ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2011


***


ხორკლიან ხელში ნაზი თითები

/შენც გიხარია,დარდო მარადო/.

სულ მალე ისევ გაგიფრინდები,

რომ სხვა სივრციდან ჩამოგანათო.



დუმილი დუმილს ეხმატკბილება

/ფიქრის თვალებში ხმაა სწორფერის/.

გასხივოსნებულ დღეთა დინება-

სიკვდილ-სიცოცხლის საგალობელი.



გაზაფხულისთვის ჩაქრა ზამთარი,

ოქრო გაშალეს გზა-გზა შინდებმა.

შარბათიანიც,ნაშარბათალიც

ჩვენთან სასმისი არ გაბრწყინდება.



გულებს ამღერებს ნამი ტუჩების

/გაიგებს ამას ცანცარა ლედი?!/.

ოქროს კოკა და ლალის ჭურჭელი

შენი პეშვია,ძვირფასო,ჩემთვის.



თეთრად ელავენ ქარში ზვირთები

/რა გამაჩერებს ამ დროს ბარადო/.

სულ მალე ისევ გაგიფრინდები,

რომ სხვა სივრციდან ჩამოგანათო.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები