ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2010


მე იუდა ვარ!..

იუდა ვარ და ქრისტე ერთ დროს ვერცხლზე გავყიდე...
თუმცა, ცოდვები მე მანამდეც არასდროს მაკლდა,
ჩემი ძმის სისხლში ხელგასვრილმა მამაც მოვკალი,
ცოლად შევირთე მერე დედა, დამსაჯეს რადგან...

მე არ ვიცოდი თუ რას ერქვა ბედნიერება,
ვერც მეგობრები შევიყვარე, ვეღარც - ოჯახი,
ვერცხლის სიყვარულს ყველაფერი ფეხქვეშ გავუგე
და მხოლოდ ერთხელ, სიკვდილის წინ, მწარედ მოვთქვამდი...

ასე ცხოვრებამ მაქცია თუ თვითონ ვაქციე
ჩემი სიცოცხლე ასეთ მძიმე ბუდედ ცოდვისა,
არ ვიცი, მაგრამ როცა მივხვდი დამნაშავე ვარ,
არ ვინანე და განსაცდელში ჩემით მოვდივარ...

და პატიების თხოვნა რადგან ვეღარ შევძელი,
ალბათ, ამიტომ თუ ვარჩიე, თავი მომეკლა,
მწარედ ვიცინი, როცა ვფიქრობ, რომ მე, ასეთი,
ბავშვიც ვიყავი, უცოდველი ბავშვი ოდესღაც...

სინანულისთვის, სჯერათ, ქრისტე მომიტევებდა,
მაპატიებდა ყველა ცოდვას ალბათ, ვინ იცის -
მე იუდა ვარ, სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა -
ხის დახრილ ტოტზე რომ ვკიდივარ ჩემი სინდისით...

ლიკა ოხანაშვილი
14.11.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები