ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
18 აპრილი, 2008


”ლომა” (ციკლიდან "თეონას პატარა ისტორიები")


სტუდენტები ავტობუსთან ირევიან. თითქმის ყველა ადგილზეა, - 2-3 მეგობარს ელიან მხოლოდ, რომლებიც გიტარის წამოსაღებად შეყოვნდნენ. დავით-გარეჯის მონასტრისკენ აქვთ გეზი აღებული.

სტუდენტებიდან ძლივს თუ გამოარჩევ მათ ახალგაზრდა ლექტორს. სულ 4-5 წლით არის მათზე უფროსი და მათ მასწავლებლად კი არა, უფროს მეგობრად მიაჩნია თავი. ზოგი სტუდენტი - მისი ასაკისაცაა. მათთან მართლა მეგობრობს თეონა.

აი, დაგვიანებული სტუდენტებიც მოვიდნენ და ავტობუსი დაიძრა. სიმღერ-სიმღერით ჩავიდნენ დავით-გარეჯის მონასტრამდე. ავტობუსი გაჩერდა თუ არა, უცებ დასერიოზულდა ყველა.

თეონა ავტობუსის კართან იდგა და ამიტომ პირველი ჩავიდა ავტობუსიდან... პირველი და... უკანასკნელი! მის უკან ჯახუნით დაიკეტა ავტობუსის კარი და გაისმა კიდეც ვიღაცის შეკივლება:
- ვაიმე, შეჭამს!.....

მაგრამ ეს შეკივლება თეონას აღარ გაუგია, - მონუსხულივით მიდიოდა იქით, საიდანაც მისკენ ხბოს სიმაღლე მოყავისფრო-მოოქროსფრო ფერის კავკასიური ნაგაზი მორბოდა.

თეონასა და ძაღლს შორის მანძილი კატასტროფული სისწრაფით მცირდებოდა.

თეონას ძალიან უყვარდა ძაღლები და ამიტომ არ შეშინებია მისკენ წასვლა, მაგრამ რომ მიუახლოვდა, ღიმილი სახეზე შეეყინა: ამ ძაღლს ერთი დიდი ძაღლისხელა მხოლოდ თავი ჰქონდა, ტანზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

გაახსენდა თეონას მამის ნათქვამი:
- ძაღლს არასოდეს გაექცე, უჯოხო ხელები დაანახე და ჩაჯექი, ხელს არ გახლებსო...

ასეც მოიქცა, - მიწაზე ჩაიჩოქა და ”ცუგა, ცუგაო” - ნირწამხდარმა ჩაიბუტბუტა.

”ცუგამ” სირბილს უკლო, დინჯად მიუახლოვდა თეონას და ყურადღებით დაყნოსა. თეონამ შინაგანი კანკალი მოთოკა, ფრთხილად ასწია ხელი და ძაღლს თავზე გადაუსვა. ძაღლმა დრუნჩი სახესთან ახლოს მიუტანა თეონას და გაიყურსა.

მიხვდა თეონა, რომ ძაღლს მოეწონა და გაუთამამდა, - ფეხზე წამოიმართა და... მხოლოდ მაშინ დააფიქსირა მისი რეალური ზომა: ძაღლი მკერდამდე სწვდებოდა. 

დაიბნა თეონა... აღარ იცოდა, რა მოემოქმედებინა, ფეხის გადადგმის ეშინოდა!... ეშინოდა, არ გაებრაზებინა ეს უზარმაზარი ძაღლი, რომლის მსგავსიც არასოდეს ენახა!!!

- თეონა მასწ, გიშველოთ? - მოისმა ავტობუსიდან ერთ-ერთი სტუდენტი ვაჟის ხმა და იქვე გაიგონა კიდეც ძაღლის ღრენა.

თეონამ ავტობუსისკენ მიაბრუნა თავი, ”ჩამოსვლა არ გაბედოთო” - მიაძახა და კვლავ ძაღლს მიუბრუნდა:
- რამხელა ხარ?! და რა ლამაზი!!!... ნამდვილ ლომს ჰგავხარ! რა საინტერესოა, რა გქვია?!... მოდი, ”ლომას” დაგიძახებ, ვიდრე აქ ვიქნები, კარგი?... რაო, ლომა, ვიდგეთ ასე უაზროდ? მე ჩემს სტუდენტებთან უნდა დავბრუნდე! თუ გინდა, შენც წამოდი...

და თეონამ დაინახა, როგორ დინჯად დაიძრა ძაღლი ავტობუსის მიმართულებით. თეონა წამით შეყოვნდა და შემდეგ ისიც ძაღლს გაჰყვა. ავტობუსთან ძაღლი შეჩერდა, თეონას მოხედა და კუდი ააქიცინა. თეონა ძაღლს მიუახლოვდა, ჯერ თავზე გადაუსვა ხელი, შემდეგ კისერზე მოეხვია...

ავტობუსის კარი გაიღო, თუმცა გადმოსვლას ვერავინ ბედავდა.
- ლომა, ესენი ჩემი უმცროსი მეგობრები არიან, მე ისინი ძალიან მიყვარს... იმედია, მათ არაფერს დაუშავებ, - თითქმის ყურში ჩასჩურჩულა თეონამ ძაღლს.

ძაღლმა ისეთი ჭკვიანი თვალებით შეხედა, რომ თეონას შერცხვა კიდეც ამ ”გაფრთხილების” გამო.

- ბავშვებო, ჩამოდით, მხოლოდ ძალიან ახლოს ნუ მოხვალთ, - ასძახა თეონამ შეშინებულ სტუდენტებს.

ავტობუსიდან პირველი გიო ჩამოვიდა. მას ნელ-ნელა ჩამოყვნენ სხვა სტუდენტებიც.

გიო ყველაზე ახლოს იყო თეონასთან, მასზე ერთი წლით უფროსიც კი იყო და ძალზე უხერხულად გრძნობდა თავს, თეონა რომ მარტო აღმოჩნდა ამ ”მონსტრთან”.

გიომ თეონასთან მიახლოება გადაწყვიტა, მაგრამ ძაღლმა ისე ავად შეუღრინა, რომ გიომ მომენტალურად დაიხია უკან. თეონამ მაგრად მოხვია ხელი ძაღლს.

შორიდან ძაღლების ყეფის ხმა მოისმა. ხმა თანდათან ახლოვდებოდა. სულ უფრო და უფრო გარკვევით ისმოდა, რომ 4-5 ან თუნდაც 15-20 კი არა, გაცილებით მეტი ძაღლი ყეფდა ერთდროულად...

უცებ ლომა თეონას ხელიდან გაუსხლტა და ყეფით გაქანდა იქით, საიდანაც ძაღლების ყეფის ხმა ისმოდა.

გიომ დრო იხელთა, თეონას მიუახლოვდა და მოუბოდიშა. თეონამ თავი დაუქნია და ძაღლს გააყოლა თვალი.

- რას უყურებ?! ძაღლები დაინახა და მათკენ გაიქცა!... წავიდეთ, მონასტრის ეზოში შევიდეთ... - მაგრამ თეონას გაოცებულ თვალებს რომ შეხედა, გიომაც ძაღლის მიმართულებით გაიხედა.

გაიხედა და... გაოგნდა, - ლომა ”მოლაპარაკებას” აწარმოებდა, ალბათ, იმ რაიონის საძაღლეთთან: ის იდგა უამრავი ძაღლის წინ და სხვადასხვა ხმაზე ყეფდა, თითქოს რაღაცას ყვებაო. როგორც კი ჩუმდებოდა ლომა, ყეფას იწყებდა რომელიმე სხვა ძაღლი და მას აუცილებლად ისევ ლომა ეპასუხებოდა.

ცოტა ხანში ”ძაღლების კრება” დაიშალა, ლომა კი კვლავ ავტობუსისკენ წამოვიდა და თეონას ამოუდგა გვერდით.

ლომამ მათთან ერთად მოიარა ლავრის მთელი ტერიტორია.

ერთ ადგილას თეონამ დიდი და ფართო ხვრელი შენიშნა. ახლოს მივიდა, ჯიბის ფანარი შეანათა, - ხვრელი საკმაოდ ღრმა იყო, მის ბოლოს ფანრის შუქი ვერ სწვდებოდა. მიხვდა, რომ მასში თავისუფლად შეეძლო შეძვრომა. და ის იყო, ამ გადაწყვეტილების განხორციელება დააპირა, რომ ლომა შარვლის ტოტში სწვდა პირით და მთელი ძალით გამოქაჩა.
- ლომა, გამიშვი, შარვალს დამიხევ!... გესმის, რას გეუბნები? - მუდარით უთხრა თეონამ.

სულ ამაოდ! ლომამ ისეთი ძალით გამოქაჩა, რომ თეონას ფეხი აუცდა და წაიქცა.
- გაგიჟდი? რას აკეთებ?! - თეონას წყენა შეეპარა ხმაში.

ლომამ თავი დაღუნა და შეპარვით ახედა თეონას, შემდეგ ხვრელთან მივარდა და მთელი ძალით დაიწყო ყეფა. თეონა მანამ ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, სანამ ხვრელიდან სისინით არ გამოყო თავი უზარმაზარმა გველგესლამ.

თეონა კი არ წამოხტა, - წამოფრინდა მიწიდან და ლომას ამოეფარა. მაგრამ გველგესლას თავადაც შეეშინდა ლომასი და სწრაფად მიიმალა ხვრელში.
- ლომა, შენ მე ახლა სიკვდილს გადამარჩინე!... რა ჭკვიანი ხარ, ლომა! - მიეფერა აკანკალებული თეონა.

ლავრის დათვალიერების შემდეგ სტუდენტებმა სუფრის გაშლა გადაწყვიტეს. ლომაც მათთან იყო. ერთი კია, ვერცერთი სტუდენტი ვერ ბედავდა თეონასთან მიახლოებას.

ბიჭებმა მწვადის შეწვა დაიწყეს. ჰაერში შემწვარი ხორცის სურნელი დატრიალდა. ამ სურნელმა სხვა ძაღლებამდეც მიაღწია და ისევ დაიძრა მათკენ ძაღლების ხროვა. სტუდენტებმა შიშით გადახედეს ერთმანეთს და ლომას შეაჩერდნენ. სიტყვის უთქმელად მიხვდა ლომა, რომ სტუდენტებს მისი თანამოძმეებისა ეშინოდათ. მაშინვე მოსწყდა ადგილს და იმ ძაღლების მიმართულებით გაიქცა. დიდხანს უყეფდნენ ერთმანეთს ძაღლები, მაგრამ ლომამ ”გაიმარჯვა” და ძაღლებმაც პირი იბრუნეს. 

გამარჯვებული იერით, ამაყად წამოვიდა ლომა სტუდენტებისკენ და კვლავ თეონას ამოუდგა გვერდით.

- ლომა,  შენ რომ არ მყავდე, რა გვეშველებოდა აქ, ჰა? - თავზე ხელი გადაუსვა თეონამ და თვალებში ჩახედა.
უსაზღვროდ ჭკვიანი, სევდიანი და მშვიდი თვალები ჰქონდა ლომას.

ნიავმა პირდაპირ მათთან მოიტანა მწვადის სურნელი და სასიამოვნოდ შეუღიტინათ ცხვირში.
ხედავდა თეონა, როგორ ყლაპავდა ნერწყვს ლომა, მაგრამ ერთხელაც კი არ დაუყეფავს საჭმლის მოლოდინში.

გიომ ერთი დიდი ძვლიანი ნაჭერი სპეციალურად შეუწვა ლომას, გაუგრილა და ერთჯერადი თეფშით მიწაზე დაუდო. ლომამ დაყნოსა, მაგრამ პირი არ დააკარა მირთმეულ ნობათს. 

- შენ, რა, არ კადრულობ ჩვენთან ერთად ჭამას თუ რა არის? - საყვედურით იკითხა გიომ.

ლომამ თეონას შეხედა. თეონა ხორცს მიუახლოვდა, ცოტა მოაგლიჯა, გაშლილ ხელისგულზე დაიდო და ლომასკენ გაიწვდინა.

ფრთხილად, თითქოს-და ”არაფერი ვატკინოო”, ისე დასწვდა ლომა ხელისგულზე დადებულ ხორცის ნაჭერს და გადაყლაპა.

- ნუ გეშინია, ლომა, ჭამე!... - უთხრა თეონამ და ხორციანი თეფში ახლოს მიუწია.
ლომამ ხორცს გემრიელად მოულხინა და რადგან მისი ულუფა გიოს მიერ გახლდათ შემწვარი, მისი სიმპატია დაიმსახურა. ლომამ გიოს მასთან მიახლოების უფლება მისცა, მაგრამ... თეონასთან მიახლოებაზე - ბოდიში!

. . . . . . .

თბილისში დაბრუნების დრო მოვიდა. თეონამ ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა, ჭკვიან თვალებში ჩახედა, მიეფერა, ”აბა, კარგად იყავი, ლომაო”, - უთხრა და ავტობუსში ავიდა.

კარის დაკეტვამდე ჩუმად იდგა ძაღლი, მაგრამ შემდეგ?!...
ავტობუსის კარის დაკეტვის შემდეგ ”აიწყვიტა” ძაღლმა, ისეთი ყეფა დაიწყო,რომ სტუდენტებს გული გადაუცივდათ. და როდესაც დაძრულ ავტობუსს ძაღლი წინ გადაუხტა, თეონამ ”გააჩერეო!” - იყვირა.

ლომა ერთი ნახტომით გაჩნდა ავტობუსიდან ჩასული თეონას გვერდით, ყალყზე შედგა და მხრებზე შემოაწყო ტორები. თეონას შიშით გული გაეყინა, თუმცა არ შეიმჩნია... მაგრამ როცა ძაღლმა ლოყაზე აუსვა ენა,  - ფერი დაკარგა.

- ლომა, მე უნდა წავიდე! გესმის?.. უნდა წავიდე!!!... მე ვერ დავრჩები შენთან!...

ძაღლმა ერთხელ შეჰყეფა და გაჩუმდა, შემდეგ თეონას მხრებიდან ჩამოიღო ტორები, თავით თეონას მიეკრა და გაირინდა.

თეონამ თავზე მოხვია ხელები ლომას, მიეფერა და სწრაფად ავიდა ავტობუსში.
ავტობუსი დაიძრა.
ლომა ადგილზე დარჩა, თუმცა  - დროებით.
ორასიოდე მეტრი თუ ექნებოდათ გავლილი, რომ ძაღლი ადგილს მოსწყდა და საშინელი ყეფით გამოეკიდა ავტობუსს.
თეონამ მძღოლს გასძახა: ”არ გააჩერო, სწრაფად წადიო” და ყურებზე აიფარა ხელები.

სტუდენტები უკანა ფანჯრებს მიაწყდნენ, - ლომა ფეხდაფეხ მისდევდა მთელი სისწრაფით მიმავალ ავტობუსს. ხმას ვერავინ იღებდა. უცნაურ სიჩუმეს მხოლოდ ძრავის ხმაური და ძაღლის ყეფა არღვევდა.
კარგა ხანს იარეს ასე...

- ხალხი არა ხართ?! ათი კილომეტრია მოგვდევს!... მე ვაჩერებ ავტობუსს და თქვენი არ ვიცი!...  ცოდოა ძაღლი!  სული მაინც მოითქვას!... - შესძახა მძღოლმა და მთელი ძალით დაამუხრუჭა.

ლომა დაკეტილ კარებს მიაწყდა და აიყალყა.

თეონას მხრები უცახცახებდა, უხმოდ ტიროდა თვალდახუჭული, ყურებზე ხელებაფარებული...

როგორც კი კარი გაიღო, თეონა ადგილს მოსწყდა და დაბლა ჩახტა. წაიფორხილა და მუხლებზე დაეცა. ლომა მაშინვე მასთან მიიჭრა, აქოშინებული თავი თავზე მიადო და გაიტრუნა.

თეონას ღაპა-ღუპით სდიოდა ცრემლები. ძაღლი თეონას წინ ჩაცუცქდა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი აულოკა.
- ვახ, კაცო, ამ ხნისა მოვიყარე და ასეთი რამ ამბადაც არსად გამიგონია!!! გოგო, შენი ხო არ არის ეს ძაღლი და ხო არ გვიმალავ, ჰა?! - იკითხა მძღოლმა და, პასუხი რომ ვერ მიიღო, ავტობუსს მოსცილდა.

თეონამ ძალიან მაგრად მოხვია ძაღლს ხელები, მიეხუტა და შუბლზე რამდენჯერმე აკოცა... უეცრად იგრძნო, როგორ დაეცა ხელზე ცხელი ცრემლი, მაგრამ ეს ცრემლი თავისი არ იყო, - ძაღლი ტიროდა!!!......

- მაპატიე, ლომა! მე უნდა წავიდე!... ხომ გითხარი, მე შენთან ვერ დავრჩები და ვერც შენ წაგიყვან თან!... გთხოვ, გევედრები, გამიშვი!... გამიშვი, თორემ გასკდა გული!... არ გეცოდები?! აღარ წამომყვე!... სახლში დაბრუნდი, გთხოვ!!! - უკვე ხმამაღლა ტიროდა თეონა.

სტუდენტები ფანჯრებიდან იყურებოდნენ, მაგრამ დაბლა არცერთი არ ჩასულა, გიოს გარდა.

გიო ლომას მიუახლოვდა, ხელი ძმაკაცურად გადახვია და ჩაილაპარაკა:
- ყოჩაღ, მეგობარო!... სამი წელია  თეონა მიყვარს და თქმა ვერ გამებედა... მერე რა, რომ ძაღლი ხარ?! შენგან ერთგულებაც შემიძლია ვისწავლო და სიყვარულის გამოხატვაც... კაცურად გთხოვ, დამითმე თეონა!... ის ხომ ადამიანია და არა ძაღლი?!... მე ძალიან მიყვარს თეონა!  დამიჯერე... მას არასოდეს ვაწყენინებ!...

გიომ თეონას ხელი შეაშველა, წამოდგომაში მიეხმარა და გვერდით დაუდგა... თან მაგრად ეჭირა თეონას ხელი.

ძაღლმა ცრემლიანი თვალებით მოხედა გიოს, ერთხელ კიდევ მიეხუტა თავით თეონას და... წავიდა!...
წავიდა ისე, რომ ერთხელაც აღარ მოუხედავს უკან...
ავტობუსი კი მხოლოდ მაშინ დაიძრა ადგილიდან, როდესაც ლომა საბოლოოდ მიეფარა თვალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები