ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
24 თებერვალი, 2011


მაპატიე ეს სიყვარული!

ზღვის ტალღას მიჰყვება ჩემი ფიქრები... 

როგორ მომნატრებიხარ!
აღარ მეგონა, თუ კიდევ გნახავდი!
ო, რა გაუსაძლისი იყო ეს სიშორე, შენთან სიშორე! გაუსაძლისი და ტკივილიანი... შენგან შორს ვიყავი, ვერ გხედავდი და მაინც, ჩემი ყოველი უჯრედით ვგრძნობდი შენთან შეხებას, შენს ალერსს... და მებრალებოდა ყოველი სულიერი,  ვისაც შენი ალერსი ერთხელ მაინც არ განუცდია!...
მებრალება ყველა, ვინც შენი სიყვარულის მორევში თავდავიწყებითა და უკანმოუხედავად არ გადაშვებულა, ვისაც შენს გაშლილ მკლავებზე სულგანაბულს არ უნანავია... ვინაც არასოდეს ჩაგიკრავს გულში!...
საოცარი ალერსი იცი, – სხეულის ყოველი მილიმეტრი ერთდროულად გრძნობს შენი ხელის შეხებას, ერთდროულად ნეტარებს... და ვეღარ იგებ, როდის მოხდა თქვენი სულების შერწყმა, შეერთება... როდის გახდით ასე „ერთსულ და ერთხორც“!
შენს დანახვაზე თავიდან შიში მიპყრობს: „ნუთუ შევძლებ მასთან მიახლოვებას?! გავბედავ მისი სიმშვიდის დარღვევას?!... ის ხომ ასეთი დიდია და ასეთი მიუწვდომელი?!...“
თანდათან გეჩვევი და უკვე აღარ მეჩვენები ეგზომ პირქუში და უკარება.
და თუ გაიღიმე, შენი აღარავის ეშინია. თვით პატარა ბავშვებიც კი სიხარულით გამორბიან შენსკენ, გეთამაშებიან და შენც სიყვარულით ეთამაშები მათ...

მე მოვედი შენთან!...
ხომ დაგპირდი, „მოვალ“–მეთქი?! ჰოდა, მოვედი!
კრძალვით და რიდით, საკუთარი ხელით ვიხდი სამოსს და...
აი, მე შენს წინ ვდგავარ! პატარა, უმწეო ბავშვივით ვდგავარ და ველოდები, როდის შემეხები, როდის მომეფერები...
შენ კი არ ჩქარობ, ნელა მიახლოვდები და თითებზე მეხები, მხოლოდ თითებზე და თან შენსკენ მიხმობ... ოდნავ გათამამებული შენსკენ ვდგამ ნაბიჯს და... ახლა უკვე მთელი ტერფი გრძნობს შენს შეხებას, საოცარს, თბილს... საამო ჟრუანტელი მივლის მთელ სხეულში! გითამამდები და უფრო ახლოს მოვდივარ შენთან. შენც არ იშურებ ალერსს და წვივებსა და მუხლისთავებს მიკოცნი!...  აი, მუხლებსაც ამოსცდი...  სულ უფრო ზევით მოიწევენ შენი თბილი ხელები... შეჩერდი!  ამდენს ვეღარ გავუძლებ!  მეთამაშები თუ სასიყვარულო პრელუდიაა?  სულ ცოტაც და... გული წამივა ალბათ! ფეხებს შორის ვგრძნობ შენს შეხებას და... ვეღარც შენსკენ მოვდივარ და ვეღარც გაგირბი! მომნუსხე, დამატყვევე! მთელი სხეული დამეძაბა... კიდევ ერთი ასეთი შეხება და... არ გეცოდები? საბანაო ბიკინი დამისველდა... ჰო, ნუ მათქმევინებ, სად! შეჩერდი-მეთქი... ვერ ხედავ, როგორ მითრთის მთელი სხეული? სული მიგუბდება, როცა მუცელზე მეფერები!  ცოტა კიდევ და... შენ უკვე წელზე გაქვს ხელი შემოხვეული!... ჩემი ჩუმი კვნესა აპობს ხმაურიან სიჩუმეს!
საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი, – ვგრძნობ, რომ გინდა მიწას მომწყვიტო და შენს სამყაროში შემაცურო!... სუნთქვას ვაჩერებ, მინდა ეს წამიც შევაჩერო, ნეტარების წამები გავიხანგრძლივო!...
მე ვჩერდები, შენ კი – აღარ, – მკერდზე მეფერები და მაგიჟებ!...
ღმერთო, რა საოცარი შეგრძნებაა! მთელი სხეულით ვკანკალებ იმ სასწაულის მოლოდინში, რომელსაც შენი სახელი ჰქვია!... უფრო ახლოს მინდა მოსვლა! მინდა, მთლიანად შემოვიდე შენში და, ერთდროულად, შენით ავივსო!... მინდა,  შენს ხელებს მივენდო და შენს სულს შევერწყა!...
მინდა მთელი ხმით ვიყვირო, მაგრამ... მხოლოდ ჩურჩულით ნათქვამი „მიყვარხარ“  სწყდება ბაგეებს!
თავს ვეღარ ვიკავებ და მთელი არსებით ვეშვები თავდავიწყების მორევში. ხელებს ვშლი, რათა მკერდში ჩაგიკრა, მაგრამ შენ მასწრებ და პატარა ბავშვივით მიტაცებ ხელში!
ჩემთვის აღარავინ არსებობს შენს გარდა! არავის დანახვა მინდა ჩემს გვერდით, რადგან ყოველი არსება ჩემი მეტოქე მგონია, შენს სიყვარულში რომ მეცილება!... ამიტომაც ვწყდები მიწას და შენს სიღრმეში ვეძებ მარტოობას!
აღარ ვადევნებ თვალს დროის მსვლელობას, აღარ ვითვლი წუთებს და საათებს... არ ვიცი, რამდენი ხანია, შენთან ვარ!...
და აი, შენს მკლავებზე ნებიერად გადაწოლილი, შენი სიყვარულით დაღლილი და სავსე, სველი და მხურვალე სხეულით ნელა ვირწევი, მეც შენთან ერთად ვმოძრაობ, შენს რიტმს ვერგები... და ვეღარაფერზე ვფიქრობ, გარდა ერთისა: დიდხანს გაგრძელდება ჩემი ბედნიერება?
მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ თავდავიწყებით, მთელი ჩემი არსებით, ყოველი უჯრედით... 
მაგრამ... შენ? შენ თუ გიყვარვარ, ზღვაო?...
შენ, ასეთი დიდი და უკიდეგანო, შესძლებ ჩემს სიყვარულს? თუ მეც მხოლოდ ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ, ვინც შენს უცნაურ სიყვარულს აზიარე და მერე სამუდამოდ მოიცილე თავიდან?!...

მზე ჩასასვლელად ემზადება,  ნელ-ნელა კრეფს თავის სხივებს, მუქდება, წითლდება... მზის ოქროსფერი ბილიკიც თანდათან შორდება ნაპირს. მთელი დღის განმავლობაში ზვირთცემით დაღლილი ზღვა თვალდათვალ მშვიდდება.
სანაპიროზე ვზივარ და ზღვას გავყურებ: თითქმის აღარავინ არის წყალში.
ზღვაო, ზღვაო!......
ვისი სიმშვიდე შეედრება შენს სიმშვიდეს?!
ვისი გაბრაზება იქნება უფრო ბობოქარი, ვიდრე შენი?!...
ვინ, რომელი სულიერი შეიძლება იყოს შენზე დიდსულოვანი?!...
ვისი შინაგანი სამყარო შეიძლება იყოს უფრო ლამაზი, სრულყოფილი, საშიში და იდუმალი?!...
ვის თვალებში შეიძლება აირეკლოს მზე, მთვარე, ღრუბლები თუ ვარსკვლავები ასე ლამაზად?!...
ვის მივყავართ სულის სიღრმეებისკენ მზის ოქროსფერი და მთვარის ვერცხლისფერი ბილიკებით?!...
და ბოლოს, ვისი ალერსი შეიძლება შევადარო შენს ალერსს?!

ო, როგორ მინდოდა, კატერზე მიბმული პარაშუტით ავფრენილიყავი ცაში და ცოტა ხნით მაინც შემეგრძნო ფრენის განუმეორებელი სიმშვენიერე, შემდეგ კი ფრთადაკეცილი არწივივით მიმეტოვებინა ცა და შენს სულში ჩავკარგულიყავი!....

საოცრად მომინდა ზღვაში შესვლა. ფეხზე ავდექი, ზღვას მივუახლოვდი და მუხლამდე შევედი წყალში. წყალი თბილია, თბილი და ალერსიანი...
ნაპირს მოვხედე, – უამრავი თვალი მომჩერებია: „როგორ?! საღამოა და ეს კი ზღვაში შედის?!“
ჰო, საღამოა...  და მე შენი სიმშვიდის დარღვევას ვბედავ!

ფრთხილად შევცურდი წყალში და... მაშინვე შენი თბილი ხელების ტყვეობაში აღმოვჩნდი.
შენთან შეხებისას ყოველთვის უცნაური გრძნობა მეუფლება: მინდა აღარაფერი იყოს ჩვენს შორის, თუნდაც ეს სიფრიფანა ქსოვილი, ასე რომ მბოჭავს და მიშლის, სრულად, მთელი სხეულით შეგიგრძნო!...

ნეტავ ღამე იყოს ახლა!...
მხოლოდ ღამე შევძლებდი შენთან განმარტოებას! შენს სასთუმალს, – უამრავი ლამაზი კენჭით მოფენილ ნაპირს მეც ხომ გამიზიარებდი? და ვიქნებოდით ორთავენი სულშიშველნი  და განძარცვულნი!...
მხოლოდ ღამე შევძლებდით უამრავი ცნობისმოყვარე თვალიდან მოფარებას! მთვარის ვერცხლისფერ ბილიკს გამოვყვებოდი შენამდე, ნაზად მოგეფერებოდი, შენს სარკისებურ ზედაპირზე მოვფანტავდი ცაზე მოკიაფე ყველა ვარსკვლავს!...
სიყვარულით დაგღლიდი და დავიღლებოდი, შემდეგ კი შენს ჩურჩულს სულგანაბული დავუგდებდი ყურს და აუცილებლად გავიგონებდი: „მიყვარხარ!...“
არა! გავიგონებდი „ძალიან მიყვარხარ!...“ ან „ჩემი ხარ!...“  ან კიდევ რამეს, რაღაც ისეთს, რაც ჩემს სულს აამღერებდა, ფრთებს შეასხამდა, უკიდეგანო სამყაროს ერთ წამში შემოატარებდა და შემდეგ, აუცილებლად, კვლავ შენთან დააბრუნებდა!
ღმერთო, როგორ მიყვარხარ, ზღვაო!..
ნეტავ ღამე იყოს ახლა!...

მაგრამ... ძალზე შორს გაფრინდა ჩემი ოცნება!...
დამიბრუნდი, ოცნებაო!... შენ დაშვებულ ზღვარს გადააბიჯე!  ღამე – შენი არ არის!
ღამე ზღვა სხვას ეკუთვნის, – თევზებს, მედუზებს, მოლუსკებს, წყალმცენარეებს...
და შენ, ადამიანო, ნუ შეეხები ამ იდუმალ სამყაროს, – ესოდენ ლამაზს, განუმეორებელს, მშვიდს, უცხო თვალისთვის დამალულს!.. ეს მისი სამყაროა! ზღვის იდუმალი სამყარო!
შენ სხვა სამყარო გელოდება, – ცოცხალი, ხალისიანი, ბობოქარი, ვნებიანი, ავი, გაუტანელი, მშვიდი, კეთილი, უშფოთველი... აირჩიე და თავად განსაზღვრე შენი სამყაროს ხასიათი!...
ზღვას კი ნუ შეეხები, – ღამე შენ იქ არაფერი გესაქმება!

და მაინც, მე შენ მიყვარხარ, ზღვაო! მიყვარხარ დღისითაც და ღამითაც... და მაპატიე, თუ ღამე მხოლოდ შენ კი არა, მე თავადაც სხვას ვეკუთვნი... მიყვარხარ და... მაინც გღალატობ! 
სული ჩემი შენს სულთან არის გადახლართული! ნუ მიმატოვებ, მე მოვკვდები უშენოდ!
და მაპატიე ჩემი უნებური ღალატი!
მაპატიე ეს სიყვარული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები