ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭა
ჟანრი: პროზა
21 იანვარი, 2011


ყველაფრის წამალი

მანქანის  ხმა...
კარზე ზარი...
-რა ადრე მოხვედი?
-ღვინო მიმაქვს.  ზურასთან ვართ ბიჭები. - თვალებში არც შემოუხედავს , ისე ჩაარაკრაკა.
-აბა, წაგიყვანო დღეს?..-.ხმაში წყენა დამეტყო.
-კაი რა,  ხომ იცი რომ წაგიყვან! ხელები მხრებზე ჩამომაყრდნო...- რომ მიყვარხარ და რომ წაგიყვან, ამიტომ არ ვსვამ?..-საოცრად თბილი და ეშმაკური თვალებით შემომხედა.
სამზარეულოში შევტრიალდი.  გაზზე რაღაც მედგა...
როცა  გამოვბრუნდი, ის უკვე კარებში იდგა 10 ლიტრიანი ბოცით ხელში. ალალად გამიკვირდა, ასე სწრაფად  როგორ ჩავიდა სარდაფში და ღვინო როგორ ამოიტანა?( სხვა დროსაც შემინიშნავს, როცა საქმე დალევას ეხება, საგრძნობლად სწრაფი და მოქნილი ხდება. საოცარია ასეთი გარდასახვა.) ხომ არ მომეჩვენა მეთქი, თვალებიც კი  მოვიფშვნიტე , როცა გავახილე, კარებში აღარავინ იდგა. ეზოდან მანქანის ხმა მომესმა..-.გაშპა!

საღამო.  კარზე ზარი,  ამჯერად უწყვეტი...
კარებში ჩამდგარი... უკვე 15 წუთია  მიხსნის,  თუ როგორ  ძალიან ვუყვარვარ.
ფეხს არ იცვლის ადგილიდან, ნიშნად იმისა, რომ ორივე სივრცეს ფლობს და აკონტროლებს,  -კარებს იქითაც და კარებს აქეთაც.
მგონი, უკვე  მეხუთე მეზობელმა აიარა კიბე ღიმილით.
როგორც იქნა შემოვიყვანე.  ახლა კი ჯობია გავჩუმდე, თორემ ჩემი გულახდილობის ამბავი რომ ვიცი...
ღამით კი, მარტო მე კი არა, მგონი ჩვენს ზედა სართულსაც არ სძინავს.  (მთელი ღამე  მესმის გადაადგილების ხმები.)
აწუხებთ ხვრინვა.

დილა...
საშინელი საცოდავი ხმით მაღვიძებს.
-შუბლზე დამადე რა ხელი?... მაგრად მტკივა...მისკდება... წამალი არ გვაქვს?
ვდგები ნახევრად მძინარე, მომაქვს ციტრამონი და ჭიქით წყალი.
ისევ ვიძინებ.  ცოტახნის მერე ხელით ვსინჯავ ადგილს  ...  ცარიელია...-წასულა.
2, 3 საათის მერე მობილური აწრიალდა.
-ნანიიიიი!...ხომ იცი როგორ მიყვარხააარ?...
აქედან პაუზა ხანგძლივი...ნიშანი იმის რომ ნაწყენი ვარ.
-კაი, რა? რა მოგივიდა, ხომ იცი რა ძალიან მიყვარხარ?... ახლა სუყველანი მანდ მოვდივართ,  შენთან!..

ერთხელ მახსოვს ვიჩხუბეთ. მთელი დღე დაბოღმილი ვიყავი, ის კი საღამოს ჩვეულებრივად ნასვამი დაბრუნდა.
-დღეს მაინც რომ არ დაგელია არ შეიძლებოდა?  მივახალე უკმეხად.
-დღეს ხომ  გამაბრაზე?... -ამიტომაც დავლიე!
-რატომ სვამ ამდენს? მე თუ არა შენი თავი მაინც არ გიყვარს?
-რომ მიყვარხარ თავზე მეტად, ამიტომ არ ვსვამ?!
გეტყვის ისეთი გაოცებული ხმით, ენა ჩაგივარდება  და აღარც მოგიბრუნდება ცუდის სათქმელად.


უყვარს...- სვამს!
დარდობს...- სვამს!
სამსახურში პრობლემა აქვს...- სვამს!
ასეა. ნებისმიერი საბაბი გამოდგება...-სმა ყველაფერს ერგება საცობივით.
ნეტავ მაცოდინა, მართლა ყველაფრის წამალია ეს სასმელი, თუ მართლა ასეთი პრიმიტიულები არიან კაცები?
არადა რო ალაპარაკოო..., ისე  ჭკვიანურად მსჯელობენ?!  ვერც კი იფიქრებ ამისთანა რამეს მათზე.
ყველაზე დიდი საკვირველება ის არის, რომ ეს ყველაფერი წლებია გრძელდება.
არც ბეზრდებათ,  არც სწყინდებათ,  ნამდვილად რაღაც იციან, რასაც ჩვენ, ქალები, ვერ ვწვდებით.
არ ვიცი...არ ვიცი...მგონი რაღაც დიდ საიდუმლოებასთან უნდა გვქონდეს საქმე.
აი, ხომ არის, ეკლესიაში 7 საიდუმლოება, რომლებსაც ვერ ვწვდებით, თუ არა გვაქვს სათანადო  ღვაწლი სულიერებაში.
ალბათ აქაც ასეა, ეტყობა მე ვერ ვწვდები, თორემ მათ სახეებს როცა ვაკვირდები სმის დროს...
- გიხაროდენ!  გიხაროდენ!...-აწერიათ ზედ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს