ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
20 აგვისტო, 2008


თავი 41. დახეული სურათი ("მაგდა")

მაისის თბილი დღე იყო.
მაგდამ დედამისს დაურეკა, “სამსახურში ცოტა შემაგვიანდება  და თეა შენ გამოიყვანე ბაღიდანო...”
სხვა დროს საბავშვო ბაღის კიბიდანვე იწყებდა-ხოლმე თეა ბაღის ამბების მოყოლას:
“ჩვენ დღეს ლეთსი დვასწავლეს... იცი, რა ლეთსი?”
“ჩვენ დღეს სიმღერა დვასწავლეს... იცი, რა სიმღერა?”
“ჩვენ დღეს თოვლის ბაბუა დავატეთეთ... იცი, რამხელა?”
“ჩვენ დღეს ბურთი ვითამაშეთ ეზოში... და დამალობანაც”...

დღეს კი, რატომღაც, ჩუმად მიჰყვებოდა თეა ნინოს.
- რაო, ბებო, დღეს არაფერი გაგიკეთებიათ ბაღში?

სიჩუმე...
- ვინმემ ხომ არ გაწყენინა? ან ვინმესთან ხომ არ იჩხუბე?...
- არა... - ჩუმად თქვა თეამ და თავი ჩაღუნა.
სახლამდე აღარაფერი უთქვამს.

დილიდან უხასიათოდ იყო თეა. იტირა კიდეც, - “ბაღში არ წავალო”... ერთადერთი, რის გამოც ატირებული ბავშვი დაითანხმეს ბაღში წასვლაზე, იყო ის, რომ გაგა მოიწყენდა მის გარეშე.

მთელი დღე ცდილობდა დეიდა ლალი მის გამხიარულებას, მაგრამ... უშედეგოდ. მხოლოდ გაგას ელაპარაკებოდა და ისიც – უხასიათოდ...

მალე სახლშიც მივიდნენ.
თეა უხმოდ შევიდა დედის ოთახში და კარი მოხურა. ნინოს ყურადღება არ მიუქცევია ამისთვის, სამზარეულოში გავიდა და სადილის მზადებას შეუდგა. უეცრად მაგდას ოთახიდან თეას ხმა შემოესმა ნინოს, - თითქოს ვიღაცას უწყრებოდა თეა.

ნინო ოთახს მიუახლოვდა, ფრთხილად გამოაღო კარი და ოთახში შეიხედა: თეას რაღაც სურათი ეჭირა ხელში.
ნინოს ფეხის ხმა რომ გაიგო, თეა გაჩუმდა და სურათი ზურგსუკან დამალა.
- თეა, აქ რას აკეთებ, ბებო? წადი, შენს ოთახში ითამაშე...

თეას ოთახი ერქვა შემინულ შუშაბანდს, რომელიც საგულდაგულოდ იყო აღჭურვილი ათასნაირი სათამაშოთი, პატარა ავეჯით, სათამაშო სერვიზებითა და სამზარეულო ჭურჭლით...

უხმოდ გამოვიდა თეა ოთახიდან. ზურგსუკან სურათს მალავდა.
ნინოს ძალიან აინტერესებდა, რა სურათს მალავდა ასე  ბავშვი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და სამზარეულოში დაბრუნდა.
სამზარეულოსა და შუშაბანდს ერთი თხელი ტიხარი ყოფდა, ასე რომ ნინოს ახლა თეას ნათქვამი ყოველი სიტყვა გარკვევით ესმოდა.

“მითხარი, შენ ხარ ჩემი მამიტო? მითხარი, ნუ დეშინია! მე არავის ვეტყვი.... რა დინდა, რატო ატირებ დედიტოს? დედიტო, იცი, რამდენს ტირის, როცა შენ დიყურებს?  მე შენ არ მიყვარხარ... სულ არა!... მამიტო თუ ხარ, რატო არ მოდიხარ? არა, დედა ტი არ ამბობს, რომ შენ მამიტო ხარო, მადრააამ... აბა რატომ ტირის?... აი, ნოდარი ბიძია სულ მოდის-ხოლმე, საჩუთრებიც მოათვს... ჩემი ნოდარი ბიძია არავის არ ატირებს, არც დედიტოს, არც ნანა დეიდას...  დაუშვი ჩემს დედიტოს ხელი... დაუშვი-მეთთი, ხო დითხარი?! არ დაუშვებ, არა, მაშინ დცემ... აი, შენ, აი...!...” – მაგიდაზე დადებულ სურათს მთელი ძალით დაარტყა ხელი... ეტკინა და ტირილი დაიწყო. სურათს ხელი ჰკრა და იატაკზე გადმოაგდო.

ნინოს თეას ტირილის ხმა შემოესმა და მაშინვე მას მიაშურა.
- თეა, რა მოხდა, ბებო? რატომ ტირის ჩემი პატარა, საყვარელი გოგო? ვინ გაგაბრაზა?! მითხარი, ბებიკო...

თეამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ შეფარვით დახედა იატაკზე დაგდებულ სურათს.
ნინომ სურათი აიღო და... გაშეშდა: სურათიდან მაგდა და გია შემოსცქეროდნენ. გიას ხელი გადაეხვია მაგდასთვის. ორივე იცინოდა, ორივეს ბედნიერი სახე ჰქონდა. სურათის მეორე მხარეს წარწერა იყო: “24 მაისი. დღეს დავამთავრეთ სკოლა. გაუმარჯოს თავისუფლებას! გაუმარჯოს ჩვენს სიყვარულს... დაე ამ სურათმა ყოველთვის გაგვახსენოს ჩვენი ცხოვრების უბედნიერესი დღეები”.

- თეა, რატომ ტიროდი, ბებო?
- მე არ მინდა, რომ ეს იყოს ჩემი მამიტო! არ მინდა, არა! იმიტო, რო დედიტო სულ ტირის, როცა ამას უყურებს. მე არ მინდა, რო ჩემი დედიტო ტიროდეს! - გულამოსკვნილი ტიროდა თეა და თან ბებიამისს ეკვროდა.
- კარგი, ჩემო გოგო...დაწყნარდი! დედა აღარ იტირებს... ეს არ არის შენი მამიკო.... ნუ ტირი, გენაცვალე...
- აღარ იტირებს? - ცრემლიანი თვალები შეანათა თეამ.
- არა, აღარ იტირებს... კარგი, გეყოფა!...

ამ დროს კარი გაიღო და დერეფანში მაგდა შემოვიდა.
დედის ხმის გაგონებაზე თეა ბებიამისს მოსცილდა, მაგდასკენ გაიქცა და მუხლებზე მოეხვია.
ნამტირალევი თეა მაგდამ ხელში აიყვანა.
- რა მოხდა, თეაკო, წაიქეცი, დედი? - მაგდამ მუხლები გაუსინჯა ბავშვს.
- არა...
- აბა რა მოხდა, რატომ ტირის ჩემი გოგო?
- მე შენი სურათი ვცემე....A
- რომელი სურათი, თეა? - მაგდას თან გაუკვირდა და თან გაეცინა ამ სიტყვებზე, - კი, მაგრამ, რა დაგიშავა დედიკომ, რომ მისი სურათი სცემე?
- არა, შენ ტი არ დცემე, ის ბიძია ვცემე, ასე რომ დდას... - და თეამ ჟესტიკულაციით გამოსახა ხელგადახვეული ადამიანი.
- იმ ბიძიამ რა დაგიშავა? - ახლა შეშფოთება გამოესახა მაგდას სახეზე.
- მე არ მინდა, რომ ის იყოს ჩემი მამიტო!...
- და მაგიტომ ტირი? კარგი, დამშვიდდი... ის არ იქნება შენი მამიკო!... არასოდეს არ იქნება! - მაგდამ გულში ჩაიკრა თეა და კოცნა დაუწყო.
- არ მატყუებ?
- არა, არა გატყუებ...
- აღარ დიყვარს?... არა?...
- არა, აღარ მიყვარს... - თქვა მაგდამ და ხმა აუთრთოლდა.
- მაშინ დახიე ეს სურათი...

თეას ანთებულ თვალებში და მომუშტულ ხელებში რისხვა ამოიკითხა მაგდამ. ეს იყო თეას პირველი კატეგორიული მოთხოვნა, პირველი პროტესტი!... და ითხოვდა თეა, რომ მოესპო მაგდას ეს ერთადერთი სახსოვარი გიასგან... გაეწყვიტა წარსულთან დამაკავშირებელი ეს ერთადერთი ძაფი.
- ეს მარინკას მამაა, თეა... - ძლივს ამოთქვა მაგდამ.
- იყოს მერე!... დახიე!
- მაგდა, ცუდად ხომ არ ხარ? - მიუახლოვდა ნინო ფერდაკარგულ შვილს.

მაგდამ უარის ნიშნად თავი გაიქნია, მაგიდას მიუახლოვდა, სურათი ხელში აიღო და დახედა...
ვერა, ვერ შესძლო ამ ერთადერთი ძაფის საკუთარი ხელით გაწყვეტა.
მაგდა სავარძელში ჩაჯდა და მწარედ ატირდა.
ნინო თეასთან მივიდა, სავარძელში ჩაჯდა და ბავშვი გულზე მიიხუტა.
უცებ თეა ადგილს მოსწყდა, მაგდასთან მიიჭრა, სურათი ხელიდან გამოგლიჯა და შუაზე გახია.

მაგდამ ერთი კი იყვირა, “თეა, ეს რა ჰქენიო” და... გაჩუმდა!
ნინო სწრაფად წამოხტა ფეხზე და ერთიანად გაფითრებულ მაგდასთან მიიჭრა. თეა აღარავის ახსოვდა.
- შენ ხომ დამპირდი, აღარ ვიტირებო?! შენ ტი მაინც იტირე! მე არ მინდა, რომ შენ ამისთვის ტიროდე!... არ მიყვარს ეს ბიძია! ეს ცუდი ბიძიაა, ცუდი, ცუდი!...

თეას ხმამ მისკენ მიახედა მაგდაც და ნინოც. ბავშვი ქაღალდივით გაფითრებულიყო და ერთიანად კანკალებდა.
ასეთი თეა მათ ჯერ არ ენახათ და შეშინებულები მისცვივდნენ.

- თეა, დედიკო, დაწყნარდი... აი, შეხედე?! - მაგდამ ვერხვის ფოთოლივით მოცახცახე თეას შუაზე გაგლეჯილი სურათი გამოართვა და ნაკუწებად აქცია, შემდეგ თეა აიტაცა ხელში, გულში ჩაიკრა და გაჩუმდა.

- დედა, წამიყვანე, რა დადასთან?
- კი, დედიკო, ჩემო სიცოცხლევ, ჩემო სიხარულო!... სადაც გინდა, იქ წავიდეთ! მე არავინ მინდა, შენს გარდა!!!
- მაგდა, შვილო, გვიანი არ არის? რვა საათია უკვე... მალე თეას დაძინების დრო მოვა...
- არაფერია, დედა! ერთი დღე არაფერი უჭირს... ცოტას გულს გადააყოლებს!

გაგასთან და თამუნასთან თამაშით გული იჯერა თეამ.
მაგდამაც გული გადააყოლა ნათიასთან საუბარს. მალე ვაჟაც მოვიდა, ერთად ივახშმეს...
თორმეტი იყო დაწყებული, როცა ვაჟამ და გაგამ მანქანით სახლამდე მიაცილეს დედა-შვილი.

დააწვინა თუ არა, თეას მაშინვე ჩაეძინა, მაგდას კი თეთრად დაათენდა თავზე. თვალს დახუჭავდა თუ არა, თვალწინ წარმოუდგებოდა დახეული სურათი. მას კალეიდოსკოპივით ცვლიდა გიას ქორწილის კადრები და ლეას სახე...  ლეას – მარინკა ენაცვლებოდა. შემდეგ - მარინკა და თეა ცვლიდნენ ერთმანეთს და კვლავ გიას დახეულ სურათთან ბრუნდებოდა მაგდას გონება. იმ ღამეს ბევრი იტირა მაგდამ თავისი უბედო ბედის გამო, იმ სურათივით დახეული სიყვარულის გამო.
ხანდახან ნოდარის სახე ამოტივტივდებოდა წარსულის ამ მორევიდან. მტკივნეულად მოეწურებოდა ხოლმე გული. ნოდარის გვერდით ვიღაც ქალს ხედავდა-ხოლმე, უცნობს, უსახოს... ის ქალი თავისკენ ექაჩებოდა ნოდარს...  თავის თავსაც ხედავდა, კვარცხლბეკივით შემაღლებულ ადგილზე მდგარს, მისკენ ხელგამოწვდილ გიასა და ნოდარსაც... შემდეგ ორივე ნელა ტრიალდებოდა და საპირისპირო მხარეს შორდებოდა... მაგდა მარტო რჩებოდა...
მარტო?!...
არა, ვიღაცასთან ერთად...
ასე, ტირილში ჩაეძინა მაგდას გათენებისხანს.


* * *
ავარიის მერე ძლივს მოახერხა გიამ მამასთან დაკავშირება. სახლში ან ყურმილს არავინ იღებდა და ან მხოლოდ გურამიკო ხვდებოდა. გურამიკოს მოიკითხავდა, მარინკას ამბავს გებულობდა, პასუხად ესმოდა: “ყველანი კარგად ვართ, ჩემს მეტი სახლში არავინ არისო”...
ერთ დღესაც გიამ გვიან დარეკა და ლევანი დახვდა სახლში.
გიამ რომ გაიგო, “ქეთოს მანქანა დაეჯახაო”, - ძალიან შეშინდა.
ლევანმა იქვე შეატყობინა, რომ “ქეთოს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, მაგრამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ახლა კარგად გრძნობს თავსო”... – და გია დამშვიდდა.
- მამა, ხომ იცი, ლეას ვერ ვტოვებ!... ცუდი ფეხმძიმობა აქვს...  ვიცი, გაგვაწვალებს ეს მაიმუნი ბავშვი... ამიტომ ვერ ჩამოვდივარ...
- არ გვინდა, გია, შენი ჩამოსვლა... ლეას მიხედე, შვილო!...

ფოსტიდან ყოველდღე ელაპარაკებოდა გია ლევანს. დაწვრილებით გებულობდა ქეთოს და მარინკას ამბებს. მალე დაბაში სახლებშიც დადგეს ტელეფონები და უკვე სულერთი იყო, გია დარეკავდა თბილისში თუ ლევანი – დაბაში.

იმ დღეს ლევანმა დარეკა გიასთან.
კარგა ხანს ილაპარაკეს მამა-შვილმა.
და უცებ ლევანს წამოსცდა:
- გია, ჩვენი მარინკა და მაგდას თეა რომ ერთ დღეს ყოფილან დაბადებული, იცოდი?
- მაგდას თეა?... არა, საიდან უნდა მცოდნოდა? ან შენ რა იცი, მამა? - ძალიან გაუკვირდა გიას.
- ქეთო რომ ავარიაში მოყვა, მაგდამ წაიყვანა მაშინ მარინკა და მთელი 5 დღე თავისთან ჰყავდა. დაბადების დღეც ერთად გადაუხადა ორივეს.
- ვერაფერი გავიგე! როგორ, დედა რომ საავადმყოფოში დააწვინეთ, მაგდას მიუყვანეთ ბავშვი?
- არა, მაგდამ თავად წაიყვანა და მერე ჩვენ შეგვატყობინა ეს ამბავი.
- მამა, ახლა დაწყნარდი, დამშვიდდი და ისე მიპასუხე, მარინკა როგორ მოხვდა მაგდასთან?!
- როგორ და, ქეთო და მარინკა გზაზე გადადიოდნენ, როცა მანქანა გამოვარდნილა მოსახვევიდან. მაგდამ მარინკა თავისკენ მოქაჩა და გადაარჩინა ისე, რომ ბავშვს ნაკაწრიც კი არ ჰქონდა.
- მარინკას მანქანა ეჯახებოდა?! რას მეუბნები, მამა! - იყვირა გიამ, - აქამდე რატომ არ მითხარი?!
- რა ვიცი... ვიფიქრე, ინერვიულებდი!...
- ახლა სად არის მარინკა?
- ხათოსთან და გურამთან ერთად არის... ნუ ნერვიულობ, გია!... ყველაფერი კარგად არის! ისე, სულ დედამისს კითხულობს.
- მამა, გეხვეწები, ჩამომიყვანე, რა, მარინკა? მირჩევნია, ჩემთან იყოს!
- მერე? ლეამ როგორ უნდა მიხედოს?! ქეთო ერთ კვირაში სახლში იქნება უკვე... არა, გია, ჯობია, რომ აქ იყოს მარინკა!
- რა ვიცი... რა ვიცი....
- არ უნდა ამას ცოდნა! აქ უკეთესად მოვუვლით, გია!... და როცა ლეა მოილოგინებს, მერე ჩამოვიყვანთ მაგასაც...
- უკაცრავად, მაგრამ... მე არაფერს მეკითხებით? ვუშვებ ამ ჩემს ცოლს, არ ვუშვებ?!... ან ლეას აღარაფერს ეკითხებით? არა, მამა... ცოტა ხანიც და, მე მარინკასაც აქეთ წამოვიყვან...
- ჰო, კარგი, ჯერ დაიბადოს ეს ბავშვი და მომავალი გვიჩვენებს, ვინ საით წავა...
აბა, ლეა დამიკოცნე, სერგეი და ნატაშას ოჯახი – მომიკითხე... თავს გაუფრთხილდი.
- კარგად, მამა!... დედას ბოდიში მოუხადე, რომ ვერ მოვდივარ... ბავშვები დამიკოცნე... მაგდას კი... მადლობა მაინც თუ გადაუხადეთ ნორმალურად?! იქნებ თავად დამერეკა?! კარგი, მოვიფიქრებ რამეს.
- გია, მოიცა, მარინკა და ხათო დაბრუნდნენ... დაელაპარაკები ბავშვს?
- მამიკო... მარინკა ვარ...
- მარინკა, ქართულად მელაპარაკები, მამიკო? შენ რა ყოჩაღი გოგო მყავხარ!... აქ რომ ჩამოხვალ, მე და შენ ქართულად ვილაპარაკოთ და მერე დედიკოსაც ვასწავლოთ ქართული, ხო?
- ხო, მე ქარტული იცის... დედა მიკვარს... და შენ მიკვარს... და дедушка მიკვარს...
- შენც ძალიან გვიყვარხარ, მარინკა! - ცრემლები მოადგა გიას, - აბა, ბაბუა და ხათო არ გააბრაზო...
- ბებო? და გურამი?...
- არც ისინი გააბრაზო, მამიკო... - გაეცინა გიას, - აბა, გკოცნი, ჩემო ლამაზო გოგო!

მარინკამ ყურმილი დაკიდა.
ხათუნამ მარინკას საჭმელი აჭამა და ერთი საათით თავისუფლება მისცა, - დაძინებამდე ითამაშეო.
მარინკა წიგნების კარადასთან მივიდა და სურათებიან წიგნებს დაუწყო თვალიერება.
ერთ-ერთი წიგნი რომ გამოიღო, სურათი გადმოვარდა.
- Ой, тетя  Магда  и  папка!!!..... ხათუნააა! ნახე ვინები იპოვნე?!... тетя  მაგდა და მამიკო!...
- მაჩვენე?! სად იპოვე ეს სურათი?
- აი, აქა.... – მარინკამ წიგნი დაანახა ხათოს.
- ჩადე ისევ... არ გაგიფუჭდეს, მამიკოს ეწყინება!
- არა... არ გაფუჩებ... ხათო, წამიკვანე тетя მაგდასთან?
- ვერა, მარინკა... იქ ვერ წაგიყვან.
- მაშინ, ტელეფონი.... დარეკე....
- ვერა, მარინკა, ვერა...
- რატო? - ცრემლებით აევსო თვალები.

ხათუნამ არაფერი უპასუხა, უხმოდ მობრუნდა და გავიდა.
მარინკა ოთახიდან გამოვიდა და ჩუმად შევიდა გურამიკოსთან.
გურამიკომ მარინკას თვალებში ცრემლი შენიშნა.
- რა მოხდა, მარინკა, რატომ ტირი?
- სურათი იპოვე...  тетя  მაგდა და მამიკო!... тетя მაგდასთან ტელეფონი.... დარეკე უნდა... ხათუნა თქვა “არა”!
- მაგდასთან გინდა დარეკო? თეას გინდა ელაპარაკო?
- тетя მაგდასთან...
- მოიცა, მე დაგარეკინებ...

გურამიკომ ტელეფონი ოთახში შემოიტანა და მაგდას ნომერი აკრიფა.
- გისმენთ... - გაისმა მაგდას ხმა.
- тетя  მაგდა... მარინკა არის! - ჩასძახა ბავშვმა ყურმილში და თვალები გაუბრწყინდა.
- მარინკა? როგორ ხარ, პატარა?
- კარგად... тетя  მაგდა, მე სურათი იპოვე...  შენ და მამიკო!... იცი?
- სურათი? ხო, როგორ არ ვიცი, მარინკა?!...
- მე არ გაფუჩებ ის სურათი... მე...
- არ დახიო ის სურათი, მარინკა...
- არა, тетя  მაგდა, მე აკოცე შენ და მამიკო...
- გმადლობ, მარინკა... კარგი გოგო ხარ შენ... თუ გინდა, მოდი ჩვენთან... თეასთან ითამაშებ...
- ხო, მე უნდა...
- “უნდა” არა, მარინკა... “მინდა”-თქო...
- ხო, მე მინდა...
- ბაბუას უთხარი და მოგიყვანს. კარგად იყავი, მარინკა...


* * *

მაგდამ ყურმილი დაკიდა.
ფიქრებმა გაიტაცა... რამდენიმე წუთი იჯდა ასე ჩუმად. მისდაუნებურად, ცრემლებით აევსო თვალები.
ისევ გაისმა ტელეფონის ზარი.
მაგდამ ყურმილი აიღო.
- გისმენთ...
- მაგდა, გამარჯობა, გია ვარ... - გაისმა ყურმილში და...
მაგდას ეგონა, სავარძლიანად ჩავარდა სადღაც, უფსკრულში.
- მაგდა, ხმა გამეცი... ცუდად არ გახდე, გთხოვ... მადლობის სათქმელად ვრეკავ, მაგდა!...
- გისმენ, გია... - ყველანაირად ცდილობდა მაგდა, რომ შინაგანი კანკალი ხმას არ დატყობოდა.
- მაგდა, მხოლოდ ახლახანს გავიგე მამაჩემისგან, რაც შენ ჩემთვის გაგიკეთებია. შენ მე შვილი გადამირჩინე... მე არ ვიცი, როგორ გადაგიხდი მადლობას!...
- ეს მადლობისთვის არ გამიკეთებია, გია!
- ვიცი, მაგდა... და მაინც, ვალში ვარ შენს წინაშე.... ისიც ახლა გავიგე, რომ ჩვენი შვილები ერთ დღეს ყოფილან დაბადებულები... თანაც ძალიან გვანანო ერთმანეთს...
- ხო, მსგავსება მართლაც საოცარია...
- ალბათ იმიტომ, რომ შენ და ლეა ჰგავხართ ერთმანეთს... ჭკუის დანთხევამდე ჰგავხართ...
- არა, არ ვგავართ ასე ძალიან, გია! ლეამ მოახერხა შენი დასაკუთრება, მე – ვერა!
- მაპატიე მაგდა!...
- რა გაპატიო? ის, რომ ჩემს თავს ლეა არჩიე? თუ ის, რომ შვილი ვერ მაპატიე?...
- მაგდა...
- რა, “მაგდა”? ხომ ვერ დამარწმუნებ, რომ ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, ჩემთან განშორების შემდეგ გაიცანი ლეა? ვერც დამარწმუნებ და ნურც ეცდები... თქვენს ქორწილში ფეხმძიმედ იყო ლეა! მითხარი, რომ ვცდები...
- არა, არ ცდები...
- ჩემგან რომ მიდიოდი, შენი ბოლო სიტყვები იყო: შენს თავს შეუნდე და მერე მეც მაპატიეო... მე შენს წინაშე ცამდე მართალი ვიყავი, გია! არასოდეს მიღალატია შენთვის... და თუ ჩემზე გულწასულზე იხმარეს ძალა, ამაში მე ნუ დამადანაშაულებ!
ნურც იმაში დამადანაშაულებ, თუ ბავშვი ექიმმა არ მომაშორა, იმ მიზეზით, რომ მაშინ აღარასოდეს მეყოლებოდა შვილი...
- მაგდა...
- ნუ მაწყვეტინებ! ოდესმე ხომ უნდა გითხრა ის, რაც უნდა მეთქვა?! შენს გამო, შენი სიყვარულის გამო ვუთხარი უარი საკუთარი შვილის მამას... უარს ვეუბნებოდი ყველას, ვისაც კი რამე უთქვამს ჩემთვის... ვინც თანახმა იყო, ჩემი შვილი თავის საკუთარ შვილად მიეღო და თავისი გვარი მიეცა... უარს ვეუბნებოდი, იმიტომ რომ სადღაც არსებობდი შენ და ყოველთვის მეგონა, რომ ჩვენი სიყვარული არავის სიყვარულს არ ჰგავდა, რომ ის ყველაზე ძლიერი და უკვდავი იყო... და აი, ჩამოდიხარ შენ, რომელსაც თურმე შორეულ რუსეთში ნაპოვნიც გყავს უკვე ჩემი შემცვლელი, “მსგავსი და ანალოგიური” ლეა და ამიტომ გარბიხარ ჩემგან იმ მიზეზით, რომ ვერ მაპატიე?! და რა ვერ მაპატიე, შვილი?
- მომცემ საშუალებას, რომ სიტყვა ჩავრთო შენს მონოლოგში? - ძალიან თბილი ხმით უთხრა გიამ.
- რა გაქვს სათქმელი?
- არ გინდა, მაგდა, იმ ძველი ჭრილობის გახსენება!... ვეღარაფერს შევცვლით... მხოლოდ შვილი მყავს სასაყვედურო? მთელი წელი გეხვეწე, “მითხარი, რა მოხდა, რატომ არ მპასუხობ წერილებზე-მეთქი”...  იქნებ მეც მეპატიებინა? იქნებ მეც გამეგო შენთვის?... შენი ამბები რატომ უნდა გამეგო მზიასგან? ან ნებისმიერი სხვისაგან? ნუთუ იმის ღირსი არ ვიყავი, რომ შენგან გამეგო სიმართლე?!... მართლა გეკითხები, ღირსად არ ჩამთვალე, რომ სიმართლე მაინც მცოდნოდა?!... მაგრამ ახლა ამისთვის არ ვრეკავ! კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას ჩემი მარინკას გადარჩენისთვის! ამიტომ დაგირეკე...
- ლეა როგორ არის?
- კარგად... გმადლობ! მეორეს ველოდებით წუთი-წუთზე...
- პირველი შვილის დაბადების თარიღი ხომ ჩემი შვილისას დაამთხვიეთ? მეორე შვილისა – აუცილებლად ჩემი დაბადების დღეს დაამთხვიეთ... სრული ბედნიერებისათვის.... – გაეცინა მაგდას.
- მგონი მართლაც მასე იქნება... - ჩაილაპარაკა გიამ და მასაც გაეცინა.
- მშვიდობით, გია!
- ნახვამდის, მაგდა!


* * *

12 მაისს მაგდა 24 წლის გახდა!
დაბადების დღის გადახდას არ აპირებდა, მაგრამ ცოტა რამ მაინც მოამზადა. იცოდა, ნათია, ვაჟა და ბავშვები მოვიდოდნენ. შეიძლება ბიძაშვილ-მამიდაშვილებიც მოსულიყვნენ...
ის იყო, ტორტის მორთვა მოათავა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.

მაგდამ კარი გააღო. კართან 7-8 წლის ბიჭი იდგა, ხელში სისხლისფერი ვარდების 24 ოდნავ პირგახსნილი კოკორი ეჭირა.
- თქვენ დეიდა მაგდა ბრძანდებით? - სერიოზული ხმით იკითხა ბიჭუნამ.
- მე ვარ... მე მეძებ, ბიჭი? - ალერსით ჰკითხა მაგდამ.
- მთხოვეს, ეს თქვენთვის გადმომეცა, - და ბავშვმა მაგდას ყვავილები მიაწოდა.
- ძალიან დიდი მადლობა... მაგრამ ვისგან არის ეს ყვავილები?!
- აააარ ვიცი?! - აშკარად დაიბნა ბავშვი.
- არაფერი დაუბარებია?
- არა... მხოლოდ ეს მითხრა, “თავად მიხვდებაო”... მე წავალ, ნახვამდის...
- მოიცა, არ წახვიდე, - მაგდა შებრუნდა და ოთახიდან შოკოლადის დიდი ფილა გამოუტანა ბავშვს.

“თავად მიხვდებაო... რას უნდა მივხვდე?! რომელზე ვიფიქრო?!... ნოდარზე თუ გიაზე?...
ცოლიანია ერთიც და მეორეც... და ცოლიანი კაცი (სულერთია, რომელი!) მე მიგზავნის ყვავილებს? რად მინდა მათი ყვავილები?!... არა, თუმცა, რატომაც არ მინდა?! დიდი მადლობა ერთსაც და მეორესაც! ნამდვილი გამომგზავნი – არ ვიცი... და ჩავთვლი, რომ 12 მაისს 12 ვარდი გიამ გამომიგზავნა და 12 – ნოდარმა...”

მაგდამ ბროლის მაღალ ლარნაკში ჩააწყო ვარდები და სუფრაზე დადგა.

“ალბათ გავგიჟდი... რა გახარებულმა შემოვაპორწიალე ეს ვარდები?... არ ვიცი, ან მე ვარ გიჟი და ან ეს ხალხი!...  არ მჯერა!... მომკალი და არ მჯერა, რომ ნოდარმა ცოლი მოიყვანა. იქნებ ნოდარმა ვიღაცასთან ერთად გაიარა და ეს დაინახა ნათიამ?... მაშინ?... მაგრამ მაშინ ვინ არის ეს ნანა? ვინ “ნანა დეიდა” აკითხავს თეას საბავშვო ბაღში?... ოო, ღმერთო, როგორ დავიღალე ამდენი უაზრო ფიქრით!... ვინც არ უნდა იყოს ამ ვარდების გამომგზავნი, დიდი მადლობა მას ყვავილებისთვის.”

კარებზე ისევ ზარი გაისმა.
მაგდამ კარი გააღო და...

-  тетя  მაგდა, დაბადის.... დაბადების დღეს გილოცავ!... - კი არ შემოვიდა, შემოვარდა მარინკა და მაგდას შემოხვია ხელები.
- მაგდა, მეც გილოცავ... გიამ დარეკა ჩვენთან. მისი სახელით ეს ყვავილები მოგართვი, - გურამიკომ თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგული მიაწოდა მაგდას, - ჩვენ წავალთ...
- არსადაც არ წახვალთ... მარინკას შოკოლადის ტორტი უნდა ვაჭამო ჯერ... და შენც, ჩემო პატარა, საყვარელო ბიჭო...
- იცი, როგორ მიყვარხარ, მაგდა? ძალიან!...
- მეც ძალიან მიყვარხარ, გურამ! შემოდი...

მაგდამ ზუსტად ანალოგიური ბროლის ლარნაკი გამოიღო და თეთრი ვარდების თაიგული მოათავსა.

“აჰა, ყველაფერი თავ-თავის ადგილას დადგა: თეთრი ვარდები, მეგობრობის ნიშნად, გიასგან და წითელი ვარდები, სიყვარულის ნიშნად... ნოდარ, ვინ არის ნანა?!”

- მაგდა, დღეს დილას ლეას მეორე გოგო გაუჩნდა....
- დღეს? - მაგდამ ხმამაღლა გადაიკისკისა, - მერე, გურამ? რა დაარქვეს ბავშვს?
- მგონი ქეთი... ზუსტად არ ვიცი...
- კარგია! ძალიან კარგი სახელია... - მაგდა კინაღამ გაიგუდა “სიცილით” და სამზარეულოში გავარდა, - არ უნდოდა, გურამს დაენახა მის თვალში  აბრჭყვიალებული ცრემლები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები