ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2011


  ჩამოტვირთვა

სიყვარულს აგიხსნი

ნახე? მოიხარა სევდა ტირიფივით,
ნახე? ემოციებს ააფარეს ფარდა,
ყველა სიმარტოვე მივატოვე, ხო და,
ახლა შენთან ერთად გადავლახავ საზღვარს..

__________________________________________

სიყვარულს აგიხსნი... მე ისევ სათუთად
ნაზი ჰარმონიის წამებში ვიღვრები,
რომ ახლა ცის კიდეს მივადგამ კიბეს და,
ცისარტყელაზე სიყვარულს გპირდები.

ლერწამის ტოტიდან დავკრიფავ სტრიქონებს,
მიმონებს, ეგ მზერა საოცრად მიმონებს,
ძველ მთვარის რკალში ჩავწვები კარგო და
ჩუმ დედამიწაზე უჩუმრად გიყურებ.

სიყვარულს აგიხსნი, მე როგორც არასდროს,
მთელი დედამიწაც თითქოს და ფლიდია,
გავრისკავ ყველაფერს...
ზღვის ქიმზე ვდგები და
ვიცი რომ ეს რისკი არც ისე დიდია.

ზამთარი მოდის... მე თოვლის წვიმაში
შენ გაზაფხულის სიყვარულს შეგწირავ,
გათელილ ბალახებს გავთელავ ისევ და
დაკრეფილ ყვავილებს ახლიდან გიკრიფავ...

დავათრე ძვირფასო ჩვენივე გრძნობები,
ახლა კი სიშორეს დავუსხამ კონიაკს,
მომდევნო ჭიქაც და იცი რა მგონია?
აგიხსნი სიყვარულს - რაც ჯერ არ მქონია...

უკუნი ღამეა... და ახლა სიჩუმე
გასაგიჟებლად ხმაურობს ჯინაზე.
აცივდა ცოტათი... ზუზუნი, ქარია...
დაგიწერ ლექსად რომ სიშორეც მთვრალია,

რომ ისევ იქუხებს ზეცა და მთელს ცაზე
ჩვენი ცისარტყელა გპირდება სიხარულს,
მე ისევ მთვარის ვიჯდები რკალში და
ისევ ძველებურად აგიხსნი სიყვარულს...
_________________________________________________

შენი მშვენება მზის სხივებს და ცის კიდეს ცდება,
მუზად გაქცევდნენ მგოსნები და სალვადორ დალი,
დღეს ეს რითმებიც, პოეტები ლექსად რომ შლიან,
ვერ შეგედრება ოქრო-ვერცხლი, ვერც გიშერ-ლალი...

და მეც უბრალო მგოსანი თუ რითმების მფენი,
როგორ არ ვსახო შენი მზერა ფიქრებში მუზად,
არ ჩამეთვლება ცხოვრებაში არცერთი წამი,
თუ უშენობით შევჩერდი და დავუშვი ღუზა...

შუაღამეა, ეფინება გარემოს ნისლი,
ისევ შევყევი შენი სუნთქვის სიმშვიდის აკორდს,
შემოგევლები ოცნებებში, ფიქრებში, ცხადში,
მე მონატრების სიმფონიებს ამ ფიქრით ვართობ...

ცივ როიალსაც აღარ ესმის ჩემი ტკივილი,
ვერცერთი ნოტი ააჟღერებს ამ გულის ძგერას,
მიტოვებული, დახეული ფურცლებით ხელში,
ვწერ რაიმეს თუ უიმედოდ მივყავარ წერას?

შუა ღამეა თუ მე ვდგავარ დღეღამის შორის,
შენი მშვენება ასე მორცხვად რად მეჩვენება?
არ ვშლი არაფერს და ერთ ტაეპს ვამატებ მხოლოდ,
ერთად ვიქნებით! ჩვენს გულებს ხომ ასე ენებათ...


P.S.  კითხულობს: ბექა აზრუმელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები