ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
4 იანვარი, 2011


მგლის თვალებით

      წვიმს.
      რა თქმა უნდა, შემეძლო, ტაქსით წამოვსულიყავი სახლში ან, სულაც, გიორგისთვის მეთხოვა, მაგრამ იმდენად მქონდა იქაური გარემო ყელში მოჭერილი, რომ მერჩივნა, ფეხით გამევლო. თან დიდი მანძილიც არაა ოფისიდან სახლამდე.
      ალბათ, გგონიათ, სამსახურშია რამე პრობლემა ან, საერთოდ, დამითხოვეს, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. უბრალოდ, ზოგჯერ ისე მაღიზიანებს ქალური სენტიმენტები, თითქოს თვითონაც სუსტი სქესის წარმომადგენელი არ ვიყო.
    გიორგი არავინაა განსაკუთრებული. ერთი რიგითი იურისტია, რომელსაც ჩვევაში გადაეზარდა ყველანაირი წესი და კანონი. ცოლიც ჰყავდა. მერე დაშორდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ზედმეტად სიცოცხლისმოყვარული, ენერგიული ქალი იყო. მოკლედ, დაკონსერვებული და დარობოტებული გიორგი მაინტერესებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შენი პაციენტი შეიძლება გაინტერესებდეს.
    ისედაც ვიწრო კაბა სხეულზე შემზრდოდა, თითქოს.
    მიწის სუნი ტრიალებს ჰაერში. ასეთ დროს მშივდება ყოველთვის.
    რატომღაც, წარმოვიდგინე, სოფელში რომ ვცხოვრობდე და ახლა უსაშველოდ გრძელი, ბნელი გზის გავლა მიწევდეს სახლამდე. სქლად ჩამოწოლილ სიჩუმეს, მგლების ცივ ყმუილსა და ჩემს საკმაოდ გაფუჭებულ მხედველობას თუ გავითვალისწინებთ, საშინელება იქნებოდა.
    სველ ასფალტზე შიშინით დარბიან მანქანები. რამდენიმე ჯენტლმენმა სახლამდე მიცილებაც შემომთავაზა, მაგრამ ყოველ შემხვედრს მანქანაში რომ ჩავუჯდე, ხომ წარმოგიდგენიათ... თან, ვინ იცის, მათგან რამდენი იქნებოდა დაქორწინებული. სახლში სულ ორიოდე წუთით დაგვიანებულ ქმარს სერიალში ნანახი სცენებით შეეგებებიან. და ისევ ქალური სენტიმენტები...
    ჩემს სახლს მივუახლოვდი. მოპირდაპირე კორპუსიდან აშკარად ვგრძნობ დაჟინებულ მზერას.
    იცით, რომ მხოლოდ თუთიყუშსა და კურდღელს შეუძლიათ უკნიდან ყურება?
    ვბრუნდები და პატარა ბიჭის თვალებს ვაწყდები. მიუხედავად ჩემი მხედველობისა, ორ მოელვარე ცეცხლს ვხედავ. ყოველთვის განსაკუთრებულ განცდას მიტოვებდა მისი თვალები. არ ვიცი, მთელ დღეებს ფანჯარასთან ატარებს თუ ჩემს მოსვლა-წასვლას გრძნობს, მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ განსაკუთრებული ინტერესითაა სავსე. არასდროს მხვდება პირისპირ. მითვალთვალებს მხოლოდ. არადა, დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. საინტერესო ბიჭი ჩანს. სადარბაზოში შესვლის წინ კიდევ ერთხელ შევხედე. მგლის მზერა აქვს ამ ბავშვს.
    ადვილად ვპოულობ ჩანთაში გასაღებს და უკვე დაზეპირებული მოძრაობით ვაღებ კარს. შევდივარ. საკეტით არასდროს ვკეტავ. მგონია, რომ ვიღაცას ჩემი დახმარება დასჭირდება და ვერ დავეხმარები. ფეხსაცმელს ვიხდი, ჩანთას სავარძელზე ვაგდებ და პირდაპირ აბაზანისკენ მივდივარ.
    დამძიმებულ კაბას სხეულიდან ვიშორებ. წყალს რაც შეიძლება მეტად ვაცხელებ და თავს ვუშვერ თითქმის ორთქლადქცეულს. ჯერ სახეზე მეფერება, მერე ყელის გავლით მკერდისკენ მიიპარება, მუცელს უახლოვდება და ცოტა ხანში მთლიანად მადუნებს.
    საოცარი შეგრძენებაა, როცა გონება იმდენად მშვიდადაა, რომ სხეულს ვეღარ იმორჩილებს.
    ყველა ეძებს რაღაც ახალს, საინტერესოს, მაგრამ საბოლოოდ უმრავლესობა სიმშვიდეს ირჩევს მაინც.
    შენ ყოველთვის გიკვირდა, გიო, რატომ ვერ პოულობდი ჩემში ცალკეულ შტრიხებს. როგორც შენი საქმის პროფესიონალი, მიჩვეული ხარ, დააკვირდე ყველა წვრილმანს, არადა ერთადერთი, რასაც ეძებ, სიწყნარეა. ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაუბრუნდები ცოლს იმიტომ, რომ შენნაირები შორს ვერასდროს მიდიან პატრონისგან. გაყრა ის მაქსიმუმი იყო, რომლის გაკეთებაც შეგეძლო. სამწუხაროა, ჯერ რომ ვერ მიმხვდარხარ: მე არასდროს მექნება ისეთი თვალები, რომ ჩაიხედავ და დაგამშვიდებს.
      უკვე სრულიად განტვირთული გამოვდივარ საშხაპედან. ტანს ხალათით ვიფარავ და მუცელთან ვიკრავ დაუდევრად. ჩემს დაწყნარებულ სახეს დიდხანს ვუყურებ სარკეში და ვერაფრით ვიჯერებ, რომ ნარცისობა მხოლოდ იმით განისაზღვრება, რამდენად მოგწონს საკუთარი თავი.
      აბაზანიდან გამოვდივარ. ვერ გადავწყვიტე, რა მინდა, ამიტომ თეთრ შოკოლადს ვიღებ მხოლოდ და საწოლისკენ მივდივარ. მარტო დაწოლის ხასიათზე არ ვარ დღეს. ფეხის წვერებზე აწეული ვარჩევ წიგნს, მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცი, ვერაფერს წავიკითხავ ახლა.
      რაც შეიძლება მოხერხებულად ვწვები სითეთრეში. გაშტერებული მზერა მეტყველებს ფიქრზე. ამბობენ, ყველა სახლს თავისი უჩინარი ზედამხედველი ჰყავსო. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, მამაკაცი უნდა იყოს ჩემი ბინის მომვლელი. თან, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ხშირად მახსენებს თავს. განსაკუთრებით ჩემს ტანსაცმელსა და კოსმეტიკას ერჩის.
      თქვენ კი არა, მეც მიკვირს ჩემი დღევანდელი განწყობა. რაღაც ბავშური ფიქრები მაწუხებენ. ჰო, მართლა, ბავშვზე ის ბიჭი მახსენდება, ჩემს მოპირდაპირე კორპუსში რომ ცხოვრობს. საინტერესო იქნებოდა მის ფსიქიკაში ჩახედვა. პატარაობისას მეც მქონდა ერთხელ მსგავსი რამ. სამის ვიყავი, მაგრამ ზუსტად მახსოვს ის განცდა. თხუთმეტი წლის ბიჭს ,,გადავეკიდე". ბავშვური, ნაზი ნაკვთები ჰქონდა, ყავისფერი, მოგრძო თმა. იმდენ ხანს ვუყურებდი ხოლმე, სცხვენოდა თუ ეშინოდა, არ ვიცი, მაგრამ მემალებოდა აშკარად. მერე შემეცოდა და თავი დავანებე.
    ხომ ვამბობდი, სულ ტყუილად ჩამოვიღე ეს წიგნი. ვდგები და ტელევიზორს ვრთავ. თან პულტი მომაქვს. დაწოლამდე ფარდას ვწევ ოდნავ და ვიხედები. გაიელვა და ისე მკეთრად დავინახე დაჟინებული მზერა, რომ წამით შემეშინდა კიდეც. ფანჯარას გამოვეცალე. საკმაოდ გვიანია და წესით, უნდა ეძინოს ბავშვს.
    ვწვები და ფიქრი ფიქრს აედევნა. რის სურვილი შეიძლება იმალებოდეს ამ ბავშვის თვალებს მიღმა? იქნებ, მშობლები არ ჰყავს და სითბო აკლია, მაგრამ ვერ ვხვდები, რა შეიძლებოდა დაენახა ჩემში დედობრივი. სექსუალური ფანტაზიებისთვის ჯერ პატარაა, მგონი. და საერთოდ, რამდენისაა? დაახლოებით, ათი წლის თუ იქნება, მეტი არა. თან ისეთი დაჟინებული მზერა აქვს ლამისაა გამოვრიცხო პირველი ვარაუდი. იქნებ, ვინმეს ვაგონებ? ვინმეს, ვინც რაღაც დაუშავა.
    ფიქრი რამდენიმეგან მიწყდება. რაღაც საშინელებათა ფილმს აჩვენებენ. უკვე გაზეპირებული, ტიპიური ფრაზები მესმის და ვხვდები, რომ არაფერია საინტერესო.
    ფანჯრებთან იმუხლებიან წვეთები. სხვანაირი განწყობა იქმნება ჩემში და თვალებზე ჩამომჯდარი ძილიც უფრო მაცდურად მიხმობს თავისკენ.
    ვიღაც ბალიშით გუდავს ბავშვს. თან თვალებში უყურებს დაუხამხამებლად. უხმო გრძნობაში ვეხვევი.
    გარდაცვალება ყოველთვის უდრის სიკვდილს?
    სუფთა ხელები აქვს მკვლელს, რომელმაც ეს წუთია, გაგუდა ბავშვის ფეთქვა.
    თენდება ძნელად.
    მე მოვალ თქვენთან სისხლით დახაზული ხელებით, ჩაგხედავთ შიშნაჭამ თვალებში და თუ გინდათ, დამაბრალეთ, რომ არ მწამს ღმერთი.
    ბავშვობისას ვერასდროს ვაგებდი კოშკებს, სამაგიეროდ ნავებს ვაკეთებდი. საწოლის თავთან ვდებდი. მჯეროდა, ღამით ჩემი რომელიმე მე ადგებოდა და გაცურავდა შორს. იქ, სადაც ადამიანები ქრებიან.
    ქაღალდის ნავებს არ ძალუძთ ცურვა.
    ზმანება წამწამებით ფრთხილად მეხება ყვრიმალებზე.
    ბავშვები არასდროს იხოცებიან.
    გინდათ, გაიგოთ სიზმრის დასასრული?
    ვახელ დროისგან დამძიმებულ თვალებს. ვხედავ ბიჭს. ჰო, სწორედ იმას. არ ვყვირი, არც წამოდგომას ვცდილობ, ანუ არაფერს ვაკეთებ. ჩემზე ზის. ცხოველური ძალა მოქმედებისკენ მიბიძგებს. გველის სიბრძნე თუ მიშველიდა ახლა. მის თვალებს ვერ დაარქმევდით მშვიდს. დიდი, მრგვალი ჭრილი ჰქონდა, სიგიჟის ფერი დაკრავდა. ჩართული ტელევიზორიდან გამომძვრალი ლანდები კედლებზე დარბოდნენ. ახლაც ისეთივე დაჟინებული მზერა აქვს. განზრახვას მალავს ჯერ-ჯერობით. ხმას არ ვიღებ. ქაოსური სიმშვიდეა ჩემში. ნელა, სრულიად ბუნებრივად მიაქვს ხელი უკან და ორ წამში დანას მანახებს. ან შეიძლება, არც მანახებს და უბრალოდ უკავია. ვხვდები, რომ არაფრის მცდელობას არ აქვს აზრი. გაქცევას არც ვაპირებ. ვუყურებ თვალებში და ვცდილობ, გამოვიცნო მისი მომდევნო ნაბიჯი. რაში დასჭირდა დანა? ცდილობს, შემაშინოს? შიშის დროს გაცილებით ადვილია ადამიანის მართვა. თუმცა მე არც იქამდე ვუწევდი წინააღმდეგობას და მითუმეტეს, არაფერს ვუშავებდი. მეჩვენება, რომ მუნჯია და არც ცდილობს თვალებით ლაპარაკს. არ ჩქარობს. ორიდან ერთია: ან ფიქრობს, ან სიამოვნებს. თვალებს იქით არ გაქცევია მზერა. დანა მშვიდად მომიახლოვა და წვერი შემახო ყელზე. სიცივემ დამიარა სხეულში. ნელა, ძალიან ნელა ჩააყოლა იარაღი კანს. მკერდის ხაზთან შეაჩერა წამით. ისევ თვალებში დამიწყო ყურება. ემოციას ეძებდა. რომ ვერ იპოვა, ღრუბლებისფერი პერანგი ჩახია ოდნავ. შიშმა გამკრა კბილი. რაღაცით მაინც მიზიდავს ეს ყველაფერი. უცებ მომეჩვენა, რომ ზრდასრული მამაკაცი იყო ჩემ წინ, იმავე მზერით. მოგონებებს არ მივეცი ხელის შეშლის უფლება, თვალები დავხუჭე წამით. დანა მაშინვე ვიგრძენი ყელთან. თვალები თვალებს ჩაეჭიდნენ ისევ და ვგრძნობდი, რომ გამარჯვება იხრებოდა ჩემკენ. ისიც გრძნობდა. ხელს ძალა დაატანა. მერე კიდევ. ცხელი წვეთი მეღვრებოდა მკერდში. სისხლი მაწვებოდა თვალებში. ვიღაცა გამყინავ ხმაზე კიოდა ტელევიზორიდან.
    წვიმდა.
 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები