ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: იუმორისტული
31 იანვარი, 2011


მოსკოვურები - 1

1. მამა და ავტობუსი

მამაჩემი მოსკოვში იყო მივლინებით. 
ავტობუსით მოუწია მგზავრობა. უკანა კარიდან ვერ ავიდა და წინა კარიდან მოუწია ასვლა.
იქ ხომ ყველა ყველას "მამიდაა"?
ჰოდა, დაიწყო ვიღაც ქალმა ტვინის ბურღვა, - "წინა კარიდან ჩადიან და შენ რატომ ამოხვედიო". ეს თქვა ერთხელ, მეორედ, მეათედ... მამაჩემმა ითმინა, ითმინა და...
- НЕ  С-ТРАК-УЙ,  ГРАЖДАНОЧКА-ო, - უთხრა. (იმედია, მიხვდით მნიშვნელობას... :) )
- Я СТРАКУЮ, ДА? ВСЁ РАВНО БУДУ СТРАКАВАТЬ!... - უპასუხა ქალმა ამაყად და ნიშნისმოგებით.



2.  ქალი - ტუბი

მოსკოვში ვარ...  N ავტობუსში (იმ ნომრის ბოლო გაჩერებასთან ვცხოვრობდი) - სიხალვათე იყო და ფანჯრის მხარეს დავჯექი. მალე შეივსო ავტობუსი. ერთი ძალიან კარგად ჩაცმული ქალი ამოვიდა და შუა ავტობუსში  გაჩერდა, რადგან ცარიელი სკამი ვერ ნახა. მალე ავტობუსში იმდენი ხალხი ამოვიდა, რომ ტევა აღარ იყო. ამ ჩვენს ქალბატონს ორივე მხრიდან მიაწვა ხალხის ნაკადი. ამ ქალმა ითმინა, ითმინა და... უცებ გვესმის მისი ამოკივლება:
- Товарищи, я не тюбик!


3.  ცხვირი

მე ხომ მხოლოდ ერთი ნომრის ავტობუსით არ მიწევდა მგზავრობა?
სხვა ავტობუსები საკმაოდ "ხალხსავსე" დადიოდა ჩვენს ქუჩაზე. ჰოდა, ერთ-ერთ ასეთ ავტობუსში ავედი. ამას ასვლაც არ ჰქვია, - ცალი ფეხის დასადგმელი ადგილი რომ ვიპოვე და მეორე ფეხი წეროსავით ავიკეცე, მივხვდი, რომ გადასავარდნად ვიყავი განწირული. ამიტომ სხვებიც შევაწუხე, მაგრამ პირით კარისკენ მივბრუნდი და საკუთარ ხელებს ვანდე ჩემი დარჩენილი სიცოცხლე, - კარის თავზე 2-3 თითის მისაბჯენი ადგილი ვიპოვე და მივეყრდენი. ანუ, ვდაგავარ ცალ ფეხზე, კარისკენ გადაღრეცილი და კარის თავზე ცალიხელისსამთითმიბჯენილი, რადგან მეორე ხელით საკუთარი ჩანთა მაქვს ჩაბღუჯული.
ამ ავტობუსში თუ კიდევ ვინმე ამოვიდოდა, სიზმარშიც კი ვერ დავიჯერებდი და... თქვენ წარმოიდგინეთ, - ამოვიდა!
დაბალი, გამხდარი მამაკაცია, უსაშველოდ გრძელი ცხვირით. იმდენად პატარა და ჩია იყო, მისი დასადგმელი ადგილი მოინახა, მაგრამ... ცხვირი აფუჭებდა საქმეს, - ვერსად წაიღო, ამიტომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი იპოვა და... კუჭის თავში შემარჭო. ნუ იცინით... კინაღამ უსისხლო ოპერაცია გამიკეთა კუჭზე.
მეტკინა უსაშველოდ! ასეთი ტკივილის გაძლება ჩემს ძალებს აღემატებოდა და ამიტომ ძალიან მორიდებით ვთხოვე:
- ჩემი კუჭის პერფორირების თავიდან ასაცილებლად, იქნებ თავი ოდნავ უკან გასწიოთ-მეთქი?
კოდალა რომ გასწევს თავს უკან, ისე გასწია თავი, ერთი კი შემომიღრინა:
- რას ამბობ, ისედაც ძლივს ვსუნთქავო, - და.. ისევ მთელი ძალით დააბრუნა ცხვირი საწყის პოზიციაზე.
...........
თვალი რომ გავახილე, ავტობუსიდან ჩამოყვანილი ვიყავი და სამი ქალი მასულიერებდა.


თუ დაგაინტერესებთ, მერე მოვყვები დანარჩენს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები