ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: იუმორისტული
10 თებერვალი, 2011


მოსკოვურები –3

7.  ნადია

დისერტაციაზე მუშაობის დროს ძალიან ხშირად მიწევდა მოსკოვში ჩასვლა.

მოსკოვში დედობილ–მამობილი მყავდა, – ალა და დიმა.
ჩემი და, ნატაც მოსკოვში იყო ასპირანტურაში, მაგრამ მასთან ერთად კიდევ ორი გოგონა ცხოვრობდა და ამიტომ მასთან ვერ ვრჩებოდი–ხოლმე.

მოკლედ, ერთ–ერთი მოსკოვური ვოიაჟის შემდეგ თბილისში ვბრუნდები.
იმ დღეს დილიდან მესტუმრა ნატა, –  „გაგაცილებ აეროპორტშიო“.
თვითმფრინავი საღამოს 5–ზე მოფრინავდა.  სახლიდან 3–ზე უნდა გავსულიყავით. ამდენად, დრო უამრავი გვქონდა.

ცოტა ხანში ჩემს დედობილსაც ესტუმრა მეგობარი, – ნადია.
ნადია, ალა და დიმა მაგიდასთან ისხდნენ და საუბრობდნენ.
მე და ნატა იმავე ოთახში დივანზე ვისხედით და თან რაღაცას ვუყვებოდი, თან  ჩემოდანს ვალაგებდი, თან ნატას ვაჩვენებდი შენაძენებს.
– ნატა, ნახე, რა ვიყიდე? – ამოვაწყვე ცელოფნიდან შენაძენები და თან ვაჩვენებ, თან ჩემოდანში ვაწყობ.
– უი, რა ლამაზია... ეს რაღაა?
– ამოიღე და ნახე შენით, ბლუზაა... დედას ვუყიდე...  აი, ესეც ნახე, მამასთვის მიმაქვს...

ცოტა ხანში შევნიშნე, რომ ალა და ნადია გაოცებული თვალებით მიყურებდნენ, ხან კი ერთმანეთს გადახედავდნენ–ხოლმე. მერე ნადიამ ვეღარ მოითმინა და მკითხა:
– Тамрико, ты обижена на нас? (თამრიკო, შენ ნაწყენი ხარ ჩვენზე?)
– Ой, нет конечно... Откуда взяли? (უი, არა... საიდან მოიტანეთ?)
– Не знаю... но ты всё время только и посылаешь нас на  Хэ... (არ ვიცი, მაგრამ ყოველწუთას „X“–ზე (ქართულად - "ყ"ზე)გვაგზავნი და...)

თავიდან ვერ მივხვდი, თუმცა მერე ხმამაღლა გამეცინა, – მე რომ ნატას ვეუბნებოდი ნახე–მეთქი, მათ ეს „ნახე“ გაიგეს როგორც  „на Хэ“...



8. სერგეი

ალას დედა ქალაქგარეთ ცხოვრობდა. მასთან სულ მატარებლით ჩავდიოდით–ხოლმე.
ერთ დღეს დიმას მისი მეგობარი სერგეი ესტუმრა. ნახა, რომ მე და ალა ჩანთებს  ვალაგებდით და დაინტერესდა, საით მივემგზავრებოდით.
– აგარაკზე, დედაჩემი უნდა მოვინახულოთ, – უპასუხა ალამ.
– ალა, მე და დიმაც რომ წამოვიდეთ? ისე მომინდა იქაური ტყის ნახვა... თან მარი ნიკოლაევნასაც მოვინახულებთ...
– კარგი. 10 წუთში მზად ვიქნებით...

გზაში ალას ვუთხარი:
– დღეს ინდურადაც ვისწავლე „მე შენ მიყვარხარ“...
– კარგია... ეს მერამდენე ენაა?
– არ ვიცი ზუსტად, ალბათ 38–ე...
– ვინ გასწავლა? სწორად თუ მაინც გასწავლეს?
– ინსტიტუტში, ინდოელებისგან ვისწავლე....
– თამრიკო, 38 ენა იცი? – გაუკვირდა სერგეის...
– არა... ამ წინადადებას „ვაგროვებ“ სხვადასხვა ენაზე...
– ჰმ... მეც ვიცი ერთი წინადადება ქართულად... ზუსტად კი არ ვიცი, სწორად ვამბობ თუ არა, მაგრამ...
– თქვით, აბა? თუ შეცდომით ამბობთ, გაგისწორებთ...
– ЦИН ЦКАЛИ УКАН МЕЦКЕРИ... Ну как?  Правильно сказал? (წინ წყალი, უკან მეწყერი... აბა? სწორად ვამბობ?)
– Да, правильно...(კი, სწორად...) – დავიბენი... აღარ ვიცოდი, რა მეთქვა.
– Вот так-то!.. Не только ты говоришь на разных языках!... (აი, ასე! მხოლოდ შენ არ საუბრობ უცხო ენებზე!)- მითხრა სერგეიმ და ამაყად გაიმართა წელში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები