ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2011


მათე .......

                              ,,ლექსთა შეჯიბრებაზე....''
                                                                    გალა.....
თევზი

არ ვიცი, რატომ მიჭირავს თევზი?
დავიჭირე თუ....
მღვრიეა წყალი და არნაკარგი, არნაფიქრი
წინ წავიმძღვარე ძველი საგზალი....
ერთს ათასად ქმნის, როცა ახალი ფიქრი მწყაზარი,
რაღაცას შეცვლის.............
თუ ვერ შეცვლის?....
და საფიქრალი ისევ იგივე:
თევზი და პური.... გზაზე სახმარი
ათასი ვერცხლით
ჯიბეტვირთული,
უსაშველობით გულმოწყლული,
ავაზაკთა შიშით, ფეთებით....
ვპოულობ გზას და...
კვლავ თევზით ხელში ვდგავარ და ველი,
ათასს ათასი არ მოჰყვა ვერცხლი....
იქ დააპურეს სულ ერთი თევზით...
რაც სწყუროდათ, ის დაიგულეს,
იმით ბევრობდნენ.
მე კი კვლავ თევზი...
ორ ავაზაკს გაუკრავს ხელში სული ჩემი და
ვევედრები: დამეხსენით,ხომ მაქვს ათასი!
არ უნდათ! მთხოვეს...
მხოლოდ ის ერთი
ნაჭერი თევზი,
ნაჩუქარ ბედის, თუ მღვრიე წყლის...
მიშველის!  მე კი...
ვერა, ვერ ვუცვლი.
                                       
სამსახოვანი ჩემი მთვარე

სახე პირველი

დღეს მთვარე,
როგორც გულმხურვალე მლოცველი  ერთი,
ობოლი?..... თუ  პირზე ღრუბელაფარებული,
ჩრდილნახულ  ცაზე,
ვარსკვლავ- მორთული მოსასხამით,
მარტოდ შთენილი,
არ მიყოფდა არც ცას, არც მიწას...
და ეს მთა წმინდაც,
პოეტების მუზა-ნაცადი,
შუბლდაღარული,
სულ ღიმილად რატომ გაბრწყინდა?!....
რა მოიხილა, რა ეზმანა?....
ისევ წარსული?....
თუ მომავლის სურათს იწვდენდა,
თავად მარად  მიუღწეველი.....

სახე მეორე

დღეს მთვარე....
როგორ... ისევ მთვარე?...
შემეშვი რა....
აღარ მოგწყინდა?!...
და მერე მთვარეს...
ცალი მხარე  ჩამოვათალე....
რადგანაც მთლიანს სულ მზე კოცნიდა....
დავიღალე....
ძველიც...ახალიც....
გაიტანეთ ეს ბადრი მთვარე!
გა-ი-ტა- ნეთ!....
უმთვარო ღამე...
ნაქები მთა და ცა მღელვარე.....
აღარ ვხატე...
მუზაც შევშალე...
მთვარეს ვაფარე მუზარადი,
ცა საბნად ვშალე...
წავიფარე....
სიზმარ-დაბმული
ძილი მოვიდა....

სახე მესამე

გამებუტა ნათალი მთვარე...
მაცალე!... მალე დაინანებ....
და როცა შემკრთალს ალიონზე გამომეღვიძა,
აღარც მთვარე...და არც მთა წმინდა...
არც ძველი მუზა, მოცახცახე....
მხოლოდ წმინდა ბელეტრისტიკა:
ქურაზე ყავით.... მაკიაჟით...
კიბის ჩქარი საფეხურებით...
და გადარბენით...მზე-ნახები,
მასაც  დრო მიაქვს...

დღეს მთვარე....
ნეტა, რა მოგივიდა... ვერა ხედავ?!...
სამსახურში დავაგვიანე.....
                                             

მთესველი
                                ,,აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.’’
                                                                          მათე.13.3.

გამოსულა მთესველი....
მიწა მწყაზარი,
თუ კლდე უკარი,
ან ეკალ-ბარდი.......

გამოსულა მთესველი....
გული, ვით ვარდი...
გულქვა როკაპი,
თუ წუთისოფლის საზრუნავით
გულდახშული,
დარაბებს არ ხსნის....

გამოსულა მთესველი.....
თვალმოხატული
სიხარული
და ფრენის განცდით,
თავდახრილი პურის თავთავი,
მარად საკმარი....
ანდა?... სწორია ხაზი და
ცივი მზერით
შესრულებული,
ყველა ბრძანება:
თავთავს გასხეპდა.....
ან ისე არის დაღლილი ძებნით....
და წუთისოფლის დაუთვლელი ამდენი ხარჯით
ტკივილნატანჯი.........

გამოსულა მთესველი....
გაზაფხულია.... სიამით სუნთქავს ცა და მიწა...
და ამ ულევი წამის შეგრძნებით გარინდებული, რაღაცას ელის......
ხელის აქნევით იწყება ჟამი....
თესლი, მწყაზარი მიწისათვის, გასაღივებლად....
სიკვდილი მხრწნელი..... და აღდგომის ნეტარი წამი.....
ნერგი ცახცახით ცვარს ელოდება....
მთესველის თვალი -- მზე შუბის ტარზე გაჩერებული....

გამოსულა მთესველი.....

                                                                         

ირმის ნახტომი
                              ,,ვითარცა სახედ სურინ ირემსა
                                  წყაროთა მიმართ წყალთასა...’’
                                                                ფსალმუნი 41.1.

აქ ყველაფერზე პასუხი აქვთ.
იქ?....
აქ ყველა სიმზე დაკრული აქვთ.
იქ?...
აქ ყველა ღერი დათვლილი აქვთ.
იქ?....
აქ ყველა სული ნაყიდი აქვთ.
იქ?....

ნაკრტენი შენი ვაწოდე შთენილს მარტოდ და კენტად,
გაკვნიტა, მხედავს!
თვალნატირალი....
ნალოკი ბევრი, ნამარილარი
და წყაროს წყალთან ნამარხულარი,
ესწრფვის, ვერ სვამს!
გული ეკრძალვის....
წყურვილს ეძალვის და....

იქ წყურვილს წყურვილით იკლავენ ნაკაწრად,
იქ ისე მღერიან.... სმენასაც  გაატან,
იქ  წვეთში მზე ბრწყინავს და ღერი ცას აბამს,
იქ სული მღელვარებს, ზღვას წვეთად დაკარგავს....
იქ....

სწრაფვა უკან მოგდევს და ვერ შეელევი
სიტყვით ნათამაშებს, ნაცვლობს არეულად....
გამოიკეტები.... უცებ, ნატყვიარი?!...
მოსჩანს მონადირე... სადღაც მიმალულა....

ნამწყურვალები...
ნაალმასარი....
ნატრაპეზალი.....

ნატერფალები...

ირმის ნახტომი.

მესროლა. მომკლა. მატყავა. შემწვა.
მერე შემჭამა. გამაფიტულა.
ვდგავარ შუშისთვალა პრიალა სადგარზე.
წყურვილი?....... შემრჩა.
                                                                     

მაგდალინელი
                        ,, ....აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს....’’
                                                                                                            მარკოზი 16.9.

კანით შეგიგრძენი....
რა სხვაგვარია და .....
გიგრძენი სულის სულ ოდნავი მობერვით...
და  როცა  შეგეხე.....
დაშლილი თმის მკვდარი ბოლოთი, არ ვიცი.......
ჰო.... მკვდარი  მეგონა.... შენს ტერფებს ნახები,
როცა გამიცოცხლდა....
შეგრძნების ათასფერ მძივებად დაშლილი, ვიბნევი...
სადღაც უსასრულო სივრცეში დაკარგულს,
ჩემს თავს სულ ვეღარ  ვცნობ...
დახრილი წამწამის ცახცახით შეგიგრძნობ....
და მაინც არ მჯერა, რომ გული ირწევა....
გათქვეფილს, სიხარბის უძირო მორევში,
სხეულს რომ ნელინელ ვპარავდი  ნაწილებს...
რაც შემრჩა, ოქროს თვალდასაბმელ  ბრჭყვიალებს ვჩუქნიდი...
მეგონა, რომ ვრთავდი.... და რაღას ვკარგავდი?!....
სავაჭრო რაც იყო,
გასაყიდ  ფასზეც კი სულ აღარ ვდარდობდი, ისე ველეოდი
საკუთარ საუნჯეს და... სადღაც ვმარხავდი....
ახლა კი გიგრძენი.....
სიმშვიდის ისეთი ჟრიალით მოხვედი...
იმგვარად გამხსენი....
და სულის მობერვის იმგვარი ცახცახით
ვილევი,
ჩემს ჭურჭელს, ვნებათა ამ უძღებ სტომაქსაც,
სხვა მეტი აღარ სურს....
გიგრძენი, იესო....

                                                             


სიღამეი...... სიღამეიო.... და

                    ,,უფსკრული უფსკრულსა ხადისა ჴმითა ზე-გარდამოსაქანელთა შენთაჲთა;
                      ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანნი შენნი მე ზედა -- გარდამჴდეს.’’
                                                                                                                                      ფსალმუნნი 41.7

და ამ ძრწოლათა სიღამეი გადმოვიარე....

თუმც ფიქრთა ვიწრო დერეფანში დავრჩი მჯდომარე...
მიწყალე...
წყალმა ჩაიარა...რა წყალმა, ნეტავ?....
დელგმააო..და ელვანი სვეტად....

სიღამეი.... სიღამეიო... და
ყაისნაღით ვქსოვ სამიწესა...
დასაფარს ღამით....
ნეტარი?!.... წამით...
თვალდახუჭული მლოცველი ვარ...
მიწყალე ჟამი!
იქითაც  უნდა მიმეხედა,
გამომეხვეტა,
ყოველი სიმი გამელესა,
გული მელექსა....

სიღამეი...სიღამეიო..... და
გარდახდომილი ზღაპრად მეწერა... შემომეწერა
უსტარი ტანად ნაფერი და წამწამ- ნაღები,
ვით მწვანე ველი ნარეკ- ზმუილ- შემოკვდომილი...
გადავატარე ათასი...თუმც  დამრჩა ცდომილი....

სიღამეი...სიღამეიო....და
გამიუფსკრულდა ნათქვამი აქ....
ახალი ღელვა.... ვინ დამიბრუნა განსაცხრომელი მე
მკლავთა შენთა..... დანა-მკლავდა, თუ?.....
ვისღა ეჯერა...რომ მოეხედა...

სიღამეი.... სიღამეიო....და
აღარ მეჯდა მხარზე პეპელა...
თან ფუჭი კოცნით გულდანაწყვეტი ...
უღელს შევები.... აქ კი წავები...?!....
და იმგვარნი ღელვანი შემხვდნენ,
ზღვანიც ჩაყუჩდნენ...მათი მნახველნი,
ნაოტები...ნაძირს ჩავედი.....

სიღამეი...სიღამეიო....და
ნაგულვანები ათასთა მდევთა...
გულმოულბობი შიშით  მეძებდა....
მეისრეთა ყურდაგდებული
ჩურჩული გველთა....

და უფსკრულთა ფსკერნიც განირჩა,
როცა გადიწვა ველთა ბიბინი
მიწის კივილით....სიღამეი...სიღამეიო....და

პირამოვსებულს, უძროდ შთენილს,
მიმწარე ცრემლი,  მიტკბე ღიმილი,
და ისევ გესავ....სიღამეი.... სიღამეიო.... და

გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა,
პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა,
თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....

და ამ ძრწოლათა სიღამეი  გადმოვიარე....

სიღამეი.... სიღამეიო...და.....
აქ დამათენდა.
                                                     


პოეტი
                                                             
    ,,აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი მეუფესა;
                                                    ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვანისა.’’ 
                                                                                                        ფსალმუნი. 44.1.

ენა შენი, ვითარცა თაფლი გოლუოლისა
                            და გული შენი, ვითარცა ტაძარი სიყვარულისა.....
სიტყვა შენი, ვითარცა ჭეშმარიტება თვალშეუდგამი
                            და სული შენი, ვითარცა ზეცად ფრთა ანგელოზისა...

..........................................და ხან კი ,,მწიგნობრული ჴელოვანება’’
მონიტორული მღელვარებაა!
აწყობილ სტრიქონს ეჯაჭვება შტამპვის მანქანა,
თუმც არა!... უფრო  ტვინის ნეტარებაა!
არაფიქრად მეორე მხარეს, სიტყვას რომ ჭედავს......

მართალს ამბობს, გული სწყალობს,
იმ ერთს მარად დამღერის,
მშვენის ერთა....
სულის ფერთა.....
სიტყვა  მოუწყენელთა.

....................................არაფრობით ყველაფრის მომცველი,
გაუთავებლად რატრატებს, ისე თითქოს და კენკავს.....
ყველა აზრს!
და ბეჭდავს...ბეჭდავს........
არც ის ანაღვლებს,
ვინ?... სად?.... რა?.....ხდება?.......
ან თუ ვერ ხვდება..........
თვალშეუდგამად მაღალია....
სიტყვით  შენდება!

ნიჭად მოგემადლა, ცის საჩუქარია....
თავად შვილია
და თანაც ფუძე- ძირი!
ხეა მსხმოიარე,
ნაყოფთა მომღები,
ძიებით მოუღლელი,
გულდაუშრეტელი....
სიყვარულისფერთა,
უჭკნობთა ყვავილთა
ყველგან  მძებნელი და
სიტყვით მომქარგველი......

.................................ყველა წესი დაცულია!
ვინდოუსმა დაყვინა!.....
დამაცადე,  რესტარტს ვაძლევ!
ნაბეჭდს?.....
,,დე’’-ზე გავჩითავ.......

....და მეუფემ მოიხილა საქმენი ყოველთა სულთა....
და აღხოცა ყოველი ცოდვანი სიტყვიერ  შენანულნი, გულითა......
და განაწესა კეთილნი თავიანთ კეთილთა ადგილთა.....
და ბოროტნი თავიანთ  ბოროტთა ადგილთა........
და ამათ კი,
სიტყვიერ აღაშენნეს და სიტყვიერ დაამხეს სამოთხენი თვისნი....

....................................გამიხსნა.....!
და  ,,დე’’- ზე რომ სულ არაფერია?.....
უბრალოდ  ახალი წესია!

გული -- უფალსა ჩემსა!

                                                 

ორი ქალწული
                                                 
        ,,გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო,
                            და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.’’
                                                                                  ფსალმ.50.10.

გამოდარებას ელის,
ელვისფერი დღის გათენებას.....
ნებას მიელტვის ერთის,
ნალტობი ცრემლით
ემალვის...და სულ არ ბრუნდება............
უნდება ისევ იქ, იმ ძებნილთან,
ბნეულთან....მწუხრთან, გადარეულთან........
და სიტყვა ,,მძულხარ’’,
სულზე ქვასავით დაეკიდება...........

ცოტა მაქვს ზეთი......

,,გული წმიდაი დაჰბადეო ჩემთანა, ღმერთო’’.

დუმილი.....დგას ამ სიჩუმეში და
სიტყვის ხიბლით გაოგნებული,
ხმასაც ვეღარ ძრავს..........

გავრბივარ ბნელში......

,,სული წრფელი განმიახლეო....’’

გვამის სიმშილი თითქოს ჩაყუჩდა,
ძვალი უძვლო,
ხორცნაჭირალი,
ჩამოკონკილი ამდენი ჯიბრით,
ურცხვად შიშველი, წყლულთა მტირალი.........

მელევა ზეთი.....

,,გული წმიდაო.... და სული წრფელი’’......

ერთხელ რამე მაინც გაეგო,
გადაეგო.......... ბოლო კოშკიც ციდან დაემხო....
ნამზერი თვალი,
განათვალი, ცრემლუწირავი.....

მიქრება........ ვკრთები.....
ვცახცახებ ბნელში .......

,,გული წმიდაო.........’’

გზა რომ გაეგნო, ფერნი ცისათა უნდა დაენთო.
გარბის..... და გარბის.....
აი, სიძემ კარი გააღო,
ქორწილიაო, და ყველას ელის........

ზეთი....ო,ზეთი.....მომაშველეთ,
მეც მიწილადეთ!
სულს დავდებ...... გულსაც..........

,,სული წრფელიო...’’

.........და მიწილადა თავისი ზეთი,  უკანასკნელი.......

                                                                                             

შაჰრაზადა
                                                                          ,, მეტი რა მინდა -                                                                 
                                                                          მზე, ჰორიზონტზე გაკიდული,
                                                                          ჰგავდეს ტივტივას.
                                                                          მე თავი მედოს შენს კალთაში
                                                                          და გიყვებოდე ათას რამეს.
                                                                          სიო ჩვენს ჰამაკს,
                                                                          შენ კი ჩემს თმას ეფერებოდე.''
                                                                                                    ,,შაჰრაზადა’’-ზევსის დაქალი

წვიმის ფარდააკრული თვალის უპეებიდან შემოვიდა ....
მზიფერად  ნაელვარები  ზურმუხტისფერი სიღამიდან .....
ცხელ ნაკოცნს,  ნალღობს, შარიშურით გადაიფურცლავს სიზმრის ზეცა  და..........
ნახევარმთვარის ცივი ვერცხლი, ვნებადამცხრალ  იისფერად გადამდნარი, გაიცრიცება....... 
....... ეჰ, შაჰრაზადა,  დაო ჩემო, მიამბე რამე...გულგასართველი.....
რათა მოწყენის მრუმე ჩიტმა დატოვოს ჩემი გულის კარები
და სიამეთა ზღურბლს სულ გადავცდე........
....... სიყვარულით და პატივისცემით.......
....................................................................................................................................... 
.........................................................................ამაზე უფრო საოცარი, დაო , სხვა გელის.......
მზეს თავისი ამბავი აქვს დღეს მოსათხრობი....
ის, ზაფხულის გრძელ ჰორიზონტზე გამობმული, ოქროცურვილ ნაბლანდებში გაიხლართება,
ბოლოს დაირცხვენს ამდენ ბორიალს.........  აწითლებული გაიპარება...
.......აწ, შაჰრაზადა, დაო ჩემო,  გულგასართველი ზაფხულია, ნეტავ, რამდენი, წინ გასავლელი?......
.......ნაათასალი და კიდევ ერთი დარჩა გულს ვარდი ღამის ზმანების.......
თითქოს გრძელია და უცნაურად მოუღლელი ზაფხულის დღეთა მწვანე ბროლება,
მაგრამ საოცრად მოკლეა მისი სურვილთა ღამის ცხელი  ზმანება  ......
და...... ეჰ.... რა სწრაფად ქარვისფერდება მისი სურნელი, აწ მზიურად ზურმუხტისფერი......
..........ო, შაჰრაზადა, შაჰრაზადა..... მიამბე რამე გულგასართველი......
თორემ წაება მოწყენისფერს მოწყენისფერი და...... გამიხუნდა ღამის სურნელი......
                                                                                                                                         

წერილი


როცა სულ აღარ მომიკითხე,
ვაშლის ყვავილისფერი იყო ცა.....
როცა მაჩუქე ერთი იმედი -
თვალხატულა,
გამახსენდა, რომ......

დადიოდა ნელინელ,
სიფრიფანებს იხდენდა,
ქარვისფერი საწვიმრით
წვიმებს გადაირბენდა....
ზღვა ღელავდა სახლის წინ,
ზღვა ქვის ფურცლებს ლოკავდა,
არას თმობდა,  ღამისთვის
ვერაფერს იმეტებდა....
ჰოდა მერე ...სულ გვიან,
როცა ფიქრი გათანგა,
როცა ყველა სიზმარი
უფერებოდ განქარდა...
მაშინ გაახსენდა რომ....

წერილების წერა ძალიან მიყვარდა
ადრე ...და ახლა?....
ახლა მხოლოდ დეპეშებს გწერ,
თუნდაც აი, ამგვარს:

როგორ ხარ... კითხვის ნიშანი...
მომენატრე... ძახილის ნიშანი...
მოგიკითხა  ბებომ და ყველამ....
წერტილი.

პასუხი არ ჩანს....
ნეტა, მანდამდე ვერ აღწევს თუ....
არა...უბრალოდ ძალიან დავაგვიანე,
რადგან დეპეშებისა და წერილების დრომ
კარგა ხანია, რაც  ჩაიარა.....

                                                       
უსათაუროდ
(შესაძლოა ავტოპორტრეტი იყოს)

როცა მშვიდად არ შემიძლია ვიყო,
ხელის ცახცახი გამცემს ხოლმე....
და მარტოდ მარტო,
გზააბნეული კრავივით ისევ,
უშენობის გამო გავები
იმ გაფარჩხული ბუჩქის მკლავებში...
მათ შესაწირად ვერ გამიმეტეს,
ისე უხმოდ თურმე  ვბღაოდი....
თვალის უპენი კი
ცრემლოობდნენ
დახუჭვის შიშით... 
ცალად დარჩენის....

არა და  სულ მარტომ არ გადავსერე
სევდის  ბობოქარი ოკეანე
სიტყვის ნავებით....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები