ნაწარმოებები


საქველმოქმედო საღამო ქობულაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად.     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *    

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2010


წმინდა მარინეს ცხოვრება


წარმართ მშობლების წიაღში იშვა,
მამა ქურუმად იყო ცნობილი,
დედა ადრევე გარდაიცვალა,
ოჯახი იყო ღმერთდაგმობილი.

მალე მარინე წამოიზარდა
სულხორცეულად ლამაზი, ზრდილი,
ჯერ მის სიწმინდეს, სიმშვენიერეს
არ დაჰფენოდა ბოროტის ჩრდილი.

თორმეტი წლისამ შეიცნო ქრისტე,
გულით ეწადა ნათლობა წმინდა,
მაგრამ სოფელში არ იყო მღვდელი,
სისხლის დათხევა გადაეწყვიტა.

ქურუმმა მამამ უარყო შვილი
და შეიძულა სიწმინდე მისი,
მაგრამ მარინემ უფალს მიანდო
უბიწოება სულისა თვისი.

ოლიმბრიოსმა, გულქვა ეპარქმა,
ქრისტიანებს რომ დევნიდა ყველგან,
მინდორში თვალი მოჰკრა მარინეს,
თხუთმეტი წლისას, გამოსულს ცხვრებთან.

აღმოსავლეთის ქვეყნების ეპარქს
ბინძური გული აუვსო ვნებამ,
ცოლობა სთხოვა, პასუხიც სთხოვა,
სურდა გაეგო ქალწულის ნება.

წმინდა მარინემ არ დაუმალა,
მორწმუნე იყო და ქრისტეს სძალი,
ოლიმბრიოსმა ბრძანება გასცა,
წამოეყვანათ უბიწო ძალით.

უღვთო სამსჯავროს ბევრი უცქერდა,
მარინე მტკიცედ იცავდა რწმენას.
არ ეშინოდა და მხნედ სჯეროდა
რომ ის შეძლებდა ტკივილთ დათმენას.

კერპებს არაფრით არ სცა თაყვანი,
არ შეიცვალა ქალწულმა ნება,
ეპარქს შესძულდა და განრისხებით
მისი უბიწო სხეული გვემა.

ხორცებს ჯიჯგნიდნენ ხეზე მიმსჭვალულს,
უფლის შეწევნით არ გრძნობდა ტკივილს,
მოწამის გამო ირგვლივ მყოფ ხალხში
გაიგონებდით უჩუმარ ტირილს.

მარინეს ლოცვა აღწევდა ზეცას,
ხორცი მიწაზე ცვიოდა ირგვლივ,
ვინც კი იწამა იესო ქრისტე
წმინდანის თავზე ხედავდა გვირგვინს.

დაწყლულებული ჩასვეს დილეგში,
ყველა იარა გამთელდა უცებ.
ეხარა ქალწულს უფლის მტრედისგან
რომ ძლიერ ტანჯვას კიდევ გაუძლებს.

უკანასკნელი ღვაწლის დღეც დადგა,
განკურნებული მარინე გვემეს,
სანთლებით მთელი სხეული დასწვეს,
ვერ იკავებდა მნახველი ცრემლებს.

მარტვილმა უფალს ნათლობა სთხოვა,
ლოცვად აღაპყრო წმინდა თვალები,
ეპარქმა წყალში დახრჩობა სცადა
ხელფეხშეკრულის, განაწამების.

უცებ მიწისძვრა მოხდა ძლიერი,
მიწას დაემხო ყველა მტანჯველი,
წმინდანს ნუგეში ზეციდანა სცა
იესომ მჯდომმა მამის მარჯვენით.

მრავალმა მაშინ იწამა ქრისტე,
მათი წამებაც ახშობდა სუნთქვას,
ქალწულ მარინეს წარკვეთეს თავი
და წმინდა სული შეჰვედრა უფალს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები