ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
17 მაისი, 2011


მჯერა... არ მჯერა.... მჯერა...

სამსახურიდან გამოვიდა და ფეხით გაუყვა ქუჩას. 
ცივი შენობიდან გამოსულს ესიამოვნა  ჰაერში დატრიალებული გაზაფხულის სითბო.

ფიქრებმა გაიტაცეს. ყველაფერს გადაწვდა მისი ფიქრი, - ქმარს, შვილს,  დედას, სამსახურს... პრობლემები არ დაელია... ყველაფერზე დარდობს, ნერვიულობს... არაფერში უმართლებს...
”არაფერში?... ღმერთს ნუ სცოდავ! რაში არ გაგიმართლა? ანგელოზივით შვილი გყავს... გუნდად დასდევენ ბიჭები...  ქმარია და - სიგიჟემდე უყვარხარ, ამდენი წლის მერეც კი... რა გაქვს საწუწუნო?”
”ჰო, მართლაც და რა მაქვს საწუწუნო?” - გაეღიმა.  საყვარლად  ჩაეკუჭა ლოყები... 
ეეეჰ, რა დრო იყო? რამდენ ვინმეს აგიჟებდა მისი ეს ”იამოჩკები” ლოყებზე... რამდენს  უყვარდა... ან თავად მას ეგონა, რომ ბევრს უყვარდა...

თავისი სახელი შემოესმა, -  ძალიან შორეული წარსულიდან ეძახდა ტკივილამდე ნაცნობი ხმა.
შედგა და ნელა მობრუნდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს წარსულში დაბრუნდა, - მის წინ ის იდგა... უკვე ჭაღარა, სახეზე ასაკდამჩნეული, მაგრამ მაინც ათლეტური გარეგნობის მამაკაცი.
- შენ? - თვალები გაუფართოვდა.
- ჰო... მე ვარ, - გაუბედავად გაიწია მისკენ და გადაკოცნა. შემდეგ ბაგე ლოყას მოაცილა, ხელი ხელს კი - ვეღარ. ისევ ის ნაზი და თლილი თითები ეპყრა ხელთ და გრძნობდა, როგორ სწრაფად ცივდებოდნენ თითის ფალანგები. ხელი მოუჭირა, შეეშინდა, ისევ არ გაშვებოდა ხელიდან.

ქალმა ოდნავ იძალა და ხელი გაითავისუფლა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ისევ ქალმა დაარღვია.
- გამიხარდა, რომ გნახე. რას შვები, როგორ ხარ?... ოჯახი, შვილები?...
- კი, მყავს... გათხოვდი?
- რა თქმა უნდა... 17 წლის გოგო მყავს...
- შენ გგავს?
- ალბათ...
- შენნაირი მაინც ვერ იქნება... შენ ერთადერთი იყავი! ერთადერთი და განუმეორებელი!
- ასე გგონია?
- დარწმუნებულიც ვარ.
- ჩემი წასვლის დროა... კარგად იყავი. მართლა გამიხარდა შენი ნახვა.
- არ წახვიდე ჯერ... წამო, კაფეში შევიდეთ, ყავა დავლიოთ... ცოტა ხანს მაინც მაყურებინე შენთვის.
- აზრი?
- მიყვარხარ...
- გიყვარვარ? - ხმამაღლა გაეცინა. მერე უცებ მოისხიპა სიცილი და ირგვლივ მოიმოიხედა, ჩემი ამ ხმამაღალი სიცილის გამო ხომ არავინ მიყურებსო. არავინ უყურებდა... ამ გულგაყინულ ქალაქში არავის ჰქონდა მისთვის შეხედვის სურვილი.
- წავიდეთ? - შეეკითხა მამაკაცი და ხელი გაუწოდა.

ქალი შებრუნდა და უხმოდ წავიდა უახლოესი კაფეს მიმართულებით. მამაკაციც გვერდით გაჰყვა.
კაფეში მყუდრო მაგიდასთან მოთავსდნენ და ორი ყავა შეუკვეთეს.
- მიყვარხარ... - ისევ თქვა მამაკაცმა და ნერვიული მოძრაობით მოუკიდა სიგარეტს. -  ხომ არ ეწევი?
- არა...  გთხოვ, ნუ მეუბნები მაგ სიტყვას...
- რატომ?
- არ მჯერა! შენ ეს უკვე მითხარი ერთხელ და...
- ერთხელ? - გაეცინა მამაკაცს სევდანარევი სიცილით.
- ნუუუ, არაერთხელ... ბევრჯერ მითხარი, მაგრამ...  კიდევ კარგი, არც მაშინ დაგიჯერე.
- მიზეზი მითხარი, ან მაშინ რატომ არ გჯეროდა და ან ახლა რატომ არ გჯერა...
- მიზეზი? - სხივნათელი თვალები შეანათა, - არ ვიცი... შინაგანი ხმა მეუბნებოდა, ”არ დაიჯეროო”...
- ჰმ... და ის შინაგანი ხმა არაფერს გეუბნებოდა, რამდენი ღამე მითენებია შენზე ფიქრში, რამდენი ჩუმი ცრემლის მოწმე ყოფილა ჩემი ბალიში?!...
- რა გატირებდა, საკუთარი უსუსურობა?
- არა... შენი სიყვარული და... უნდობლობა, რასაც შენს თვალებში ვკითხულობდი.
- რასაც იმსახურებდი ანუ... ხომ?
- რატომ?... რატომ ვიმსახურებდი უნდობლობას? ან უსუსური რატომ გეგონე?
- იმიტომ რომ... - თვალებში შეხედა... უნდოდა, კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო განაჩენის სისწორეში, ვიდრე ეტყოდა, ”შენ შენი სიყვარული ვერ დაიცავიო”...  უეცრად,  ტკივილი დაინახა თვალის გუგებში.  შეცბა და გაჩუმდა.
- რატომ გაჩუმდი? ბოლომდე მითხარი, რასაც ამბობდი.
- არა... აღარ მინდა თქმა! არ მინდა, გული გატკინო!
- შენ სული მატკინე და... გულის ტკივილსაც გავუძლებ. მითხარი...
- კარგი, გეტყვი... კი არ მეშინია?
- გეშინია? რა არის საშიში?
- არც არაფერი... ოღონდ ჯერ გკითხავ, კარგი?
- გისმენ.
- გახსოვს, მითხარი: ”მიყვარხარ და ცოლად გამომყევიო”?
- მაგას რა დამავიწყებს?!
- და ჩემი პასუხი თუ გახსოვს?
- პასუხი? - დაფიქრდა, - ალბათ, როგორც ყოველთვის, ”არ მჯერაო” იქნებოდა...

ქალმა ნაღვლიანად შეხედა. ჩუმად გააქნია თავი უარის ნიშნად...
კაცმა სიგარეტი საფერფლეში ჩააჭყლიტა და თვალებმოჭუტულმა გამომცდელად იკითხა:
- არა?...
- არა!...მაშინ გითხარი, ”რომ დაგიჯერო და დაგთანხმდე, არ გეშინია-მეთქი?”
- დაიცა, ეს როდის მითხარი? - მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ვეღარ ჩაისუნთქა, თითქოს ვიღაცამ ყელში წაუჭირა ხელი. - არ გითქვამს ეს... ნუ მატყუებ!
- ბავშვს გეფიცები, გითხარი...
- როდის? - მამაკაცმა ნერვიულად მოიჭირა ხელი საფეთქლებზე.
- ჩვენი შეხვედრის ბოლო დღეს. იმ დღის მერე აღარც მინახიხარ... უკვალოდ გაქრი... აორთქლდი!...  დღეს გამომეცხადე... ოცი  წლის მერე... და ბედავ, მითხრა, რომ გიყვარვარ?!
- მაპატიე... - ამოიხრიალა. საყელოზე ღილი შეიხსნა. სუნთქვა უჭირდა.
- გაპატიო?  მე გაპატიე... და დაგივიწყე კიდეც... - ხმა გაიმაგრა, ყელში მოწოლილი ბურთიც გადაყლაპა,  ხელების კანკალს კი -ვერაფერი მოუხერხა. ყავის დაცლილ ჭიქას დაუწყო წვალება.
- ტყუილია...
- რა არის ტყუილი? - გაოცებით შეხედა.  ისევ ტკივილი დაინახა თვალებში, მხოლოდ ახლა ეს ტკივილი გუგებში კი აღარ იმალებოდა,  სრულად თვალებში ბატონობდა და გამჭვირვალე მლაშე სითხედ გუბდებოდა უპეებთან... - ნუ სტირი, რააა?
- არ ვტირი... თვალში ჩამივარდი...
- მე? - გაეცინა.
- ჰო, შენ... გულში ხომ მყავდი და... ახლა თვალშიც...  - მასაც გაეცინა და თითქოს გაქრა ის ოცი წელი, რომელიც მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ იყო გასული, - მიყვარხარ... შენ არ იცი, როგორ ძალიან მიყვარხარ... დამიჯერე, გთხოვ...
- ვთქვათ დაგიჯერე... მერე? რა იცვლება ამით? მე ქმარ-შვილი მყავს... შენც ოჯახი გაქვს...
- მოვიფიქრებ რამეს... - გაეღიმა. თვალებში ოცი წლის უკან გადაკარგული ჭინკები ჩაუსკუპდნენ ისევ...
- მე აღარაფერს მეკითხები? არაფრის შეცვლას ვაპირებ! ძალიან ბედნიერი ვარ! არც შენ ჰგავხარ უბედურს... ასე რომ...
- მე  ა რ ა ფ ე რ ს  გეკითხები...  მითხარი, გჯერა? მხოლოდ ეს:  გჯერა თუ არა?
- ჰო... მ ჯ ე რ ა...  მერე?... რა იქნება მერე?!
- დაგირეკავ...

* * * * * * *
აღარ დარეკა...
იმ დღის მერე  კარგა ხანს ელოდა მის ზარს.  მერე შეეცადა, ის შემთხვევითი შეხვედრა დაევიწყებინა... მხოლოდ ხანდახან თუ გაკრთებოდა ქალის გონებაში ეს აკვიატებული ფრაზა: ”მიყვარხარ... გჯერა?”
ამასობაში თითქმის ორი თვეც გავიდა... იქნებ ცოტა მეტიც?!...

და აი,  დღეს ტელევიზორიდან ესმის:
”ნაპოვნია უცნობი მამაკაცის გვამი. სავარაუდოდ,  პიროვნება ორი თვის გარდაცვლილია. ჯიბეში უპოვეს მხოლოდ ფოტოსურათი. თუ ვინმეს გეცნობათ ეს ფოტო, გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე...”

ვეღარაფერი დაინახა ცრემლებს მიღმა, -  ტელეეკრანიდან თავისი ახალგაზრდობის უკვე გაცრეცილი სახე შემოსცქეროდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები