ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2011


დახურულ კარს მიღმა


ნაზი შამანაურს


მოჭრილი ხელის თითები მტკივა,
რომ ვერ ვწერ უფრო ამიტომ და
თეთრ ხალათს ვერჩი -
გასულ კვირას გადამაცვეს ძალით და მერე ამატირეს,
მაჩვენეს მორგი,
ლურჯი არიების მთელი დასტა.
არ გჯერა ვიცი, არ მიჯერებ სიმართლეს არცერთს -
მე, ვინც ვერ გასცდა,
ვერ გადაახტა საკუთარ თავს და
რამდენიმე კედელს კაწრავს.  ცარცის
გემო აქვს ყველა წვნიანს აქ, ამ კედლებში -
აღარასოდეს დაუკრავენ ბოშები ტანგოს,
მე თვალებსმიღმა მითენდება და ვიცი არც კი
როდის დაიწყებს ფანჯრის რაფებზე
შემოდგომა  ფოთლების ჯვარცმას.
კვირაში ერთხელ მიზოგავენ ჰაერს და ზეცას,
არ წვიმდეს ღმერთო, თავსხმა მაინც არ იყოს იქნებ
ცივი კარი რომ გაიღება გამოთბეს სული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები