ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი არაბიძე
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2011


ტიტები გეტყვიან (მე-დეას)


                ტიტები გეტყვიან

ტიტების ფოთლებზე დაგიწერ სტრიქონებს
და მარტის ქარიშხალს მივანდობ... მომენდე,
რომ ცაში გულთეთრი მტრედივით იქროლებს
ღრუბლების დონემდე.

და მოვალთ, ჩუმად და არავინ... ამინთე
ფარანი, ბნელა და ვერ შევძლებ ხეტიალს.
რომ ცა ხარ ზაფხულის წვიმიან ამინდში
ტიტები გეტყვიან.

(ეს ღამე წინა დღის ცოლია, ორსული,
ღრუბლები მომავალ დღეს ელოდებიან)
რომ მზე ხარ ჯურღმულის ფსკერზე ჩამოსული
ტიტები გეტყვიან.

მე ჩუმი, არავინ, შევცქერი გრიგალებს,
ხომ იცი სიტყვები გრიგალში ფეტვია.
სული რომ დუმილის მეფობას იბრალებს
ტიტები გეტყვიან.

მე შენით ვსუნთქავ და ამ ჩემი ლექსებით,
ვერ მომკლავს ეს დანა, ეს ყულფი, ეს ტყვია.
რომ ასე მიყვარხარ ტკივილთან შეხებით,
მე ვერა, ტიტები...
ტიტები გეტყვიან.


----------------------------------------------------


      გზააბნეული ტიტები

გარეთ წვიმს...
ოცნების ქარია,
სითბოებს ზოგავენ თითები.
ნეტავი სად მიიჩქარიან
ფიქრებში შეჭრილი ტიტები?!

არ ვიცი სად ვარ და რა მინდა,
ფსკერზედაც აღარ ჩანს ზედაშე,
დათქმული დრო უკვე გავიდა,
შემოვრჩით არავის მე და შენ.

ზეცაზე მთვარე ჩანს ნამგალა,
შენ მაინც მზესავით წითლდები,
გამიღე ოცნების ფანჯარა,
მოგართვი ფერადი ტიტები.


--------------------------------------------------



            გაბუტული ტიტები

ადრე თვალში კაეშანებს ვიწესებდი,
ახლა გულზე ოცნებები მწიფდებიან.
უნდა გითხრათ ამ წერილის მიზეზები,
უმიზეზოდ გაბუტული ტიტებია.

თბილ შეგრძნებებს სტრიქონებით მოვედები,
როგორც მარტში სუსტი სიო აკაციებს.
თეთრი სული მოიხურე პოეტების,
თორემ წყენა (უმიზეზო) გაგაციებს.

ჩვენ ყველაფერს მხოლოდ ღვინო გვაბედინებს,
მერიც თურმე ვერ უნახავს გალაკტიონს.
დღეს რატომღაც „არაფერით“ გაწყენინე
და მინდა, რომ „არაფერი“ მაპატიო.

სულ გრძნობებში გიტყდებით და ვიწერები,
საპასუხოდ არასოდეს მიტყდებიან...
ამჯერად კი სიყვარულის მიზეზები,
უმიზეზოდ გაბუტული ტიტებია.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები