ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
26 აგვისტო, 2008


თავი 43. მწარე შეკითხვა ("მაგდა")

ავტობუსში მთელი გზა ეტიტინებოდა თეა მაგდას. ხან რა ჰკითხა, ხან – რა... მაგდა ზერელე პასუხებს აძლევდა. სხვაგან იყო ახლა მისი გონება. ხუთი წლით უკან დააბრუნეს ფიქრებმა.

მაგდას გონებაში ორი სახე ენაცვლებოდა ახლა ერთმანეთს: გიასი და ნოდარის. ყველა წვრილმანს იხსენებდა. მის თვალწინ რეტროსპექტრულ ჩვენებასავით გაირბინა მათთან ურთიერთობის ყოველმა დღემ, ყოველმა საათმა, ყოველმა წუთმა...

აი, გია სიყვარულში გამოუტყდა მაგდას... და მაგდამ იგი უარჰყო... რატომ? - ვერ გასცა პასუხი ამ კითხვას მაგდამ. გიას “თავგანწირვა”, - დეკემბრის ცივ ღამეში დილამდე მაგდას სახლის წინ დგომა დასჭირდა, რათა მაგდა მის სიყვარულში დარწმუნებულიყო და მისთვის მოწყალების თვალით გადმოეხედა...

მერე?... მერე, თითქოს, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მანამ, სანამ გია ჯარში არ წაიყვანეს... იმ დღიდან დატრიალდა უკან მაგდას ბედის ბორბალი... იმ დღიდან კი?... შეიძლება, ცოტა უფრო გვიანაც... ამას არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა.

ბევრ რამეს ხვდებოდა ახლა მაგდა, მგრამ, სამწუხაროდ, ძალზე გვიანი იყო უკვე....
მაგდამ ერთდროულად დაკარგა ორი ადამიანი!... ორი ადამიანი, რომელთაც იგი უყვარდა!

- ვინ იყო ამაში დამნაშავე, ვინ?...
- შენ!... - ჩასძახა მაგდას საკუთარმა ხმამ.
- მე?!... - შეკრთა მაგდა.
- ჰო, შენ!... შენ არასოდეს მისმენდი! არ გინდოდა გეღიარებინა, რომ არ იყავი ყოველთვის მართალი!... ახლა კი მისმინე და არ გაბედო წინააღმდეგობის გაწევა!
- კი, მაგრამ, ვინ ხარ შენ?!
- მე “სიმართლე” მქვია... ხან – “სინდისსაც” მეძახიან... ხან – “მეორე მეს”... მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
- რა გინდა?!
- მე მინდა გამხილო! მინდა დაგანახო, ვინ ხარ შენ სინამდვილეში... მე მაქვს ამის უფლება! მაშ ასე, მისმინე:  გია ჯარში იყო, სამშობლოს ემსახურებოდა და თან შენზე ფიქრობდა, შენ კი... შენ იმას განიცდიდი, რომ  შ ე ნ  დარჩი მარტო, რომ  შ ე ნ თ ვ ი ს  ძნელი იყო გიასგან შორს ყოფნა... ჰო, მართალია, შენ გიყვარდა გია, ძალიანაც გიყვარდა, რადგან... გია შენ გაღმერთებდა!.. შენ ხომ დათოც გიყვარდა? მაგრამ, როგორც კი შეიტყვე, რომ დათოს მაიკო უყვარს და არა შენ, მომენტალურად ამოიღე გულიდან დათოს სიყვარული... დათო შეფუთული საჩუქარივით გადაეცი მაიკოს... ჰო, შენ მაშინ ისე მოიქეცი, როგორც ნამდვილ მეგობარს შეეფერება... მაგრამ, ასე ვერ მოიქცევა ის, ვისაც ნამდვილად უყვარს...
- მე გია მიყვარდა!...
- მაშინ?... მაშინ შენ არ გიყვარდა გია!... გია შენ მერე შეგიყვარდა!... ნუ მაწყვეტინებ!
ამის შემდეგ გამოჩნდა ნოდარი!...
- როგორ, ნოდარის გამოჩენასაც მე მაბრალებ? ჩემი ბრალია, თუ მას შევუყვარდი?...
თუ მომიტაცა და ძალით წამიყვანა?... თუ მან ჩემზე გულწასულზე იხმარა ძალა?... მე არა ვარ ამაში დამნაშავე! და ვერც ვერასოდეს ვაპატიებ ამას ნოდარს!
- შენ მხოლოდ ამაში ხარ მართალი! ნოდარის გამოჩენა შენს ცხოვრებაში - ბედის ამბავი იყო!... მაგრამ, ნოდარს შენ უყვარდი, მაგდა! და შენ წარმოიდგინე, უფრო მეტადაც კი, ვიდრე უყვარდი გიას!... როგორ ეპყრობოდი ნოდარს? ვერ აპატიე!... და რა ვერ აპატიე, დიდი სიყვარული? თუკი ყოველივე ის მართალია, რაც შენ დედამ გიამბო იმ საბედისწერო დღის შესახებ, მაშინ რატომ ამტყუნებ ნოდარს? ნუთუ გგონია, რომ დედა ტყუილს გეტყოდა? მერე და რისთვის?... ვის გამო, რატომ?... შენ ხომ თავადაც ძალიან კარგად იცი, რომ ხშირად მიგდის გული, გონებას კარგავ და იმდაგვარ შოკშიც ჩავარდნილხარ ერთი ორჯერ?... ნოდარი ხომ სულ გიმტკიცებდა, “არა ვარ შენს წინაშე დამნაშავეო”?! უსმენდი? უჯერებდი?...
- არა!...
- რატომ? იმიტომ რომ შენ არ გაწყობდა ამდაგვარი სიმართლე!... მაშინ ვეღარავის გაამტყუნებდი! როცა შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ბეწვზე ეკიდა შენი ყოფნა-არყოფნის საკითხი, ვინ გადაგარჩინა? - ნოდარმა! 900 გრამი სისხლი გაიღო... შენ იცი, ეს რამდენია? ეს ძალიან ბევრია, მაგდა... იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო!... და იცი რატომ გააკეთა ეს? იმიტომ რომ სიცოცხლეზე მეტად უყვარდი!
- მე ხომ მის შვილს ვაჩენდი მაშინ?!
- ოო, რა გვიან გაგახსენდა, რომ შენ ნოდარის, ჰო, ჰო,  ნ ო დ ა რ ი ს  შვილს აჩენდი მაშინ! შენ? შენ რითი დაუფასე სიკეთე შენი შვილის მამას? იმით, რომ ნოდარს, რომელიც ძლივს იდგა ფეხზე იმდენი სისხლის გაღების შემდეგ, აშკარად და დაუფარავად უთხარი, “წადი აქედან, მე შენ არ მიყვარხარო?!”... აი, რას ნიშნავს, რომ არ იცნობდი ცხოვრებას! ბავშვიანი მარტოხელა ქალები კუდში დასდევენ მათი შვილების მამებს, რათა ბავშვს გვარი მისცენ!... გ ვ ა რ ი!!!... შენ კი...
- გვარი ჩემი აქვს თეას!... რა მნიშვნელობა აქვს, ვისი გვარი ექნება?!
- გვარს კი არა, სტატუსს აქვს მნიშვნელობა: შენს შვილს ახლა ნაბიჭვრის სტატუსი აქვს! ოთხი წელი გეხვეწა ნოდარი, “ხელი მოვაწეროთ, ბავშვს მამა თუ არ ეყოლება, გვარი მაინც ექნება კანონიერი მამისო”... ოთხი წელი იცილებდი თავიდან... ოთხი წელი უმალავდი ბავშვს!... და აი, როცა ნოდარი თავად ჩამოგცილდა, როდესაც მან ცხოვრების მეგობარი მონახა, რომელიც მას ყველაფერში მხარში უდგას (თუნდაც ის რად ღირს, რომ ნოდარს დაჰყვება უკანონო ბავშვის სანახავად!), შენ გამწარდი და მზად ხარ, ხელით მიახრჩო ნოდარის მეუღლე!...
- არა, ეს სიცრუეა!... მე ცუდად არ ვფიქრობ იმ ქალზე! რატომ გგონია, რომ ასეა?
- იმიტომ რომ შენ აღმოჩნდი მიტოვებული! ასე არ არის?... შენს გამო არ ჰყავს თეას მამა!
- მე გია მიყვარდა!... გიას ველოდი!
- ნოდარის შვილით ელოდი გიას? და ნოდარს რა პასუხს აძლევდი? შენი შვილი რატომ უნდა იყოს გიას გერიო? რომ გითხრეს, გიას ცოლი მოყავსო, რატომ ვერ დაიჯერე? რას გავარდი ქორწინების სახლთან? ან რას ელოდებოდი, გია მიატოვებდა ლეას და შენ გამოგეკიდებოდა უკან?
- არც გიას ვყვარებივარ... ლეა ფეხმძიმედ იყო, როცა ჩამოიყვანა... თან მიმტკიცებდა, ლეა ძალიან გგავსო... და მე ვერ მაპატია თითქოს... ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე მთავარი იქნებოდა გიას გვერდით ყოფნა.
- გიას რომ ცოლობის ნაცვლად საყვარლობა შემოეთავაზებინა, დათანხმდებოდი?
- არა, არავითარ შემთხვევაში!!!
- მაშინ არ ყოფილა მთავარი გიას გვერდით ყოფნა... შენთვის მთავარი ყოფილა გიას ცოლობა...
- მე ამათ შორის განსხვავებას ვერ ვხედავ!
- სამაგიეროდ გია ხედავს განსხვავებას... გიას არ უნდოდა ცოლი სხვისი უკანონო ბავშვით... და შენ ეს ვერ აპატიე მას!. ბოლოს და ბოლოს, ვინ ხარ შენ, მაგდა გელოვანო, რომ ყველა შენ გეტრფოდეს, შენთვის გიჟდებოდეს, რომ ყველამ შენ გაპატიოს ყველაფერი?!
- ვითომ, რატომ არ უნდა მაპატიოს?!
- კარგი, ვნახოთ: გიამ უნდა გაპატიოს ბავშვის გაჩენა ნოდარისგან! – რატომ? შენ მოუხადე გიას ბოდიში ამის გამო? მისწერე წერილი, ან თუნდაც პატარა ბარათი, აუხსენი ყოველივე, რაც მოხდა? იმართლე თავი მის წინ? - არა!... საჭიროდ არ ჩათვალე ასეთი წერილის მიწერა!... “ჩამოვა და ყველაფერს თავად მიხვდებაო”, “გიას ვუყვარვარ და მაპატიებსო”, არა?... არ გაპატია! და იცი რა არ გაპატია? ის, რომ მან სიმართლე (თუნდაც ასეთი მწარე სიმართლე!) შეიტყო არა შენგან, არამედ მზიასგან!
ერთი ღმერთმა იცის, კიდევ რა მისწერა გიას მასზე უგონოდ შეყვარებულმა “შენმა მეტოქემ”... და გიამაც აღარ გაპატია!
- ხო, აღარ მაპატია...
- აღარც ნოდარმა გაპატია ამდენი ჯიუტობა და ცოლიც მოიყვანა და თეას ნახვაც შენი თანხმობის გარეშე მოახერხა...
- ღმერთო ჩემო, რა ჩაკეტილი წრეა: მე ვერ ვაპატიე გიას და ნოდარს... მათ ვერ მაპატიეს მე...
- ჰო, მაგდა, ჰო... შენ ის არ გაითვალისწინე, რომ პატიობენ მათ, ვისაც თავადაც შეუძლია პატიება!... შენ ეს არ შეგიძლია და ნურც სხვებისგან მოითხოვ ამას! ვერავინ ვერ გაპატია ვერაფერი!... არავინ არ გაპატია არაფერი!...


- დე, რატო ტირი? - თეას ხმამ რეალობას დაუბრუნა მაგდა.
- არ ვტირი, თეა...
- აბა ეს რა არი? - თეამ თვალებიდან ღაწვებზე ჩამოუსვა ხელები და სველი ხელიგულები დაანახა მაგდას.
- თვალში ჩამივარდა რაღაც... - მაგდამ ცხვირსახოცი ამოიღო და მისდაუნებურად გადმოღვრილი ცრემლები მოიწმინდა.
- დე... დედიტო, რა არის ნაბივჭალი?
- თეა, სად მოისმინე შენ ეს სიტყვა? ვინ გითხრა ეს? - შეძრწუნდა მაგდა.

ამასობაში ავტობუსი სახლს მიუახლოვდა. მაგდამ თეა ხელში აიყვანა, სწრაფად ჩავიდა ავტობუსიდან და თეა ძირს ჩამოსვა.
- თეა, გაიგე, რა გკითხე? ვინ გითხრა შენ ეს სიტყვა?
- მატამ... მოვიდა და მითხრა: “მე შენთან არ ვითამაშებ, შენ ნაბივჭალი ხარო”...  დე, რატო არ ითამაშებს ჩემთან მატა?
- “მატა” კი არა, “მა-კა”! თეა, თქვი მა-კა...
- მა-კააააა! – თქვა თეამ და მთელი ხელოვნება ჩააქსოვა ასო “კ”- წარმოთქმაში.
- ასე, ახლა კი დამპირდი, რომ აღარასოდეს იტყვი ამ სიტყვას...
- არ ვიტყვი... რომელს?.. - თეამ დიდი ზღვისფერი თვალები შეანათა მაგდას.
- აი, მაკამ რომ გითხრა...
- ააა, ნაბივჭალიო? ხოოოო, არ ვიტყვი.
- აბა, დედა დაიფიცე?!
- დედას დეფიცებიიიი, - გააგრძელა თეამ ბოლო მარცვალი, - და ტიდე ნოდარი ბიძიას დეფიცებიიიი!...

მაგდა შეკრთა.
- თეა, ნოდარი ბიძიას ნუ იფიცებ... იფიცებენ-ხოლმე დედას!...
- და მამას? - მაგდას გული მოეწურა ამ კითხვაზე.

“ღმერთო ჩემო, ნუთუ ნოდარმა რამე უთხრა თეას?”

- დედიტო, რატო არა მყავს მე მამიტო? იცი, სუყველას ყავს მამიტო, მე ტი – არა!

“ააა, აი, თურმე რა ყოფილა... არა, ნოდარი არაფერს ეტყოდა!...”
- თეა, დედი-კო, მამი-კო, კა-ტა... გაიმეორე...
- დედი-კო, მამი-კო, კა-ტა, შო-კო-ლადის კა-ნფეტები...- დაუმატა თეამ “კ”-ს შემცველი საყვარელი სიტყვები, -  დედი-კოოო, მიყიდი შო-კო-ლადის კა-ნფეტებს?
- ჰო, გიყიდი, თუ “კ”-ს ნაცვლად “ტ”-ს აღარ იტყვი-ხოლმე...
- აღარ ვიტყვი...
- ჰოდა კარგი გოგო იქნები...
- სად არის ჩემი მამიკო? წასულია და მალე მოვა? როდის მოვა?
- არ ვიცი... რას აიტეხე ეს “მამიკო” და “მამიკო”?!...
- აი, დადას და თამუნას ყავთ ვაჟა მამაკო... სხვებსაც ყავთ მამიკოები... მე კი სულ არა მყავს... დადამ მითხრა...
- ერთი ამ “გ”-ს თქმაც ვისწავლოთ და მერე სულ კარგი გოგო იქნები...
- არა, “დ” – ძნელია...  დადამ მითხრა, “ცოდო ხარ, მამა რომ არ დყავსო და თუ დინდა, ჩემი მამიკო შენი მამიკოც იყოსო”... იყოს? ჰა, დე, იყოს?
- თეა, ბევრს ლაპარაკობ ძალიან...

თეამ ერთი ღრმად ამოიოხრა და ჩუმად გაჰყვა მაგდას.
ვინ რა იცოდა, რა ცეცხლი ტრიალებდა ახლა მაგდას გულში?! თეამ ხომ მაგდას ფიქრები გააგრძელა ხმამაღლა?!

“სად არის ჩემი მამიკო? რატომ არ მყავს მამა?!”

ო, რა მწარე იყო ეს შეკითხვები!...
პასუხი?
არ ჰქონდა მაგდას პასუხი ამ შეკითხვაზე, უფრო ზუსტად, - გვიანი იყო პასუხის


*  *  *
მთელი კვირა ვერ დააწყნარა მაგდამ თეა. რა თემაზეც არ უნდა დაეწყოთ ლაპარაკი, ბოლოს მაინც იმით თავდებოდა: “სად არის ჩემი მამიკო?”

ხან რა უთხრა მაგდამ, ხან - რა...
თეას მაგდას პასუხი არ აკმაყოფილებდა.
მაგდას პასუხზე; “შორს არის წასულიო”, ახალი კითხვები ჩნდებოდა: “სად არის ძალიან შორს? მალე მოვა?”

მაგდასგან რომ პასუხი ვერ მიიღო, ახლა ბებიამისს შეუწუხა გული: “ბებიკო, რატომ არ მოდის ჩემი მამიკო? სად არის?”
- მაგდა, მომაცილე თეა!... თუ არა და შენ თავად გაეცი პასუხი, სად არის მამამისი!- იყვირა მოთმინებადაკარგულმა ნინომ.

იმ დღეს პირველად გაიტყიპა თეა.
- მე მამიკო რომ არ მყავს, იმიტომ მცემ, ხო? მამიკო რომ მყავდეს, ვერაფერსაც ვერ მცემდი... მე სუყველაფერს ვეტყოდი ჩემს მამიკოს... სუყველაფერს... - გულამოსკვნით ტიროდა თეა და ახლოს არ იკარებდა არავის.

როგორ არ ეცადა ნინო თეას დაწყნარებას, რას არ დაპირდა... არაფერი გამოუვიდა.
ორ ცეცხლს შორის იყო ქალი, - აქეთ თეა იმდუღრებოდა, იქით - მაგდა.
თეას დამშვიდება მალხაზმა ითავა, ნინომ კი მაგდას მიაშურა.
- დედიკო, რატომ ვარ ასე უბედური?! რატომ?! რატომ?!... - ტიროდა ბალიშებში ჩამხობილი მაგდა.
- რა ვქნა, შვილო, რით დაგეხმარო?! - ცდილობდა მის დამშვიდებას ნინო, მაგრამ უშედეგოდ!
- დედა, მე ხომ ყველა დავკარგე! გიამ – ლეა მოიყვანა... ისე, რომ არც კი მკითხა ნორმალურად, რა მოხდაო... ახლა კი ნოდარმაც ზურგი შემაქცია... აღარ ვჭირდები... ნოდარმა ცოლი მოიყვანა, დედა!
- კი, მაგრამ... შენ ხომ სულ ნოდარის წინააღმდეგი იყავი?! ასე უცებ რა შეიცვალა, მაგდა?! - გაუკვირდა ნინოს.
- შეიცვალა!... ჰო, თურმე შეიცვალა, დედა! - მაგდა წამოჯდა და ცრემლიანი თვალები შეანათა ნინოს, - ბრმა ვყოფილვარ, დედა, და თვალი ამეხილა!... გიამ რომ ცოლი მოიყვანა, კი, როგორ არ იმოქმედა, მაგრამ... არც ძალიან გავგიჟებულვარ, რადგან.... რადგან... ნოდარზე ვფიქრობდი უკვე... ჩემდაუნებურად ვფიქრობდი. ნოდარს მე ვუყვარდი, მართლა ვუყვარდი და მე კი ეს ვერ დავუფასე... თავმოყვარეობა არ მაძლევდა უფლებას, რომ მოწყალების თვალით გადამეხედა მისთვის... “თავმოყვარეობა” თუ უფრო “ამპარტავნობა”?! ახლა? ახლა რა ვქნა, დედა?! მითხარი, მირჩიე რამე!...
- რა გირჩიო, მაგდა?! როცა გირჩევდი, შენ არ გესმოდა და ახლა კი – გვიანია... ჰო, კარგი, დამშვიდდი...
- დღეს იცი, რა მკითხა თეამ? “ნაბიჭვარი” რა არიო... რა ვქნა, დედაააა! - მაგდა ისევ ბალიშებში ჩაემხო და მწარედ ატირდა.
- იტირე, ეს კარგი გაკვეთილი იქნება შენთვის...

კარებზე ზარის ხმა გაისმა.
ნინო და მალხაზი თითქმის ერთდროულად გავიდნენ კარის გასაღებად. მალხაზს ხელში ჰყავდა აყვანილი თეა, რომელიც ჯერ ისევ ქსუტუნებდა იმდენი ტირილის შემდეგ.

ნინომ კარი გააღო და...
- ჩემო ნოდარი ბიძიაააა! - იყვირა თეამ და მალხაზის ხელიდან ლამის გადაფრინდა ნოდარისკენ.
ნოდარმა სწრაფად დაიჭირა ბავშვი და გულში ჩაიხუტა.
- არ წახვიდე, ჩემო ნოდარი ბიძია... არ დამტოვო... - კვლავ ტირილი დაიწყო თეამ და მთელი ძალით შემოხვია თავისი პატარა მკლავები ნოდარს კისერზე.
- მობრძანდით, ნოდარ, - ნინომ გზა დაუთმო და ხელით ანიშნა, ოთახში შედიო.

მალხაზი უხმოდ შებრუნდა და წინ გაუძღვა ნოდარს.
- მაპატიეთ, მე მაგდას ნახვა მინდოდა... თუ ნებას მომცემთ...
- დიახ, რა თქმა უნდა... მხოლოდ მაგდა ცოტა შეუძლოდ არის... ახლავე შევატყობინებ თქვენს მოსვლას.

ნინო მაგდას ოთახში შევიდა.
- ჩემო ნოდარი ბიძია, შენ მაინც იყავი ჩემი მამიკო... იცი, სუყველას ყავს მამიკო, მე კი სულ არ მყავს მამა!... არ წახვიდე რააა!, - ტიროდა თეა და ტკიპასავით ეკვროდა ნოდარს.

ნოდარმა მთელი ძალით ჩაიკრა გულში თეა და თვალები დახუჭა.
მალხაზმა დაინახა, როგორ გამოჟონა დახუჭული თვალებიდან ცრემლმა.
ამ დროს მაგდას ოთახიდან ნინო გამოვიდა.
- ნოდარ, მაგდა ვერ გამოვა... - ჩუმად ჩაილაპარაკა ნინომ.
- არ უნდა ჩემი ნახვა... გასაგებია... მაპატიეთ!... - ნოდარი გასასვლელისკენ გაბრუნდა. თეა ჯერ ისევ გულში ჰყავდა ჩაკრული.
- ნოდარ, მოითმინეთ... თქვენ თავად შედით მასთან... თეა, მოდი ჩემთან, ბებო!... - ნინომ ძლივს მოაცილა თეა ნოდარს.
- არა, მე ჩემს ნოდარი ბიძიასთან მინდააააა! - ისევ ნოდარისკენ იწევდა თეა, - არ გაგიშვებ, არა!...
- არა, თეაკო, არ მივდივარ... მე ახლა შენ დედიკოს ვნახავ და მერე ისევ შენთან მოვალ, კარგი?

ნოდარი მაგდას ოთახის კართან შეჩერდა და უკან მოიხედა, მაგრამ ნინოსა და მალხაზის მუდარით სავსე თვალებს რომ წააწყდა, გაუბედავად შეაღო კარი.
- მაგდა... - ჩუმად დაიძახა ნოდარმა, ოთახში შევიდა და კარი მიიხურა.

ბალიშებში ჩამხობილ მაგდას მხრები აუთრთოლდა. ნოდარი მიუახლოვდა, საწოლთან ჩაიმუხლა და თმაზე გადაუსვა ხელი...
- მაპატიე, მაგდა... შეიძლება შენ არ გინდოდა ჩემი მოსვლა, მაგრამ... მე არ შემიძლია უშენოდ, გესმის?...
- რააა? ასეთი რამ ჩემთვის ჯერ არავის უკადრებია! - მაგდამ თავი ასწია და ტირილისგან დაწითლებული თვალებით შეხედა ნოდარს.
ნოდარს სახეზე გაოცება გამოეხატა.
- ვერ ვხვდები, რას მეუბნები, მაგდა!
- უჩემოდ არ შეგიძლია?!... ახლა მეუბნები ამას, როცა შენი მეუღლე ბავშვს ელოდება?!
- მაგდა...
- რა, “მაგდა”?  მე ძალიან კარგად ვიცი იმ ნანას არსებობა! რატომ, რისთვის გჭირდება ეს ტყუილი?... წადი! იმ შენს ნანასთან წადი!... მეუღლეს მიხედე!... - მაგდა ისევ ქვითინით ჩაემხო ბალიშებში.
- ნუ ჩქარობ ჩემს გაგდებას... მე ხომ ვხედავ, რომ არც შენ გინდა ჩემი წასვლა?!

ნოდარს ლამის გული ამოუხტა საგულედან, როცა ეს გაიაზრა! წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და გადაიხედა.
- მაგდა, ერთი წუთით მოდი აქ...
- დამანებეთ თავი!... ყველამ დამანებეთ თავი!... წადი აქედან! იმ შენს ნანასთან წადი!... მე არაფერი არ მინდა!... არავინ აღარ მინდა!... - ისტერიკაში ჩავარდა მაგდა.

ნოდარს შეეშინდა, მაგდა ცუდად არ გამხდარიყო... სწრაფად მიუახლოვდა მაგდას, მუხლებსა და ბეჭებქვეშ ამოსდო ხელი, ბუმბულივით აიტაცა და მკერდზე მიიკრა.
მაგდამ გაიბრძოლა, მაგრამ თავი ვერ გაითავისუფლა და ნოდარის ძლიერ მკლავებს მიენდო.
ნოდარი ფანჯარას მიუახლოვდა და მაგდა ფანჯრის წინ ჩამოსვა.
მაგდა ფანჯრიდან გადახედვას არ აპირებდა, მაგრამ ნოდარმა ძალად მიუბრუნა სახე იქით, სადაც სახლის წინ ნანა დასეირნობდა ვიღაც მამაკაცთან ერთად.

- რას მიჩვენებ, ვერაფერი გავიგე... - მაგდამ წამიერად შეწყვიტა ტირილი და ნოდარს გაოცებული მიაჩერდა.
- ისეთს არაფერს... მინდოდა, ჩემს პაწაწინა მეუღლეს დაენახა ჩემი და და სიძე...
- და და სიძე?... - სიხარულის სხივი გაკრთა მაგდას ცრემლიან თვალებში.
- ჰო, მაგდა... ნანა – ჩემი და არის... მეუღლე კი... მე არავინ მინდა შენს გარდა, თუ შენ...
- მაპატიე, ნოდარ...
- ისევ ის “მაპატიე”?!... - ნოდარმა მაგდას ხელი გაუშვა და თავი ჩაღუნა.
- არა, ნოდარ... შენ ვერ გამიგე... მაპატიე, თუ აქამდე ერთი სულელი გოგო ვიყავი... თუ ამდენი გაწვალე... არ ვიცი, როდიდან, მაგრამ... თურმე მეც მიყვარდი... მიყვარდი და ვერ ვხვდებოდი...
- მაგდა... - ნოდარმა გაუბედავად მოხვია ხელი, ჯერ კიდევ ვერ უჯერებდა საკუთარ ყურებს.
მაგდა მკერდზე მიეყრდნო ნოდარს და გაიყურსა.
- რა ბედნიერი ვარ, რომ იცოდე!...- ნოდარმა გულში ჩაიკრა ძვირფასი არსება, შემდეგ უეცრად გაუშვა ხელი, ჯიბიდან რაღაც ამოიღო და მაგდას წინ მუჭი გაშალა, - აი, ნახე? ხუთი წელია თან დამაქვს... ჯიბით ვატარებ... - და ნოდარმა ბაჯაღლო ოქროს მძიმე რგოლი წამოაცვა მაგდას მარჯვენა ხელის უსახელო თითზე.
- ნოდარ, არ მემდური? მე ხომ როგორი დამნაშავე ვარ შენს წინაშე?!

ამ დროს ოთახში ნამტირალევი თეა შემოიჭრა.
- სად წავიდა ჩემი ნოდარი ბიძია?! – და ნოდარი რომ დაინახა, მუხლებზე შემოეხვია.
- თეა, ეს ნოდარი ბიძია არ არის, ეს შენი მამიკოა!...
- ჩემი მამიკო? - თვალები გაუბრწყინდა თეას... - ამის მერე მეც მეყოლება-ხოლმე ჩემი მამიკო?... მერე, რატო არ მოდიოდა შხი... ხშირად?...
- ამის შემდეგ მე აღარსად წავალ შენგან, თეა!... ამის შემდეგ სულ ერთად ვიქნებით: შენ, დედიკო და მე... - ნოდარმა თეა ხელში აიყვანა და მიიხუტა.
- ნოდარ, წამო, ჩვენებთან გავიდეთ... - მაგდამ შეპარვით დახედა ბეჭედს, შემდეგ ნოდარს ხელი ჩაჰკიდა და მშობლებთან გაიყვანა.

მაგდას ბედნიერი თვალების დანახვაზე ნინომ და მალხაზმა შვებით ამოისუნთქეს. აუსრულდათ დიდი ხნის ნატვრა: თეას მამა ჰყავდა, მაგდას კი – მოსიყვარულე მეუღლე. მათი მაგდა ბედნიერი იყო!... შეიძლებოდა, რომ ამის მეტი ენატრათ რამე?
- თუ უფლებას მომცემთ, ჩემს დასა და სიძეს ამოვიყვან, დაბლა მელოდებიან.
- რა თქმა უნდა!... ღმერთო ჩემო... რა თქმა უნდა! - მალხაზი ნოდართან მიიჭრა და მხურვალედ ჩამოართვა ხელი.

ცოტა ხანში ნოდარმა და მალხაზმა ნანა და მისი მეუღლე, ოთარი შემოიყვანეს სახლში.
- ნანა ექიმო?... - თვალები გაუფართოვდა მაგდას.
- მაპატიე, მაგდა, თავიდანვე არ გითხარი, რომ ნოდარი ჩემი ძმა იყო... მე ხომ ყველაფერი ვიცოდი?! მაგრამ, ვიფიქრე, სხვა ექიმთან არ გადავიდეს-მეთქი... ასე კი – ჩემი კონტროლის ქვეშ მეყოლებოდი... ხომ არ მემდური? - ნანამ მაგდა გადაკოცნა.
- არა, არ გემდური, ნანა ექიმო... ნანა, ჩემო ძვირფასო ნანა!... ის კი არა და თქვენ რომ არა, მე და ნოდარი დღესაც არ ვიქნებოდით ერთად.
- მე რა შუაში ვარ, მაგდა?
- შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ... მე თქვენზე ვიეჭვიანე! ამ ეჭვიანობამ დამარწმუნა, რომ მიყვარს ნოდარი. თუ არ უყვართ, არც ეჭვიანობენ... ასე არ არის?

მაგდა და ნანა კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ ერთმანეთს. მათ ოთარი მიუახლოვდათ:
- მეც გილოცავთ... მოხარული ვარ, რომ ბედნიერებს გხედავთ.

ამასობაში ნოდარმა სახლში დარეკა.
- დედა, ცოლი მოვიყვანე!... ჰო, რატომ გაგიკვირდა? სულ იმას არ მეუბნებოდი, “ცოლი და ცოლიო”? ჰო, მართლა, მართლა... აი, ნანა და ოთოც აქ არიან... - ნოდარი ნანას მიუბრუნდა, - ნანა, მოდი, შენ დაელაპარაკე, თორემ მე არ მიჯერებს...
- დედა, - ნანამ ყურმილი ჩამოართვა ნოდარს, - მართალია, დედა, მართალი... ამას ყველაფერს შემდეგ აგიხსნით... ახლა კი, აბა, შენ იცი, როგორ დახვდები რძალსა და საკუთარ 4 წლის შვილიშვილს!... ბავშვიანი კი არა არის, შენი შვილიშვილია, შენი!... ჰო, აუცილებლად... ჩვენ მოვიტანთ ყველაფერს!. მე და ოთო ახლავე წამოვალთ, ნოდარი კი მოგვიანებით მოვა... ჰო, მოვდივართ.

ნანამ ყურმილი დაკიდა.
- ქალბატონო ნინო, ბატონო მალხაზ, დღეს საღამოს ჩვენთან მობრძანდით... ნოდარსა და მაგდას გამოჰყევით თან.  ჩვენ კი – უნდა წავიდეთ. აბა, საღამომდე!

იმ ღამეს გათენებამდე ისმოდა ერისთავების სახლიდან “მრავალჟამიერი”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები