ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პროზა
15 აპრილი, 2011


ქვრივები (იუმორისტული ნოველა)

    გაახალგაზრდავდა სიკვდილი. იმრავლეს ქაალაქში ახალგაზრდა ქვრივებმა.
    ნონა ორი წლის წინ დაქვრივდა. ჩვენმა საერთო მეგობარმა მაიამაც, მალევე, საშინელი დასკვნა მოისმინა ექიმისაგან:
    -სულ რამოდენიმე თვის სიცოცხლეღა დარჩენია თქვენს ქმარს!...
      გულდამძიმებული, ცდილობდა არ შეემჩნია დარდი და შეძლებისდაგვრად ხალისიანად უვლიდა მეუღლეს. მხიარული და ენაკვიმატი კაცი იყო პაატა. ავადმყოფობამ დააუძლურა, მაინც არ მოიშალა სტუმართმოყვარეობა და ყოველ საღამოს ხალხმრავლობა იყო მათ ოჯახში... სიცილს მიღმა განშორების მოლოდინის საშინელი დარდი იმალეობდა, მხიარულების ნიღაბამოფარებული... ერთ-ერთი წვეულებისას კარებზე ბრახუნით, ქშენით და ამბით "გაზის კაცი" მოადგათ. მიიპატიჟეს, ჭიქა მიაწოდეს, სასმელმა ენა აუხსნა ინკასატორს და გამოსარჩენის მოლოდინში მოჰყვა წუწუნს: თუ როგორ უჭირს ოჯახის გამოკვება, როგორ დადის ასე კარდაკარ, როგორ წელებზე ფეხს იდგამს 6 შვილის მამა!  ხო და, ამ წელებზე ფეხის შედგმის რამოდენიმეჯერ გამეორების შემდეგ, პაატამ ვეღარ მოითმინა და :
      -შე კაი ადამიანო! ეხლა წელებზე ფეხის დადგმას და შვილების შიმშილობას, თავის დროზე ყ..-ზე დაგედაგა  ფეხი, ეგებ სატირალიც ნაკლები გქონოდაო!
      დაიხოცა ხალხი სიცილით. ინკასატორი ჩუმად გაიპარა სუფრიდან.
      საღამოს, მარტო დარჩენილი, ხშირად ეკითხებოდა ცოლს:
      -ძაანაც თავს ნუ მოიკლავ, ნურც სასაფლაოზე სიარულით მოიღლები, მაგრამ ნონასავით ხომ არ გააშარჟებ შენს ქვრივობასო? (ნონა მუდმივად ხუმრობდა თავის მდგომარეობაზე... რა ვიცით ეს ქალებმა - ფარად ღიმილი?!... )
      -არა, რას ამბობ, ყოველ აღდგომას, დილაუთენია რომ მოვალ შენს საფლავზე, საღამომდე ფეხს არ მოვიცვლიო! -პასუხობდა  ცოლი...
      ხო და... შარშან პირველ აღდგომას შეხვდა მაია თანამეცხედრის გარეშე...
      ირიჟრაჟა თუ არა, გამოსდო ხელკავი ნონას და მიადგნენ ვაკის სასაფლაოს. თენგოს საფლავი იქვე, შესასვლელში იყო, ნონას ხევში მოუწია ჩასვლა. დილიდან უწყვეტ ნაკადად იწყო დენა ხალხმა. ზის მაია საფლავთან და აუარება ნაცნობ გამვლელ-გამოვლელს ხვდება, ხდება მიკითხვ-მოკითხვა, ჭირ-ვარამის გაზარება... 2 საათისათვის საშინლად ჩამოცხა, ხალხმაც იკლო. მალე ნონა დაადგა გატანჯული სახით, ქვევით აღარავინა, ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეცო. მოუჯდა გვერდით, ჩაჩერებიან საფლავს.
      - მიჭირს...ძალიან მიჭირს უშენობა... _ პერიოდულად ჩუმად ისმის მაიას ბუტბუტი.
      - ხომ არ წავსულიყავით?- შეაპარა ნონამ- მგონი ჩვენს მეტი აღარც არავინაა...
      - რას ამბობ?! სიტყვა მივეცი, დილიდან გვიან საღამომდე საფლავს არ მოვცილდები თქო!...
      კიდევ ერთ საათი ითმინა ნონამ მდუმარედ. უცებ მაიას, საფლავის ერთ წერტილზე მიშტერებულ, მზერას გააყოლა თვალი...
      - ვაა! ეს ყვავილი მე არ დამირგია, ეტყობა თავისით ამოსულა...
      - რომელი ყვავილი?
      -ვერაფრით ვიხსენებ სახელს..."ყ"-ზე იწყება!
      -ყაყაჩო?- დაძაბა დაღლილი მზერ-გონება ნონამ.
      -არა, არა! ჰმ... ვერ ვიხსენებ...
      ცოტა ხნის მერე, ნონას მართლაც რომ გადაეწურა საფლავების 8 სათამდე მიტოვების იმედი და თან მეგობარსაც მარტო ვერ ტოვებდა, ბრაზმორეული ტონით შებედა:
      - შენ რასაც ელოდები და "ყ"-ზე იწყება, აქ თავისით არ ამოვა და თუ ქალი ხარ, წავიდეთ აწი სახლშიო!
      საფლავების მყუდროება მათმა მოგუდულმა სიცილმა გაარღვია...
      მზე ჩადიოდა... მოდიოდნენ თავდაღმართში  ქვრივები... მოსდევდათ გაწელილი ჩრდილები, როგორც ქმრების გამოგზავნილი მფარველი ანგელოზები...

      - ჰო, გამახსენდა! ზამბახი! ზამბახიიი!!!
      - მერედა სადაა მანდ "ყ"?
      -რა ვიცი აბაა...
        უკვე მხიარული კისკისი წასკდათ...

        გამვლელი: - ქრისტე აღსდგა!
        ქვრივები:  - ჭეშმარიტად!

      რას ვიზამთ?! ცხოვრება გრძელდება...
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები