ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
24 აგვისტო, 2008


თავი 42. მოულოდნელი შეხვედრა ("მაგდა")

მაისის ბოლო დღეები იდგა.
იმ დღეს მაგდამ შედარებით ადრე მიაკითხა თეას და... ადგილზე გაშეშდა: საბავშვო ბაღის ეზოში ნოდარი დაინახა ვიღაც ფეხმძიმე ქალთან ერთად... ნოდარს თეა აეყვანა ხელში და ეთამაშებოდა. ის ქალი კი თითქმის ზურგით იდგა მაგდასკენ და ამიტომ მაგდამ ვერ დაინახა მისი სახე.

თეა ხმამაღლა იცინოდა, მერე ნოდარს კისერზე მოხვია ხელი და ლოყაზე აკოცა. ქალი ჯერ შორიდან ეფერებოდა თეას, შემდეგ კი ხელში უნდოდა მისი აყვანა, მაგრამ ნოდარმა არ დაანება, იმ ქალს სიმძიმე არ ააწევინა.

“ჰმ, ერთგული და მოსიყვარულე მეუღლე...
ოჰ, ნოდარ, ნოდარ... თუმცა რა “ნოდარ”?
ეეჰ, მაგდა, მაგდა! რა უაზროდ ჰკარი ხელი საკუთარ ბედნიერებას?!...
ღმერთო, მე ვერ ვხვდები და შენ მაინც გამაგებინე, რატომ მოჰყავს-ხოლმე ნოდარს ეს ნანა თეას სანახავად?! რა ხელი აქვს ამ ნანას ჩემს თეასთან, რა?!...”

და უცებ მაგდას ხმამაღლა გაეცინა: “ალბათ, თავის ცოლს თეა, როგორც თავისი “შრომის შედეგი”, ისე აჩვენა!... მაგრამ, ვერ მოგართვით, ბატონებო!... თეა მე მგავს გარეგნულად და არა შენ, ბატონო ნოდარ ერისთავო!... დედის გენები გამოჰყვა თეას!... ნუ, რა ვიცი, შეიძლება გენები მამისაც აქვს, მაგრამ... გარეგნობა ჩემი გამოჰყვა!...
მაგრამ, ღმერთო, გევედრები, ნუ გამოაყოლებ თეას ჩემს ბედს!... ნუ გაამწარებ ჩემსავით!... ნურასოდეს ათქმევინებ, “ბედური ვარო”!.. – მაგდას ცრემლები გადმოსცვივდა.

ნოდარმა თეა დაბლა ჩამოსვა და ისიც ბაღის შენობაში დაბრუნდა, ნოდარმა კი იმ ქალს გამოსდო ხელკავი და გასასვლელისკენ წამოიყვანა.

მაგდა სწრაფად ამოეფარა ხეს.
მათი ხმა ახლოვდებოდა.
მაგდა დაიძაბა. ნერვიულობისაგან სუნთქვაც კი შეეკრა. ხის ტანს შეეზარდა იმის შიშით, არ დამინახონო. არ უნდოდა მეორე მეტოქესთანაც პირისპირ შეხვედრა!..

ნოდარმა და იმ ქალმა ხეს გვერდით ჩაუარეს და წავიდნენ.

“არა, რა მომარბენინებდა, აა? ვერ მოვედი თავის დროზე? ხომ აღარც ნერვები ამეშლებოდა?!... ჰმ, ერთი ვიცოდე, რა მაბრაზებს?! მე ხომ თავად ვუთხარი უარი ნოდარს?! ჰოდა, ახლა რაღაზე ბრაზდები, ქალბატონო?... წადი, გამოიყვანე თეა და სადმე გაასეირნე... შენთვისაც კარგი იქნება და ბავშვისთვისაც!”....

მაგდამ ბაღის კარები შეაღო.
თეამ ფანჯრიდან დაინახა მაგდა და კიბეზე კისრისტეხით ჩამოირბინა!
- დედიტო, იცი ათ ვინ იყო? იცი?
- არა, არ ვიცი...
- ვინა და ნოდარი ბიძია და ნანა დეიდა! - “მიახარა” თეამ მაგდას.

მაგდამ ზერელედ გაუღიმა თეას, “კარგი, წავიდეთო” - უთხრა და შენობიდან გამოვიდა.

ავტობუსის გაჩერებისკენ წაიყვანა თეა. ვაკის პარკში უნდოდა თეას გასეირნება.
- დედიტო, სად მივდივართ? დადასთან?
- არ იჯერე გული გაგასთან თამაშით?
- ნწუ... - თავი გაიქნია თეამ.
- რას ნიშნავს ეს “ნწუ”?! ვინ გასწავლა ასეთი პასუხი?!
- არა... დადა არ იყო დღეს... და არც თამუნა...

მაგდა ავტობუსს აღარ დაელოდა, ტაქსი გააჩერა და ნათიასთან წავიდა.

კარი ნათიამ გაუღო. ადამიანის ფერი აღარ ედო სახეზე...
- რა მოხდა, ნათი?
- ვაი, მაგდა... რა კარგია, რომ მოხვედი?! დილით გაგა ვერ იყო გუნებაზე, არც საჭმელი ჭამა. მუცელს იტკიებდა. მე სამსახურში აღარ წავედი, ბავშვებიც სახლში დავტოვე. შუადღეზე გაგა წითელი მომეჩვენა, სიცხე გავუზომე და 38’5 ჰქონდა. მაშინვე დავაწვინე. წამლებიც მივეცი, სიცხე კი ვერ დავუგდე. რა ვქნა, აღარ ვიცი...
- კუჭი როგორ აქვს? ან ხომ არ აღებინა?
- არა... მაგრამ მუცელი სტკივა ძალიან... ლამის ყვირის-ხოლმე... კუჭიც აშლილი აქვს... გული მიკვდება!
- ვაჟამ იცის?
- არა, ვერაფრით დავურეკე.... ახლა, სადაც არის, ისედაც მოვა!
- ექიმი გამოიძახე?
- გამოვიძახე... მაგრამ, დღის მეორე ნახევარში ელოდეთო...
- კარგი, დაწყნარდი... ყველაფერი კარგად იქნება.
- მეშინია, მაგდა! გაგა ჯერ ავად არ გამხდომია... პრინციპში, არც თამუნა, მაგრამ...

მაგდა ჩაფიქრდა, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებსო. შემდეგ თავი ასწია და ნათიას შეხედა:
- ნათი, ნოდარს რომ დაურეკო? მუცელია, მაინც... მე როგორც ვიცი, კარგი ქირურგია. თანაც, მერაბის მეგობარია!
- მერე, შენ?
- რა, მე? მე სულ არ გამოვჩნდები... მეორე ოთახში ვიჯდები, ვიდრე ნოდარი არ წავა. ჩემზე ნუ იფიქრებ, მიდი, დაურეკე.

მცირე ყოყმანის შემდეგ ნათიამ ყურმილი აიღო და გაუბედავად აკრიფა ნომერი.
ქალის ხმამ უპასუხა.
- მაპატიეთ, ნოდარი სახლშია?
- დიახ, ახლავე...

ნათიამ ტელეფონის მიკროფონს დააფარა ხელი და მაგდას გადაუჩურჩულა:
- ვიღაც ახალგაზრდა ქალის ხმა იყო...
- იქნებ დედა იყო?
- არა... დედას ხმაზე ვცნობ...

- გისმენთ, - გაისმა ნოდარის ხმა.
- ნოდარ, გამარჯობა, ნათია ვარ, მოდებაძე, მერაბის და...
- ოჰ, ნათი, როგორ ხარ? რამ შეგაწუხა, რომ გაგახსენდი?
- არ მინდოდა შენი შეწუხება, მაგრამ...
- მოხდა რამე?... ნუ გერიდება, მითხარი...
- ბავშვი მყავს ავად, გაგა... მაღალი სიცხე აქვს. მუცელი სტკივა ძალიან... ამიტომ გადავწყვიტე შენი შეწუხება.
- რას მებოდიშები, ნათი? მისამართი მითხარი, ახლავე წამოვალ...

თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული, რომ ნოდარი მოვიდა.
ზარის ხმის გაგონებისთანავე მაგდამ თეა და თამუნა მეორე ოთახში გაიყვანა და კარი მიხურა.

ნოდარს მაგდა და თეა არ დაუნახავს.
ცოტა ხნის შემდეგ ნოდარი მისაღებში გამოვიდა. ნათია უკან მოჰყვა.
- ნუ გეშინია, ნათია... მე მგონი, საკვებით არის მოწამლული... მე წავალ, წამლებს მოგიტან, შენ კი, ამასობაში, სოდიანი წყალი დაალევინე და კუჭი ამოურეცხე... თუ ოყნასაც გაუკეთებ, - კიდევ უკეთესი... მე მალე დავბრუნდები.

ნოდარი წავიდა.
- ნათი, მაპატიე, მაგრამ თეა ძლივს გავაჩერე ოთახში. ვაშინებდი: ექიმია მოსული ყველას ნემსი უნდა გაგვიკეთოს და აქ ამიტომ ვიმალებით-მეთქი... არ მინდა, ნოდარმა მნახოს... მითუმეტეს ახლა, როცა მისი ფეხმძიმე მეუღლეც ვიხილე... თუ არ გეწყინება, მე წავალ. ხვალ ისევ გინახულებ...
- ნოდარის მეუღლე ნახე? სად, მაგდა?!
- თეასთან, ბაღში... დღეს... ამიტომ არ მინდა მისი ნახვა.
- კარგი, მაგდა, როგორც შენ გინდა... მაპატიე, რა, ყურადღებას ვერ გაქცევ...
- არ გრცხვენია, ნათი? რაზეა ლაპარაკი?!...
- იცი, მაგდა, თამუნა რომ გამხდომოდა ავად, ალბათ ამდენს არ ვინერვიულებდი. დამიჯერებ? თამუნაზე მეტად მიყვარს გაგა!... სისულელეა, მაგრამ... ასეა და რა ვქნა? ახლაც ისე ვარ, მგონია, თავი ამეხდება-მეთქი...
- კარგი, ხო, დაწყნარდი... აგერ, ვაჟაც მოვიდა. მე წავალ...
- რა იყო, მაგდა, ჩემი მოსვლა გეწყინა? - გაუღიმა ვაჟამ, - სად გარბიხარ? დარჩი ცოტა ხანს...
- არა, ვაჟა, მეჩქარება... ხვალ მოვალ გაგას სანახავად.
- გაგას სანახავადო? რა სჭირს გაგას? - შეშფოთდა ვაჟა.
- მაღალი სიცხე აქვს, თან მუცელი სტკივა. მერაბის მეგობარს დავურეკე, ნოდარს... ის ხომ ექიმია, ქირურგი... იყო აქ, ახლა წამლების მოსატანად არის წასული... “არაფერი ჭირს სერიოზულიო”, - მითხრა... რა კარგია, რომ მოხვედი, ვაჟა?! ისე შემეშინდა... - ნათიამ გაღიმება სცადა და... ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან.

მაგდამ თეა წამოიყვანა, ნათია კი სამზარეულოში გავიდა წყლის გასათბობად და ნოდარის დავალებების შესასრულებლად.

ავტობუსის ფანჯრიდან დაინახა მაგდამ, თუ როგორ შეუხვია ნოდარის თეთრმა “ვოლგამ” ნათიას სახლისკენ.


ნოდარი სწრაფად ავიდა კიბეზე და ზარი დარეკა. კარი ვაჟამ გაუღო.
- მობრძანდი, ნოდარ, გამარჯობა.
- გამარჯობა, ვაჟა! აი, წამლები მოვიტანე... - ნოდარმა ხელი ჩამოართვა ვაჟას და ოთახში შევიდა.
- რამე სერიოზულია? არ დამიმალო.
- არა, არაფერია... ყოველ შემთხვევაში, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, ამაზე თავს დავდებ!... თუ სიცხეს ხვალამდე არ დაუკლებს, მაშინ... თუ არა და, მოდით, პედიატრი მოვიყვანოთ?! მე მაინც ქირურგი ვარ და თანაც მოზრდილთა... რამე არ გამოგვეპაროს. რაღა შორს წავიდე? დედაჩემს წამოვიყვან საავადმყოფოდან... დედაჩემი ხომ პედიატრია?!...
- თქვენ, რა, სულ ექიმები გყავთ ოჯახში?
- ასე გამოვიდა, მშობლებიც, დაც, სიძეც...
- მეუღლე? შენი მეუღლეც ექიმია? - ჩაერია საუბარში ოთახში შემოსული ნათია.
- არა, არ არის ექიმი... მეუღლე ჟურნალისტი მყავს. ნათია, შენ მაინც ნუ მეკითხები ამას?!
- რა, ნათია იცნობს შენს მეუღლეს? – გაუკვირდა ვაჟას.
- ნოდარ, ვერ გავიგე, ვინ არის შენი მეუღლე?!
- ნათია, მე ცოლი, თითქმის, 5 წლის წინ მოვიყვანე! მყავს 4 წლის გოგონა... ვერც ახლა ხვდები, ვისზე ვამბობ? - ნოდარმა გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
- მაგდაზე ამბობ? - გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა ნათიას.
- მაგდა? - ვაჟამ ნათიას გადახედა და მხრები აიჩეჩა, - ვერაფერი გავიგე...
- ჰო, ვაჟა, მაგდა!... რაო, ნათია, რატომ გაიკვირვე? მე ცოლი ერთხელ უკვე მოვიყვანე... ორცოლიანობა კი არ გვჩვევია ერისთავებს!
- კი, მაგრამ, მაშინ ვინ არის ის “ნანა დეიდა”, თეას სანახავად რომ მიგყავს ხოლმე ბაღში?
- ნანა? - გაეცინა ნოდარს, - ნანა ჩემი და არის... და ვფიქრობ, მამიდებს აქვთ უფლება, ხანდახან მაინც ნახონ თავისი ძმისშვილი... ასე არ არის?
- მოითმინეთ... ნოდარ, თეა შენი შვილია? - გაოგნებისაგან პირიც კი დააღო ვაჟამ.
- დიახ...
- მაშინ რატომ არ ხარ შენი შვილის გვერდით?!
- ეეჰ, ჩემო ვაჟა, ხუთი წელია მეც მაწვალებს ეს კითხვა... პასუხის გაცემა კი მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია: მაგდას!...
- მერე?
- რა, მერე? მაგდას არ სურს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
- აი, თურმე რატომ წავიდა მაგდა ასე უცებ... მეც არ ვიფიქრე, რა მოხდა-მეთქი?! - თავისთვის ჩაილაპარაკა ვაჟამ.
- როგორ, მაგდა აქ იყო? - ნოდარმა ნათიას გახედა.
- ჰო, ნოდარ, აქ იყო... და სწორედ მან მირჩია შენთან დამერეკა, - თვალები დახარა ნათიამ.
- და აღარ დაიცადა? - მწარედ ჩაეცინა ნოდარს.
- მაგდა და თეა აქ იყვნენ, ვიდრე შენ გაგას სინჯავდი... მაგდა თეასთან და თამუნასთან ერთად მეორე ოთახში იჯდა.
- როგორ, მაშინ აქ იყო მაგდა?!... და არც კი დამენახა! - ამოიოხრა ნოდარმა, - აი, რა დღეში ვარ, ვაჟა...
- ნოდარ, მაგდას ხომ ჰგონია, რომ ცოლი მოიყვანე?! ნუ გაამტყუნებ მაგდას! - სცადა ნათიამ მეგობრის დაცვა.
- აბა, გავამართლო? 4 წელი ვეხვეწე, “ხელი მოვაწეროთ-მეთქი”... მაგდა ხომ ბავშვსაც კი არ მიჩვენებდა?!... მეც დავიღალე ამდენი ხვეწნა-მუდარით. ახლა ჩემით ვახერხებ თეას ნახვას.
- თეამ იცის, ვინ ხარ?
- სამწუხაროდ, არა! რომ მკითხა, “რა დთვიაო” და “ნოდარი”-მეთქი, რომ ვუთხარი, იმის შემდეგ სულ “ნოდარი ბიძიას” მეძახის.... ასე შემრჩა “ბიძია” “მამის” ნაცვლად!.. ესეც ბედია, ალბათ... ახლა მე წავალ, დედაჩემს მოვიყვან. ნათია, გაგას კუჭი უნდა ამოურეცხო...
- ოყნა გავუკეთე უკვე... ახლა თბილ წყალსაც დავალევინებ...

- დედა... - მოისმა გაგას მისუსტებული ხმა, - გული მერევა.
ნათიამ დიდი ტაშტი შეუტანა გაგას... ვაჟა და ნოდარი თან შყვნენ ნათიას.
- უი, რა კარგია, თავისით ამოიღო ყველაფერი...
- ხო, მარწყვი ჭამა გუშინ და....
- ჰოოოდა, მარწყვით არის მოწამლული... არაფერია, მსუბუქი ფორმაა. წავედი, დედაჩემს მოვიყვან... მალე დავბრუნდებით... მანამდე, რეგიდრონი წყალში გახსენი და ასვი-ხოლმე... არაფერი აჭამო... სულ არაფერი... მხოლოდ სითხეები...
- როგორ გაწუხებ, ნოდარ, მაგრამ... პატივისცემა ჩემზე იყოს, მე ვიცი და ჩემმა კაცობამ!
- ვაჟა ჩემი მეგობრის და – ჩემი დაც არის და მისი ქმარი კი – ჩემი სიძეა!. ასე რომ... სიძე-ბატონო, რომელ პატივისცემაზეა საუბარი?! ტელეფონი მინდა, ნათი... დედასთან დავრეკავ, რომ უჩემოდ არ წავიდეს, დამელოდოს...

- დედა, ნოდარი ვარ... ნათიას ბავშვი მინდა, რომ გასინჯო, მერაბ მოდებაძის დის შვილი... უჩემოდ არ წამოხვიდე, მოვალ ახლავე... აბა როდის? ერთ საათში? კარგი, დედა... ერთ საათში მოვალ.

- ვაჟა, მე გაგასთან ვიქნები, შენ კი ნოდარს მიხედე, გთხოვ...
- რად მინდა თხოვნა, ნათი? აქეთ წამოდი, ნოდარ.

ვაჟა დიდხანს არწმუნებდა ნოდარს, რომ კიდევ ერთხელ ეცადა ბედი, დაერეკა მაგდასთან, ან, კიდევ უფრო უკეთესი, შეხვედროდა მას.
- იცი, რატომ ვიკავებ თავს? მეშინია, ვაი თუ ბავშვის ნახვის შესაძლებლობაც მომესპოს... მაშინ რა ვქნა?! მაგდა დავკარგე და ახლა თეაც რომ დავკარგო? ამდენს ვეღარ გავუძლებ. ძალიან გამიჭირდება.... მე ხომ ძალიან მიყვარს თეა... - ამბობდა ნოდარი და ვაჟა გრძნობდა, რომ ნოდარს გულში ეღვრებოდა თვალიდან არგადმოღვრილი ცრემლები.

ვაჟას უნდოდა, რომ რამით მაინც დახმარებოდა ნოდარს, მაგრამ - როგორ? მისულიყო მაგდასთან და აეხსნა ყველაფერი? მაგრამ მას საამისო უფლება არ აქვს. და თანაც, ნუთუ ვაჟას უფრო მოუსმენდა მაგდა, ვიდრე ნოდარს?...  ნათიამ რომ აუხსნას მაგდას ყოველივე? მაგრამ რა უნდა უთხრას ნათიამ? ის, რომ თურმე ნოდარს ცოლი არ მოუყვანია?... მერე? რა შეიცვლება ამით?! მაგდამ არაჩვეულებრივად იცოდა, რომ 4 წლის მანძილზე ნოდარს მის გამო არ შეუქმნია ოჯახი და რა?  მაინც უარს ეუბნებოდა!... იქნებ მაგდას პირიქით, უხარია კიდეც ნოდარის ქორწინება? სულ არ გაფუჭდეს საქმე, არ დაფრთხეს მაგდა! მოკლედ, გამოსავალი ერთია: ნოდარი თავად უნდა შეხვდეს მაგდას!

- ნოდარ, ერთი იდეა მომივიდა... რომ წავიდე და მაგდა აქ მოვიყვანო? აქ რომ შეგახვედროთ ერთმანეთს!... ჰა, რას იტყვი?... იცოდე, სიტყვა და საქმე ერთი იქნება!
- ვაჟა, მოდი, ვიდრე მაგდას მომიყვანდეთ აქ, ჯერ დედაჩემს მოვიყვან, კარგი? მე ახლა წავალ და მალე დავბრუნდები. მანამდე კი ის გაუკეთეთ ბავშვს, რაც ნათიას დავუბარე.

ნოდარმა კარი გააღო და კიბეზე 17-18 წლის ბიჭივით ჩაირბინა.
ვაჟა ნათიასთან და გაგასთან შევიდა.
- ვაჟა, თამუნა სად არის? ბავშვს ვეღარ მივხედე...
- ლოჯში თამაშობს... ისე, რა ამის პასუხია და... იმ შენს მაგდას ჭკუა არ ჰქონია თავში.
- ვაჟა, მთლად მართალი არც ნოდარი იყო მაგდას წინაშე. შენ ხომ ყველაფერი არ იცი?! სადღაც, მაგდა მართალია, თუ ნოდარს უარს ეუბნება...მაგრამ მაგდა ძალიან ტყუის თეას წინაშე, რომელიც ახლა უმამოდ იზრდება! აი, მისმინე, მოგიყვები ყველაფერს და მერე ერთად გადავწყვიტოთ, როგორ დავეხმაროთ ნოდარსა და მაგდას.
ნათიამ თამუნას აჭამა, გაგას წამალი დაალევინა და ვაჟას მიუჯდა დივანზე.

ნათიამ მოკლედ უამბო ვაჟას მაგდას მთელი თავგადასავალი. უხმოდ უსმენდა ვაჟა. თავის გულში ჩაიხედა და გულმა უპასუხა, რომ სამივე, მაგდაც, ნოდარიც და ის გიაც, მართლები არიან და სამივე, ერთდროულად, ტყუის კიდეც... ძნელია... ცხოვრება ძალზე ძნელია თურმე... ხან ერთის ადგილას დააყენა თავისი თავი, ხან – მეორის ადგილას...

- აი, ვაჟა, ახლა შენც ყველაფერი იცი. ასე უფრო ადვილია განსჯა, თორემ ხომ გაგიგონია, “სხვა სხვისა ომში ბრძენიაო”...
- იცი, ტყუის ნოდარი, მაგრამ მეცოდება კიდეც... მას ახლაც ძალიან უყვარს მაგდა. და ის რომ თქვა: “თეას დაკარგვისა მეშინიაო”, იქვე უნდა იგულისხმო, რომ მას თეაში მაგდა უყვარს. ზარია... ალბათ ნოდარი დაბრუნდა.

მართლაც ნოდარი იყო, დედამისთან ერთად.
ქალბატონმა მერიმ ბავშვს დახედა თუ არა, მაშინვე დაადასტურა ნოდარის დასმული დიაგნოზი: საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია.
- ნოდარ, შენ ბავშვთა თერაპევტადაც მუშაობ? - გაეცინა ნათიას.
- რატომ? პედიატრი არ ვარ, მაგრამ ქირურგმა აპენდიციტი  მარწყვით მოწამვლისგან კი უნდა გაარჩიოს... ასე არ არის? - ნოდარმა თვალი ჩაუკრა ვაჟას.
- ეჰ, ნეტა როგორიც ექიმი ხარ, შვილო, ისე ოჯახის საქმე გქონდეს აწყობილი! დავბერდი და შენს ცოლ-შვილს ვერ ვეღირსე. რა ვქნა, ამის მოსაწონი ქალი ჯერ არ დაბადებულა, ალბათ... ვინ არ ვაჩვენეთ, ვინ არ გავაცანით... აბა, საქმე გაქვს? შენც არ მომიკვდე, ზედ არ უყურებს არავის. 33 წლის ხდება, ბავშვი ხომ არ არის?! იქნებ თქვენ მაინც გაგიგონოთ? ჩემი აღარაფერი ესმის... - გულდაწყვეტილი ამმბობდა მერი.
- ყოველნაირად ვეცდებით, ქალბატონო მერი, რომ წლის ბოლომდე, თუ უფრო ადრე არა, ცოლ-შვილიანი კაცი გავხადოთ ნოდარი. - ვაჟამ ბეჭებზე შემოხვია ხელი ნოდარს, - ჰა, ნოდარ, წინააღმდეგი ხომ არა ხარ?!
- ხალხნო, მე აღარაფერს მეკითხებით? რატომ იცი, დედა, ასეთი ლაპარაკი?!
- ნოდარ, აბა, აბა... ასეთები არ იყოს!... ზუსტად, შენ რომ გეკითხები, იმიტომ ვიძლევი პირობას, რომ წლის ბოლომდე ცოლი გეყოლება. უარის თქმა არ გაბედო, იცოდე!...
- ვინმე უნდა გააცნო შვილო? ტყუილად ირჯები!... არაფერი გამოგივა...
- არა, ქალბატონო მერი... მე კი არ უნდა გავაცნო, თავად ნოდარი გაგვაცნობს მალე თავის მეუღლეს.
- ვაჟა...
- რა, “ვაჟა”?! ამას ახლა, ჩემო ნოდარ წყალი არ გაუვა. და როგორც ჩვენ გვინდა, ისე იქნება ყველაფერი....

ნოდარმა მადლიერი თვალებით შეხედა ვაჟას, თქმით კი არაფერი უთქვამს. მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა ახლა ნოდარს თავში: “ღმერთმა ქნას, ჩემო ვაჟა, ღმერთმა ქნას!...”

- აბა, გაგა... ყოჩაღად იყავი... ხვალ კიდევ მოვალთ შენთან, - წამოდგა ფეხზე მერი.
- ქალბატონო მერი, ნოდარ, ასე ვერსად გაგიშვებთ, თქვენც სამსახურიდან ხართ მოსულები, მეც... ერთად ვივახშმოთ.... ამ მცირე პატივისცემაზე მაინც ნუ მეტყვით უარს.... ნათია!...
- ვაჟა, მე ყველაფერი მზად მაქვს... წამობრძანდით!... - ნათია გაშლილი სუფრისკენ გაუძღვა სტუმრებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები