ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2010


დედებს, რომელთაც შვილები მიატოვეს...

შენ ჩემი შვილი ხარ 
და მჯერა, რომ შენც გახსოვს,
თუმცა, ეს ოდესღაც თვითონ არ მინდოდა,
როდესაც უცხო ოთახში დაგტოვე და
როცა წარსულს შევატოვე შენი თბილი თითები...
მაგრამ, მე კარი არ გამომიხურავს...
გჯერა? გჯერა რომ
არ შემოვბრუნებულვარ მის დასაკეტად?
ვფიცავარ, ასეა,
ოღონდ, არა სიყვარულის გამო...
უბრალოდ, უკან გამოხედვის შემრცხვა...
ახლა კი შენ წარსულს ხატავ და ვიცი,
ამ ცარიელ ფურცელზე, სადღაც კუთხეში მაინც
მომიძებნი ადგილს...
ადგილს -
რადგან მეძებდი,
როცა გემალებოდი, 
რადგან მწერდი,
როცა არ გპასუხობდი და
რადგან მხედავდი მაშინაც კი,
როდესაც უბრალოდ არ ვჩანდი...
გახსოვს? როცა სულ პატარას ზღაპრებს გიყვებოდი?
მაშინ, ჯერ კიდევ ერთად ვიყავით და
ორივეს გვჯეროდა სასწაულების...
თუმცა, იქნებ ახლაც კი გჯერა,
შენ ხომ ჯერ ისევ ბავშვი ხარ,
ბავშვი და მჯერა, რომ ახლაც ისევე მელოდები
ფანჯრის მინაზე ცხვირმიკრული,
როგორც მაშინ, როცა სახლში დაბრუნებისას მხვდებოდი...
მაგრამ
მას შემდეგ  ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა...
იცი? არასდროს დამავიწყდება
მინდვრის ყვითელგულა ყვავილები,
რომლებიც დახატე და რომლებიც ასე გინდოდა
დაგეკრიფა, როცა ტყეში წავიდოდით...
ვიცი, თავის გამართლება შეუძლებელია,
მითუმეტეს მაშინ, როცა მიზეზის
თავადაც არ გჯერა...
მაგრამ, მიუხედავად ამისა,
ახლა ერთად აკინძულ შენს ნახატებს შორის
ვარდის ფურცლებს ვალაგებ იმ იმედით,
რომ როდესაც ისინი გახმება,
ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით...

შენ ჩემი შვილი ხარ და
მჯერა, ეს შენც გახსოვს...

ლიკა ოხანაშვილი
25.12.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს