ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2008


შურისძიება

                                                            I
   
      ზურა თვრამეტი წლის იყო. მამა თხუთმეტი წლისას დაეღუპა და მას შემდეგ იძულებული გახდა თავი და დედა თვითონ ერჩინა. დედამისი მძიმედ იყო ავად და მუშაობა არ შეეძლო, ამიტომ  ზურამ სწავლას თავი დაანება და ერთ-ერთ კაფეში ოფიციანტად დაიწყო მუშაობა. იმ მცირე ხელფასით, რასაც მას უხდიდნენ, როგორღაც გაჰქონდათ თავი.
        მუშაობდა და იმ იმედით ცხოვრობდა, რომ როდესღაც ბევრს მიაღწევდა. მისი ოცნება კალათბურთელობა იყო. ხშირად წარმოიდგენდა თავს ვარსკვლავად. როცა პოპულარული გახდებოდა და ყველაფერი ექნებოდა, აღარ დასჭირდებოდა ასე წვალება თავის სარჩენად. ფულიც ექნებოდა და სახელიც. მერე და როგორ გაახარებდა ავადმყოფ დედას, რომელიც ასევე ოპტიმიზმით უყურებდა შვილი მომავალს. ყოველდღე, როდესაც სამუშაოს მორჩებოდა, ზურა სპორტულ დარბაზში მიდიოდა და ვარჯიშობდა. უნდოდა მალე მიეღწია მიზნისთვის და ამიტომ თავს არ ზოგავდა. დიდი მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ...
        ერთ დღეს ზურას დედა ძალიან ცუდად გახდა. ექიმებმა ურჩიეს სასწრაფოდ ოპერაცია გაეკეთებინა. ასე შანსი მაინც ექნებოდა გადარჩენის, თუ არ გაიკეთებდა, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა.
        საღამოს, შინ დაბრუნებულ შვილს ქალმა ექიმების ნათქვამი შეატყობინა. ცდილობდა არ შეემჩნია თავისი წუხილი, მაგრმ ცრემლებს ვერ იკავებდა.
        - ე.ი. ოპერაციაო? დედა, რას ამბობ!
        - ხო, შვილო, ასე თქვეს. ოპერაცია კი ძალიან ძვირი ჯდება, ამდენ ფულს მგონი მაინც ვერ ვიშოვით, სახლიც რომ გავყიდოთ. რაც არის, არის. მე მაინც არაფერი მეშველება და შენც უსახლკაროდ ხომ არ დაგტოვებ.
        - რას ამბობ, თუ საჭიროა უნდა გაიკეთო ოპერაცია. თუ ეს ერთადერთი საშუალებაა შენი გადარჩენისათვის. ნუ გეშინია, ფულს მე ვიშოვი.
        ზურამ დედა დააიმედა, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ იმ ფულით, რომელიც წამლებზეც ძლივს ყოფნიდათ, ოპერაციისთვის საჭირო თანხას  ვერასდროს ვერ შეაგროვებდა.
          პირდაპირ მეგობართან წავიდა. უნდოდა რჩევა ეკითხა. დათო და ზურა ბავშვობიდან მეგობრობდნენ და ერთმანეთისაგან დაფარული არაფერი ჰქონიათ. ჭირიც და ლხინის საერთო იყო მათთვის. მათი ოჯახებიც ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და ზურას დედა დათოსაც მშობელივით უყვარდა.
        - მითხარი დათო, სად უნდა ვიშოვო ფული? თან ამდენი. არ ვიცი რა მოვიფიქრო, ჩემი ხელფასით შეუძლებელია. სახლი რომ გავყიდო, მერე სად უნდა წავიდეთ? იქნება რამე მირჩიო, ძალიან გთხოვ!
          - გირჩიო? რა გირჩიო არ ვიცი. მე დაგეხმარებოდი, მაგრამ ხომ იცი რომ არც მე მაქვს საქმე კარგად.
          - არა, შენ ვერ დამეხმარები, მაგრამ იქნებ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდაც დედაჩემი გადავარჩინო. ხომ იცი, მის გარდა არავინ მყავს.
          - ვიცი ზურა, მაგრამ მე არანაირი აზრი არ მომდის თავში, ერთის გარდა...
          - თქვი, ხომ იცი ყველაფერზე თანახმა ვარ.
          - დარწმუნებული ხარ?
          - რა თქმა უნდა, ოღონდ დედაჩემი გადავარჩინო და უკან არაფერზე დავიხევ.
          - არც ქურდობაზე?
          - რაა? - ზურა ამას არ ელოდა. ასეთი აზრი თუ მოუვიდოდა მის მეგობარს, ვერასდროს წარმოიდგენდა.
            - რა და ქურდობაზეც თანახმა ხარ?
            - კარგი რა, ნუ მეხუმრები, მართლა მინდა რჩევა. შენ კი ხუმრობის ხასიათზე ხარ. საქმე დედაჩემს ეხება. გამოსავალი უნდა მოვძებნო, გესმის?
            - ხოდა რა გინდა, მე არ გეხუმრები, რა მეტყობა რომ არასერიოზულად ვამბობ რამეს. მართლა შემოგთავაზე.
            - შენ რა, გააფრინე? რა მოგივიდა, ეხლა არ მითხრა ქურდობა დავიწყეო, თუ დაიწყე? -  ზურას სახე შეეცვალა, დათოს ხელები მოჰკიდა და თვალებში ჩახედა - მითხარი, ქურდობ?
            - არა, არ ვქურდობ, მაგრამ ვიფიქრე რომ იქნება ასე მაინც შევძლოთ და დავეხმაროთ დედაშენს. რა ვიცი, მხოლოდ შემოგთავაზე...
          - ხომ მიცნობ არა? ხომ იცი რო ცხოვრებაში არაფერი მომიპარავს და ეხლა გგონია რომ ვიქურდებ? გგონია ასეთი საშუალებით გადავარჩენ დედას? და ამას ფასი ექნება? როგორ შევხედო მერე თვალებში, როცა მთელი ცხოვრება იმას მასწავლიდა რომ არ უნდა ვიპარო, არ უნდა ვიჩხუბო, არ მოვკლა... და ახლა ამ გზით ნაშოვნი ფული მივუტანო ოპერაციისთვის?
          - ვიცი, მაპატიე, ასე გითხარი...როგორც გინდა ისე მოიქეცი.
        არც დამშვიდობებია დათოს, ისე გაბრუნდა ზურა სახლისაკენ. მიდიოდა და თან ფიქრობდა: " ვიქურდო? არა, არ შემიძლია, მე ამას ვერ გავაკეთებ, თუნდაც სხვა გზა არ მქონდეს, ვერ მოვიპარავ, ვერა!"
          სახლში მისვლისას დედა ძალიან ცუდად დაუხვდა. ძლივს გადარცა იმ ღამეს ქალი. ამან ზურაზე ძალიან იმოქმედა. მეორე დღეს დათოსთან ისევ მივიდა.
          - გუშინ დედა ცუდად იყო...
          - ვწუხვარ, მაგრამ მე რა გიშველო? რაც შემეძლო გითხარი. შენ რა გინდა, მხოლოდ პატიოსნებით ვერაფერს მიაღწევ. მაშინ დაელოდე, მოაგროვე შენი ხელფასი, ან იმ დღეზე იოცნებე, როცა კალათბურთელი გახდები და მილიონები გექნება შენ კი დაელოდები ამ დღეს, მაგრამ დედაშენი? მითხარი, დედაშენი გაძლებს იქამდე? ხომ ხედავ, დღითიდღე უფრო ცუდად ხდება.
            - ხო, მაგრამ სენ ყველაზე უარეს გამოსავალს მთავაზობ. მე არ შემიძლია მოვიპარო, გესმის? მე ქურდი არა ვარ. ვატყობ შენ შეცვლილხარ, არ ხარ ის დათო, მე რომ ვიცნობდი, მაგრამ მე ისევ ისე ვარ და ვერ მოვიპარავ. გაიგე!
          - კარგი, მაშინ ჩემთან ნუღარ მოდიხარ, დაელოდე! დაელოდე შენი ოცნების ასრულებას. იქნებ გგონია, რომ ხვალ გაიღვიძებ და ფულით სავსე ტომრები გედება თავთან? ანდა იქნებ ფიქრობ რო ფიქრობ დღეს ღამე დედაშენი გამოკეთდება და ოპერაცია აღარ დასჭირდება? მითხარი, გგონია? ხომ იცი რომ ხვალაც იგივე პრობლემა გექნება, ხვალაც მოხვალ, მე იგივეს გეტყვი, მერე შენ წახვალ...აბა ქურდობას ხომ არ იკადრებ! მერე ისევ თავიდან განმეორდება ყველაფერი და ეს იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ საცოდავი დედაშენი ხელებში არ ჩაგაკვდება და ეს შენი ბრალი იქნება იცოდე, იმიტომ, რომ შენ ვერ უშველე, იმიტომ რომ შენი პატიოსნებით დედას ვერ გადაარჩენ გაიგე?
       
    ზურა დაფიქრდა, წარმოიდგინა, რომ მართლაც მოკვდებოდა დედა, მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო. იქნებ მართალიც იყოს დათო. რა მოხდა თუ ერთხელ იქურდა, ამას ხომ დედსითვის აკეთებს?
        - თანახმა ვარ...


                                                                I I
 
            დათოს მსხვერპლი უკვე შერჩეული ჰყავდა. თავისივე მეზობელი, რომელიც საკმაოდ შეძლებული იყო და როგორც აღმოჩნდა დათოს დიდი ხანია მასზე თვალი ჰქონდა დადებული. ამ ოჯახში სამი ადამიანი ცხოვრობდა. მშობლები და მათი ვაჟი ირაკლი. ზურა იცნობდა ირაკლის. გარდა იმისა, რომ ერთ უბანში ცხოვრობდნენ, ერთ სკოლაშიც სწავლობდნენ. სანამ ზურა სწავლას მიატოვებდა.
          - დათო, იქნებ არასწორად ვიქცევით. კარგი, ქურდობა რომ დიდი ცოდვაა, მაგას თავი დავანებოთ მაგრამ რატომ მაინცდამაინც ირაკლის ოჯახი? ის ხომ შენი მეგობარი იყო? მეგონა კარგად იყავით. იქნება არ ღირდეს ერთი მეგობრის გამო მეორე გაწირო?
        - გავწირო? ჯერ ერთი, მდიდრები არიან და მაინც არაფერი დააკლდებათ, მაგაზე არ იდარდო. თანაც შენ თქვი მეგობარი გაწიროო? კარგი რა, რომელი მეგობარი? ირაკლი ჩემი მეგობარი არასდროს ყოფილა, უფრო მეტიც, ყოველთვის მშურდა მისი, იმიტომ რომ მას ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა, ის, რაც ჩვენ გვაკლდა ზურა! უბრალოდ დავუახლოვდი, მაგრამ ჩემი მეგობარი არ არის და ვერც იქნება. ვერ ხედავ როგორი ამაყია? როგორ დადის? მაგას გონია ყველაფერი შეუძლია? ხოდა ვნახოთ. არამგონია ძალიან იდარდოს, მაგრამ თავისას მაინც მიიღებს, ჯავრს ამოვიყრი მაინც, სხვა თუ არაფერი.
        - დათო, შენ რაღაცა დაგემართა ამ ბოლო დროს. ვეღარ გცნობ. ასე ლაპარაკი როგორ შეგიძლია? ეხლა ვხვდები, დედაჩემის მდგომარეობა შენს სასარგებლოდ გამოიყენე და გინდა დაგეხმარო რომ შური იძიო. მე მეგონა  მართლა გადარდებდა ჩემი გასაჭირი, შენ კი...
          - რაო,  უარს ამბობ? შენ შენსას მიიღებ, მე - ჩემსას. რა გინდა? უკმაყოფილო ხარ? მე რა მინდა რა მნიშვნელობა აქვს. კი არ გიყენებ, მინდა რომ დაგეხმარო, უბრალოდ ისე, რომ ცოტა სარგებელი მეც ვნახო. ფული არ მჭირდება, მაგრამ ირაკლი უნდა გავამწარო.
          - ასე რომ არ მჭირდებოდეს ეხლა ფული, ამ საქმეში როგორ დაგეხმარებოდი...
          - გაიგე, მაგათთვის დიდი დანაკარგი არ იქნება-მეთქი! რატომ ყოყმანობ ზურა? დამიჯერე!

        გეგმა დააწყვეს და იმ დღეს ელოდებოდნენ, როცა ჩანაფიქრს განახორციელებდნენ. ზურას სინდისი არ აძლევდა უფლებას ასეთი საქმე ჩაედინა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. დედამისის მდგომარეობა დღითიდღე  უარესდებოდა. 
      და აი, ირაკლის ოჯახი დასასვენებლად წავიდა, დათომ ზურას შეატყობინა და დღეც დათქვეს.
        შუაღამე იყო. ზურამ ვერ დაიძინა. იწვა და ფიქრობდა: "ხვალ ეს უნდა გავაკეთო, ნუთუ ეს მე ვარ, ნუთუ ასეთი ბოროტი გავხდი? უნდა მოვიპარო... ამას მასწავლიდა დედა? რომ იცოდეს რას ვაპირებ, ოპერაცია აღარ დასჭირდებოდა, ეხკლავე მოკვდებოდა ნერვიულობით. ეხლა მამა რომ მხედავდეს რას მეტყოდა? არ მომიწონებდა რა თქმა უნდა საქციელს. განა მე არ ვიცი რომ არასწორია რასაც ვაკეთებ? მაგრამ რა ვქნა? სხვა გზა არ ამქვს. სასწრაფოდ უნდა ვიშოვნო ფული, ან არადა და დედა მოკვდება. არა, ამას ვერ დავუშვებ! დედამ უნდა იცოცხლოს..." ამ ფიქრებით ჩაეძინა.
          ღამით მამა დაესიზმრა. თვალცრემლიანი უყურებდა, ზურას უნდოდა მისულიყო და ჩახუტებოდა, მაგრამ მამამ არ მიიკარა, გაბუტული უყურებდა, მერე კი გატრიალდა და წავიდა.
          ზურას გაეღვიძა. მიხვდა რომ მამის სულს აწყენინა. ადგა, მივიდა მამის სურათთან, გულზე მიიხუტა და ჩაიჩოქა. მერე ცრემლიანი თვალები მოიწმინდა, სურათი ისევ დადო, ოთახიდან გასვლისას ერთხელ კიდევ შეხედა, ამოიოხრა და წავიდა.
          ყველაფერი დათოს გეგმით გააკეთეს, რაც გამოსატანი იყო, გამოიტანეს. რაც  ვერ გამოიტანეს, ისინი დათომ დაამტვრია, რომ უფრო გაემწარებინა ირაკლი. ბიჭი, რომელსაც არასდროს არაფერი დაუშავებია მისთვის.  მას მხოლოდ ერთი დანაშაული ჰქონდა, მდიდარი იყო. სწორედ ამას ვერ პატიობდა დათო.
          მთელი ბავშვობა ერთად გაატარეს. ეზოში ერთად თამშობდნენ, სკოლაშიც ერთად სწავლობდნენ, უბანშიც ერთად იყავნენ, მაგრამ შური ვერ მოიშორა დათომ. ირაკლის ყველაფერი  ჰქონდა, დათოს კი -  არა. ამიტომ ცდილობდა გაემწარებინა. გულის სიღრმეში, ირაკლი მისთვის ყოველთვის იდეალი იყო. ადამიანი, რომელიც უზარმაზარ პატივისცემას იმსახურებდა ყველასგან. ამის გამო დათო ყოველთვის და ყველანაირად ცდილობდა, მისთვის მიებაძა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ასაკის მატებასთან ერთად შურის სიძლიერეც მატულობდა და როცა პიკს მიაღწია, დათომ ჯავრის ამოყრის ამ ხერხს მიაგნო.
          ყველაფერი დამთავრდა. ზურა უკვე სახლში იყო. ფული მიიტანა და დედას უთხრა რომ შეეძლო ოპერაცია გაეკეთებინა. მოატყუა, თითქოს ფული იმ კაფეს მფლობელმა ასესხა, სადაც ის მუშაობდა. ქალმაც დაიჯერა.
        აი, დადგა ოპერაციის დღეც, რომელსაც ამდენი ხანი ელოდნენ, დღე, როცა ქალის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი უნდა გადაწყვეტილიყო.
      ოპერაცია ოთხი  საათი გაგრძელდა. კარგად დასრულდა, თუმცა ქალი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა...
    ზურა გამწარებული იყო, ტიროდა და დედის ნახვას ითხოვდა, თან იძახდა : "ჩემი ბრალია, ჩემი, დავისაჯე, ღირსი ვიყავი, მაგრამ დედამ რა დააშავა, რატომ გაწირე ასე ღმერთო? ჩემი ცოდვისთვის დედა რატომ დასაჯე?"  მაგრამ არაფერი ეშველებოდა. დედა აღარ იყო, ცოდვა კი ისევ ედო და აწუხებდა. ხვდებოდა, რომ დედა მის გამო დაიღუპა, იმიტომ რომ ასე სასტიკად მოექცა ირაკლის და მის ოჯახს, იმიტომ რომ ფულის შოვნისათვის ყველზე ბინძურ გზას დაადგა და ახლა პასუხი უნდა ეგო. გაახსენდა სიზმარი... გაახსენდა როგორ საყვედურობდა მამა. ახლა? ახლა როგორ შეხედოს მის სურათს, რა პირით უნდა მივიდეს სასაფლაოზე, როგორ უნდა დაიტიროს მშობლები? აღარ აქვს ამის უფლება, ის ცოდვილია და მისმა ცოდვამ მოკლა დედამისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები