ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
8 სექტემბერი, 2008


გვირაბი

ადამიანის ცხოვრება გვირაბს მაგონებს, მიწისქვეშა გვირაბს, რომელიც საოცრად წააგავს მეტროპოლიტენს. ცხოვრების კიბეზე ხომ ხან მაღლა ადიხა, ხანაც დაბლა ეშვები...
თუ დენი გამოირთო (ე.ი. თუ რაღაც შეფერხებას ექნა ადგილი), ძალიან გაგიჭირდება მაღლა ასვლა, მაგრამ მაინც ახვალ... და მაინც ჩამოხვალ (თანაც უფრო ადვილად!!!).
თუ იმ გზაზე დგახარ, რომელიც დაბლა ეშვება, ბევრსაც რომ ეცადო, მაღლა ვერ წახვალ, თუ სხვა გზა არ აირჩიე ცხოვრებისა, ზემოთ მიმავალი...
დაუკვირდი, განა ნამდვილად ასე არ არის ცხოვრებაში?... მაინც რატომ არის, რომ ყოველთვის ამაღლება, ზემოთსვლა არის ძნელი, თორემ ქვემოთ ქვაც კი ვარდება და ადამიანის დაცემაზე იოლი ხომ არაფერია ამ ქვეყნად?!...

ახლა მატარებელი?!...
განა მატარებლის გიჟური სწრაფვა სადღაც უსასრულობისაკენ არა ჰგავს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას?  - ნებით თუ უნებლიეთ მივქრივართ მხოლოდ წინ და არ შეგვიძლია დაბრუნება უკან, წარსულში, თუნდაც მთელი ძალით გვექაჩებოდეს იგი თავისკენ!...
მატარებლებივით მივქრივართ მხოლოდ წინ!... მხოლოდ წინ!!!... მხოლოდ სხვების, მხოლოდ საზოგადოების მიერ შერჩეული და გაკვალული გზით, მხოლოდ საზოგადოების მიერ ”მოწონებულ” რელსებზე!!!
და თუ ვაჟკაცი ხარ, მიდი, ეცადე გადაუხვიო გზიდან, მოცილდე, მოშორდე ამ რელსებს!!!...
უ ბ ე დ უ რ ო !!!!...
არც გაიფიქრო!!!... გაფიქრებასაც კი ვერ მოასწრებ ბოლომდე, რომ შუბლით შეასკდები გვირაბის კედლებს!... მაგარი, ძალიან მაგარი კედლები აქვს ამ გვირაბს!!!!!!!
და იმის-და მიხედვით, თუ როგორი სირთულისა და ხარისხის იყო ეს გადახვევა, საზოგადოება ან დაგაბრუნებს თავის რელსებზე მცირეოდენი ”შეკეთების”,  მცირეოდენი გამოსწორების შემდეგ, ან, თუ ძალიან დაიმტვერი, გადაგაგდებს სამუდამოდ, როგორც ყოვლად გამოუსწორებელ და გამოუყენებელ საგანს, ნივთს, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი აზრი და გონება, რომელიც ვერ გრძნობს ვერავის და ვერაფერს ამ ქვეყნად...

როგორი ერთფეროვანი და ბნელია ჩვენი გზა!
”რატომ არის ბნელიო?” - მეკითხებით?...
იმიტომ, რომ არ ვიცით, ვერ ვხედავთ, რა მოგველის რამდენიმე წუთის შემდეგაც კი, თუნდაც რაც შეიძლება ფართოდ გავახილოთ თვალები!!!
ჩვენ სიბნელეში მივქრივართ და მაინც იმის იმედით ვცოცხლობთ, რომ სადღაც, წინ განათებული სადგურია, სადაც ცოტა ხნით სულს მოვითქვამთ, ჩავიმუხლებთ ამ დაუსრულებელი სრბოლისაგან ქანცგაწყვეტილები...

აი, სადგურიც!... რა კარგია, არა, აქ? რამდენი რამ არის ახალი, რამდენი საინტერესო...  გინდა აქ დარჩე, მხოლოდ აქ და არსად სხვაგან, მოგბეზრდა ეს უთავბოლო სრბოლა რაღაც უჩინარისა და მიუწვდომელისკენ!... შენ ფიქრობ, რომ უკვე იპოვე ის, რასაც შენ ეძებდი, რისკენაც ილტვოდი... მაგრამ არა!... თურმე შენთვისაც წამმზომია ჩართული!.. ”გაერთე ცოტა ხნით? დაისვენე? კეთილი ინებე და შენი გზით წადი, ნუ აფერხებ მოძრაობას... შენს გარდა მილიონი შენნაირი დგას ამ გზაზე!!!”
და შენც, ცდილობ-რა, რაც შეიძლება მეტი დაიტოვო ამ რამდენიმე ბედნიერი წუთიდან მოსაგონებელი, შენსკენ ექაჩები ვიღაც უცხო, აქამდე შენთვის უცნობ პიროვნებებს, ან თუნდაც ერთ პიროვნებას, დროებით მაინც შეივსები მისით და ... კვლავ სიბნელეში გაუჩინარდები...
შენ სასოებით უფრთხილდები ყოველ მათგანს, განიცდი, რომ ისინიც შენთან ერთად მოხვდნენ ამ ბნელ და თითქოს დაუსრულებელ გვირაბში... ჩქარობ, რაც შეიძლება ჩქარობ, რომ დროზე დააღწიო თავი ამ ერთფეროვნებას...
და აი, შორს, სიბნელეში კვლავ იელვა სინათლემ...
_ ”სადგური!” - ბედნიერი ფიქრობ შენ, - ”ისევ რამდენიმე ბედნიერი წამი, წუთი...”
_ სადგურიიიიიიიიი!!!!  - მთელი ძალით ყვირიხარ, რათა ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, რომ დროებით მაინც მოეღება ბოლო ამ გიჟურ სრბოლას!...
მაგრამ, უცებ ნელდება შენი სიხარული, რადგან ხედავ, რომ ბევრი, ძალიან ბევრი შენთვის უკვე ძვირფასი პიროვნება ჩასასვლელად ემზადება... რა ქნან?! ვერ გაუძლეს შენთან ერთად ხეტიალს, ვერ გაუძლეს იმ ბნელ ერთფეროვნებას და ამ სხვა სინათლისკენ ფარვანებივით მიფრინავენ...
... არცერთი არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გიჭირს, როგორ გიმძიმს მათთან დაცილება, მათი სამუდამოდ გასვლა შენი არსებიდან!!!
მაგრამ, ამ ხალხში უფრო ერთგულებიც ხომ ურევია?!..
ბევრ მათგანს ცოტა გვიან, მაგრამ მაინც ბეზრდება შენთან ერთად ხეტიალი და გტოვებს, ბევრი კი შენთან ერთად მოდის მთელ შენს გზაზე,  შ ე ნ ს  ბოლო  სადგურამდე...და ბოლოს მაინც უნდა გამოვიდნენ, უნდა დაგცალონ, რადგან შენი გზა აქ მთავრდება, შენს წინ ”არაფერია”, ”სიცარიელე”, რომლისაც ყველას ეშინია, თვით ყველაზე უშიშარსა და ერთგულსაც კი...
... შენც იცლები ყველასა და ყველაფრისაგან, აქრობ სინათლეს, ხუჭავ თვალებს და...
შენ წახვალ, დაცარიელდება სადგური, მაგრამ სხვებმა, მათ, ვისაც ლოდინი შეუძლიათ, იციან, რომ მოვა კიდევ შენნაირი, შენი მსგავსი, შენი ანალოგიური...
ჰო, ”ერთი წავა და სხვა მოვაო” - ამით ინუგეშებენ თავს!!!
ელიან!... ელიან!!!...
რას?!...
ან ვის??!!...
იციან კი???................................

29.08.81 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები