ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
14 აგვისტო, 2008


თავი 40. ორი დედა ("მაგდა")

თებერვლის ბოლო დღეები იყო.
ნათიამ გაგასა და თამუნას მიაკითხა წამოსაყვანად. ბავშვები კი წამოიყვანა, მაგრამ... გაგა არ იყო ხასიათზე. ის კი არა და, ნამტირალევი თვალებიც შენიშნა ბავშვს.

- გაგა, რა მოხდა, დედიკო? - მიეფერა ნათია.
- არაფერი...
- ვინმემ ხომ არ გაწყენინა?!
- არა...
- თეას ხომ არ ეჩხუბე?
- მე თეას არასოდეს ვეჩხუბები...

ამის მეტი ვერაფერი ათქმევინა ნათიამ სახლში მისვლამდე.
სახლში მისული გაგა თავის ოთახში გავიდა და საწოლზე წამოწვა. ნათია ფეხდაფეხ მიჰყვა. გაგა ჩუმად ტიროდა....

- გაგა, შენ მე რაღაცას მიმალავ, დედა! მითხარი, რა მოხდა, რატომ ტირი?!
- დედიკო, მე რომ რაღაც გითხრა ან გკითხო, არ გამიჯავრდები? - გაგამ ცრემლიანი თვალები შეანათა ნათიას.
- შენ თვლი, რომ რასაც მკითხავ, გასაჯავრებელია?
- არ ვიცი.... მე არ მინდა, რომ შენ გამიჯავრდე ან გაბრაზდე...
- ვეცდები, არ გავბრაზდე... - ნათია გვერდით მიუჯდა გაგას და ხელი მოხვია.
- დედიკო, მითხარი, შენ... შენ... ჩემი დედინაცვალი ხარ? - გაგამ კალთაში ჩაუდო თავი ნათიას და ჩუმად ატირდა.
- გაგა, ვინ გითხრა ეს?!... საიდან მოიტანე?! - ძლივს ამოთქვა ნათიამ.
- მე, თამუნა და თეა “სახლობანას” ვთამაშობდით. მერე ჩვენთან მაკა მოვიდა. მე უთხარი, თუ გინდა შენც ითამაშე-მეთქი.  იმან მითხრა, რო თქვენთან არ ვითამაშებო. მე უთხარი, რატო-მეთქი, იმან მითხრა, დედიკომ მითხრა, მაგათთან არ ითამაშო, გაგას დედა არა ჰყავს, დედინაცვალი ზრდის და დედინაცვლის გაზრდილი ბავშვი რა ჩემი შვილის ამხანაგიაო... დედიკო, შენ არა ხარ ჩემი დედიკო? - გულამოსკვნით ატირდა გაგა და ნათიას ჩაეხუტა.

ნათია გაშრა.
“აი, ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა!
რა უთხრას გაგას? რით დაამშვიდოს ატირებული ბავშვი?!... უთხრას ყველაფერი ისე, როგორც სინამდვილეში იყო? ამას გაგა ჯერ ვერ გაიგებს!... არა და, როგორ მოიქცეს?!... ვაჟა მაინც იყოს სახლში?!... რა უთხრას გაგას, რა?!...”

და უცებ ნათიას გონებაში გაუელვა ერთმა აზრმა:

- გაგა, მისმინე, დედიკო!... შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და ეს უნდა იცოდე: ყველა ბავშვს ჰყავს ორი დედა, მაგრამ ერთი დედა ამ ბავშვის გვერდით არის, ხოლო მეორე დედა – სხვაგან, სხვა ბავშვების გვერდით. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ის პირველი დედიკო სადმე მიდის, შორს, იქ, საიდანაც ვეღარასოდეს ბრუნდებიან უკან. მაშინ მამიკო იწყებს იმ მეორე დედიკოს ძებნას... და თუ მამიკოს ბედმა გაუღიმა და ის მეორე დედიკო იპოვა, მაშინ ის მეორე დედიკო მოჰყავს ამ ბავშვთან და მასთან ტოვებს. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მამიკო მეორე დედიკოს ნაცვლად სხვა ქალს ხვდება, რადგან ის  ჰგონია თავისი შვილის მეორე დედა და სახლში მოჰყავს.... იმ სხვა ქალს ჰქვია “დედინაცვალი”... მე კი მეორე დედა ვარ, გაგა!... გახსოვს, შენ და მამიკომ რომ მიპოვეთ? გახსოვს, გაგა?!... მე შენი დედიკო ვარ! გესმის?... მე არასოდეს ვყოფილვარ შენი დედინაცვალი და არც არასოდეს ვიქნები.... მე შენ ძალიან მიყვარხარ, გაგა! შენც და თამუნაც, ორივე, ჩემი პატარა საყვარელი შვილები ხართ.... შენ ჩემი პირველი სიხარული ხარ, თამუნა კი – მეორე!... შენ ხომ გიყვარვარ, გაგა?! - ნათიას ცრემლები გადმოსცვივდა.
- დედიკო, ნუ ტირი, რა?!... მე ვიცი, შენ ჩემი დედიკო ხარ! მე შენ ძალიან მიყვარხარ!... შენც და მამაც... შენ ჩემი პირველი დედიკო ხარ!... შენ არა ხარ მეორე დედიკო, ხო?
- არა, გაგა... მე შენი მეორე დედიკო ვარ და ჩვენ ერთად წავალთ შენი პირველი დედიკოს სანახავად!...

იმ ღამეს გვიანობამდე ჩურჩულებდნენ ნათია და ვაჟა გაგას შესახებ. ნათიას გადაწყვეტილება ურყევი იყო. გაგას უნდა სცოდნოდა დედის საფლავი. მაშინ იგი ნათიას ამაგსაც დააფასებდა და ვერც იმას წამოაყვედრიდა მათ, “დედის საფლავი დამიკარგეთ, იმ დედის, რომელმაც ჩემს გაჩენას შესწირა თავიო”.

და ნათია მართალი იყო.

პირველივე შაბათს ჩასვა ვაჟამ მანქანაში ნათია და ბავშვები და სასაფლაოზე წაიყვანა. საფლავის ქვიდან ოციოდე წლის ქალის სურათი ღიმილით შემოსცქეროდა ნათიას.

- გაგა, აი, ეს არის შენი პირველი დედიკო... შენ მასაც ძალიან უყვარდი, შეიძლება ჩემზე მეტადაც კი... შენ უნდა გახსოვდეს იგი.... არასოდეს დაივიწყო შენი მანანა დედიკო...

ნათიამ გაზაფხულის პირველი ყვავილების კონები ბავშვებს დააწყობინა საფლავზე, თვითონ კი ცრემლჩამდგარი თვალებით შეხედა მომღიმარ სურათს და ჩუმად ჩაილაპარაკა:
- გმადლობ, მანანა, გაგასთვის გმადლობ!...

ხელის შეხება იგრძნო. მოიხედა და... გაგა დაინახა!
- ჩემო დედიკო, მე თქვენ სამივე მეყვარებით, შენც, მამიკოც და მანანა დედიკოც... მაგრამ ყველაზე მეტად მე შენ მიყვარხარ... - გაგა ფეხის წვერებზე აიწია, ნათიას თავი დაახრევინა და ლოყაზე აკოცა.

ვაჟა მდუმარედ შესცქეროდა მათ და ფიქრობდა: “გმადლობ, ნათია!”



* * *

როგორ უცებ გაიფრინა დრომ.
ნოდარი 6 თვეზე მეტია, აღარ გამოჩენილა.... და სიცარიელე გაჩნდა მაგდას სულში! თავადაც ვერ აეხსნა ამის მიზეზი, მაგრამ ასე იყო!.

გიაზე ფიქრიც აღარ უნდოდა, მაგრამ ხანდახან შემოეპარებოდა-ხოლმე ნაღველი და მაშინ ძალიან უჭირდა ამ ნაღვლიან ფიქრებთან გამკლავება.
გიას შესახებ მხოლოდ ის იცოდა, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, მგონი ფიზიკის ფაკულტეტზე.

ქორწილის შემდეგ ერთხელ შეხვდა მაგდა გიას დედას, ქეთოს.
ქეთო ისე ელაპარაკა, თითქოს მაგდას გამო წასულიყო გია თბილისიდან: “შენ რომ ბავშვი არ გაგეჩინა, ჩემი გია თბილისში მეყოლებოდაო” – და ზურგი შეაქცია.

წელმოწყვეტილივით წამოვიდა მაგდა სახლში.
“ბავშვი... ნეტა, ვის რას უშავებს ჩემი თეა?!... ბავშვი არ იყო გაგა? ნათია არც კი დაფიქრებულა, ისე იკისრა ბავშვის დედობა!... ჩემი თეა, რა, გაგაზე ნაკლები ბავშვი იყო? გიამ მისი ნახვაც კი არ ისურვა.... ოჰ, გია, გია!... რატომ მიყვარდი ასე? მე ხომ შენს გამო ვუთხარი უარი ნოდარს?... მე ხომ სულ იმას ვუმტკიცებდი საკუთარ თავს, “არ შემიძლია ნოდარის შეყვარება, ჩემი გული გიას ეკუთვნის-მეთქი?!” აი, რა დამხვდა სიყვარულის პასუხად!... თურმე მე ვარ დამნაშავე, შენ რომ იქ, მოსკოვში ლეა შეგიყვარდა და ცოლად მოიყვანე! თურმე, მე ვარ დამნაშავე, რომ აქ დარჩენას, - მოსკოვში დაბრუნება არჩიე... რომ მოსკოვში გადაწყვიტე სწავლა!... სულელი ვარ, სულელი! ნოდარი არაფრით იყო შენზე ნაკლები, გია!... შეიძლება ბევრით არაფრით გჯობდა, მაგრამ... არც ნაკლები იყო! ახლა დავკარგე ისიც და შენც! თუმცა, ახია ჩემზე!... საკუთარი შვილის მამას მე თავად ვკარი ხელი... ვერ ვაპატიე!... მან კი, ვინც მიყვარდა, თავად მკრა ხელი, რადგან შვილის გაჩენა ვერ მაპატია.... რა “ბრწყინვალე” სამკუთხედია!... ალბათ, ასეთი ცხოვრება მაწერია ბედად!... არავინ მითხრას, "ადამიანი თავად არის საკუთარი ბედის მჭედელიო”, თორემ გავგიჟდები!”

ხო, უცებ გაიფრინა დრომ!
ხვალ თეა 4 წლისა ხდება!...
ოთხი წელი... სიმარტოვის ოთხი წელი!...

ყოველ წელიწადს უხდიდა დაბადების დღეს თეას... იმ დღეს თავიდან ფეხებამდე ახლებს აცმევდა-ხოლმე... უნდოდა, რომ თავისი არსებობის შემდგომ წელიწადს ახალი სიხარული მოეტანა თეასთვის...

“ნამცხვრებსა და ხაჭაპურებს გამოვუცხობ, კანფეტებსა და ლიმონათებს ვუყიდი და ბაღში მივუტან... იქ უფრო გაიხარებს ბავშვიო,” – გადაწყვიტა მაგდამ და საქმეს შეუდგა.
ჯერ უზარმაზარი ტორტი გამოაცხო, შემდეგ “ჩიტის რძე” და “იდეალი”...
ხაჭაპურის ცომიც მოზილა.
“ყველს ახალს ამოვიტანო” – იფიქრა და მაღაზიაში წავიდა.

კიბეზე აირბინა და რძის პროდუქტების განყოფილებისკენ წავიდა.
შორიდანვე მოჰკრა თვალი საკონდიტრო განყოფილების დახლის წინ მდგარ ქეთოს. გვერდით პატარა გოგონა ახლდა, დაახლოებით 3 წლის...
მაგდა წავიდა და მათ შორიახლოს გაჩერდა. თან ბავშვს უყურებდა.
პირველი შეხედვით, მის თეას მიამსგავსა: ბავშვს ქერა კულულები ეყარა მხრებზე. თავი რომ მოაბრუნა – მაშინვე იცნო ეს დიდი და ლამაზი ცისფერი თვალები. ბავშვი ლეას გავდა.

- მიკიდეეეე...... - გაიგო მაგდამ რუსული აქცენტით ნათქვამი ქართული.
- კი, ბებო, გიყიდი... გიყიდი, აბა რას ვიზამ?! - ამბობდა ქეთო.
- И еще хочу шоколадку... и этот торт.... - ტიტინებდა გოგონა.
- მარი, ქართულად თუ არ მეტყვი, არაფერსაც არ გიყიდი...
- მე მარი არა... მე – მარინკა... უნდა მე შოკოლადკა და ტორტ...
- მამაშენი მყავს მოსაკლავი, რომ შენ მეტად არ იცი ქართული... შე რუსის გოგო, შენა!
- მე რუსი არა... მე... ქატველი...
- გოგო, “ქართველი” მაინც თქვი სწორად?! ეეეჰ... შენთან რა მინდა?! მაგას ვიფიქრებდი, Dჩემს შვილიშვილს ქართული არ ეცოდინებოდა? მაინც გასწავლი ქართულს... კიდევ კარგი, აქეთ გამოგიშვეს.
- ბეე, შოკოლადკა მე უნდა...
- უი, დედა! შენ ვინა ხარ, ააა? დედაშენი მაინც იყოს აქ! არადა, ლეაც ცოდოა... იმხელა მუცელი და შენ, ერთად?... არააა!...
- ბეე, და კიდე ტოოოორტ!...
- კაი, ბატონო... შენი მეორე დედა თუ ვარ, იყავი ჩემთან... ერთი შოკოლადის ფილა მომეცი და ერთიც – ეს ტორტი. შოკოლადი რომელი გინდა, ბებო, თხილიანი? თუ რძიანი?
- ორივე.... და შოკოლადნი ტოოორტ!
- აჰა, ბებო... გამომართვი... შოკოლადი – შენ წამოიღე... ტორტს – მე წამოგიღებ. ხვალ დიდი დაბადების დღე უნდა გადაგიხადო...

მაგდა შეხტა ამ მოულოდნელი ფრაზის გაგონებაზე: ხვალ არის თეას დაბადების დღე და... ამ მარინკასიც? ერთ დღეს დაიბადნენ?...
მაგდამ სწრაფად იყიდა ყველი და გასასვლელისკენ გაემართა.

- Мамка приехалааа! Маа-мааааа! Я здесь... – და მაგდას ვიღაც მოეხვია ფეხებზე.

მაგდამ მოიხედა და... მარინკას ხუჭუჭა თმაზე მოეფერა, - ბავშვი მის კაბაში თავწარგული და გაყუჩებული იდგა.
- ღმერთო მაღალო, ბავშვს კი არა, დიდსაც აერევით ერთმანეთში... ასეთი მსგავსება?... წამოდი, ბებო, ეს არ არის დედაშენი... ვერ ჩამოვა ჯერ დედა. ამ მსგავსებამ გადამირია შვილი!

ქეთომ ხელი ჩაავლო მარინკას ხელში და ძალით მოაცილა მაგდას.
მარინკა გაუძალიანდა, მაგრამ, როცა ზევით აიხედა და საყვარელი დედიკოს ნაცვლად ვიღაც სხვა ლამაზი დეიდა დაინახა, დანანებით გაუშვა ხელი.

ქეთო და მარინკა მაღაზიიდან გავიდნენ.
მაგდაც მაშინვე გავიდა და, ფაქტიურად, 5-6 მეტრში მისდევდა უკან.
მარინკა რაღაცას ეჭუჭყუნებოდა ბებიას. ამასობაში გზაჯვარედინთან მივიდნენ.
მაგდა მათ გვერდით აღმოჩნდა. ქეთოს არ ესიამოვნა ეს სიახლოვე, მაგრამ იძულების წესით, მოუწია ჩუმად მდგარიყო.
მარინკამ მაგდას მოხედა და... გაუღიმა.
მაგდამ თმაზე გადაუსვა ხელი.
მარინკამ, მექანიკურად, ხელი გაუწოდა და მაგდამაც ხელი ჩასჭიდა ბავშვს.
მწვანე აინთო.
მათი გზა იყო და ქეთოც დანდობილად გადადიოდა გადასასვლელზე, რომ მოსახვევიდან გამოვარდნილმა მანქანამ ვეღარ დაამუხრუჭა და...
მაგდამ, ინსტიქტურად, თავისკენ მოქაჩა ბავშვი.

ქეთომ მარინკას ხელი გაუშვა და თვითონ, დაჯახებისგან, ჯერ მანქანის კაპოტზე დავარდა, შემდეგ კი -  გვერდზე გადავარდა.

მარინკას ფერი წაუვიდა.
მაგდამ ხელში აიტაცა ბავშვი და გულში ჩაიკრა.
ამასობაში ხალხიც მოცვივდა.
ეს სულ 2-3 წამში მოხდა, მაგრამ მაგდას უსასრულობად მოეჩვენა.

- სასწრაფოში დარეკეთ!
- ცოცხალია, მაგრამ... ფეხი აქვს მოტეხილი, ხედავ?
- დავრეკეთ უკვე!
- ხელი არ ახლოთ, ვიდრე ექიმი არ მოვა!... - ისმოდა შეძახილები ყოველი მხრიდან.

- დეიდა ქეთო, გესმით ჩემი? მაგდა ვარ!... ახლავე მოვა ექიმი...
- მარინკა... - ამოიჩურჩულა ქეთომ.
- მარინკა – ჩემთან არის...  კარგად არის, მაგას არაფერი დაშავებია! მე დავრეკავ თქვენებთან... ბავშვსაც მივიყვან.
- არავინ არის სახლში... - ქეთომ გონი დაკარგა.
- მაშინ ჩემთან მივიყვან... აი, სასწრაფოც მოვიდა! მოდით, მე გამოგყვებით თან...

სანიტრებმა ქეთო ფრთხილად გადაიყვანეს საკაცეზე და მანქანაში მოათავსეს.
- მე წამოვალ, თუ შეიძლება! - სთხოვა მაგდამ ექიმს და მანქანაში ბავშვიანად ავიდა.
- Смотри, мой  торт  раздавили..... შოკოლადნი ტორტ.... - მარინკამ ქართულად ვეღარ მოიფიქრა სიტყვა და ხელით აჩვენა მაგდას, “გაიჭყლიტაო”...
- არაფერია, სხვას გავაკეთებთ, ან ვიყიდით... რამდენი წლის ხდები, მარინკა?
- აი, ამდენი... - მარინკამ სამი გაშლილი თითი დაანახა მაგდას.

მაგდამ ხელი მოხვია მარინკას და გულზე მიიხუტა.
დედასმონატრებულმა ბავშვმა სითბო და სიმყუდროვე იგრძნო მაგდას მკერდთან და თავადაც მიეხუტა.

- რომელ საავადმყოფოში მიგყავთ? – მიუბრუნდა მაგდა ექიმს.
- ალბათ მორიგეში, ან რესპუბლიკურში...
- რესპუბლიკურში მივიყვანოთ, ნაცნობი მყავს იქ.
- კი ბატონო... - მაშინვე დაეთანხმა ექიმი და მძროლს გასძახა, - ნუგზარ, რესპუბლიკურში მიგვყავს დაშავებული...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმღებში შეაგორეს ქეთოს საკაცე და ექიმს დაელოდნენ.
- ქირურგმა უნდა ნახოს... სასწრაფოდ...
- ვინ არის დღეს მორიგე? – იკითხა მაგდამ.
- ახლა მორიგე ექიმები შეიცვლებიან... არ ვიცი, გავიგებ...

მიმღების მორიგე ექიმმა ქირურგიაში დარეკა და მაგდას მიუბრუნდა:
- ახლა შემოვიდა ნოდარ ერისთავი... ჩამოვა ახლავე...

“ნოდარი?!... დღეს ნოდარია მორიგე!... რა ვქნა?
რა ვქნა კი არა, რისთვის წამოაყვანინე აქეთ ქეთო? ნოდარის იმედით, არა?... რისთვის?  რომ გიას დაუმტკიცო, “შენთვის ცუდი არ მინდაო”? თუ ნოდარს დაუმტკიცო უნდა, “შენი იმედი მაქვსო”?... ვააახ, არა, რაააა, მე ჭკუას ვერასოდეს ვისწავლი!...”

- სად არის ავადმყოფი? - გაისმა მიმღებში ნოდარის ხმა და მაგდას მოეჩვენა, რომ გული “ეპარებოდა”. იფიქრა, “დავემალებიო”, მაგრამ... გვიანი იყო!
- აქეთ, ექიმო... აი, მისი თანმხლებიც...

ნოდარი შებრუნდა და მაგდა რომ დაინახა, გაოცება და სიხარული ერთად აღებეჭდა სახეზე.
- მაგდა?! შენ აქ რა გინდა?! ვინ არის დაზარალებული?... - და უცებ თვალი მოჰკრა პატარა გოგონას, რომელიც მაგდას ეხუტებოდა.
- თეა? თეა მომიყვანე? - სიხარული ვეღარ დამალა ნოდარმა და ბავშვს ხელი მოკიდა.
მარინკამ დიდი ცისფერი თვალები შეანათა ნოდარს...
- ეს თეა... თეა არ არის?...
- მე მარინკა... - თქვა ბავშვმა რუსული აქცენტით.
- ნოდარ, ეს თეა არ არის... ჩემი მეგობრის შვილია და... მეგობრის დედაა დაშავებული, - მაგდამ თვალები დახარა.
- მაპატიე, დაშავებული უნდა გავსინჯო...

მაგდამ მარინკა დერეფანში გამოიყვანა.
- შენ რა ქვია?
- მაგდა...
- Тетя Магда, хочу пипи.....  ფისი უნდა...
- ახლავე, პატარა! - მაგდამ საპირფარეშოში წაიყვანა ბავშვი.

ამასობაში ნოდარმა ქეთო გასინჯა და ისიც დერეფანში გამოვიდა.
მაგდა ვერ დაინახა და ისევ მიმღებში შებრუნდა: “არ დამელოდა!... არ უნდა, ჯიუტად არ უნდა ჩემი ნახვა!... ვისი ბავშვი იყო ნეტავ? საოცრად ჰგავს... რომ არ ვიცოდე, რომ მეორე არ გაუჩენია, ნაღდად ესეც მაგდასი მეგონებოდა!...”

ნოდარი შიდა ტელეფონს დაწვდა.
- ავადმყოფი მოგვყავს... საოპერაციო მოამზადეთ... - შემდეგ სანიტრებს მიუბრუნდა, - მე-3 ბლოკში ამოიყვანეთ...

სწრაფად გამოვიდა მიმღებიდან და ლიფტისკენ გაემართა.
ნოდარი რომ ლიფტში შედიოდა, მაშინ მოჰკრა თვალი მაგდამ...
გული დაწყდა. თავადაც ვერ მიხვდა, რატომ დაწყდა გული ასე!
“აღარ დამელოდა... სხვა დროს არაფრით წავიდოდა, ახლა კი... აღარ უნდა ჩემი ნახვა. მართალი ყოფილა ნათია. ალბათ, მოიყვანა ცოლი და რაღაში ვჭირდები?!... წავალ, ამ ბავშვს სახლში მივუყვან და ვეტყვი, სად მიაკითხონ ქეთოს.”

ავტობუსში ჩასხდნენ და 15 წუთში მივიდნენ კიდეც. მაგდამ გიას სახლისკენ გადაუხვია.
- Тетя Магда,  და შოკოლადნი ტორტ? მარინკა უნდა... - ისეთი საბრალო თვალებით შეხედა მარინკამ, რომ მაგდას გული მოეწურა.
სიტყვის უთქმელად მობრუნდა და ახლომდებარე გასტრონომში შევიდა.

- აბა, რომელი ტორტი გინდა, მარინკა?...
- ეს არა... შოკოლადნი...
- შოკოლადის ტორტი არ გაქვთ? - ჰკითხა მაგდამ გამყიდველს, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიიღო.
- მარინკა, სხვა ტორტი არ გინდა? არ აქვთ შოკოლადის ტორტი.
- არა... სხვა торт я не люблю, только шоколадный....
- კარგი, რამეს მოვიფიქრებთ.... Что нибудь придумаем, Маринка!
- ხო, მოიპიკრებდ....

მაგდა მესამე სართულზე ავიდა და ზარი დარეკა.
კარი არავინ გაუღო. მაგრამ სახლში აშკარად ვიღაც იყო.
კიდევ დარეკა.
- რომელი ხარ? - გაისმა შიგნიდან გურამიკოს ხმა.
- გურამ, მაგდა ვარ! მარინკა მოვიყვანე... კარი გამიღე.
- მაგდა?! - გაისმა გახარებული ხმა, - კი, მაგრამ, კარს რომ ვერ გავაღებ?
მეძინა და დედაჩემს გარედან დავუკეტივარ. ის ვიდრე არ მოვა, ვერ გავაღებ!.
- სხვებს არა აქვთ გასაღები?
- აქვთ, მაგრამ... ხათო ბებიასთან არის, სოფელში...  და მამა – გვიან მოვა...
- აბა რა ვუყო ბავშვს?
- არ ვიცი...
- მარინკა, ჩემთან წამოხვალ? მე შენხელა გოგო მყავს.

მარინკამ თავი დაუქნია.
- გურამ, ჩემი ტელეფონი ხომ გახსოვს? მამიკო მოვა თუ არა, დამირეკოს, კარგი? მარინკა ჩემთან მეყოლება, სახლში....  წავიდეთ, მარინკა!...

მარინკამ ხელი ჩაჰკიდა მაგდას და თან გაჰყვა.

სახლში რომ მივიდა, ზარი დარეკა და დაელოდა, ვიდრე ნინო კარს გაუღებდა.
ნინომ მაგდა რომ დაინახა ბავშვით ხელში, გაუკვირდა.
- თეა რატომ გყავს ხელში აყვანილი?
და უცებ მიხვდა ნინო, რომ ბავშვი, რომელიც მაგდას ეხუტებოდა, სულაც არ იყო თეა.
- მაგდა, ვინ არის ეს ბავშვი?
მარინკამ გამოხედა, თავისი დიდი ცისფერი თვალები შეანათა და თქვა:
- მე მარინკა... და შია... შოკოლადნი ტორტ უნდა...
- დედა, არ გაგიკვირდეს... ეს გიას შვილია!
- ვისი? - ისეთი ხმით თქვა ნინომ, ეგონა მომესმაო.
- გი-ა-სიიიი! მარინკა ქვია და ხვალ ხდება 3 წლის!
- ხვალ? ჩვენი თეასავით?... და შენთან საიდან გაჩნდა?
- სრულიად შემთხვევით, დედა... ქუჩაზე ერთად გადმოვდიოდით...  მარინკა ქეთოს ახლდა... და უცებ ქეთოს მანქანა დაეჯახა.
- რას ამბობ, მაგდა?!
- ჰო... როგორ მოვახერხე მარინკას ჩემსკენ გამოწევა, თავადაც ვერ მოვდივარ აზრზე.
- ახლა სად არის ქეთო?
- რესპუბლიკურში... ჩვენც გავყევით და ხელიდან ხელში გადავაბარე ნოდარ ერისთავს...
- ვისო?
- არ მისმენ, დედა? თუ ასე გაურკვევლად ვლუღლუღებ?!
- როგორ არ გისმენ?... მაგრამ ისეთ საოცრებებს ამბობ, რომ... ყბა დამეკიდა, მაგდა!
ნოდარი ნახე?
- ვნახე...
- მერე?
- მერე არაფერი... არ ეცალა ჩემთვის. ქეთოს სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა....
- და ეს ბავშვი სახლში რატომ არ მიუყვანე?
- მივიყვანე, მაგრამ სახლში არ იყო არავინ. გიას უმცროსი ძმა იყო მხოლოდ და მას დავუბარე... ისიც სახლში ყავდათ გამოკეტილი და მარინკა ვერც დავუტოვე.
- ახლა რა უნდა ქნა?
- ახლა? ახლა ხაჭაპური უნდა გამოვაცხო, დედა! და მერე – კიდევ ერთი პატარა შოკოლადის ტორტი.... მარინკასთვის!..

- კარგი, წავალ მე თეას მოვიყვან. შენ ხაჭაპური გამოაცხვე.

ნინო წავიდა და მალე დაბრუნდა თეასთან ერთად.
- შენ ვინ ხარ? - ჰკითხა თეამ.
- მე მარინკა... შენ?
- მე თეა მთვია. ათ უნდა იცხოვრო?
- Тетя Магда,  არ მესმის... – მიირბინა მარინკამ მაგდასთან.
- რა არ გესმის, მარინკა?
- დოდო, რა ვერ დაიდე? ათ უნდა იცხოვრო?
- არა, თეა... მარინკამ აქ არ უნდა იცხოვროს... ის თავის სახლში იცხოვრებს.
მაგრამ ახლა აქ არის, იმიტომ, რომ მისი ბებო არის ავად.
- ააა... დედა, ხაჭაპური დღეს უნდა დვაჭამო? თუ ხვალ?
- დღესაც და ხვალაც, თეა... ცოტა ხანს მაცალე!.. და მერე გემრიელ ხაჭაპურს გაჭმევთ.

გოგონებმა ძალიან მალე გამონახეს საერთო ენა.
თეამ გულმოწყალედ ათამაშა თავისი ყველაზე ლამაზი და საყვარელი სათამაშოებით.
ამასობაში ხაჭაპურიც გამოცხვა და ბავშვებმა გემრიელად მოულხინეს.

ჭამის შემდეგ კიდევ ცოტა ხანს ითამაშეს.
მარინკას თვალები ებლიტებოდა დაღლილობისაგან.

ცოტა ხანში თეა გამოვიდა და დედას უთხრა:
- დე, მარინტას დაეძინა... ჩემს თოჯინასთან ერთად დაწვა და დაიძინა...
- დედიკო, მოდი, შენ ჩემს საწოლში გადმოწექი და შენს საწოლში – მარინკა დავაწვინოთ, კარგი?
- ხო, დე, მე ხომ უტვე დიდი ვარ და არ დადმოვვარდები... მარინტა ტი – პატარაა...

მაგდამ ბავშვი დააწვინა, მერე თეასაც გაუშალა ლოგინი თავის გვერდით და საძინებლიდან გამოვიდა.

- გადავირიე... არც ქეთო და არც მარინკა სახლში რომ არ მივიდნენ ამ დრომდე, არ უნდა მოძებნონ?
- რა იცი, დედა, იქნებ ეძებენ კიდეც და არ იციან, სად უნდა მოძებნონ?!
- აბა რას ამბობ? შენ არ მითხარი, გურამიკოს დავუბარეო?... შენ სახლში იყავი... მალხაზი რომ მოვა, ჩავაკითხავ იმ ქალს... ვნახავ, როგორ ჩაიარა ოპერაციამ... ნოდარმაც როგორ არ დარეკა?!
- ჰო, რა ვიცი, აბა?!...

მაგდა სავარძელში ჩაეშვა და გიას სახლში დასარეკად მოემზადა, რომ ტელეფონმა დარეკა კიდეც:
- მაგდა მინდოდა, თუ შეიძლება? - მაშინვე იცნო ლევანის ხმა.
- მაგდა ვარ, ბატონო ლევან...
- ახლა მოვედი სახლში... რა ხდება ჩემს თავს? სად არის ქეთო? ან მარინკა სად არის?
- დამშვიდდით, მარინკა ჩემთან არის. დაეძინა... ხვალ დილამდე იყოს აქ... ცოდოა, სძინავს უკვე...
- და ქეთო?
- დეიდა ქეთო... ბატონო ლევან, არ ინერვიულოთ ოღონდ, დეიდა ქეთოს მანქანა დაეჯახა, მაგრამ ცოცხალია!...
- რას ამბობ, მაგდა?! შენ საიდან იცი ეს?
- მათ გვერდით აღმოვჩნდი გადასასვლელთან... მანქანა რომ გამოვარდა, ბავშვი ჩემსკენ გამოვქაჩე, დეიდა ქეთო კი... ვერ მოვასწარი. რესპუბლიკურში გადავიყვანეთ.
ჩემმა ახლობელმა ქირურგმა გაუკეთა ოპერაცია... დედა ახლა აპირებდა მის სანახავად წასვლას.
- მაპატიე, მაგდა... ყველაფერი მაპატიე... შენ კარგი გოგო ხარ! თუ უფლებას მომცემ, მოვალ ახლა და უფრო დეტალურად ამიხსენი, რა როგორ იყო...
- მობრძანდით... და მერე დედაც გამოგყვებათ საავადმყოფოში.
- მოვდივარ!...

10 წუთიც  არ იყო გასული, რომ ლევანი მაგდას წინ იდგა და სახლში შემოსვლას ვერ ბედავდა.
- მობრძანდით, ბატონო ლევან...
- მარინკას შევხედავ, თუ შეიძლება...

მაგდა უხმოდ შეუძღვა საძინებელში.
ლევანმა საწოლზე მძინარე ბავშვს შეხედა და ჩაილაპარაკა:
- ღმერთო ჩემო, ამას რომ რამე დამართოდა, თავს არ ვიცოცხლებდი... ხო, სახეზე არაფერი იმჩნევა...
- ბატონო ლევან, ამას რატომ უნდა ემჩნეოდეს რამე? ეს ჩემი შვილია, თეა!
- როგორ თუ თეა?!... აბა მარინკა?...
- აი, მარინკა! – და საბავშვო საწოლის სიღრმეში მძინარე ბავშვი დაანახა.

გაოგნდა ლევანი: ორივეს ერთნაირი თეთრი სუსტი სახე, ერთნაირი სიგრძის ოქროსფერი დალალები, ბალიშებზე გაფანტული... ორივეს ერთნაირი მშვიდი გამომეტყველება...

- ღმერთო ჩემო, როგორც დედები ჰგავხართ ერთმანეთს, ისე გვანან ბავშვებიც...
- და არა მხოლოდ, ბატონო ლევან! თეაც და მარინკაც ერთ დღეს არიან დაბადებულნი, - პირველ აპრილს!
- თეაც?!...
- ჰო... თეაც!...

- ბატონო ლევან, მე მზად ვარ... - შემოვიდა ნინო.

ლევანი და ნინო გავიდნენ.
მაგდამ კი ერთი დიდი შოკოლადის ტორტი მარინკასაც გამოუცხო.


* * *

მეორე დღეს ახალ ზღვისფერ კაბაში გამოწყობილი თეა მაგდამ მალხაზის მანქანით მიიყვანა საბავშვო ბაღში და თან წინა დღეს გამომცხვარი ტორტი, ნამცხვრები, ხაჭაპურები, კანფეტები და ლიმონათები მიიტანა.
- მაგდა, შვილო, ამით სამხარზე გავუწყობ ბავშვებს მაგიდებს... მანამდე კი, მოდი, მაცივარში შევინახოთ ეს ყველაფერი....

დეიდა ლალი სამზარეულოში გავიდა, მზარეული ქალი გამოიყვანა და ტკბილეული შეატანინა.
უეცრად მანქანიდან ცისფერკაბიანი “მეორე თეა” გადმოხტა და მაგდას კაბაში ჩააფრინდა.
- მაგდა... ეს ბავშვი... ეს ვინ არის?! - იკითხა გაოცებულმა ლალიმ.
- ეს ჩემი კლასელის შვილია...
- მხოლოდ? საოცრად გგავს შენც და თეასაც...
- ხო, იმიტომ რომ დედამისი მგავს ძალიან. და თანაც, დღეს ამის დაბადების დღეც არის. მშობლები – მოსკოვში ჰყავს, ბებიას კი – გუშინ მანქანა დაეჯახა... ასე რომ, მარინკა, დროებით, ჩემი სტუმარია.
- სხვა არავინ ჰყავთ სახლში?
- კი, ბაბუა, რომელიც მუშაობს, მამიდა, მაგრამ არც ის არის თბილისში, 1 კვირით არის წასული,  და მე-5 კლასელი ბიძა, რომელიც იქით მისახედია!...
- შენ სად მიდიხარ ახლა?
- სამსახურში, დეიდა ლალი... მარინკაც თან უნდა წავიყვანო...
- ესეც რომ აქ დამიტოვო? მაგდა, ორივეს ერთად აღვუნიშნოთ დაბადების დღე... სხვისას კი არ დავიტოვებდი ასე, მაგრამ... შენი – შეიძლება.
- უი, რა კარგი იქნება?! თანაც გაერთობა ბავშვი... მარინკა, ხომ დარჩები თეასთან ერთად?
- და ჩემი შოკოლადნი ტორტ?
- იმ ტორტს სახლში გაჭმევთ... სხვა არავინ მოკიდებს ხელს. აქ დაბადების დღეს გადაგიხდიან... არ გინდა?
- კი, მინდა...
- თეა, დედიკო, მარინკა შენთან ერთად იქნება დღეს, ხო? აბა, შენ იცი, არ მოაწყინო.

მაგდა ახლა ლალის მიუბრუნდა:
- დეიდა ლალი, მე საღამომდე ვერ მოვაკითხავ ბავშვებს...
- არაფერია, შვილო, ჩვენ გავუკეთებთ ყველაფერს.

ამ დროს საბავშვო ბაღში გაგა შემოიჭრა. ხელში უზარმაზარი თეთრი დათუნია ეჭირა. უკან ნათიასთან ხელჩაკიდებული თამუნა მოდიოდა.
- თეა, ჩემო თეა, გილოცავ დაბადების დღეს! - გაგამ თეა გადაკოცნა და დათუნია გადასცა.
- თეა, დილოცავ დაბადის დეს... - თამუნა ბაჯბაჯით მიუახლოვდა თეას და მანაც ლოყაზე აკოცა.
და უცებ გაგამ დააფიქსირა კიდევ ერთი, თეას მსგავსი გოგონა.
გაგა ხან თეას უყურებდა, ხან – მარინკას... შემდეგ მიუბრუნდა ნათიას და ჩუმად ჰკითხა:
- დედა, ის გოგო დაპატარავებული თეაა?

არანაკლებ დაბნეული იყურებოდა ნათიაც.
- მაგდა, ვისია ეს ბავშვი? ღმერთო, ასეთი არაფერი მინახავს... მართლა დაპატარავებული თეაა!
- ნათო, ეს გიას და ლეას შვილია, მარინკა... დროებით ვიშვილე, ერთი კვირით... ვიდრე მისიანები ჩამოაკითხავენ. ბებიამისი – ავარიაში მოყვა...
- ეს მხოლოდ შენ შეგიძლია გააკეთო, მაგდა!
- რა ვქნა, ქუჩაში ხომ ვერ დავაგდებ 3 წლის ბავშვს? თან ამასაც დღეს აქვს დაბადების დღე!...
- მარინკა, შენც გილოცავ დაბადების დღეს, - თქვა გაგამ, მივიდა და მარინკა გადაკოცნა.
- აი, ეს მესმის... კაცი გეზრდება, ნათია, კაცი!
- ღმერთო, რა საყვარელი ბავშვები არიან?! - ჩაილაპარაკა ლალიმ, შემდეგ თამუნას მოჰკიდა ხელი და ჯგუფში შეიყვანა.

გაგა – თავისი ჯგუფისკენ გაიქცა, დასვენებაზე – კვლავ მათ გვერდით ყოფნის იმედით.

საღამოს მაგდამ თეას და მარინკას მიაკითხა.
თეამ ოთახში შეირბინა და მალე გამოვიდა იქიდან მარინკასთან ხელჩაკიდებული. მარინკას თეას თეთრი დათუნია ჰქონდა გულში ჩახუტებული, თეა კი უზარმაზარ ყუთს მოათრევდა. ყუთში დიდი თვალხუჭუნა თოჯინა იწვა. თოჯინას წელზე სცემდა ოქროსფერი თმები, დიდი ცისფერ თვალებს აფახულებდა და “მა-მააა”-ო ამბობდა.

- თეა, ვინ გაჩუქა ეს თოჯინა? - ღიმილით ჰკითხა მაგდამ და, რატომღაც, ეგონა, რომ თეა ეტყოდა “დეიდა ლალიმო”...
- ვინ და ერთმა ბიძიამ...
- ვინ “ბიძიამ”, თეა?
- ათ მოდის ხოლმე ერთი ბიძია... იცი რა ტარდი ბიძიაა? სუ ტამფეტები მოათვს... - თეამ დედას შეხედა და ისევ თოჯინას მიუბრუნდა.
- რა ქვია იმ ბიძიას? შენ გეკითხები, თეა, იცი, რა ქვია იმ ბიძიას?
- ტი, ვიცი... ნოდარი ბიძია... დე, ხო ლამაზია ჩემი თოჯინა?
- ლამაზია... თეა ხშირად მოდის აქ ის ნოდარი ბიძია?
- დედიტო, რა არის “შხირად”?

მაგდას გაეღიმა.
- “შხირად” არა, თეა... “ხშირად”...  ბევრჯერ მოსულა აქ?

თეამ ჯერ თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი, შემდეგ კი – უარის ნიშნად.
- თეა, ვერ გავიგე, ხო თუ არა?
- მოდის ხოლმე, მარაააა... შხი... ხშირად არა!... დედიტო, იცი, რა ტარდი ბიძიაა? იცი?...
- მარტო მოდის ხოლმე აქ ის შენი ნოდარი ბიძია?
- ხააან - მარტო, ხააან – ნანა დეიდასთან ერთად... დე, წავიდეთ, რა, სახლში?
- Тетя Магда, შოკოლადნი ტორტ მარინკა უნდა... - გაახსენა თავისი თავიც მარინკამ.

მაგდა გამოერკვა. მან ხომ საბავშვო ბაღის ეზოში დაუწყო გამოკითხვა თეას? ჯერ კი გარეთ საკმაოდ ცივა, - პირველი აპრილია მხოლოდ.
- ხო, წავიდეთ, ბავშვებო...

თეამ თოჯინის წამოღება თავად ისურვა, მარინკამ კი – დიდი სიამოვნებით გადაულოცა თეთრი დათუნია მაგდას და თეას ჩაკიდა ხელი.

ბავშვები 2-3 ნაბიჯით წინ მიდიოდნენ.
მაგდას ფიქრები აერია თავში.

“ნანა დეიდა...” ესე იგი ნათია მართალი იყო, ნოდარმა ცოლი მოიყვანა!...
მოიყვანა და მოიყვანოს... რა ვქნა მერე?!
არა, ის ნანაც კარგი ვინმეა!... ნოდარს თან დაჰყვება უკანონო ბავშვის სანახავად?! ერთი მაგათ ტვინში ჩამახედა, ცალი თვალით მაინც...
ეეჰ, ცალი თვალით დამანახა მაინც ის ნანა... ნეტა რომელი ვჯობივართ? მე თუ ის?
ალბათ ის, რადგან ნოდარმა ჩემი მიტოვება შესძლო!...”

მაგდამ თვალიდან დაგორებული ცრემლი მოიწმინდა.

“ღმერთო ჩემო, ცრემლიც კი წამომივიდა... ეეჰ, მაგდა, მაგდა... ნოდარმა კი არ მიგატოვა, შენ მიატოვე ნოდარი... ახლა გვიანია თითზე კბენა.
ჰმ... ნანაც ჩემზე უკეთესი გამოდის! ნათიასი არ იყოს და, არც ის თაკილობს, რომ ბავშვიან მამაკაცს გაჰყვეს.... თუმცა, რა, ნოდარი ხომ არ ზრდის ბავშვს?!
ოჰ, სულელო ჩემო თავო!... გოგონები ბავშვიან მამაკაცებს მიჰყვებიან ცოლად, მე კი... მე საკუთარი შვილის მამას ვუთხარი უარი... ახია ჩემზე, ახი!...”

- ბავშვებო, წინ ნუ გარბიხართ, დამელოდეთ... ჩემთან ახლოს იარეთ!...

“მოიცა, ნუთუ ვნანობ, ნოდარს რომ არ გავყევი ცოლად?! ნუთუ ჩემზე ასე იმოქმედა ნოდარის ცოლის მოყვანამ?... ღმერთო ჩემო!... ნუთუ მიყვარდა?!...”

ამასობაში სახლშიც მივიდნენ.
თეამ ნინოსა და მალხაზს ახარა ახალი სათამაშოები.
მარინკა პატარა სკამზე ჩამოჯდა. თავი დაღუნა.
- მარინკა, შენ არ გინდა, ბებო, შენი საჩუქრის ნახვა? - უთხრა ნინომ და მარინკას მიუახლოვდა.
- ჩემი შოკოლადნი ტორტ?
- ხო, ტორტიც და კიდევ... აი, ეს შენ!
ნინომ ცელოფნის პარკიდან ამოიღო ძალიან ლამაზი ცისფერი კაბა, სწრაფად გახადა ტანზე მარინკას და გადააცვა. შემდეგ კარადიდან გამოიღო თეას ყუთზე მომცრო ყუთი და მარინკას გაუწოდა.
- ეს მეე? – სახე გაუბრწყინდა ბავშვს, - Кукла!  Мне тоже подарили куклу! Ураааа!
- ხო, მარინკა... დღეს ხომ შენი დაბადების დღეცაა, ბებო...

ამასობაში მაგდამ სუფრა გააწყო და ბავშვებს მაგიდასთან უხმო.
კარებზე ზარი გაისმა.

- მე გავაღებ, დედა!...

კარებში ლევანი და გურამი იდგნენ, უზარმაზარი თაიგულით ხელში.
- მაგდა, იცი როგორ მომენატრე? - გურამიკო მაგდას მოეხვია, - ეს შენ... ჩემგან!...
- მაგდა, თეას და მარინკას გვინდა მივულოცოთ... სამ დღეში ჩამოვა ხათო და ბავშვს წავიყვანთ... მანამდე კი...
- მობრძანდით, ბატონო ლევან... ჩემი სახლის კარი ღიაა თქვენთვის.

მაგდა ოთახში შეუძღვა მოულოდნელ სტუმრებს, მაგიდასთან მიიწვია...
ლევანმა ჯიბეში ჩაიყო ხელი, ორი სრულიად ერთნაირი პატარა კოლოფი ამოიღო და შიგ ჩაუხედავად ერთი მარინკას მიაწოდა და ერთი – თეას.
ბავშვებმა მაშინვე გახსნეს კოლოფები.
ოქროს ძეწკვებზე ოქროსავე პატარა კულონები ეკიდა.
- ეს მცირედი საჩუქარია... იმ პატივისცემას, რასაც თქვენი ოჯახი მიკეთებს, მე ვერასოდეს გადავიხდი. და რადგან ბავშვებიც ასე გვანან ერთმანეთს, გამაოგნებლად გვანან, - საჩუქრებიც ერთნაირი ჰქონდეთ.
- ბაბუ, ნახე, მე, დაჟე, შოკოლადნი ტორტი მაქს...
- ხო, ბაბუ, შოკოლადის ტორტი – მთავარია ცხოვრებაში... - გაეღიმა ლევანს და სუფრას მიუჯდა.

“რა კარგი გოგო ხარ, მაგდა!... მაპატიე, შვილო, მე მაპატიე!...” – გაიფიქრა ლევანმა და მერე ხმამაღლაც ჩაილაპარაკა:

- მაპატიე, მაგდა... მე მაპატიე, შვილო!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები