ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2011


ბულონური ქაშაყი, ანუ იტემ, სადა ხარ?...


                                            ,,მორჩა, აღსრულდა, მივდივარ მართლა
                                            მაგრამ მწყურიხარ ისეთი ძალით,
                                            ისე მჭირდები, ვით.... როგორც... რა ვთქვა....
                                            ბულონურ ქაშაყს სჭირდება წყალი.
                                            ნეტა ვინ გიხსნის ახლა საკინძეს,
                                            ვინ ეწაფება შენს უტკბეს ტყუილს....
                                            ო, ღმერთო ჩემო, ნუ გამაგიჟებ!
                                            კი არ ვლოცულობ, ვდგავარ და ვყმუი.’’
                                                                              ფრანსუა ვიიონი....

           
იტემ!...
ო, არა, რომელი იტემ? ....
მას ხომ არც ვიცნობ......
იქნებ არ გახსოვთ?!.... აბა, ანდერძი მის სახელზე
რომ ...
ვთხზავდი და ვთხზავდი?.... ეს როდის იყო?!.......

იტემ!....
ო, ისევ?... რად არ მეშვებით?.....
ბულონურ ქაშყს რა ხანია ამომხდა სული
უწყლოდ, ნავის გამხმარ ფიცარზე...
და ბებერმა მებადურმა, გამოფატრული,
შამფურზე შემწვა....
გემრიელი, ალბათ, ვიყავი........

იტემ!....
ო, არა! ....გაიგეთ... რომ არანაირ იტემს არ ვიცნობ.....
ვიიონიო?.... ეგ ვინღა არის......
ბულონური ქაშაყებით ხომ არ  ვაჭრობდა?!
ო, არა..... ლექსებს...
ოკეანეში ალბათ იჭერდა მაგ სახეობას....
დამარილებულთ,
თან ერთნაირად კუდდათავდაჭრილთ,
რკინის მრგვალ, მოელვარე ქილებში რომ კოხტად აწყობდა?.....
არა.... მაშინ არ მეცნობება..... ვინ ოხერია?......

იტემ..... იყმუვლე!
შეჰღაღადე.....
რაო, მე ვყმუი?!.....
ბატონებო, თქვენ გეშლებათ, მე ხომ თევზი ვარ.....
და  თუ თევზს  პირში წყალი  არ უდგას.....
მაშინ.....
მაშინ?...ან შემწვარია...ან მოხარშული...
ანდა სადღაც უწყლოდ გახრწნილი,
ქვიან ნაპირზე გამორიყული.....
ან.... (ეს ყველაზე შთამბეჭდავია!)
რკინის ქილას  უვსებს, ალბათ,
ვინმე სარფიანს,
ის საცოდავი... რაო, როგორ თქვით,
რა ჰქვიაო იმ სახეობას?...
ჰო... გამახსენდა, ლექსებიო...
არა...!
რა არა? ... ასე არა თქვით? ....

იტემ!.... ლექსი თევზი არაა....
ისევ იტემი....
მაინც იტემი......
და თუ ლექსი თევზი არაა...
და ეს ყმუილიც კარგად გამოსდის,
მაშინ  სწორედ ეგ ყოფილა თქვენი იტემი...
მე რაღას მერჩით?.... თავგზას რად მირევთ?....
მე ბულონური ქაშაყი ვარ!
და თუ შამფურზე ერთხელ არ მოვხვდი,
მაშ უეჭველად
პირში წყალჩამდგარს გამძვრება სული....

იტემ!...გათავდა?.....
ლექსს თუ გულისხმობთ,
ვერაფერს გეტყვით.....
ოკეანეში არასოდეს......
და  უკაცრავად, ნუ მაბრუებთ და
ნუ მიტკბობთ ტყუილს,
თითქოს უწყლოდ მალე არ მომკლავთ....
იტემ, სადა ხარ?........                                         

                                                05.03.11.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები