მაგდას გაჰყვა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს