ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2010


სტუმრად აფხაზეთში

                                                                                        „მისი ქვეყანა – აფხაზეთი –
                                                                                        გამოხრულ ხეზე ჩამოჰკიდეს
                                                                                        ვაზის ლერწებით...“
                                                                                                                          რობერტ მესხი


1981  წელი იყო.
მე და ჩემი ორი მეგობარი, – ქეთი და ნათია აფხაზეთში წავედით, დრანდაში, სადაც ქეთის მამას, ბ–ნ ზურაბს პატარა, ოროთახიანი სახლი ედგა მანდარინის ბაღში.  ეს გურჯაანელი კაცი  წელიწადში 6–7 თვეს დრანდაში ატარებდა, თავისი ხელით უვლიდა მანდარინის ბაღს და ამ პატარ–პატარა აფხაზური „მზეებით“ უთბობდა გულს თავის ოჯახსა და ახლობლებს.

ბ–ნმა ზურაბმა რომ გაიგო, აფხაზეთში ვაპირებდით წასვლას, თავად გურჯაანში დაბრუნდა და მთელი კვირით დაგვითმო სახლი.

არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.
დრანდიდან კელასურისკენ სასეირნო იახტას დავყვებოდით–ხოლმე.
გაგრაც მოვინახულეთ  და  ბიჭვინთაც, ახალი ათონის მღვიმეც და რიწის ტბაც...

იმ დილას ქეთი სახლში დარჩა, – მისი უმცროსი დაიკო ჩამოდიოდა და მას უნდა დახვედროდა. კელასურში მე და ნათია წამოვედით. საღამოს 5–ზე კელასურში, გზაჯვარედინთან უნდა შევხვედროდით ქეთის და მაიკოს და საღამოს ერთად გავატარებდით.

დილიდან ჯერ ზღვაში ვიბანავეთ, მერე სოხუმში ვისეირნეთ.
არა და არ გადიოდა დრო. ჯერ დღის პირველი საათი იყო. შეხვედრამდე  4  საათი გვქონდა.
ნათიას ვუთხარი, „მოდი, რომელიმე ავტობუსში დავსხდეთ და ბოლომდე გავყვეთ, იქიდანაც დავბრუნდებით და შეხვედრის დროც მოვა–მეთქი.“

დამიჯერა და ისეთ ავტობუსში დავსხედით, კელასურის მიმართულებით რომ მიდიოდა და მერე სოფელში უნდა ასულიყო.
სულ რაღაც ნახევარ საათში კელასურის ზემოხსენებულ გზაჯვარედინთან გადავუხვიეთ და ავტობუსი ტაატით გაუდგა სოფლის გზას. სადღაც ერთი საათის მგზავრობის შემდეგ საპირისპირო მიმართულებით მომავალი ავტობუსი შემოგვხვდა. აზრადაც არ გაგვივლია იმ ავტობუსში გადმოჯდომა და უკან დაბრუნება, – ჯერ ხომ უამრავი დრო გვქონდა?!

ულამაზესი სოფლები გავიარეთ, გზა თანდათან დავიწროვდა და მთას შეუყვა. ჩვენი პაზიკიც ქშენით მიუყვებოდა აღმართს.
– თამი, ეს ავტობუსი უკან დაბრუნებას არ აპირებს–მგონია... ოთხის ნახევარია და... მოდი, ჩამოვიდეთ და უკან მიმავალში გადავსხდეთ,– მითხრა ნათიამ და გზას გახედა.
– მოიცადე, ამ უკაცრიელ ადგილას რომ არ ჩამოვიდეთ, სოფლამდე მაინც მივიდეთ–მეთქი... – მერე ჩემს უკან მჯდომ თოვლის ქულასავით თეთრწვერა მოხუცს მივუბრუნდი, – უკაცრავად, ბაბუ, სოფლამდე შორია კიდევ?
– ვისი სტუმრები  ბრძანდებით, შვილებო?
– არავისი, ბაბუ... ავტობუსს გამოვყევით, ამ ადგილების დასათვალიერებლად... 5–ზე კელასურში უნდა ვიყოთ და... თუ ეს ავტობუსი არ დაბრუნდა, მაშინ უკან მიმავალ რომელიმე სხვა ავტობუსში გადავსხდებით.
– ოოოო, ეს რთული საქმეა... 
– რატომ?
– რატომ და... ეს ავტობუსი ბოლო სოფლამდე საღამოს 8 საათისთვის ავა... უკან კი მხოლოდ ხვალ დილას დაბრუნდება.
– არაფერია, მაშინ სხვა ავტობუსს გავყვებით. იმედია, რაღაც მაინც დადის...
– კი, დადის, გუშინ წამოსული – დღეს დაბრუნდებოდა. ამ ერთი საათის უკან რომ შეგვხვდა, ის იყო...
– აბა, რა ვქნათ? – შეწუხდა ნათია.
– უახლოეს სოფელში 25–30 წუთში ვიქნებით... ნუ გეშინიათ, იქაც ხალხი ვცხოვრობთ. ქუჩაში უპატრონოდ არ დაგტოვებთ!
– რას ამბობთ, ბაბუ, 5–ზე რომ ჩვენს მეგობრებს არ შევხვდეთ, გული გაუსკდებათ შიშით, – ისე შევიცხადე, თითქოს რამის შეცვლა შემეძლო.
– სად უნდა შეხვედროდით?
– კელასურის გზაჯვარედინთან...
– მოვიფიქრებთ რამეს!...– შემდეგ მძღოლს  გასძახა, – ემზარ, ეს გოგონები  ჩემი სტუმრები არიან... სოფელში ფოსტასთან გაგვიჩერე.
– დიახ, ბატონო ელდარ!...

მალე ავტობუსმა გაივაკა და სიჩქარეს მოუმატა. ცოტაც და სოფლის ცენტრში შევედით.
საათს დავხედე, – 16:10...

– ნათი, ქეთი გაგიჟდება! რა ვქნათ?
– რა ჯანდაბამ წამოგვიყვანა აქეთ? აქ რა გვინდოდა?!
– აბა? იქვე მაინც გვეკითხა?!
– კარგი იქნებოდა...
– ხო... თუმცა რას მოვიფიქრებდით, რომ დღეში ერთი ავტობუსი დადის მხოლოდ?! – ლამის ტირილი დამეწყო, ისეთ ხასიათზე ვიყავი.
– აი, აქ გაგვიჩერე, ემზარ... ჩაბრძანდით, გოგონებო... – გვითხრა ელდარ–ბატონმა და ფეხზე წამოდგა.

ზაფხულის მზე ჯერ ისევ მთელი ძალით აჭერდა სხივებს დედამიწას, მაგრამ მთის გრილი ჰაერი ამ სიცხეს ანეიტრალებდა და სუნთქვას აადვილებდა.

ბატონი ელდარი წინ გავუშვით და ჩვენ უკან გავყევით.
მაღალი, ტანხმელი მოხუცი იყო, მაგრამ სიბერეს ოდნავადაც ვერ მოეხარა წელში. ისეთი სუფთა და გახამებული თეთრი პერანგი ეცვა, თითქოს მას ჩვენთან ერთად არ უმგზავრია სამი  საათის განმავლობაში.  ასეთი  თეთრი თმა–წვერი მხოლოდ თოვლის ბაბუას თუ ექნებოდა. მზის სხივები ამ სითეთრეზე ირეკლებოდა და საოცრად ნათელ აურას ქმნიდა.
ჩვენი აღტაცებული მზერა მიაცილებდა ჩვენ წინ მიმავალ ბატონ ელდარს.

ერთ შენობასთან შეჩერდა და მოგვხედა:
– ეს ფოსტაა. ჩემი რძალი მუშაობს კელასურის ფოსტაში. მას დავუკავშირდებით და მოგინახავენ თქვენს მეგობრებს.... – ბატონი ელდარი შენობაში შევიდა და ერთ–ერთ სარკმელთან მივიდა. – ლენა, ზაირას დამაკავშირე...
– ახლავე, ბატონო ელდარ!... აი, ინებეთ....
– ზაირა, მე ვარ... მანდ, კელასურის გადასახვევთან 5 საათზე ორი გოგონა უნდა დადგეს. ჩემს სტუმრებს ელიან... ესენი კი... გოგნებო, თქვენი სახელები მითხარით, – მოგვიბრუნდა ბატონი ელდარი.
– თამრიკო და ნათია... და იქ იქნებიან ქეთინო და მაიკო...
– ზაირა, იქ იდგებიან ქეთინო და მაიკო... ელიან თამრიკოს და ნათიას. უთხარი, შვილო, საიმედო ოჯახში არიან და ნუ ინერვიულებთ–თქო...

ელდარმა ყურმილი დაკიდა და ფოსტიდან გამოვედით.
– წამოდით, შვილებო... არაფერზე ინერვიულოთ, მშვიდად მოისვენეთ... თქვენი კბილა შვილიშვილი მყავს და... სულ დაგათვალიერებინებთ აქაურობას. ხვალ დილას კი – ავტობუსით გაგამგზავრებთ სოხუმისკენ.
– დიდი მადლობა, ბატონო ელდარ...
– აკი წეღან „ბაბუს“ მეძახდი? – კეთილად გამიღიმა ბატონმა ელდარმა, – ახლაც „ბაბუ“ დამიძახე, შვილო...
– სიამოვნებით, ბაბუა ელდარ...

მალე მივედით კოხტა აფხაზურ ოდასთან. ეზოში კოინდარი ბიბინებდა, ჭიშკრიდან სახლამდე მოკირწყლული გზა მიდიოდა. გზის ორივე მხარეს ყვავილების გაზონი მიუყვებოდა. ყველაფერს ეტყობოდა მზრუნველი ხელი.
– ელდარ, – გასძახა ბატონმა ელდარმა სახლის მიმართულებით, – ძაღლი დააბი, შვილო, სტუმრები არ შეგვიშინოს...
– ახლავე, ბაბუ... – გავიგეთ სასიამოვნო დაბალი ხმა და დავინახეთ კიდეც...
– ელდარ? – გაოცებული ხმა აღმომხდა.

სახლიდან გამოსული მაღალი, წარმოსადეგი, ძალიან სიმპატიური ყმაწვილი ჩემს ხმაზე ჩვენსკენ შემობრუნდა და...
– თამრი?!...  შენ?...  მართლა შენ ხარ? – სირბილით წამოვიდა ჩემსკენ, გახარებული გადამეხვია, ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა, – არა, ნამდვილად თვალი მატყუებს!
– მე ვარ, ელდარ, მე... – გამეცინა და მეგობარი გადავკოცნე, – დამსვი, გიჟო!...

ბაბუა ელდარი ხან თავის შვილიშვილს გახედავდა, რომელსაც უცნაური ჭინკები ჩაუსახლდნენ ულამაზეს ცეცხლოვან შავ თვალებში და ხან – ჩვენ... მერე თეთრ წვერზე ჩამოისვა ხელი და ჩაეცინა:
– ოოო, მეგონა უცხო სტუმრები მომყავდა და... ჩემი შვილიშვილის ახლობლები გამოდექით. საიდან იცნობთ ერთმანეთს?
– უნივერსიტეტიდან, ბაბუ! მე და ნათია ერთი კურსით წინ ვიყავით. თუმცა ასაკით – ტოლები ვართ.
– ბაბუა ელდარ, თამრიკოს იმდენი მეგობარი ჰყავს, ამ სოფელში ვინმე არ ცნობებოდა, ის უფრო გამიკვირდებოდა, ვიდრე ამათი შეხვედრა. ნეტა ან ყველას სახელსა და გვარს როგორ იმახსოვრებს? – გაეცინა ნათიას.
– მე ყველა ვარ?... თამრი, „ყველას“ კატეგორიაში გავდივარ? – თვალები მოჭუტა ელდარმა.
– არა, ელდარ... შენ ერთადერთი და განუმეორებელი ემხვარი ხარ ჩემს ნაცნობ–მეგობართა შორის!
– ზეინაბ, სტუმრებს გამოხედე, ადამიანო... – ხმამაღლა გასძახა ვიღაცას ბატონმა ელდარმა, – წამოდით, შვილებო, სახლში შევიდეთ.

სახლიდან სათნო მოხუცი ქალბატონი გამოვიდა და შემოგვეგება.
– ბები, ჩემი მეგობრები არიან... ბაბუს შეხვედრიან ავტობუსში...
– იცოდი, ჩემო ბატონო, ამათი ჩამოსვლის შესახებ? თუ სად შეხვდი ამ გოგონებს? – იკითხა ქალბატონმა ზეინბმა. 
– არა, ზეინაბ... შემთხვევით მოხვდნენ ამ სოფელში და... ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი ბავშვებს?
– ჰოოო, მობრძანდით, შვილებო, სტუმარი ღვთისაა...

იქვე ეზოში დავსხედით, დიდი კაკლის ძირში გაკეთებულ სკამებზე.
დიდხანს გაგრძელდა ჩვენი მონატრებული მოკითხვები... 
ძაღლის დაბმა ყველას დაავიწყდა და ახლა დიდი, ბომბორა თაფლისფერი ნაგაზი გაოცებული თვალებით შემოგვცქეროდა. ვერც დაყეფება გადაეწყვიტა, –  მისი პატრონები შინაურებივით გვღებულობდნენ და... მისი რა მიდიოდა?!
მერე ბობის (ასე ერქვა ძაღლს) მობეზრდა ლოდინი, ერთი კი დაიყეფა, რომ ყურადღება მიგვექცია მისთვის და...  კუდის ქიცინით გაიქცა თავისი სახლისკენ.

ბაბუა ელდარმა სახლში შეგვიპატიჟა.
ეზო იმდენად ლამაზი იყო, სახლში შესვლაზე ფეხს ვითრევდით.

ერთ საათში უკვე აივანზე გაშლილ სუფრასთან ვისხედით.
უგემრიელესი შებოლილი სულგუნი ისე ჩადნა ცხელ ღომში,  უგრძეს ძაფებად გამოჭიმავდი... მალე ზეინაბ ბებიამ ცხელი ხაჭაპური შემოიტანა, – მისი  სურნელიც კი  წაგაქცევდა! ელდარმა ერთი შემწვარი ვარიკა პირდაპირ შუაზე გახლიჩა და ნახევარ–ნახევარი დაგვიდო თეფშზე მე და ნათიას,  თან ტყემალი გადმოგვაწოდა, „ბებიას ნახელავიაო“...
– ელდარ, რა ამბავია?! – გამეცინა მე და ჩანგალს წამოვავლე ხელი.
– ჭამეთ, ჭამეთ... აპა-პა-პა,  წიწილა  ხელით უნდა ჭამოთ! დანა–ჩანგალს არც მოჰკიდოთ ხელი! თქვენ აფხაზეთში ხართ, ძირძველ აფხაზურ ოჯახში!
– სულ არ გეტყობათ აფხაზობა... როგორ სუფთად ლაპარაკობთ ქართულად...
– რას ამბობ, თამრი?! აფხაზი და ქართველი რამ გაყო ერთმანეთისგან?
– რა ვიცი, აბა? სხვა ენა გაქვთ...
– მასე სხვა ენა აქვთ მეგრელებსაც და სვანებსაც... და არ არიან ქართველები?
– კი, ქართველები ვართ... – ჩაერია ნათია, – მაგრამ ჩვენ არ ვეუბნებით ქართველებს,  „რუსულად ილაპარაკეთო“.
– და აქ ვინ გითხრა, „ჩაგვირუსულეო“?
– აქ  არავინ, მაგრამ...  აი, სოხუმში...
– კარგი... ვჭამოთ საჭმელი და გავიდეთ სოფელში. თან დაგათვალიერებინებთ და თან აქაურ, ნამდვილ აფხაზებს გაგაცნობთ! სოხუმში კი აფხაზები კი არა, ძირითადად აფსუები ცხოვრობენ!
– ეს სხვადასხვაა?
– აბსოლუტურად! აფსუები  ქართველები არ არიან!

ეზოდან ბაბუა ელდარი ამოვიდა დაცვარული დოქით ხელში.
– ელდარ, შენ მიხედე გოგონებს... თუ რამე დაგჭირდეთ, დაგვიძახეთ. მე და ზეინაბი სამზადში ვიქნებით, – თქვა ეს და დინჯად ჩაუყვა კიბეებს.

შევწუხდი. ფეხზე წამოვდექი და სუფრასთან მოვიპატიჟე ბაბუა, მაგრამ მხოლოდ კეთილი ღიმილით შემომხედა და ისევ დაბლა დაეშვა. 
– ბაბუა ელდარი რატომ არ დაჯდა ჩვენთან ერთად? – ჩუმად ვკითხე ელდარს.
– ამ სახლში თამადად სულ ბაბუა არის ხოლმე... მაგრამ აფხაზი კაცი სადღეგრძელოს არ იტყვის, თუ თანამეინახე არ ჰყავს სუფრაზე... და არც მარტოკა დალევს სასმელს.
– კარგი, ჩვენ არ ვსვამთ, მაგრამ... შენ აქ არ ხარ? თუ არც შენ სვამ?
– ეს სადაური წესია, მასპინძელი დათვრეს და სტუმარმა ფხიზელი თვალით უყუროს? ამაზე მეტი სირცხვილი რაა ოჯახის უფროსისთვის, და მითუმეტეს – აფხაზისთვის?! არც მე დავლევდი თქვენზე მეტს და ბაბუა ხომ სულ არ დალევდა... სტუმარს მასპინძლობაც შესაბამისი უნდა... ასე არაა, თამრი? ჭამეთ, გაცივდა ყველაფერი!

ბევრი პატიჟი არ გვჭირდებოდა, – ისე ვიყავით მოშიებულები, რომ მადიანად შევექეცით იმ შემწვარ ვარიკასაც, იმ აფხაზურ ხაჭაპურსაც, ცხელი ყველის სურნელი რომ გვიღიტინებდა ცხვირში... იმ ცხელ ღომსა და ნიგვზიან ბაჟესაც... უგემრიელეს კუპატსა და აფხაზურასაც...  გებჟალიასაც და სამზადის შუაცეცხლზე შემწვარ სიმინდის ტაროებსაც...
ცრემლივით კამკამა ღვინოც მოვწრუპეთ ცოტა და...

სიცილი ამიტყდა.
– რა გაცინებს? – გაოცებულმა შემომხედა ელდარმა და თავადაც გაეცინა.
– ელდარ, არ გაგიკვირდეს, – უთხრა ნათიამ, –  ეს რომ დალევს ერთ ჭიქას, ასე იცინის–ხოლმე... 
– ოოო, ეს ცოტა რთული ამბავია... ასე „მთვრალი“ როგორ გაგიყვანო გარეთ? იტყვიან, ელდარ ემხვარმა ქალი დაათროო...
– ელდარ, მთვრალი კი არ ვარ? უბრალოდ, ყველაფერზე მეცინება–ხოლმე... – და უფრო ხმამაღლა გამეცინა.
– სხვა გზა არაა, სოფელში რომ გაგიყვანთ, სულ ანეკდოტები უნდა მოგიყვეთ, ამის სიცილი რომ გავამართლო... – თავადაც ხმამაღლა გაეცინა ელდარს. – თამრი, რა საყვარელი ხარ, ასე რომ იცინი, ვერც კი წარმოიდგენ! შენს ადგილზე ჯიბით ვატარებდი 3–4 პორცია სასმელს...
– პორციას?  – ვერ ვჩერდებოდი, – და რამდენია ეს „პორცია“? 
– ნუუ, ვალერიანკის წვეთების ბოთლის ხელა, ან ოდნავ მეტი!... ყოველ შემთხვევაში ორი ბოთლი ერთად  ბევრი მოგივა!
– კარგი, რააა... რა საძაგელი ხარ?! – უკვე ვხარხარებდი... თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.

არადა, რა გადამდებია ასეთი სიცილი? ჯერ ხომ ელდარი ახარხარდა, მერე ნათიაც აგვყვა და...
ვინმეს რომ ეკითხა იმ წუთას, რაზე იცინითო, აღარცერთი ვიყავით აზრზე, რაზე ვიცინოდით. მთავარი იყო, ერთად ყოფნა გვიხაროდა...

ჩვენს სიცილზე სამზადიდან ბაბუა ელდარი გამოვიდა და ისეთი კეთილი ღიმილით ამოგვხედა, თითქოს გვეუბნებოდა, – „ახლა მქნა თქვენი ასაკისაო“...

ეზოში ბობიც დავინახე, – აივნისკენ იყურებოდა და კუდს აქიცინებდა... ეტყობოდა, კარგ ხასიათზე იყო.
– ქათმის ძვლები არ გადაუყარო, – გამაფრთხილა ელდარმა, როცა ნახა, რომ ძვლები წამოვკრიფე თეფშიდან, –  არ შეიძლება ასეთი ძაღლისთვის ქათმის ძვლის მიცემა...
– რატომ?
– მერე ოჯახის ქათმებს დაერევა, მათზე დაიწყებს ნადირობას. პური გადაუგდე... ან კუპატის ნაჭერი...

ფეხზე წამოვხტი, პურზე კუპატის ნაჭერი დავადე და დაბლა ჩავირბინე.
– ბობი... – დავიძახე თუ არა, ძაღლი ჩემთან მოვიდა და ფრთხილად დამყნოსა ფეხზე.
– ფრთხილად, თამრი... – ფეხზე წამოდგა ელდარიც.
– არაფერს მერჩის ეს ძაღლი!  აი, ნახე... –  პურიან–კუპატიანი ხელი წინ გავიწვდინე და...

ძაღლმა ჯერ უკან გადადგა ნაბიჯი, მერე ისევ წინ წამოვიდა და ხელზე დამსუნა...ბოლოს კი ისე ფრთხილად აიღო ჩემი ხელიდან ის პურის ნაჭერი თავისი კუპატიანად, რომ...
– თამრი, ბობიმ ძალიან შინაურად მიგიღო... მასე მეც კი ვერ გავრისკავდი მისთვის ხელის გაწვდენას, – გაოცებას ვერ მალავდა ელდარი.
– ძაღლი მშვენივრად არჩევს სამოყვროდ ხარ მოსული თუ სამტროდ... შინაური ვარ, აბა რაა?!  – გამეცინა ისევ და ბობის ყურებს შორის გადავუსვი ხელი. მერე კი ბედნიერი სახით ავირბინე კიბეზე და სუფრასთან დავბრუნდი.


* * *
მალე ჩემს ყურს სამზადის კარიდან ასეთი ლაპარაკი მოსწვდა. ალბათ არც ბაბუა ელდარს ეგონა, რომ ამდენად მახვილი სმენა მექნებოდა და არც ბებია ზეინაბს.
– ზეინაბ, გამოხედე ერთი ამ გოგოს... 
– რომელს, ჩემო ბატონო?
– აი, იმას, რომ კისკისებს... გრძელთმიანს... ჩვენი ელდარის მეგობარი რომ ყოფილა...
– მერე?
– მერე ის, რომ... შეხედე ელდარს თვალებში, ეს გოგო რომ ჩვენს ეზოში დაინახა?
– თამარი?
– ჰო... თამარი... ასეთი ცეცხლი სხვა დროს არასოდეს შემიმჩნევია მის თვალებში... უნდა მოსწონდეს თამარი...
– უმცროს ელდარს არ ვიცი და... მგონი უფროს ელდარსაც მოეწონა ეს გოგო... – ჩაიღიმილა ზეინაბმა.
– მართლაც რომ... არ დავიწუნებდი სარძლოდ... ელდარ, ერთ წუთს ჩამოდი აქეთ, – ამოსძახა შვილიშვილს.
– ახლავე... – ელდარმა ბოდიში მოგვიხადა და დაბლა ჩავიდა.

ორივე ელდარი ეზოს ბოლოსკენ წავიდა და ისე ჩუმად დაიწყეს საუბარი, აღარაფერი მესმოდა....
გონების თვალი გადავავლე ჩემი და ელდარის ურთიერთობას და... ვერაფერი ვიპოვე ისეთი, ეჭვი რომ შემპარვოდა მაინც, „ხომ არ ვუყვარვარო?!“...
არა!
ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვიყავით, გულითადი მეგობრები!

ელდარი მალევე დაბრუნდა.
– რას ვშვებით, მივდივართ სოფლის დასათვალიერებლად? – იკითხა ნათიამ.
– რა თქმა უნდა?! ოღონდ ჯერ ავალაგოთ სუფრა...– ფეხზე წამოვდექი.
– რას ამბობ, თამრი? შენ ვინ აგალაგებინებს ახლა აქ სუფრას? – გაეცინა ელდარს.
– კაი, ბატონო... მოხმარება მინდოდა და... თუ არ შეიძლება? – მხრები ავიჩეჩე და კიბისკენ წავედი.
– ოჯახში პირველად მოსულ სტუმარს სუფრა ავალაგებინოთ?  აი, თუ მეორედაც მოგიწევს აქეთ მოსვლა, მაშინ სხვა საქმეა!
– ჩვენ რომ შემთხვევით არ წამოვბოდიალებულიყავით ასე გაუკითხავ–უპატრონოდ, აქ პირველადაც ვერ მოვხვდებოდით! – გამეცინა მე, – ცოდოა ბებია ზეინაბი... ვითომ მეორედ ვართ, რა მოხდა მერე? შენ დაბლა ჩადი, ვითომ არაფერი იცი და... მერე შეიცხადე, „უი, ჩემს არყოფნაში სუფრა აულაგებიათო...“
– მართალი ხარ, თამი... - მაშინვე დამეთანხმა ნათია და საქმეს შევუდექით.

როცა თეფშებით ხელში ბებია ზეინაბს დავადექით თავზე სამზადში, ერთი კი შეიცხადა, – „ღმერთო, მომკალი, თქვენ აალაგეთ სუფრაო?“  და მაშინვე თაფლად დაიღვარა... აღარ იცოდა, როგორ მოგვფერებოდა.
გაბადრული სახით იჯდა ბაბუა ელდარიც... მერე მოვიდა და ორივეს, მეც და ნათიასაც შუბლზე გვაკოცა... ცრემლი მოადგა თვალზე. პირი იბრუნა, რომ ეს ცრემლი შემთხვევით არ მოსწყვეტოდა წამწამებს და ჩვენს თვალწინ არ დაგორებულიყო  სხივნათელ სახეზე, სამზადიდან გავიდა და ელდარს გასძახა, – გოგონებს სოფელი დაათვალიერებინეო. ელდარმაც არ დააყოვნა და ჭიშკრისკენ გაგვიძღვა.
– თამარ, ესენი წაიღეთ, შვილო, აქ მალე აცივდება... – გზაში დაგვეწია ბებია ზეინაბი და თხელი ჟაკეტები მომაწოდა.
– უი, არ ცივა, გმადლობთ... – დავაპირე მათი უკან დაბრუნება.
– გამოართვი, გამოართვი... შენ არ იცი, აქ რა სწრაფად შიძლება აცივდეს...
– არ შეგეზაროთ, სუფთებია... – დაბნეულობა შევატყვე ბებია ზეინაბს.
– არა, ბები... ეს არც გვიფიქრია... არ ცივა–მეთქი და ამიტომ... – ჟაკეტები გამოვართვი და ერთი ნათიას გავუწოდე.
– ფრთხილად იარეთ, ელდარ... მდინარესთან თუ ჩახვალთ, ხიდზე მარტოებს ნუ გადაუშვებ... – ახლა ბაბუა ელდარმა დაარიგა შვილიშვილი.
– რა ხიდია ასეთი? – გამეცინა მე.
– ნახავ...

ეზოდან გასულები არ ვიყავით, რომ ბობი გამოგვეკიდა და გვერდით გამომყვა.
– თამი, ამ ძაღლს ჩემზე მეტად შენ მოეწონე... – გამოგვხედა ნათიამ, – ისე უხდებით ერთმანეთს...
– მე და ძაღლი?
– არა... შენ და სოფელი!...
– მაშაყირებ, ხომ? დიდი ამბავი, მე თუ სოფელში არ დავბადებულვარ... – ბობის ხელი გადავხვიე და ისე გავიყოლე.
– დღეს გადამრია ბობიმ... ასეთი თვინიერი კი არაა? სხვას ფეხს მოჭამდა ამდენ ხანში!
– ელდარ, მე „სხვა“ ვარ?
– ნუ, ახლა, ჩემთვის არა, მაგრამ... ამისთვის ხომ ხარ სხვა? პირველად გხედავს... ან იქნებ მეც პირველად გხედავ, რა ვიცი, აბა? – გაეცინა...

– ელდარ... ??????????? – (სხვა ვერაფერი გავიგე) დაუძახა ვიღაც ბიჭმა და რაღაც უთხრა აფხაზურად. ალბათ ჰკითხა, „ესენი ვინ არიანო“?
– ჩემი მეგობრები არიან, თემურ... თამრიკო და ნათია... წამო ჩვენთან ერთად. სოფელი მინდა ვაჩვენო.

თემური მოგვიახლოვდა, ხელი ჩამოგვართვა და თან გამოგვყვა.
ფეხდაფეხ შემოვიარეთ მთელი სოფელი.
საოცრად ლამაზი სოფელი იყო... კოპწია სახლები – პატარა  სათამაშოებს  ჰგავდნენ ამ ბუბერაზი მთების ფონზე... ლამის ყოველ სახლთან მთის უგემრიელესი ცივი წყარო გადმოსჩქეფდა.
ბიჭებმა რაღაც ბილიკთან მიგვიყვანეს, რომელიც თავქვე ეშვებოდა მდინარის ხეობისკენ.
– ხომ არ გეშინიათ? – გვკითხეს...
– რა არის საშიში? – გაგვეცინა მე და ნათიას და ბილიკს გავყევით.

ერთგან ბილიკი ციცაბოდ დაეშვა. ელდარმა მე შემაშველა ხელი, თემურმა კი – ნათიას. ხეობაში საკმაოდ ციოდა და ვინ იცის, დაუსწრებლად რამდენჯერ გადავუხადეთ მადლობა ბებია ზეინაბს ამ ჟაკეტების გამოტანებისთვის.

– აქეთ წამოდით, გოგონებო, – გვითხრა ელდარმა და ორად გაყოფილ ბილიკს კვლავ ზევით შეუყვა.
– მდინარესთან არ ჩავალთ?
– არა, ძნელი ჩასასვლელია... აქედან გადავხედოთ...

სულ მალე გავიგეთ მდინარის ხმაც. მაგრამ, ხმაც არის და ხმაც... ეს იყო დამწყვდეული ლომის ღრიალი. კიდევ ერთი მოსახვევი და... სუნთქვა შემეკრა მოულოდნელობისგან, – კლდეებს შორის ბეწვის ხიდი იყო გაჭიმული.
ასეთი რამ მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებში მენახა!

– გადახვალ? – მკითხა ელდარმა.
– მარტო?...
– ჰო...
– მარტო  ვერა! მოაჯირი მაინც ჰქონდეს უფრო შეკრული?!...
– და ჩემთან ერთად? –  თვალებში ჩამხედა. აინტერესებდა, მეშინოდა თუ არა. შემამჩნია ყოყმანი და მაგრად ჩამკიდა ხელი, – წავედით... თემურ, თქვენ ჯერ აქ იყავით.
– ჯერ კი არა, სულაც აქ ვიქნები... – ძლივს ამოიღო ხმა ნათიამ, – მე თამისნაირი უშიშარი კი არ ვარ?!
– ჩემთან ერთადაც შეგეშინდება? – ახლა თემური მიუბრუნდა ნათიას.
– შენ დამიჭერ ამ ხიდზე რომ ფეხი ამიცდეს? არა, ბატონო... არსად წამსვლელი ვარ მე. და თქვენც მალე დაბრუნდით უკან. კიდევ უკეთესი იქნება, თუ არც თქვენ გადახვალთ იქით მხარეს.
– ნათია, იქით მხარესაც ეს სოფელია და ხალხი ამ ხიდით დღემდე სარგებლობს. ნუ გეშინია! თამრიკოს არაფერი დაემართება!

ხიდზე დავდექით. არასოდეს გადავსულიყავი მანამდე ასეთ ბეწვის ხიდზე. ფეხქვეშ ხიდი აქანავდა და გულმა ბაგაბუგს უმატა. ელდარი მიხვდა, რომ მეშინოდა და ხელზე ხელი მომიჭირა.
– ნუ გეშინია... აქ ვარ... შენს გვერდით!
– და ხელი რომ გაგეშვას? – ვცადე გაცინება, თუმცა არ გამომივიდა.
– არ გამეშვება, იმიტომ რომ...
– რატომ?...
– სარა ბარა ბზია ბზბოი... აი, რატომ...
– რაო, რა თქვი?
– სარა ბარა ბზია ბზბოი...
– ეს რას ნიშნავს? მოიცა... სარა ბარა ბზიაბოი?
– არა... თქვი, აბა: სარა უარა ბზია იზბოთ...
– სარა უარა ბზია იზბოთ...  მაგრამ შენ რომ სხვანაირად თქვი?
– მე კაცი ვარ და შენ – ქალი... და თავისთავად სხვადასხვანაირად ვიტყოდით...
– კი, მაგრამ რა ვთქვით ასეთი?
– კაი რამე თქვი, ნუ გეშინია... წავიდეთ წინ თუ დავბრუნდეთ უკან?
– შუამდე მაინც მივიდეთ, კარგი, ელდარ?
– მაშინ ბოლომდე გადავიდეთ. წავედით...

ნაბიჯ–ნაბიჯ მივიწევდით წინ. შუა ხიდიდან დაბლა გადავიხედე და...
არც კი ვიცი, რომელი ფილმის გმირს შევადარო თავი, –  უძირო ხეობაში ვიწრო ზოლად მიიკლაკნებოდა მდინარე კელასურის ვერცხლისფერი ზოლი. მე კი ამ ხეობის თავზე უწვრილეს ბონდის ხიდზე ვიდექი, რომელიც ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ციებიანივით ცახცახებდა და ქანაობდა.  მაგრამ ეს არ იყო მთავარი, –  ხმა ამოდიოდა ხეობიდან ისეთი, რომ... შიშით თმა ყალყზე დამიდგა.  შევბრუნდი და ისევ წინ წავედი! უკვე საკუთარი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მეც შემიძლია ასეთ გზავიწროებსა და ბეწვის ხიდებზე სიარული... ის კი არა, ელდარს ხელიც კი გავუშვი და მარტომ გავაგრძელე სიარული.

ელდარი გვერდით მომდევდა და ყოველ წამს მზად იყო დასახმარებლად, თუმცა კი ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე, რა უნდა გაეკეთებინა, მე რომ ფეხი დამსხლტომოდა.
კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და... მყარი მიწა ვიგრძენი ფეხქვეშ. ეს იმდენად სასიამოვნო გრძნობა იყო, რომ... წავედი და იქვე დიდ ქვაზე დავჯექი. ელდარმა ხელი შემაშველა, რომ უკეთ მოვწყობილიყავი ჩემს ქვის სავარძელზე...

მე უკვე იმას ვფიქრობდი, უკან რა დაბრუნდება–მეთქი... ელდარი მიმიხვდა ფიქრს და ცოტა ფეხით გავლა შემომთავაზა.
– გავიაროთ ცოტა... მუხლებში კანკალიც გადაგივლის...
– შენ რა იცი, მუხლები რომ მიკანკალებს? – გამიკვირდა...
– მხოლოდ მუხლები კი არა, ერთიანად კანკალებ, ვერხვის ფოთოლივით...
– მემჩნევა? – შემრცხვა.
– ადე, ადე... წავიდეთ... გავიაროთ ცოტა. – ელდარმა ხელი გამომწოდა და ისეთი ძალით მომქაჩა, რომ ბურთივით წამოვხტი და მის მკლავებში აღმოვჩნდი.
– გადაირიე? კინაღამ ორივე გადავცვივდით.
– ორივეს გადავარდნა არაა საშიში... მაინც მხიარულად ვიქნებოდით.
– სად, ელდარ?
– აქ!... დაბლა,  მიწაზე...  ან იქ, მაღლა, ღრუბლებში... მაგრამ ერთად და მხიარულად!
– გარეკე?
– ალბათ... შუადღის მერე... თამრი, სულ სხვანაირად დაგინახე... ნუღარ წახვალ, რა?
– სად?
– თბილისში... აქ დარჩი, ჩემთან!
– გადაირიე, ელდარ? შენ... ჩვენ...  მე...
– ხო, კიდევ  ის, თქვენ და ისინი...
– რა?
– იმდენი ვინმე ჩამოთვალე, რომ... მე, შენ, ჩვენო და... – ხმამაღლა გაეცინა და გულზე მიმიხუტა.
– მითხარი ახლა, რომ ხუმრობ!..
– და თუ არ ვხუმრობ?
– ახლა და აქ უნდა მეუბნებოდე ამას?
– რატომ?  წეღანაც გითხარი და მიპასუხე კიდეც...
– რა მითხარი?
– სარა ბარა ბზია ბზბოი...  და შენც მიპასუხე,  „სარა უარა ბზია იზბოთ“.... ხომ მითხარი?
– და ეს რას ნიშნავს? – თვალებგაფართოებული მივჩერებოდი ელდარს.
– მე აფხაზურად გითხარი, „მე შენ მიყვარხარ–მეთქი“ და...  შენც მიპასუხე, „მეც მიყვარხარო...“
– ეს შეუძლებელია, ელდარ...  მე სხვა მიყვარს...
– ნუ მეტყვი უარს, თამრი...
– არა, ელდარ... აქ რომ შემთხვევით არ მოვხვედრილიყავი, შენ  ამას არ მეტყოდი. შენ არასოდეს გითქვამს კი არა, არც კი მიგრძვნია შენგან ასეთი რამ...  მაპატიე, სახლში დავბრუნდეთ!

ელდარს ხელი გავაშვებინე და სირბილით გადმოვედი ხიდზე. ამ სიჩქარეში სულ აღარ ვფიქრობდი ხიდზე გადასვლის საშიშროებაზე და... სული რომ მოვითქვი, ნათიას გვერდით ვიდექი უკვე და ბობი მილოკავდა ხელის თითებს.

ალბათ ნოდარ დუმბაძეს უნდა დავესესხო, – „იმ ღამეს არ მეძინა მე... იმ ღამეს არ ეძინა  ელდარს... ეძინა მხოლოდ ნათიას, მშვიდი და უშფოთველი ძილით“ და ალბათ სიზმარში ხედავდა, როგორ გადმოვრბოდი ლამის უმოაჯირო ბონდის ხიდზე და აღარაფრის მეშინოდა.

მეორე დილას 11 საათზე ჩამოიარა ემზარის ავტობუსმა და სოხუმში გამოვემგზავრეთ.

სად ხართ ახლა, ჩემო აფხაზო მასპინძლებო?!...
სად ხარ, ჩემი სტუდენტობის მეგობარო, ელდარ?...
ნუთუ ჩაწყდა ის ბონდის ხიდი, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის რომ იყო გადებული?
ჩვენ ხომ ერთად და ბედნიერად ვაპირებდით ცხოვრებას, ქართველებიც და აფხაზებიც, ან აქ, დაბლა, მიწაზე და ან იქ, მაღლა, ღრუბლებში, მაგრამ ერთად და მხიარულად?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები