ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
23 აპრილი, 2011


მამის აჩრდილი & მელაპარაკე, დედა!

(ბათუმში არგაგზავნილი "100-სიტყვიანები")


მამის აჩრდილი

მამა კარგად ხატავდა, მე – ისე, რა...
თუმცა არც არასოდეს მიტაცებდა ხატვა, - ქარგვა მერჩია.
პირდაპირ დიდი ტილოდან დავიწყე, - “წმ.გიორგი” მოვქარგე, შემდეგ “თამარი”, “შობა”...
“სამების” ქარგვას შევუდექი. თითქმის ნახევარი მოვქარგე და მივატოვე.
გული აღარ მიმდიოდა, ხელს ვეღარ ვკიდებდი, მიზეზი მამის ავადმყოფობა იყო.
რვა თვე ვუვლიდით...
მერე მამა გარდაიცვალა და...

დაკრძალვაზე მითხრა მამას მეგობარმა: “მამაშენმა იმ დაუმთავრებელი ხატის დარდი გაიყოლაო!”
იქვე, საფლავზე დავიფიცე, “მამას სახელზე დავამთავრებ ხატის ქარგვას-მეთქი”. 
ერთ დეტალს თითქმის გათენებამდე ვქარგავდი. ვწვალობდი და არაფერი გამოდიოდა.
უცებ გავიგე: “მამიკო, ჩრდილი ასე არ გაივლისო” და დავინახე, როგორ გადაიარა ნაქარგზე თითის ჩრდილმა.
მე მამის აჩრდილი მედგა გვერდით და არც მივუტოვებივარ ხატის დასრულებამდე!

მიყვარხარ, მამა!


* * * * * * * * *

მელაპარაკე, დედა!

ცუდად ვიყავი. დაეცა წნევაც და ტემპერატურაც.
საძინებელი ისე „დაგრძელდა”, როგორც დურბინდში მოჩანს დაშორების მხრიდან.
უსხეულოდ მივდიოდი სადღაც, უკუსვლით...

ოთახში დედაჩემი შემოვიდა. ძალიან შორს ჩანდა. საოცრად გრძელი ხელი გამომიწოდა.
- როგორ ხარ? - ძლივს გავიგე, რა მკითხა.
- დედა, მივდივარ!... - ამოვიჩურჩულე უღონოდ...
დედაჩემმა ხელი მომკიდა, რაღაც მითხრა. მაგრამ აღარ მესმოდა მისი, ვეღარც ვხედავდი. პულსი აღარ მესინჯებოდა....

გვერდით წმ.გიორგის ხმა გავიგე: „ახლავე დაბრუნდი. ხმას გაჰყევი...”

მოულოდნელად, „უკუსვლის” პროცესი შეჩერდა...
- წყალი გინდა? - გავიგე შორიდან დედაჩემის ხმა.
- დედა, მელაპარაკე!... - დავიჩურჩულე.
დედა საწოლზე მეჯდა და მელაპარაკებოდა. მე მის ხმას მოვყვებოდი.
- ფერი დაგიბრუნდა...
-  მ ე  დავბრუნდი, დედა... შენმა ხმამ დამაბრუნა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები