ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2011


“დიდება მოთმინებასა შენსა...”

                      დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო...
                                        დ. გურამიშვილი

თბილისის ქუჩებს ომის კვალი დღესაც ატყვია.
დავეხეტები სიჩუმეში, და ვით თილისმას,
(იმ ომის ნიშნად დაიტოვა ძველმა თბილისმა)
თვალი პოულობს ტაძრის კედელს, კედელს ნატყვიარს.

“თბილისი მოკლეეს”! – ჩურჩულებდა მტკვართან თოლია...
მოაგორებდა სისხლის ტალღებს მღვრიე მდინარე...
ამ ტალღებს ფიქრით ავედევნე ცრემლდამდინარე
და მანაც ძველი თბილისისკენ გამიყოლია.

საუკუნეთა სამანებსაც გასცდა გონება:
იმ ხიდთან ვდგავარ, სად შეყრილა ხალხი მილეთის, –
ასიათას კაცს დაურიგა თითო ბილეთი
სიკვდილმა!.. ზედაც დაუმატა სულის ცხონება...

წამებულთ სისხლი გადარეცხა დროის დინებამ.
აღარ ატყვია იმ ხიდს უკვე ხატების კვალიც...
დრომ დამაბრუნა  ჩ ე მ ს  თბილისში ცრემლშეუმშრალი:
დიდება, კვლავაც, შენს ტკივილებს, შენს მოთმინებას, –

მხოლოდ თბილისი ვერ იშუშებს სულის იარას...

08.01.11...  02:30 სთ.


==============


ამ ლექსით, ალბათ, მე დიდი ხნით გემშვიდობებით.
არსად მივდივარ, გავყუჩდები მხოლოდ დროებით.
ისევ ფერადი ძაფებისკენ მეწევა გული,
ქარგვაზე კვლავაც უანგაროდ შეყვარებული!

მე ხომ არა ვარ არც პოეტი და არც მწერალი?
ვარ მხოლოდ თქვენი მოყვარული ქართველი ქალი!

გკოცნით, გეხვევით, თქვენი თამარ ბუკია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს