ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2011


ჯარისკაცის დღიურიდან

(ვუძღვნი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მეომრებს)

ჩვენ გვძინავს ნაღმზე და ყოველ წუთას,
სხეული ხარბად ისუნთქავს სიკვდილს,
ჩვენ გათენების ყოველთვის გვჯერა,
თუ დაღამდება - არასდროს ვიცით...

ცის ფერი მუდამ გადადის შავში,
მიწას სუნიც და ფერიც აქვს გვამთა
და ყველა განცდას, სუნთქვას თუ ნაბიჯს,
აქ იარაღი უგრძნობლად მართავს.

აქ ბოლომდე ვღრღნით სიკვდილის შიშს და
ჩვენ მხოლოდ შიშის სიკვდილი გვრჩება,
აქ მონატრება გვაცოცხლებს დღემდე
და ქვეყნის ლანდი დაგვყვება ჯერაც.

ჩვენ გვძინავს ნაღმზე ყოველთვის ერთად,
მაგრამ სიკვდილთან ვიძინებთ მარტო
და თუმცა სახლში არიან სამნი,
ცოლი სუფრას კვლავ ოთხისთვის აწყობს...

ლიკა ოხანაშვილი
24.01.2011


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები