ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2011


სხვანაირი სიკვდილ-სიცოცხლისა

რკალიდან  << მონოლოგები  ყრუ  კედელთან >>


რაღაც  ჩემს  თავს  არა  ვგავარ
ამ  ბოლო  დროს    (  თავად  ვხვდები ) ...
რაღაც  უცნაურად  დავალ ...
რაღაც  უცნაურად  ვთვრები ...

საკალმასოდ  სულ  სხვა  ცა  მაქვს,
სისხამს  სულ  სხვა  ზარით  ვხვდები ...
სულით  სულ  სხვა  სუნთქვა  დამაქვს
სხვა  ზვრების  და  სხვა  მინდვრების ...
სხვა  მთებისას  ვსინჯავ  ჰავას ...
სხვა  ვარსკვლავებს  ვაკვირდები ...

და  სხვა  დარებს  ველი  ლამაზს,
ჩემი  ბედის  ამინდების ...
ასე  ვიყო ,  როგორცა  ვარ  -
ასე  აგიყვავილდები !.. 

ამ  სოფლიდან  ან  სად  წავალ,
სანამ  სულ  არ  ავინთები !..
-  სხვანაირად  მომესალმა 
ჟამი  უცხო  გარინდების ...

სხვანაირი  ალი  მბუგავს,
სხვანაირი  ცეცხლით  ვთბები ...
სხვანაირი  სიცხით  მბორგავს
სხვანაირი  მესხმის  ფრთები ...

სხვანაირი  ცრემლი  მნამავს ...
სხვანაირი  მესმის  ხმები ...
სხვანაირი  ზეცის  თავანს
სხვანაირი  ვეხიზნები ...
სხვანაირი  შხამი  მშხამავს ...
სხვანაირი  მესიზმრები ... 

სხვანაირი  სენი  მომსრავს ...
სხვანაირად  გიწყნარდები ...
სხვანაირი  ხელი  მმოძღვრავს  -
სხვანაირად  ვიწვართები ...

გულო  -  მაინც  მალავ  მთავარს ...
-  სხვანაირი  კრთომით  კრთები ... 
სხვანაირი  გეზით  მავალს
-  სხვანაირი  სიზმრის  გზებით  -
სხვანაირი  ფიქრის  კარავს
სხვანაირი  მიშლის  წლები ...

თუმც  რამ  უნდა  გამაოცოს
კიდევ ,  სანამ  დავმიწდები,
ჩემწილ  მობრიალე  კოცონს
როცა  ხელით  ლამის  ვწვდები ?!.
რაღაც  უცნაურად    ვცოცხლობ ...
რაღაც  უცნაურად    ვკვდები ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები