ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2011


მე მივდიოდი



                                        ~მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..
                                        მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული.~


მე მივდიოდი,
ბავშვის სიზმარს ჰგავდა ის მდელო,
ვკოცნიდი ჭალით გადაღეღილ გვირილის პერანგს,
აქ ყველაფერი წააგავდა იმ საქართველოს,
იმ საქართველოს_კოსმიური ტალღების დენას.

გაქრა სიზმარი, უცებ სისხლად დაიქცა მდელო,
ბედნამეხარი ბერი მუხა ღამეს მითევდა,
ძლივს მიწყნარებდა ხერხემალზე მიჯაჭვულ დემონს
ჩემი სტუმრობით დაღალული ადგილის დედა.

მე განვიციდიდი საიქიოს და სააქაოს
და ამ ორ სახეს ერთ სახეში ვუდგამდი სვეტებს,
მძულდა და მაინც ვმორჩილებდი აქაურ ქაოსს,
აქაურ ქაოსს_გაუხედნელ ცხენიან ეტლებს.

მე მივდიოდი,
მიცურავდნენ სივრცეში წლები,
ეკიდებოდა დრო და ხავსი მცხეთის დარბაზებს,
მადლობა უფალს! დაჩეხილი ალგეთის მგლები
ჯაჭვის პერანგში ვინახავდით გრაალის თასებს.

მე მივდიოდი,
მომყვებოდა კვლავ ჩემი ლეში
და ჩემს სიღრმეში სიყვარული ყოველს იტევდა,
თუ მივდიოდი, მივდიოდი მხოლოდ ქრისტეში,
თუ მოვდიოდი, მოვდიოდი მხოლოდ ქრისტედან.

მე მივდიოდი,
ვაცილებდი გარდაცვლილთ ლანდებს
მარადიული, კოსმიური დინების ქარში
და მე ვიყავი მაცხოვარში ქრისტეს შობამდეც
ვით თოთო ბავშვი, მონანავე დედის კალთაში.

ვაგლახ, ჩვენს გარდა კიდევ იყო ვიღაცა მეცხრე,
ობობასავით მომლოდინე ჩემში რომ იჯდა,
ქრისტეშობამდეც რომ ჰყიდიდა მაცხოვარს ვერცხლზე,
ვიღაც ზედმეტი, ნეკნებიდან ჯვარცმას რომ მგლეჯდა.

ის ჩემში იყო, ბევრი ვმალე და ვერ დავმალე,
გენი კაენის ვერც მოვაშთე და ვერც ვიწამე
და ის იმდენად ჩაკირვოდა ხერხემლის მალებს,
რამდენადაც მე მიჯაჭვული ვიყავ მიწაზე.

გზაგასაყართან ალმთ ფლეთა შემომეფეთა,
ირგვლივ უკუნი... აღარც ლოცვა ნათლის მომფენი,
ტახტი და სკიპტრა იმსხვრეოდა მეფეთ მეფეთა,
აღარც სამეფო, წასულიყვნენ მეფეთ მეფენი.

შენი გვირგვინი დედოფლისა, ვაჰ, რომ წარმტაცეს,
ვერ მოგიარე, გამიქვავა ავსულმა სპანი,
შენი თვალების ფერი ჰქონდა დაძენძილ სივრცეს
და ზედ ეხვია გაწეწილი შენი ნაწნავი.

ბევრი ვიარე და შენს კალთას მაინც ვერ გავცდი,
დღესაც არ ვიცი, ცხადი არის თუ სიზმარია,
ცხოვრება ჩემი_ანარეკლი შენი განცდების,
ადგილის დედავ, დაღალულო დედავ! მარიამ!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები