ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2010


შეწირული ლექსი

ცისარტყელას წააგავს შენს ტუჩზე რომ ღიმია,
შენს ღიმილში უჩუმრად მზერას ჩემსას ვაფარებ,
ქვეყნად ყველა ლამაზი შენი სინონიმია
სიტყვა.ტუჩის კუთხეში გული გამოვაპარე
სულ ოდნავ და მე შენით ვეგებები ალიონს,
ყველა მწუხრიც მერწმუნე!-მხოლოდ შენით იწყება
და ფიქრების ზეცაზე გავაბოლებ ყალიონს,
შენს თვალებში ვიპოვე ჩემი თავდავიწყება
და შენს მკერდზე ლექსები ჩამოვკიდე მძივებად,
წამწამებზე წვეთავენ წამით გრძნობის წვეთები,
გალაქტიკის კიდემდე ვშალე ნეგატივები
შენი,ხოდა დღეს თუ ხვალ დროში დამებედები
და ცალ ფეხზე მკიდია ახლა მთელი სამყარო,
როცა შენს სურნელსა ვგრძნობ,როცა შუქით იღიმი,
ჩემს ქაოსურ გრძნობებში ახლა წესრიგს ვამყარებ,
გულის კოვზზე მიზიხარ და სიყვარულს ღიღინებ.
მე კი ვნების სტრიქონებს ვატან გრძნობის ატომებს
და ჩვენს შორის ჰაერი სიყვარულის იონით
გაჟღენთილა და ვებრძვი მოჩვენებით ფანტომებს,
შენს თვალებში ანთია სხვაგვარი ალბიონი,
ისეთი,რაც არასდროს არსად არვის უნახავს,
ახლა შენ რომ აღგწერო ყველა ენა მწირია,
შენი ფირი გონებას ნათლად შემოუნახავს,
ხოდა აჰა ეს ლექსიც შენთვის შემიწირია
ისე,როგორც ხატისთვის თაფლის წმინდა სანთელი,
ცისარტყელის ფუნჯით ხარ უფლის ხელით ნახატი,
შენს ძებნაში მე მთელი დედამიწა გავთელე,
ხოდა რას ვიფიქრებდი თუ ჩემს გულში გნახავდი?

ცისარტყელა გადაკვეთს ზეცის მე-(რი)-დეა-(ნებს)...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები