ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2011


დევი

- ბიჭო, რა ვირი ყოფილა ეს ჩემისა! მაჯაზე ხელი ისე მომიჭირა, თითები ვერ ავამოძრავე. თან რამხელა ტორები აქვს, ეე? მკლავზე, ლამის ორ წრედ შემომავლო  ხელის გული. კიდევ კარგი, ნერვი არა აქვს და "სლიშკამ"კეთილია. აზრზე მოდი, ჩხუბი რომ უყვარდეს, ან ჩემნაერი ახვარი იყოს, ეე?! ჩემ მტერს, ტო! მაგას ვინ გააჩერებს?
- შენ ეგა თქვი.
- არადა ბიჭო, გინდა გაგიმაზო? თავში ჩავარტყავ და ხმას არ ამოიღებს?!
- კაკო, იცი რას გეტყვი? ნამეტანი დარწმუნებულიც ნუ იქნები, ამგვარ "ჰეფი ენდზე." ბებიაჩემი ტყუილად კი არ მასწავლიდა: "საფრთხე ელანძეა, ბებიაო." რომ გადმოგიღოს და დაგძუყნოს, ხომ იქნები ღირსი?
- ვინ ბიჭო?!
- ვინ და დევიამ!
- მოდი, სახინკლეზე გავმაზოთ ძმაო! თითსაც ვერ დამაკარებს!
- მოსულა. ოღონდ, ჯერ იკისრე და მერე ჩაარტყი თავში.
- ეე?!  შენ ცოტა ალაოდ ხომ არ ხარ? რა პონტში უნდა ვიკისრო? იქნებ ვიგებ?
- რომ წააგო,  ის მაშინებს მე.  ღმერთი თუ გადმოგხედავს და ცოცხალი გადარჩი, ერთი თვე შენს აწყობას დასჭირდება და მთელი წელი - ფეხზე დაყენებას. ამდენი ხანი ველოდო თავანს?
- ეე, მიდი რა!

  დაახლოებით ამგვარი საუბარი გაიმართა, ჩემსა და კაკოს შორის, მას შემდეგ, რაც მისთვის სრულიად მოულოდნელად, დევის არანორმალური ფიზიკური ძალა აღმოაჩინა. კაკო, ჩემი პარალელური კლასელი იყო. დევი - თანაკლასელი.

  მაშინ ვერ ვხვდებოდით, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, მრავალი სიკეთე ჰქონდა წინა საუკუნის 70-80-იან წლებს. თუნდაც ის, რომ დღევანდელისგან განსხვავებით, იშვიათად ინგრეოდა ოჯახები. დევის ამ მხრივ არ გაუმართლა. მშობლები დაშორდნენ. დედასთან და ბებიასთან იზრდებოდა. მეცხრე კლასში იყო დედა რომ გარდაეცვალა და დარჩა ბებიის ამარა. ვერ ვიტყვი მამა ყურადღებას არ აქცევდაო, მაგრამ ოჯახი ყავდა იმ კაცს, შვილები და მოგეხსენებათ როგორც ხდება მსგავს შემთხვევებში. დევი კი, მორიდებული ბიჭი იყო. ამიტომ,  ბებიის პენსიით გაჰქონდა თავი უმეტესად ოჯახს. "ბავშვი უსწავლელი არ დამირჩესო"და რეპეტიტორებისთვის ფულის მოსაგროვებლად,  საღვეზელეში, მოლარედ დაიწყო მუშაობა, სამოცდაათს გადაცილებულმა ქალმა.

მახსოვს, ბავშვობისას უბანში ნაყინს, მოტოროლერით ჩამოატარებდნენ ხოლმე.  ნაყინი რაღა შუაშიაო?- იკითხავთ ალბათ. მოგახსენებთ. რაინდი ერქვა ნაყინის გამყიდველს. მოტოროლერზე რომ წამოდგებოდა და ხელაწეული, ბავშვებს თავისთან მიგვიხმობდა, დიდი-დიდი მეტრნახევარი ყოფილიყო იმ მომენტში მანძილი, ასფალტიდან, რაინდის აწეული ხელის, შუა თითის ფრჩხილამდე. იცოცხლეთ, კეთილი სურვილი კი ამოძრავებდა, მაგრამ მეტისმეტად ბეცი აღმოჩდა წინასწარმეტყველების საკითხში, მენაყინეს სახელმდებელი. დევის ნათლიამ კი, შიგ ათიანში გაარტყა. მაღალიც იყო დევია, მოხეულიც, ძვალმსხვილი, ჯანიანი და ისეთი გულუბრყვილო, ნებისმიერი ნაცარქექია რომ გააბრიყვებდა და ლუკმას პირიდან გამოაცლიდა. ცხენები უყვარდა სიგიჟემდე. იპოდრომზე ათენებდა და აღამებდა. ცხენებს უვლიდა, აჭმევდა, თავლას ალაგებდა, აღკაზმულობა მოჰყავდა წესრიგში. მახსოვს ერთხელ, სტუდენტობისას, იპოდრომზე შევუარე, სადღაც ვაპირებდით ერთად წასვლას. დევი ამხედრებული დამხვდა. რომ დამინახა, ჩამოქვეითდა და ცხენი ლაგამგამობმული წამოიყვანა,  ოფლის შესაშრობად.
  - ბიჭო! ესაა შენი ცხენოფილობა?! ამხელა ბეჰემოტი რომ მოაჯდები და დააჩაქჩაქებ ამ საცოდავებს, არ გეცოდებიან მაინც? ხედავ რას დაამსგავსე, ეს შენდა ჭირად გაჩენილი? ზურგი ჩანგრეული აქვს, ენა გადმოვარდნილი, ჩლიქებზე "პადაგრა". საკუთარ კუდს ძლივს მოათრევს და შენ როგორ უნდა გზიდოს, ამ უბედურმა? - წავეღადავე დევის თორემ,  რა ჰქონდა ცხენს დასაწუნი? ავ თვალს არ ენახებოდა ულაყი.
- ვინაა ბიჭო უბედური და ენაგადმოვარდნილი? ამას რომ მოვლა-პატრონობა აქვს, აწი რაღა დროსია თორემ,  შენ რომ გქონოდა იმის ნახევარი, ეგებ კაცი გამოსულიყავი?! - 32-ვე კბილი გამოამზეურა დევიმ.
  მე და ეს ძმაკაცები ვართ. ხან მე ვაჭენებ, ხან ის გამაჭენებს ხოლმე.  რა იყო, არ გჯერა? - მივიდა ცხენთან, წელში მოიხარა, მუცლის ქვემოთ, მხრებით შეუდგა და ბეჭებით ასწია.
- ვაი, შენს პატრონს... ესღა აღმომხდა ყბაჩამოვარდნილს.

  ქეიფისთვის იყო გაჩენილი დევი. მაგრამ რომ მკითხოთ ჭამა-სმა უფრო უყვარდა, თუ სამზარეულოში ტრიალიო, გამიჭირდება სწორი პასუხის გაცემა. პროდუქტების არჩევა-ყიდვა- მომზადება-გაწყობაში, არ ჰყავდა ბადალი. გვერდით არავის გაგვიკარებდა. მოირგებდა წინსაფარს, კაი მარჯვე, გამოცდილ დიასახლისს რომ შეშურდებოდა, ისეთ სუფრას გაშლიდა ნახევარ საათში, მოგვიჯდებოდა შემდეგ გვერდით და თავისწილად, ერთ ფუთამდე ღვინოს გამოუყვანდა წირვას, ნებაზე თუ მივუშვებდით. ახლა არ დამიწყოთ... ფუთიც კარგად ვიცი რამდენია და ნათქვამსაც ნუ ჩამითვლით გაზვიადებაში. ეს კი არა, უფრო მეტიც არაერთხელ დაულევია.
  მახსოვს, არეული დროა. სვამს დევია. სამი დღეა, სახლისკენ არ უქნია პირი. საღამო იყო ეზოში რომ შემოეტია. მიდის სადარბაზოსკენ  ვარაუდით. ხმას ვერ იღებს. თეძოებიდან გლანდებამდე, ამოვსებულია სასმელ-საჭმელით. ერთი სული აქვს, შინ მივიდეს და დაიცალოს. გზად ვიღაც ორი, დამწყები ძველი ბიჭი გადაუდგა და სიგარეტი მოგვაწევინეო. დევიმ ვერ გაიგო. ოდნავგაღებული ცალი თვალით მხოლოდ ის შეამჩნია, სანატრელ ტუალეტამდე გზას, რაღაც  რომ უხერგავდა და ამის გასარკვევად გაჩერდა.
  - სიგარეტი მოგვაწევინე, ბიჭო!!! - უფრო ხმამაღლა და ხაზგასმულად უხეშად გაიმეორეს "დამწყებებმა."
  ვერაფრით ჩაწვდა "ბარიერის" წარმომავლობას დევი. მხოლოდ გრძნობს, რომ რაღაც უნდა ესმოდეს და რაღაცასაც ხედავდეს, მაგრამ რას, ვერაფრით ხვდება და ვერც აუდიო, თუ ვიდეო ფოკუსში უყრის თავს.
  - ხმა ამოიღე ბიჭო!!! - სახელოზე დაქაჩა ერთერთმა. გულზე იყვნენ მოსული, იფიქრეს: "ჩავასვრევინეთ ვიღაც ვერზილას, ხმას ვერ იღებს შიშითო".
  - მმუუჰ...
  - რა მუუ? ძროხა ხარ ბიჭო?! - შეუძახა ერთმა და მუცელში მუშტიც დაუყოლა. აი, სწორედ აქ გაიხსნა ის სარქველი, დევის სამი დღის ნაალაფარს, რის ვაი-ვაგლახით რომ იჭერდა. გაიხსნა და, გარღვეული ჯებირიდან მოვარდნილი წყალი ხომ გინახავთ, ისეთივე დებიტით და ზათქით მიასკდათ "მალადნიაკ აბიჟნიკებს", დევის დაფჩენილი პირიდან გადმოსული, ოცკაციანი, ნახევრად გადამუშავებული პურ-მარილი. თავ-ფეხიანად ჩამბალ-ამოვლებულებს, ეზოში შლანგით რეცხავდნენ, ახარხარებული მეზობლები. მოულოდნელი შვება რომ იგრძნო, ერთი კი გაიკვირვა დევიმ - რა წუწაობა აუტყდა ამ ხალხსო. ჩაიქნია ხელი და ბარბაცით შევიდა სადარბაზოში.

                                                                          *  *  *

- რას გეტყვი იცი? - ვეკითხები დევის.
- ჭკვიანურს?
- ჰო.
- მოახერხებ? - არც თუ უსაფუძვლო ეპარება ეჭვი, ჩემს შესაძლებლობებში.
- ვეცდები მაგრამ, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? როდის იყო, გონივრულის და აბდლურის გამორჩევა შეგეძლო? - როგორც ყოველთვის, ერთი-ერთზე ემთხვევა ჩვენი აზრები, ერთურთის შეფასებისას.
- ჩემზე სისინებ?
- უუფჰ?! გაიკვირვე ახლა?!
- რის თქმასაც აპირებ ვიცი. შემეშვი!  ყველაფერი ავწონ-დავწონე. მივდივარ და გამანებეთ თავი, შენს ტლიკინს აზრი არ აქვს.
- რა იცი შენ, რა უნდა გითხრა?! - არ ვიხევ უკან.
- რაც გიამ და რამაზამ, იმას მეტყვი, სხვას რას? შემეშვით რა! ორი დღე ვფიქრობდი, გადაწყვეტილებაც მიღებულია, მორჩა!
- საქმეც ესაა! გადაწყვეტილება კი მიიღე, მაგრამ შტერულია თუ ჭკვიანური, "ლიჩნად" შენ იცი, როგორ უნდა გაარჩიო?
- ?
- ჯერ, დიდხანს, დიდხანს უნდა იფიქრო. რომ მიხვალ საბოლოო დასკვნამდე და წერტილს დაუსვავ,  "ასე უნდა ვიმოქმედო"-ო,  ეე, მაშინ უნდა გაჩერდე, დაანებო თავი და  რაც მანამდე არასწორი  გეგონა, ზუსტად ისე უნდა მოიქცე! ანუ, საწინააღმდეგოდ! გაიგე?!
- მიდი რა! " ჩემი შენ გითხარიო"...
- ბიჭო, დევებისთვის ღმერთმა, ცხრა თავისთვის ვერ გაიმეტა ჭკუა და ერთ ქეციანში  ვინ მოგაშავებდა?!! სად მიეთრევი, რომ მიეთრევი?! ორი თითისხელა ბაღანა გყავს სახლში და რამე რომ მოგივიდეს, ვინაა მაგათი მიმხედავი?! ვერ ხედავ რა ცხოვრება მოდის?! ან რის კაცის მომკვლელი ხარ, ქათამი ვერ დაგიკლავს? დაეტიე თუ ძმა ხარ სახლში!!! იქით ვერაფერს იზამ და აქეთ, ვინ აგაცდენს?! - ვეჩხუბები დევის და ვცდილობ, აფხაზეთში წასვლა გადავაფიქრებინო.
- უსტა! თქვენთვის და სახლში არ მითქვამს თორემ, მე უკვე ორჯერ ვიყავი იქ. პირველად, ცოლ-შვილი ბორჯომში, ჩემს სიმამრთან  რომ გავუშვი, მაშინ წავედი. ოჯახს, თბილისში ვეგონე, თქვენ - ბორჯომში. მე კი ლაბრაში ვიყავი ამ დროს. მეორედ კი ახლა... კარგი ბიჭი დაგვეღუპა ერთი, ის ჩამოვასვენეთ და იმიტომ ჩამოვედი...ოცი წლისაც არ იყო ცხონებული...
- მმმართალს ამბობ, ტო? - გაკირვებისგან სიტყვა ამეკრა სასაზე.
- დედას გეფიცები... "თეთრ არწივში" ვარ.
- ვაა, ჩემი!.. ისე, კი გვიკვირდა მე, გიას და რამაზას, სად დაიკარგა ეს ჩემისაო... მერე? მითუმეტეს. ხომ იყავი? კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს, ძმაო.
- მერე ვინ გითხრა, რომ იქ წყლის მოსატანად დავდივარ?.. - ცალყბად გამიღიმა დევიმ. ბიჭებს ვერ დავაღალატებ კახა. ძმაკაცი "ხიპიშში" რომ არ გამოგყვება როგორია და აბა შენ ახლა, ომი წარმოიდგინე? ესეც რომ არ იყოს, რომ წამოიზრდებიან ჩემი შვილები და მკითხავენ: "მამა, ომის დროს რას აკეთებდიო?" - რა ვუპასუხო?  "ტავარი" ჩამომქონდა და ბაზრობაზე ვყიდდიო?
- ეე, მაიცა რა თუ ძმა ხარ! ვატყობ, მაგათ ისეთ დროში მოუწევთ ცხოვრება, ჩარჩებს და მევახშეებს რომ ექნებათ ფასი და წესიერ კაცს - "გამოსირებულს" დაუძახებენ. ვერ ხედავ რა ხდება? გაგანია ომია, ამათი დედა ვატირე, ჩართავ ტელევიზორს და ვითომ არაფერი -შოფტურებზე  ეპატიჟებიან ხალხს, დუბაისა და თურქეთში. მაყუთიანი მშობლები, რას ფიქრობენ ამ დროს, იცი? - "ფრონტის ხაზმა აქეთ რომ გადმოიწიოს და ჩვენ კარაქ-თაფლ-ბისკვიტზე გაზრდილ დედის იმედების სათუთ ნერვულ უჯრედებს რაიმე საფრთხე შეექმნათ, რა ვქნათ მერეო? ამიტომაც, დასასვენებლად ან უფრო ჭკვიანური - სასწავლებლად უშვებენ საზღვარგარეთ. მერე, რამდენიმე წლის შემდეგ რომ მიადგები ასეთებს და ეტყვი: - მიშველეთ რამე, მშიერი მეხოცებიან ბავშვებიო! - რას გიპასუხებენ იცი? -"შენ რომ აღმა-დაღმა, ავტომატით, აფხაზეთის წალკოტში დახტოდი და ომობანას თამაშობდი, მე მაგ დროს მაიმაში ვიტანჯებოდი და კოლეჯში, სამთვიან კურს გავდიოდიო."
- ნუ იცი ხოლმე გაბერვა რა! თანაც მე ომში, შვილების რომ არ შემრცხვეს იმიტომ მივდივარ და მეორეც: როდის ყოფილა ქვეყნისთვის ნაომარი  კაცი, დაუფასებელი?
- აუუფ!  გინდა გაგიმაზო, "ცვეტში" ასე რომ იქნება?

  არ დავნაძლევებულვართ. როგორც დრომ გვაჩვენა, ვცდებოდით თურმე ორივე. დევის, ვეტერანების დაფასების საკითხში მოუვიდა იაღლიში, მე კი იმაში შევცდი, რომ - არასდროს, არავის მისდგომია ჩემი მეგობარი: "მიშველეთ, შიმშილით მეხოცებიან ბავშვებიო."

  მეორე თუ, მესამე დღეს დაბრუნდა აფხაზეთში.
  ერთ, არც თუ მოხერხებულ ადგილას ყოფილან დაბანაკებული. ახალწვეულებიც ერიათ. დევის ღორის ხორცი უყიდია სადღაც. დაუნთია კოცონი და თავის სტიქიაშია თურმე, აშიშხინებს მწვადებს. სწორედ ამ დროს შემოუტიათ მტერმა. მოწინააღმდეგეს სიმრავლეს დაუფრთხია ახალწვეულები, ბრძოლაში გამოუცდელები. დევი, რისი დევი იქნებოდა, სროლის გამო, пост № 1 მიეგდო და მშიერი დაეტოვებინა ბიჭები? პირდაპირ სანგარში მიართვა თურმე შამფურზე აშიშხინებული მწვადი, ახალბედა თანამებრძოლებს. რომ შეატყო ალყაში უპირებდნენ მოქცევას, მარტო გადასულა შეტევაზე, შედარებით უკეთესი პოზიციაც დაუკავებია და: - აქ მოდით, ნუ გეშინიათო! - მოუტრიალდა და გასძახა ბიჭებს. სწორედ იმ დროს მოხვედრია ტყვია.

  მხოლოდ მესამე დღეს მოხერხდა, ბრძოლის ველიდან მისი გამოყვანა. ცოცხალი იყო. თბილისის ჰოსპიტალში მოათავსეს.
  - მარჯვენა საფეთქლის მხრიდან არის АКС-ის ტყვია თავის ქალაში შესული, მიაღწია მარცხენა საფეთქლამდე, იცვალა მიმართულება და სადღაც მარცხენა თვალს ზემოთ არის გაჩერებული. ტვინი აზელილია. ორგანიზმი აქვს ძლიერი და  იმიტომ ფეთქავს გული. გადარჩენის არავითარი შანსი არ არსებობს.  მესმის, ძნელია გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ... ტყუილად ვაწვალებთ. იქნებ გამოვრთოთ აპარატურიდან? - იკითხა ექიმმა.
  გამორთეს.
  თითქმის ერთი კვირა კიდევ ძგერდა დევის გული.

  სრულწლოვანობამდე, 28 ლარი პენსია ეძლეოდათ უმამოდ გაზრდილ ქალ-ვაჟს, სახელმწიფოსგან... შემდეგ, აღარც ის.
  გაახარებთ ღმერთი, რამაზი რომ არა (მეგობარია ჩვენი) და რამდენიმე კეთილი ადამიანი, ნამეტანი გაუჭირდებოდათ დევის ქვრივს და ბავშვებს...
  ახლა დიდები არიან უკვე...
  მამა არ ახსოვთ, მაგრამ იციან: შერცხვენილი კაცის შვილები რომ არ არიან ისინი.
  ვიცი, არც თავად შეარცხვენენ მამას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები