ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
2 მარტი, 2011


le spektakle est fini !!! - წარმოდგენა დამ - თავ - რე - ბუ - ლია !!! - II ნაწილი

 


იმ დღის შემდეგ თემურისთან აღარ მისულა. ეგონა, შუბლზე ეწერა, რომ  ლექსოს ნახვა უნდოდა.
ნანასთან დარეკა.
სახლში არ დახვდა.
ბოლოს მაინც გადაწყვიტა წასულიყო.
თემური მარტო იყო სახელოსნოში. ჩაის სვამდა.
„ყოველთვის უხაროდა ჩემი მოსვლა. ახლა რა მოხდა?! შეიძლება ვინმეს ელოდება“    მისვლას ნანობდა.
_ ისე შემოვიარე. წავალ ახლა.
_ მოიცა, სად მიდიხარ?!  ნახე, რა გაჩვენო ! _ თემურიმ წიგნებით სავსე თაროზე რაღაც გამოცემა მონახა. _ ნახე, იაპონური გამოცემაა.
ვერიკომ გადაფურცლა :
_ მიყვარს ლოტრეკი.
_ ხო, გროტესკი შენი სტილია.
_ კარგია.
_ კუკურიმ მომიტანა. ვიღაც გერმანელს უჩუქებია და , მე რად მინდაო, მე მომცა.
_ დიდი მეგობრები გახდით შენ და კუკური.
_ კარგი ადამიანია. დიდ საქმეებს აკეთებს მთავრობის დონეზე. ამერიკელები მომიყვანა, ორი ნახატი იყიდეს. თვითონაც იყიდა ერთი. არ მინდოდა ფულის გამორთმევა, მაგრამ არ დამანება, ძალით დამიტოვა.
_ მართლა?!
_ შენ გიკითხა _ თემურიმ ნატურმორტის გასწორება დაიწყო _  კიდევ ერთხელ მაჩვენეთო. იქნებ შენც მოგეხმაროს რამეში. ერთი ნახატიც რომ იყიდოს, მასალის ფული მაინც გექნება.
_ კუკური?! _ შეშფოთდა ვერიკო _ თუ ღმერთი გაწამს!..
_ სულელი ხარ, ყოვლისშემძლეა !
_ იყოს, ღმერთმა კარგად ამყოფოს.
_ თან შენ ძალიან მოეწონე.
_ მოიცა, ერთი !
_ რამდენი ხანია არაფერი გაგიყიდია. კუკური კი, დარწმუნებული ვარ, შენგან ნამდვილად იყიდის რამეს.
_ გასაყიდად არ ვხატავ.
_ პიკასო ხატავდა გასაყიდად და შენ ვითომ ვინ ხარ?!
_ ... თემური, ის ფილოსოფოსი აღარ გამოჩენილა ?
_ ვინ ფილოსოფოსი, ლექსო ?!  არა, აღარ გამოჩენილა. ლექსო საიდან გაგახსენდა ?!
_ არა, ისე ვიკითხე, საინტერესო ადამიანია.
_ ლექსო ლოთი ფილოსოფოსია და სულ „დაკავებულია“
_ რითია დაკავებული?!
_ ხან ლოთობით, ხან ტელევიზიით, ხან ტელევიზიაში ლოთობით.
_ ტელევიზიაში მუშაობს?
_ ხო, თუ მაგას მუშაობა ჰქვია. გადაცემებს აკეთებს და ხელფასს არ უხდიან.
_ რატომ არ უხდიან?!
_ იმიტომ, რომ არავის არ უხდიან.
_ აბა რატომღა მუშაობს?!
_ მოსწონს.
_ ადრე რას აკეთებდა ?!
_ რომელიღაც ინსტიტუტში  კითხულობდა ფილოსოფიას. რა გამოკითხვას მიწყობ, რაშია საქმე ?!
_ არა, ისე !
_ აი, კუკურიმ მითხრა...
_ არ მაინტერესებს რა თქვა  კუკურიმ... 
_ აბა, ის თუ გაინტერესებს რა თქვა ლექსომ „ კახპების  ფსიქოლოგიაზე  „დისერტაციას“ დაიცავს.  ასე ამბობს თვითონ.
_ არა მგონია, ლექსო  მაგას ამბობდეს.
_ რატომ ?!  ერთხელ პოეზიის საღამო გაგიმართა და დაასკვენი რომ საერთოდ ასეთია?!
შენ დაჯექი და ხატე, კუკური ახლა თავისუფალია და ამ დღეებში გამოვალთ...
_ არ მინდა, კუკური არ დამანახო!
_ დაეშვი მიწაზე, დაეშვი, დროა !
_ რატომ ?!  _ იღიმება ვერიკო _ შენ გგონია მიწაზე უკეთესი მდგომარეობაა ?! ერთხელ გაფრინდი და ნახავ, თუ მოგინდება დაშვება.
_ ახლა სხვა დროა, ვერიკო, ცოტა პრაქტიკული უნდა იყო ! ცხოვრება ცირკია, ცირკი. ცირკში კი თოკზე სიარული უნდა იცოდე აუცილებლად !
_ შეიძლება შენთვის არის ცირკი.
_ „თქვენ გიყვართ ბრამსი?!“  _ ირონიულად იკითხა თემურიმ.
_ ირონიას თავი დაანებე. მე ვიცი ბრამსი და არა მარტო ბრამსი.
_ ლექსომაც იცის და მერე რა !  ცხოვრობთ მაგით?! ვერა ! რა დროს ბრამსია !..
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
თემურის სახეზე უკმაყოფილება შეემჩნა.
კარი გააღო.
დათო და ლექსო შემოვიდნენ.
ვერიკო არ ელოდა უნებურად ფეხზე ადგა.
არც ლექსო ელოდა ვერიკოს ნახვას.
ხელში ღვინის ბოთლები ეჭირა და დაიბნა.
_ ვერიკო! _ გაუხარდა დათოს _ ახლა შენთან ვრეკავდით. ყურმილს არავინ იღებდა. თემურიმ თქვა არაფერი ვიციო და...
_ ტელეფონი გამორთულია.
_ სად დაიკარგე, რატომ აღარ გამოჩნდი?!
_ არ მეცალა.
_ შემოქმედებით წვაშია, შემოქმედებით წვაში ! _ უღიმღამოდ იხუმრა თემურიმ.
„ თემურიმ იცრუა, როცა თქვა, ლექსო არ გამოჩენილაო, ესე იგი, გამოჩენილა“


...თბილი საღამო იყო.
_ ვერიკო, იქონიე თავაზიანობა და მე და ლექსო ყავაზე დაგვპატიჟე, ეგება უარი არ გითხრათ.
_ ვინც კი სახლამდე მომაცილა და ყავაზე არ დავპატიჟე, ყველა მტრად გამიხდა და ამიტომ გეპატიჟებით.
_ საჯარო ბიბლიოთეკაა ?! _ იკითხა ლექსომ, როცა ვერიკოს ბინაში შევიდნენ _  ამდენი წიგნი რა უბედურებაა ?!
_ საჯარო ბიბლიოთეკის წინააღმდეგი ხარ ?!
_ კი.
_ რატომ ?!
_ წიგნი ღუპავს ადამიანს. სიყვარულს ასწავლის, სიკეთეს,  თანადგომას. მერე ძნელია ცხოვრება, გიჭირს.
_ ვერიკო, შეშა სად გაქვს, ბუხარს დავანთებ.
_ სამზარეულოს კარიდან აივანზე გადი და იქ არის.
ბუხარი დაანთეს.
_ ვერიკო რისთვის მიყვარს, იცი ? და საერთოდ, აქ მოსვლა ?!
_ რისთვის?
_ აქ რომ მოვდივარ, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჩეხოვის მოთხრობაში მოვდივარ და ვერიკო ამ მოთხრობის “დიასახლისია“ .  სულ რაღაცაზე ფილოსოფოსობს, სულ რაღაც არ აკმაყოფილებს, სულ რაღაცას ეძებს.
_ ვინც სულ რაღაცას ეძებს და ადამიანის შექმნილი არაფერი აკმაყოფილებს, ესე იგი ღმერთს ეძებს და ღმერთი სიყვარულია.



...

ვერიკო სავარძელში იჯდა.
ლექსო ვერიკოს წინ მუხლებზე დამდგარი კოცნიდა.
_ ახლა არ მითხრა, რომ გიყვარვარ და მთელი სიცოცხლე იმაზე ოცნებობდი, როდის მოგეცემოდა ამის გამომჟღავნების საშუალება.
_ არა, მაგის თქმას არ ვაპირებ. _ თმებზე კოცნიდა ლექსო.
_ რა ვიცი, ისეთი ექსტაზით მკოცნიდი, ვიფიქრე, „დიდი სიყვარულით“ გიყვარდი.
_ „ახალი ხილის“ პონტია _ იცინის ლექსო _ რა მნიშვნელობა აქვს რას გეტყვი, მაინც არ გჯერა. თანაც იმდენჯერ მაქვს ნათქვამი იმდენი ვინმესთვის, გადავწყვიტე შენ ერთი სიტყვაც არ გითხრა. ვითომ მუნჯი ვარ და შენ ისე მიხვდი, მიყვარხარ, თუ არა.
_ კი მაგრამ ამდენჯერ გიყვარდა?!
_ შენ მხატვარი ხარ, თუ არქეოლოგი, რატომ იჩხრიკები წარსულში?!
_ არა, მართლა, ბევრჯერ გიყვარდა?
_  რამდენჯერაც მიყვარდა, ნამდვილად მიყვარდა.
_ ბევრჯერ სიყვარული შეიძლება?!
_ ბოლომდე სიყვარულია „ცოტა ძნელი“, თორემ ბევრჯერ რატომაც არა !  არა და სულ ვიღაცა მიყვარდა და სულ ვიღაცას ვუყვარდი და ყოველთვის გულწფელი ვიყავი.
_ გულწრფელობას სხვები პროვინციალიზმს ეძახიან, მე სიბრიყვეს ვეძახი.
_ ვერიკო, შენი ჭირიმე, სიბრიყვე სიბრიყვეა, პროვინციალიზმი პროვინციალიზმია, გულწრფელობა კი გულწრფელობაა და ურთიერთობისთვის აუცილებელი. ისე, რომ მორჩი ახლა ფილოსოფიას და საძინებელში გადავინაცვლოთ.
_ რა სულსწრაფი ხარ _ უხერხულად იღიმება ვერიკო.
_ რამდენჯერ უნდა გადადო ?! ხომ იცი, გადადებული საქმე ეშმაკისაა !
_  ეგ შენი ფილოსოფიაა ?!
_ ეგ ხალხური ფილოსოფიაა და აბსოლუტურად ვეთანხმები. თან, გული მიგრძნობს შენც გაითავისებ _ თან ისევ კოცნიდა ლექსო.
_ არა ! ჯობია ახლა წახვიდე. ასე მირჩევნია.
_ რომ წავიდე ახლა, გზაში  „კატოკმა“ გადამიაროს და მოვკვდე, ხომ დაგწყდება გული ?!
_ ეგ დიდი უსინდისობა იქნება შენი მხრიდან.
_ შენი და „კატოკის“ მხრიდან უფრო დიდი უსინდისობა არ იქნება ?! _ უკვირს ლექსოს _მე წასვლა არ მინდა !
_ ძალიან გთხოვ, ახლა წადი !  წადი !


...

_ როგორ დავიჯერო, რომ ყველა მატერიალისტია  _  ყავას ასხამს ჭიქებში ვერიკო.
_ აბა რა გინდა, შენსავით ყველა იდეალისტი იყოს?! _ უკვირს ლექსოს.
_  შენ რიგორი ხარ, მატერიალისტი, თუ იდეალისტი ?
_ გააჩნია, ვერიკო, შენთვის რა არის მატერიალიზმი და იდეალიზმი. თუ გოგოს მაღალ მატერიებზე ელაპარაკები, ეს იდეალიზმია, მაგრამ თუ გოგოს მაღალ მატერიებზე ელაპარაკები და თან კოცნაზე ფიქრობ, ეს უკვე მატერიალიზმია _ _ ყავის ფინჯანი გადადგა და ვერიკოს კოცნიდა _ გასაგებად გიხსნი მატერიალისტი ვარ, თუ იდეალისტი ?!
_ შენ მგონი სიყვარულს მიხსნი _ იცინის ვერიკო.
_ მე შენ სიყვარულს არ გიხსნი. მე შენ, უბრალოდ,  მიყვარხარ !
_ C,est pour  rire que monsier dit sa ?!
_ რა ბრძანეთ ?!  ბოლო სიტყვები კარგად ვერ გავიგე _ იცინის ლექსო.
_ ხუმრობთ-მეთქი ბატონო ?!
_ მერე ქართულად უფრო გასაგებად არ ითქმება ?!
_ ყველაფერი ის არის საინტერესო, რაც ნახევრად გაუგებარია _ უხსნის ვერიკო.
_ რომ მინდა,  სულ გკოცნიდე, მთლიანად გასაგებია, თუ ნახევრად გაუგებარი ?!
_ საბოლოო დასკვნა გავაკეთე, მატერიალისტი ხარ.
_ თან მაქსიმალისტიც !  მარტო კოცნა არ მაკმაყოფილებს.
_ ოოო !
_ გიყვარვარ ცოტათი მაინც ?!
_ დაიწყე არა ლირიკულ-სენტიმენტალურ „ჰანგებზე“ ?! _ და მრავალმნშვნელოვნად დაამატა _ ცოტათიც კი არ მიყვარხარ ! ეგოისტი ვარ და პატივმოყვარე. საკუთარი თავისა და საკუთარი საქმის გარდა არავინ და არაფერი არ მიყვარს.
_ ტონი მაინტერესებდა _ თავზე ხელი გადაუსვა ლექსომ _ გიყვარვარ !.. შეუძლებელია არ უყვარდეს ჩემნაირი კაცი შენნაირ ქალს.
_ ოოო, რა თვითდაჯერებული ხარ !


...
კიბეზე შემდგარი ვერიკო კედელზე ლურსმანს აჭედებდა.
ბოლო დროს იმდენად აფორიაქებული იყო, ხატვას თავს ვეღარ აბამდა.
ეს ნახატიც როგორც იქნა დაამთავრა.
ის იყო ლურსმანი დააჭედა და კარზე კაკუნი გაისმა.
_ მობრძანდით, კარი ღიაა !!!
კარი გაიღო და ლექსო შემოვიდა :
_ ეს სად ასულხარ ?!
_ ლექსო ახალაძე _ ვერიკო ეცადა სიხარული არ შემჩნეოდა _ ისეთ მოთხრობაში ამოგაყოფინებ თავს,  რომელშიც  ქრონიკული გასტრიტით იტანჯები, კარის მეზობელი უბნის რწმუნებული გყავს და ზედა სართულიდან დღეში სამჯერ წყალს გიშვებენ.
_ მაგნაირი რა დავაშავე ?!
_ ის დააშავე, ჩემო კარგო, ასტრონომიაზე წარმოდგენა არა გაქვს.
_ შენ ფიქრობ, ისე „მაღლა“ ხარ ასული, რომ ჩემთვის ასტრონომიის ცოდნა აუცილებელია?! ახლავე ჩამოგსვამ ძირს ! _  ვერიკოს კიბიდან ჩამოყვანა დაუპირა.
_ არ გინდა ! მანდ არაფერ შუაშია ჩემი „სიმაღლეზე“ ასვლა! _ შეეშინდა ვერიკოს.
_ აბა ასტრონომია რა შუაშია ?!
_ ასტრონომია რომ გესწავლა, გეცოდინებოდა, რომ  დედამიწა არყის ბოთლის გარშემო არ ბრუნავს ტელევიზიაში.
_ ტყუილად ფიქრობ, რომ ტელევიზიაში ვსვამ.
_ ახლა არ მითხრა, რომ ეს ორი კვირა ბიბლიოთეკაში იჯექი და უზნაძის „განწყობის თეორიას“ ამუშავებდი. მაინც არ დაგიჯერებ !
_ დაკავებული ვიყავი.
ვერიკომ ნახატი დაკიდა.
ლექსომ კიბიდან ჩამოსვა.
_ ყავას დალევ ? _ ნახატი გაასწორა.
_ კი.
_ კიდევ რას დალევ ?
ლექსო დაფიქრდა.
_ რაზე ფიქრობ ?
_ „განწყობის თეორიაზე“ _ იცინის ლექსო.
_ განეწყვე, მხოლოდდამხოლოდ : ხსნადი ყავა, ნალექიანი ყავა, ჩაი ლიმონით _ დაფიქრდა _ პიტნის ჩაიც შეიძლება _ ღიმილით _ თუმცა შენ ალბათ „ბორჯომი“  მოგიხდება, წუხანდელი ნამთვრალევი  იქნები.
_ არაყი მირჩევნია. ჩავალ ამოვიტან.
_ არ გინდა, მაქვს! ჩემო კარგო ლექსო, ერთ მოთხრობაში კი არა, მოთხრობების „სერიალში“ მოგიწევს ფართხალი და ყველგან „ლოთის“ ეტიკეტით.
_ არაყი რა ეტიკეტით არის ?
_ „შინაური ჭაჭა“.
_ ოოო, რომელი „განწყობის თეორია“  შეედრება.



...

ბუხარში ცეცხლი დაანთო. სავარძელში ჩაჯდა. სიგარეტს მოუკიდა.
„ დარეკავს !
აი ახლა ტელეფონი აწკრიალდება და დარეკავს...
უკვე შეუძლებელია ამდენი ლოდინი !
დაიწყებს: „აუჰ, ვერიკო, იცი რამდენი საქმე მქონდა?!“ ...ოოო,  „этот кот, ходящий по себе“, ვერ მოაშინაურებ... რაც გინდა ეცადო, ვერ მოაშინაურებ!“
ტელეფონი აწკრიალდა.
“ ლექსოა!“
რამოდენიმე ზარის შემდეგ აიღო ყურმილი.
_ ხო, ლექსო, გისმენ !
_ რა იცი, რომ მე ვარ ?!
_ ტელეფონის ზარზე გცნობ !
_ რას აკეთებ ?
_ გღალატობ!
_ აბა, შენ იცი !
_ არ ნერვიულობ ?!
ლექსომ ცოტა ხნით პაუზა გააკეთა:
_ გუშინ ორჯერ ვიყავი შენთან და სახლში არ დამხვდი.
_ სახლში ვიყავი და კარი არ გაგიღე. „რაღა გუშინ გავედი გარეთ! „
_ სამაგისოდ ტვინი არ გავიოფლიანე, ეგ არ მიფიქრია.
_ მერე რატომ არ იფიქრე, მე არ ვარ ის ქალი, ვისაც ღალატი შეუძლია, თუ შენ არ ხარ ის კაცი, ვისაც ღალატობენ ?!
_ ვერიკო, ნუ მაინტრიგებ !
_  მოდიხარ ? _ იღიმება ვერიკო. _  რა არ მოდიხარ?!
_ მეზარება გარეთ გამოსვლა _ მცირე პაუზის შემდეგ თქვა ლექსომ _ სიარულის განწყობა არა მაქვს.
ვერიკოს სახე შეეცვალა :
_ შენი ნებაა! _ უთხრა მოჩვენებითი გულგრილობით.
_ არ ნერვიულობ ?!
_ არც მიფიქრია, მე ხომ მაინც გღალატობ !
_ კისერიც გიტეხია ! _ ლექსომ ყურმილი დაკიდა.
ვერიკო გაშეშდა.
არ მოელოდა.
ყურმილს დიდხანს უყურა გაკვირვებულმა.
ვერაფერი მოიფიქრა.
სასულე გადაეკეტა.
_ კი.. კი, მაგრამ  მე ხომ  ვიხუმრე !.. ხომ არ გაგიჟდა !..  მე ხომ...მე ხომ ვიხუმრე _ მოიფიქრა და ყურმილი დადო _ დაიჯერა ?! არა მგონია !  სასწრაფოდ ისევ აიღო ყურმილი, ნომერი აკრიბა _ სახლიდან არ რეკავდა, თუ ყურმილს არ იღებს ?! _  სავარძელში ჩაჯდა. ისევ ადგა. არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა _ ხომ არ გაგიჟდა ! _ იგრძნო როგორ გაეყინა თითები. ბუხართან მივიდა , ხელები ცეცხლს მიუშვირა.
ვიღაცამ კარზე დააკაკუნა.
ვერიკო არ განძრეულა. „თუ ვინმე შინაურია, შემოვა“.
კაკუნი განმეორდა. კორიდორში ფეხის ხმა გაისმა და ოთახში ლექსო შემოვიდა.
ვერიკო ბუხართან გაოგნებული იდგა.
თვალებს არ დაუჯერა.
გაღიმებული ლექსო ვერიკოსკენ წავიდა, რომელიც იმავე პოზაში იყო დარჩენილი.
_ ახლოს არ მოხვიდე ! _ გამოერკვა ვერიკო.
_ რატომ ?! _  „გაუკვირდა“ ლექსოს.
ვერიკოს გაეცინა:
_ ინგლისური ეტიკეტის თანახმად თუ ოჯახთან შვიდი წლის მეგობრობა არ გაკავშირებს, ბუხართან მისვლის უფლება არა გაქვს მასპინძლის ნებართვის გარეშე.
_ შვიდ წელიწადს სამი დღეც რომ აკლდეს ?! _ იცინის ლექსო.
_ სამი დღეც რომ აკლდეს !
_ ეგ ინგლისური ბუხრის უბედურებაა ! _ ვერიკოს ხელები მოხვია _ დაწყნარდი,. რა ჩურჩუტი ხარ ! როგორ იფიქრე, რომ ყურმილს დაგიკიდებდი ! შენი კარის მეზობლიდან გირეკავდი.
_ არ გელაპარაკები !
_ სიმართლე გითხრა, არც მე მცალია სალაპარაკოდ, მეჩქარება.
_ სად გეჩქარება ?!  ამდენი ხნით დაიკარგე . ალბათ სულ „გადაუდებელი საქმეები“ გქონდა, რაკი დასარეკადაც ვერ მოიცალე.
_ ესე იგი, უკვე შევრიგდით !
_ ყავას მაინც მოვადუღებ.
_ ვერიკო, ისეთი წარმოდგენა მაქვს, შენთან ყავა პირდაპირ ონკანიდან მოდის, მაგრამ ახლა ყავა არ მინდა, ქვემოთ დათო მელოდება მანქანით, ვარძიაში მივდივართ.
_ მართლა ?! კარგი, წადი .
_ მინდოდა, შენც წამოსულიყავი, ცუდია, რომ არ გცალია.
_ ვინ გითხრა, რომ არ მცალია ?!
_ შენ არ მითხარი გღალატობო ?! ღალატი ისეთი სერიოზული საქმეა, თან ისეთი „შრომატევადი“ არ მინდა მოგაცდინო.
_ შენ რა, მართლა იფიქრე, რომ ...
_ ვერიკო, რამდენი წლის ხარ ?!
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს ?!
_ არა, მაინც რამდენი წლის ხარ?!
_ ბევრის !
_ მერე, ამხელა გოგოს ჭკუა არა გაქვს ?! რა უნდა მეფიქრა, მართლა რომ მღალატობ ?! . მიდი, მიდი, ზუსტად ხუთ წუთში ჩაიცვი, მივდივართ.
_ ლექსო მიყვარხარ ! _ კისერზე ჩამოეკიდა ვერიკო.
_ სასიყვარულო სცენები მერე, დაბრუნებისას.

...
_ დათო, ქალი მაშინ არის უბედური, როცა საკუთარი თავი ჭკვიანი ჰგონია. როგორც ასეთი ბუნებაში „ჭკვიანი ქალი“ არ არსებობს. ნიჭიერი,  კი ... ჭკვიანი არა...  და  რა სასაცილოები არიან, როცა ჰეგელზე და კანტზე ისე, „სხვათაშორის“ ჩამოგიგდებენ  ლაპარაკს ქვეტექსტით  „ფრთხილად, მეც ჭკვიანი ვარო“.  და რა უცებ ხდება ყველაზე ჭკვიანი ქალიც კი უსუსური და შენზე დამოკიდებული, თუკი კაცად გაღიარა. ქალი სიყვარულისთვის შექმნა ღმერთმა, კაცისთვის შექმნა. აი, მანდ კი ყველა ქალს იმდენი ჭკუა უნდა ქონდეს,  რომ თავი ჭკვიანად არ მოგაჩვენოს.  ეს  რა უბედური გამოთქმა გვაქვს ქართველებს „მამალი ქალი“ !  რად უნდა კაცს მამალი ქალი, თუ თვითონ არ არის დედალი ?!  ქალი ისეთია, როგორსაც კაცი ქმნის, როგორიც კაცს მოსწონს.
ქალს გაუმარჯოს, არა, დათო?!
_ კი, ბატონო, გაუმარჯოს!

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები