ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
11 თებერვალი, 2011


ნიმი

-მოხვედი?
გამიხარდა შენი დანახვა. დიდი ხანია ჩემთან არ მოსულხარ. სად იყავი?
მავიწყდება, რომ არასდროს მპასუხობ კითხვებზე და მაინც გისვამ, გადმომდე ნიმი,
შენ ძალიან გადამდები ხარ.

ნიმი შენ მხოლოდ კითხვებს სვამ ხოლმე, დაბნეული ხარ და სულ კითხვებს სვამ.
მერე მე ამ კითხვებზე პასუხს ჩემს თავში ვეძებ და გემსგავსები.

დღეს ძალიან თბილად ჩაცმული მოვიდა და გამიკვირდა. აღარც კუთხეში დამჯდარა, ოთახში სიარული დაიწყო და უცებ ატირდა.
ნიმი მარტოა, ყველაზე მარტო. ეს ადრეც ვიცოდი, მაგრამ მე ვყავდი. ახლა კი ჩემგანაც გარბის.
ოთახში დადის და ამბობს, რომ აღარაფრის აღარ ჯერა, რომ ძალიან დაიღალა.
დასუსტებულია.

მეტირება, როდესაც ვუყურებ. ემოციების ბუდეა.
მიყვარდიო მეუბნება, მოდის და სულზე მუშტებს მირტყავს, ის ერთადერთია, ვისაც ჩემს სულთან შეხება შეუძლია.
ასე მგონია, რომ არასდროს ვიცნობდი, თითქოს პირველად ვხედავ.
უცბად ბრუნდება და თვალებში მიყურებს,
ნიმის მხოლოდ თვალები აქვს შერჩენილი.

მახსენდება, რომ მასზე დიდი ხანია არ მიფიქრია და ამიტომაც არის ასე ცუდად. ყველამ მიატოვა ნიმი.
სულ შიშვლდება,
ლოგინში წვება და ოთახიდან მაგდებს. მხოლოდ სანთლის დატოვებას მთხოვს.
მე კუთხეში ვჯდები და მის სიჩუმეს ვუსმენ.

ნიმი ყველაზე დაბნეულია, მხრები აქვს ჩამოყრილი, შიშველი ზურგი მიუშვერია სამყაროსთვის. მე ვერ ვუახლოვდები.

მე მისი მეშინია.
არ მინდა დავკარგო,
მის გარეშე სამყარო უფერული იქნება.
სხვები ვერ ამჩნევენ მას, ამიტომ არის ასეთი სევდიანი.

ნიმი მთხოვს, რომ მისი ცხოვრებიდან წავიდე,
ნიმის ძალიან ლამაზი ზურგი აქვს,
მე მას ვერ ვტოვებ.

მიმატოვესო ამბობს და ტირილს იწყებს, ვინც მიყვარს ყველა ჩემს გაქრობას ცდილობსო.
ადექი და შენც გამაქრეო.
ტკივილს მაყენებს,
არ შემიძლია მისი დავიწყება.

დგება და მიდის.

ნიმის ქუდი დარჩა, ხელში ვიღებ და რატომღაც ვსუნავ.
ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს თურმე.
ახლა ვამჩნევ, რომ ქუდი თოვლიანია,
ნიმისთან თოვს, მას კი მარტოობა არ უყვარს თოვლში.
წავიდა...

ნიმი ყველაზე დაბნეულია და ძალიან ხშირად სულელურ კითხვებს სვამს,
ალბათ ამიტომაც მიყვარს ასე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები